მილიონი წლის შიში...
ციცი გლავაცკი
ათასწლეულების განმავლობაში ადამიანს ეშინოდა და შფოთავდა. ათასწლეულების განმავლობაში ადამიანის შიშისა და შფოთის მიზეზის სხვადასხვა იყო. მაინც რისი ეშინოდათ ჩვენს უხსოვარ წინაპრებს, ადამიანთა პირველყოფილ მოდგმას?!
პირველყოფილ ადამიანს პანიკაში აგდებდა ხმაური – ცის ქუხილი, მეხის ვარდნა, სიბნელე... ამ ყველაფერს ბოლომდე ჯერ ვერც ჩვენ შევეჩვიეთ...
600 ათასი წელი ჩვენს ერამდე – ადამიანები მაშინ 40-50 კაცისგან შემდგარ ტომებად ცხოვრობდნენ. ისინი ყველანი ერთმანეთის ნათესავები იყვნენ. ბუნებრივია, ერთმანეთის შესახებ ყველაფერი იცოდნენ. ამიტომ უცხოს გამოჩენის განსაკუთრებულად ეშინოდათ. ამას საშინელ საფრთხედ აღიქვამდნენ.
79 წელი ჩვენს ერამდე – ამ პერიოდს ემთხვევა ვეზუვის ამოფრქვევა, რომელმაც მთლიანად დამარხა ქალაქი პომპეი. ბუნებრივი კატაკლიზმების მიმართ პანიკური შიში იმ პერიოდის ადამიანების მთავარი პრობლემა გახდა. სხვათა შორის, ადამიანებმა დღესაც არ იციან, როგორ გაუმკლავდნენ ისეთ კატაკლიზმებს, როგორც არის მიწისძვრა, წყალდიდობა, ქარიშხალი. ისინი ვერც ამ ყველაფრის პროგნოზირებას ახერხებენ. ადამიანი ახლაც დაუცველია, მაშინ, როცა დედა-ბუნება მრისხანებს.
მეთოთხმეტე საუკუნე – ადამიანებს უკვე ეშინიათ ეპიდემიების, მასობრივი დაავადებების. ამ დროს მძვინვარებს „შავი სიკვდილი“, იგივე „შავი ჭირი“. რომელმაც დასავლეთ ევროპის მოსახლეობის 3/4 გაწყვიტა. ამ საშინელი დაავადების მკურნალობა არ შეეძლოთ. ვაქცინა მის წინააღმდეგ საბრძოლველად მხოლოდ მეოცე საუკუნეში შექმნეს.
მეთვრამეტე საუკუნე – ყველაზე უცნაური შიში ამ საუკუნეში სჭირდათ. მარკიზა პომპადურის დროს მოდაში შემოსულმა დიდმა და მდიდრულმა პარიკებმა, რომლებიც ყვავილებით, თვლებითა და ბაფთებით იყო მორთული, ქალბატონებში და ბატონებში ტილები მოამრავლა. პარიკს ვერ ივარცხნიდნენ და ჩახურებულ თმაში ტილებსა და რწყილებს ზეიმი ჰქონდათ. მთელი სამეფო კარი იფხანდა და იქექებოდა... ამ დროს სპეციალური, ნატიფი თავის საფხანებიც კი გაჩნდა... ძვირფასი ქვებით შემკული და მოოქრული... ამას გარდა, ამ ეპოქაში მამაკაცებს ისტერიკულად ეშინოდათ, რომ ცოლებს მათთვის რქები არ დაედგათ...