თქვენი თვალები რომ ბრწყინავდეს
თამრიკო ზამთარაძე
საახალწლო დღეებში არაერთ კარნავალსა თუ წვეულებაზე მოგიწევთ წასვლა და, ცხადია, თითოეულ თქვენგანს ექნება სურვილი, დედოფალივით გამოიყურებოდეს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ვარცხნილობაც და სამოსიც, მაგრამ, თუ სათანადო მაკიაჟს არ გაიკეთებთ, მთელი თქვენი მორთულობა გაფერმკრთალდება. თუმცა, გაფერმკრთალდება ნებისმიერი მაკიაჟიც, თუ თვალები ცისკრის ვარსკვლავებივით არ გიბრწყინავთ. ამისთვის კი, ახლავე უნდა დაიწყოთ ზრუნვა, რაც რამდენიმე საფეხურს მოიცავს:
1. დატენიანება
იმისთვის, რომ თქვენი მზერა სხივიანი იყოს, პირველ ყოვლისა, მიხედეთ კანს თვალების გარშემო – დატენიანებული ქუთუთოები ახალგაზრდულ იერს სძენს მთელ სახეს. ამიტომ, წაისვით სპეციალური დამატენიანებელი კრემი თვალებისთვის, კანის დასაჭიმად კი გამოიყენეთ საშუალებები ლიფტინგ-ეფექტით.
2. ძირს – შავი წრეები თვალების ქვეშ!
თვალების ქვეშ შავი წრეების გაჩენის მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს: გამოუძინებლობა, გადაღლა, ნერვიულობა და ასე შემდეგ. ამ ავად სახსენებელი წრეების თავიდან ასაცილებლად კი საჭიროა, მაქსიმალურად ვეცადოთ, ვიძინოთ დღე-ღამეში მინიმუმ 8 საათი და თუ ეს საკმარისი არ იქნა, დავიხმაროთ სპეციალური საშუალებები – კონსილერები შავი წრეების შესანიღბავად.
3. ჭეშმარიტება ვიტამინებშია
კენკრა, ხილი, ნუში, ნიგოზი და თხილი შეიცავს კანისთვის სასარგებლო ნივთიერებებსა და მიკროელემენტებს. ამ პროდუქტების ყოველდღიური გამოყენებით, მათში შემავალი F ვიტამინის წყალობით, კანი ხდება ელასტიკური, სწორდება ნაოჭები. არანაკლებ ეფექტს მიიღებთ, თუ გამოიყენებთ კოსმეტიკურ საშუალებებს, რომელთა შემადგენლობაში შედის ნუშის ზეთი, მუსკატის კაკლის ან ჩვეულებრივი ნიგვზის ექსტრაქტი, რაც უმოკლეს დროში ახერხებს გაღიზიანებული კანის ვიტამინებით გაჯერებას, დატენიანებას და, შესაბამისად, მოწესრიგებას.
4. მაკიაჟის მოხსნა
თვალების დელიკატური ზონებიდან მაკიაჟის მოხსნის საუკეთესო ვარიანტებია: უცხიმო გამწმენდი საშუალებები და ლოსიონები დემაკიაჟისთვის, რომელიც უნდა შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპის მიხედვით.