შესაძლებელია თუ არა სურნელით მამაკაცის „შებმა“ და რატომ უნდა ასდიოდეს თამბაქოსა და წიწაკის სუნი ხატია შამუგიას რჩეულ მამაკაცს
ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ სუნამოების სფეროში ხატია შამუგია ნომერ პირველი ექსპერტია. მას სწორედ სურნელის შესაბამისად შეუძლია გითხრათ, ამა თუ იმ ადამიანის სახასიათო შტრიხები და გემოვნება. როგორც ხატიამ საუბარში აღნიშნა, უყვარს, როცა მას მამაკაცი სუნამოთი ანებივრებს, მაგრამ, თურმე, რაც „ისი-პარიში” დაიწყო მუშაობა, მას შემდეგ, მისთვის სუნამოების ჩუქებამ იკლო.
ხატია შამუგია: ადამიანის ხასიათისა და გემოვნების ამოცნობაც სუნამოს საშუალებით არის შესაძლებელი. ვფიქრობ, იმას, ვინც მხოლოდ მოდის აყოლის გამო იპკურებს ამა თუ იმ სუნამოს და არ აქცევს ყურადღებას, როგორ „ჯდება“ ის მის სხეულზე, როგორ ეხამება მის ხასიათს და ასე შემდეგ, გემოვნებიანს ნამდვილად ვერ ვუწოდებ.
– როგორ უნდა გამოიცნო რომელი სუნამო გიხდება და „ზის“ შენს ხასიათში?
– არ არსებობს, ვერ იგრძნო, რომელი სუნამო გიხდება და რომელი – არა. მაგალითად, სუნამოს რომ იპკურებ და მთელი დღე გაწუხებს მისი არომატი, ჩათვალე, რომ სხვებიც ძალიან წუხდებიან შენი სურნელებით. ხოლო სუნამო, რომელიც კომფორტს გიქმნის, მისი სურნელი არ გაწუხებს და გარშემო მყოფები გეუბნებიან, რა რომანტიკული სურნელი აგდის და რა გასხიაო – აი, ეს კი ნამდვილად შენი სუნამოა. ასე რომ, გამორიცხულია, ადამიანმა ვერ იპოვოს თავისი სურნელი.
– როგორ გგონია, მამაკაცები თუ ირჩევენ ქალს სურნელის მიხედვით?
– რასაკვირველია. საერთოდ, ორი ადამიანის ურთიერთობაში, როცა ვერც ერთი მხარე ვერ აკონტროლებს და აცნობიერებს რა ხდება მათ თავს, ამ დროს, ქვეცნობიერად, დიდ როლს თამაშობს არომატი. აქ ვგულისხმობ არა სუნამოს, არამედ სხეულის არომატს, რომელიც ყველა ადამიანს ინდივიდუალური აქვს და მას ვერ ვგრძნობთ. აი, სწორედ ეს უხილავი სურნელი ხდის ადამიანს მეორე ადამიანისთვის სასურველს და იწყება ლტოლვა. თუ ეს ყველაფერი გაჯერებულია იმ პარფიუმთან, რომელიც შენია, მაშინ ლტოლვა და მიზიდულობა ორმაგდება, საწინააღმდეგო სქესს აგიჟებს, აღაგზნებს და იმდენად ამახსოვრებინებს შენს თავს, რომ მუდამ იმ არომატთან ასოცირდები. მე, მაგალითად, არომატმა, შესაძლოა, მომაგონოს სიტუაცია, ადამიანები და ასე შემდეგ. საერთოდ, მახასიათებს ადამიანების არომატებით დამახსოვრებაც.
– ესე იგი, შესაძლოა, ქალმა სურნელით ისე მოხიბლო მამაკაცი და ისე დაახვიო თავბრუ, რომ აზრზეც ვერ მოვიდეს?
– სურნელს აქვს საოცარი ჯადოსნური ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, ქალი გახადოს კიდევ უფრო მომხიბვლელი, უფრო მიმზიდველი და სასურველი. თუ მე შემიძლია, სურნელით, არომატით შემიყვარდეს მამაკაცი, ისიც ხომ ასეა? უფრო სწორად, მარტო არომატით არ გიყვარდება, მაგრამ, ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. პრაქტიკაში ბევრი ფაქტი ვიცი, როცა მამაკაცს ქალი მისი არომატით მოსწონებია, მერე შეჰყვარებია და ცხოვრების თანამგზავრად აურჩევია. პირადად მე, მომწონს მამაკაცი, რომელსაც ძალიან „ტონკად” ასხია პარფიუმი. ამ დროს ქალს გიჩნდება სურვილი, უფრო ახლოს მიხვიდე, უფრო ახლოდან შეიგრძნო მისი სურნელი, შეეცადო, ამოხსნა მისი იდუმალება და ასე შემდეგ. თუმცა, სუნამოს დასხმის კულტურაზე ჩემი მხრიდან საუბარი, ცოტა არ იყოს, უხერხულია (იცინის), რადგან ამ საკითხში, მე ყველაზე უკულტურო ადამიანად მოვიაზრები – ფაქტობრივად, კი არ ვისხამ, ვბანაობ სუნამოში. ჩვევად მაქვს, ყოველ წუთში ვისხა სუნამო. ჩვევაში მაქვს გადასული ეს ამბავი და დღეში მილიონჯერ სუნამოს პკურება გაუცნობიერებლად მომდის. წესით, სუნამო ყურთან, ხელზე, ანუ, სადაც პულსაციაა, იქ უნდა მიისხუროს ადამიანმა. მე კი მიყვარს, როცა თმას ასდის პარფიუმის სურნელი. რას ვიზამთ, კაცია და გუნება (იცინის). მე არ ვეწევი, მაგრამ, სადაც მივდივარ, ყველგან სიგარეტის ბოლი მხვდება, ამიტომ, ჯობია, სუნამო იპკურო თმაზე და მისი სურნელი აგდიოდეს, ვიდრე სიგარეტის.
– ხშირად მამაკაცები ქალის გულის მოგებას ყვავილების თაიგულის ან სუნამოს ჩუქებით ცდილობენ. არადა, ყვავილებს რომ თავი დავანებოთ, დამეთანხმები, რთულია ადამიანისთვის პარფიუმი სწორად შეარჩიო, თუ მის ხასიათსა და გემოვნებას კარგად არ იცნობ. თავად თუ განებივრებენ მამაკაცები ყვავილებით და სუნამოებით?
– ყვავილების მორთმევას, მირჩევნია, სუნამო მომართვას მამაკაცმა, მაგრამ, უკვე მეექვსე წელია, რაც „ისი-პარიში” ვმუშაობ და, საჩუქრებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ სუნამოების მორთმევამ იკლო (იცინის). ჰგონიათ, რომ რადგან ამ სფეროში ვმუშაობ, სუნამოს ჩუქება არ გამიხარდება, არადა, პირიქით – ძალიან მსიამოვნებს. ამ კომპანიაში იმიტომ ამიყვანეს და იმიტომ დავიწყე მუშაობა, რომ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა პარფიუმერიისადმი. ვფიქრობ, ქალისთვის საპირისპირო სქესისგან ამაზე კარგი საჩუქარი, არ არსებობს: მამაკაცები კარგ საჩუქარსაც უკეთებენ ქალს და, თან, ფიქრობენ, რომ მათი სასურველი ქალი უფრო არომატული და მიმზიდველი ხდება. თუ ამას გავითვალისწინებთ, სუნამო ყველაზე ლოგიკური საჩუქარია. ყვავილებიც კარგია, მაგრამ, მირჩევნია, სუნამო მაჩუქონ და ყვავილები მოაყოლონ (იცინის). თან, ყვავილები ჭკნება და მალე უნდა გადაყარო, სუნამოს სურნელით კი დიდხანს დატკბები. საერთოდ, ნებისმიერ დეტალში შეიძლება ქალმა მამაკაცის გემოვნება ამოიცნო, მაგალითად, როგორ გაფორმებულ თაიგულს მოგართმევს, როგორი არომატის პარფიუმს და ასე შემდეგ.
– თუმცა, დამეთანხმები, ძნელია პრეტენზიული მანდილოსნისთვის შეარჩიოს მამაკაცმა, მისი გემოვნების სუნამო. ამ დროს რას ურჩევ მათ?
– მართალია, ამ მხრივ საქმე ცოტა რთულადაა და მამაკაცის გემოვნებაზე ვერ იმსჯელებ. მამაკაცები ხშირად, შემოდიან და გვეკითხებიან, რა გვაქვს ახალი, ძვირფასი და კარგი. იქ უკვე ხდება შეთავაზება. თან, ჩვენ საკმაოდ კომპეტენტური კონსულტანტები გვყავს, რომელთა გემოვნებასაც ნებისმიერი მამაკაცი თვალდახუჭული ენდობა. ძირითადად, მაღაზიაში ორი კატეგორიის ხალხი შემოდის: რომელმაც არ იცის, რა უნდა და ვინც ზუსტად იცის, რა უნდა. ამიტომ, კონსულტანტი უნდა იყოს მაღალკვალიფიცირებული, რომ შეურჩიოს და მიაგნებინოს ადამიანს, რაც მას უნდა.
– ხატია, გამიგია, სუნამოს შერჩევვა წლოვანების, ცხოვრების წესის, ნაკვთებისა და საზოგადოებრივი სტატუსის მიხედვით ხდებაო. ამაზე რას იტყვი?
– სუნამოს არჩევა მართლაც ხდება ადამიანის ტიპაჟის მიხედვით და, თუ მაღაზიაში შესულს კონსულტანტი გკითხავთ, ვისთვისაც არჩევთ სუნამოს, რა ფერისა და ფორმის თვალები აქვს, რამდენი წლისაა, სად მუშაობს და როგორი ცხოვრების წესით ცხოვრობსო, არ გაგიკვირდეთ. მიახლოებითი ტიპაჟის მიხედვით ხდება მიახლოებითი სუნამოს სურნელის შერჩევა. მე პირადად, ყოველთვის ვაქცევ ყურადღებას ამა თუ იმ სუნამოს სარეკლამო ბილბორდს. მაგალითად, ცნობილი ლამაზმანები დიდი მკერდით, გამჭოლი, სექსუალური, ვულგარული მზერით რომ აკეთებენ სუნამოს რეკლამას, ზუსტად ვიცი, რომ ეს სუნამო ჩემთვის არ არის შექმნილი და ის მე არ გამომადგება.
– რატომ?
– იმიტომ, რომ მე სულ სხვა ტიპაჟი ვარ. მაგრამ, თუ ვხედავ, რომ სუნამოს რეკლამას უკეთებს სადა და ნაზი მოდელი, ზუსტად ვიცი, რომ ის სუნამო მომეწონება. ეს მეთოდი ჩემთვის ყოველთვის ამართლებს.
– პროფესიის მიხედვით თუ ხდება სუნამოს შერჩევა?
– ზოგადად, ვისაც რა უყვარს, ის უნდა იხმაროს, მაგრამ, არსებობს წესები, რომლებიც ყველამ უნდა დაიცვას. მაგალითად, თუ ხარ ბიზნესმენი და გაქვს პრეტენზია მაღალ დონეზე, აუცილებლად უნდა გეკეთოს რომელიმე ბრენდის საათი. ასევეა სუნამოც: როცა ბიზნესმენი ხარ, ძვირად ღირებული, ბრენდული და სასიამოვნო სუნამო უნდა გესხას. როგორც ჩაცმის სტილია ადამიანის საქმიანობის გამომკვეთი, ასევეა სუნამოც. მაგალითად, „შანელი ¹5” არ უნდა ესხას თინეიჯერს, პანკს ან ჰიპის. ეს სუნამო კოკო შანელის სიმბოლოა და ის უნდა ესხას რესპექტაბელურ, საქმიან, პიჯაკში გამოწყობილ, პატარაჩანთიან, ქუსლებზე შემდგარ მანდილოსანს, რომელსაც მუხლამდე ქვედაბოლო აცვია. ეს იმიჯია და ბრენდია. მაგრამ, თინეიჯერს, რომელსაც ჩაჩაჩული შარვალი, კედები და მაისური მოსწონს, უნდა მოსწონდეს და ესხას, მაგალითად, „კრისტინა აგილერა”. ასე რომ, ყველა მდგომარეობას, პოზიციას, ასაკს და ასე შემდეგ, თავისი არომატი აქვს. საქმიან ქალს კი რამდენიმე სუნამო უნდა ჰქონდეს: ერთი – ბიზნესშეხვედრებისთვის, მეორე – ლანჩზე შეხვედრისთვის, მესამე – რომანტიკული შეხვედრებისთვის და ასე შემდეგ. საერთოდ, მიღებულია, რომ საქმიან შეხვედრაზე ქალმა ბევრი სუნამო არ უნდა დაისხას, რადგან ის მიდის საქმეზე სასაუბროდ და არა სურნელით პარტნიორის ყურადღების მისაქცევად ან „შესაბმელად” (იცინის).
– თავად როგორ სუნამოს ანიჭებ უპირატესობას?
– პირადად მე ტკბილი სუნამოები მომწონს, ცოტა კანფეტის და ვანილის არომატი რომ დასდევს. თან, რამდენიმე ბრენდი მაქვს ამოჩემებული, რომლებსაც არ ვღალატობ.
– მამაკაცს, რომელიც შენი გულის დაპყრობას მოინდომებს, როგორი სურნელი უნდა ასდიოდეს, ასეთივე ტკბილი?
– „ჩემს“ მამაკაცს აუცილებლად ცოტა მოტკბო არომატი უნდა ასდიოდეს, ცოტა თამბაქო-ნარევი და ცოტა მოწიწაკო. გრილი არომატები არ მომწონს. მამაკაცმა, რომელიც ჩემი იქნება, რომელსაც მე უნდა შევეხო და მისი არომატი უნდა გავიზიარო, სასურველია, იხმაროს ცოტა მოტკბო, მოთამბაქონარევი, მოწიწაკონარევი სუნამო.