რამ „გადაატრიალა“ ადელინა გოგუაძე და რას ვერ უძლებს ის
ადელინა გოგუაძე: ყველაფრის ატანა შემიძლია. უშუქობასაც გავუძლებ, ოღონდ წყალი ნუ შეწყდება. უწყლობა საშინელი დისკომფორტია ჩემთვის, ვგიჟდები, მგონია, რომ რაღაცაში ხელი მეშლება. წყალი არ უნდა შეწყდეს, დანარჩენი არ არის პრობლემა.
– თუ მაინც შეწყდება წყალი. დარეკავ „ცხელ ხაზზე“?
– არა. არასოდეს დამირეკავს „ცხელ ხაზზე“. მეზობლები რეკავენ ხოლმე და მათგან ვიგებ მიზეზს (იცინის). ან დედაჩემი გაარკვევს, რა მოხდა. მე მხოლოდ განვიცდი ხოლმე უწყლობას.
– საკუთარი ხელით თუ შეაკეთებ რამეს?
– ტელეფონის სადენს გადავაბამ, თუ გაწყდება. შემიძლია, შევცვალო გაფუჭებული ჩამრთველი და გამიკეთებია კიდეც. ლურსმნის დაჭედებაზე აღარ არის ლაპარაკი, დღესაც მივაჭედე – ხატი ვიყიდე და ის დავკიდე. საერთოდ, მამაჩემი გვიგვარებს საყოფაცხოვრებო პრობლემებს, საკმაოდ ოპერატიულადაც და არც ხვეწნა სჭირდება. თუ სერიოზული გაფუჭდა რამე და თვითონ ვერ გააკეთა, ხელოსანს იძახებს. ეს საკითხი ჩვენს ოჯახში კარგად არის მოგვარებული, ნამდვილად არ ეზარება.
– მიგაჩნია, რომ მამაკაცი ასეც უნდა იქცეოდეს?
– სასურველია. (იცინის). ეს ისეთი პრობლემებია, რომელთა მოგვარება, უმჯობესია, კაცმა აიღოს საკუთარ თავზე. ასე უფრო მართებულია, ვიდრე ის, რომ ქალმა ირბინოს ბრტყელტუჩათი ხელში.
– იცი, სად არის ელიავას ბაზრობა?
– რა თქმა უნდა. ვყოფილვარ კიდეც. ამ ზაფხულს რემონტივით რაღაც გვქონდა და მამაჩემს სულ მე დავყვებოდი მასალების ასარჩევად. არ მეზარება ასეთი რაღაცეები, პირიქით, მსიამოვნებს კიდეც. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ, თუ დამჭირდა, სამღებრო საქმესაც კარგად გავართმევ თავს. ცოტა შპალერის გაკვრა გამიჭირდება. სისწორეს ვერ დავიცავ (იცინის).
– ბავშვობაში ჩხირკედელა იყავი?
– არა, ახლა უფრო ვარ. მაინტერესებს რაღაც-რაღაცეები. ფულის ყადრიც ვიცი. რაც ვმუშაობ და ჩემი შემოსავალი მაქვს, უფრო მეტს ვფიქრობ თითოეული თეთრის დახარჯვაზე, ვიდრე ადრე. ყოველი ლარი გათვლილი მაქვს. თუმცა, ზოგჯერ ხდება, რომ გაუთვალისწინებლად და დაუფიქრებლად ვხარჯავ და მერე ვნანობ. მაგალითად, გართობაში, მეგობრებთან ერთად. მაგრამ ასე იშვიათად ვიქცევი. ვიცი, რომ ასე მოქცევა კარგი არ არის. გართობაც, რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ ფული გააზრებულად უნდა დახარჯო.
– კიდევ რაში შეიძლება შემოგეხარჯოს ხელფასი?
– ტანსაცმელში. ძალიან მიყვარს ლამაზი და ხარისხიანი ტანსაცმელი. სერიალში ყველაფერი ჩემი გარდერობიდან მაცვია. შესაბამისად, ფულიც ძირითადად ტანსაცმელში მეხარჯება. ვერ ვუძლებ ცდუნებას (იცინის).
– იცი, რა არის „პახმელია“?
– ერთადერთხელ ვიყავი „პახმელიაზე“ და ისე მწარედ მახსოვს, იმის მერე აღარ დამილევია. ძალიან ცუდად ვიყავი, ლოგინში გადაბრუნება არ შემეძლო. თვალები რომ გავახილე, ყველაფერი ტრიალებდა. საშინელება იყო. ვერ წარმომიდგენია, როგორ უძლებენ ამას და მერე კიდევ სვამენ. ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი შემთხვევა იყო ასეთი და მეყო ჭკუის სასწავლად. ორი ჭიქა ვისკი დავლიე და „გადამატრიალა“ (იცინის). მე არ მჭირდება ალკოჰოლი იმისთვის, რომ ვიმხიარულო, ისედაც ყოველთვის ძალიან კარგ გუნებაზე ვარ. თუ ვსვამ, პირიქით, დისკომფორტს ვგრძნობ, თავბრუ მეხვევა, მხიარულებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
– სამზარეულოსთან მეგობრობ თუ სახლის დალაგება გირჩევნია?
– სახლსაც ვალაგებ, ვაუთოებ კიდეც, სამზარეულოსთანაც ვმეგობრობ და ყველაფერში მომწონს ჩემი თავი (იცინის). მართლა. ძალიან მიყვარს, როცა სარეცხს გავრეცხავ, გავფენ და მერე ვუყურებ. რა ფერისაც არის სამოსი, ისეთივე ფერის „შპილკებით“ ვამაგრებ. თან ვცდილობ, სარეცხი სიგრძისა და სიგანის მიხედვით დავახარისხო და ისე დავფინო. ლამაზია.
– ძალიან მოწესრიგებული ადამიანი ყოფილხარ.
– (იცინის) მიყვარს, როცა სახლში მარტო ვარ და დალაგებაში ხელს არავინ მიშლის. მაშინ ჩემს ჭკუაზე ვალაგებ ყველაფერს. მერე ვჯდები და სიამოვნებით ვსვამ ყავას. არაფრით არ შემიძლია ყავა დაულაგებელ სახლში დავლიო. დილითაც კი, ჯერ მივალაგებ და მერე დავლევ. ეს ჩვევად მაქვს.
– ანუ, რადიკალურად განსხვავდები თიკუნასგან.
– დიახ, ვინც მიცნობს, ყველა აღნიშნავს ამას. გაოცებულები არიან კარგად თამაშობო.
– სამზარეულოსთან როგორ მეგობრობ?
– არაჩვეულებრივად. თითქმის ყველა კერძის მომზადება ვიცი. მომწონს კიდეც, როცა გემრიელ კერძს ვამზადებ. ნახევარფაბრიკატს ყოველთვის „სერიოზული“ კერძი მირჩევნია. მაგალითად, ვამზადებ ქათამს მაიონეზში. ქათამს ჯერ შევწვავ, დავჭრი მომცრო ნაჭრებად, მაიონეზს ვხსნი ცოტა წყალში, ვუმატებ ყვითელ ყვავილს, უცხო სუნელს, ხმელ ქინძს, ცოტა ნიორს, მარილს, ავურევ კარგად და ჩავაწყობ შიგ ქათმის ნაჭრებს. ძალიან გემრიელია. ძალიან კარგად ვამზადებ „სალიანკას“: ძროხის ხორცს ვჭრი ძალიან წვრილად, ვხრაკავ ბევრ ხახვში და ვასხამ ბევრ პომიდორს, რომ წყალი არ დასჭირდეს. ამ წვენში რომ ჩაიხარშება, ვუმატებ ბულგარულ წიწაკას და წვრილად დაჭრილ ბევრ მწვანილს.
იცლი ამ ყველაფრისთვის?
– რა თქმა უნდა. მე არ მჯერა იმ ქალების, რომლებიც ამბობენ, რომ სახლისთვის და კერძის მოსამზადებლად ვერ იცლიან ან ვერ ისწავლეს მომზადება. თუ ეს კარგი ჰგონიათ, ან თავი მოაქვთ იმით, რომ კვერცხი არასდროს გაუტეხავთ, ძალიან ცუდი. ქალმა კერძის მომზადება გენეტიკურად იცის და არ სჭირდება სპეციალური განათლების მიღება. ცუდად ვხდები, როცა ვუყურებ ქალს, რომელიც დაბოდიალობს, დაბოდიალობს და ვერაფერს აბამს თავს. თავბრუ მეხვევა ხოლმე. კარტოფილს რომ ხის დაფაზე ჭრიან, ამის ატანა არ შემიძლია.