რაში სჭირდებოდა ერეკლე მეორისა და სოლომონ პირველის დაპირისპირება რუსეთს
ეკა სალაღაია
საქართველოს დაპყრობამდე რუსეთის დაზვერვა გულმოდგინედ სწავლობდა საქართველოში შექმნილ მდგომარეობას. რუსები დარწმუნდნენ, რომ ქართველ მეფე-მთავრებს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობდა და ამაზე ააგეს მთელი პოლიტიკა. სწორედ ამის თაობაზე გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ვახტანგ გურული.
– ბატონო ვახტანგ, კონკრეტულად, რა უთანხმოებას ჰქონდა ადგილი ქართველ მეფე-მთავართა შორის?
– დავიწყოთ იმით, რომ იმერეთის მეფე დე- იურე ითვლებოდა სამეგრელოს, გურიის, აფხაზეთისა და სვანეთის სამთავროების მფლობელადაც, მაგრამ დე-ფაქტო იმერეთის მეფე მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში ამ სამთავროებზე თავის ძალაუფლებას ვეღარ ახორციელებდა. იმერეთის მეფის მცდელობას, აღედგინა გავლენა მის ქვეშევრდომებზე, შედეგი არ მოჰყოლია, პირიქით – ვითარება უფრო გართულდა. გარკვეული უთანხმოება არსებობდა სამეგრელოსა და გურიის მთავრებს შორის, რაც ძირითადად, სასაზღვრო ტერიტორიებზე პრეტენზიით გამოიხატებოდა. მოგვიანებით, დაიძაბა ურთიერთობა იმერეთის მეფე – სოლომონ პირველსა და ქართლ-კახეთის მეფე – ერეკლე მეორეს შორისაც. ამ დაძაბულობის გამომწვევი სწორედ რუსი დიპლომატები და სამხედროები იყვნენ.
გეორგიევსკის ტრაქტატის (1783 წელი) ერთ-ერთ მუხლში ვკითხულობთ: ერეკლე მეორესა და სოლომონ პირველს შორის ურთიერთობის გამწვავების შემთხვევაში, არბიტრის როლი უნდა ეთამაშა რუსეთის იმპერატორს, რომლის გადაწყვეტილება სავალდებულო უნდა ყოფილიყო ორივე მეფისთვის. გეორგიევსკის ტრაქტატი რუსეთს საშუალებას აძლევდა, სხვადასხვა გზებით გაემწვავებინა ურთიერთობა სოლომონ პირველსა და ერეკლე მეორეს შორის და შემდეგ არსებული კონფლიქტი, უკვე თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, მოეგვარებინა.
– როგორი ვითარება შეიქმნა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ?
– რუსეთის საიმპერატორო კარმა უპირობოდ გააუქმა მეფობა ქართლ-კახეთსა და იმერეთში. მოსალოდნელი იყო, რომ გაუქმებულიყო სამთავროებიც, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. სამეგრელოს, გურიის, აფხაზეთისა და სვანეთის მთავრებს რუსეთმა ტახტი შეუნარჩუნა. მართალია, მთავრების ხელისუფლება შეზღუდული იყო, მაგრამ იურიდიულად, ეს სამთავროები არსებობდნენ. რუსეთის საიმპერატორო კარის ვერაგული ჩანაფიქრი ასეთი იყო: სამთავროებში სეპარატიზმი უნდა გაეღვიძებინა.
– საბოლოდ, რა ბედი ეწია ამ სამთავროებს?
– სამთავროების გაუქმება იმისი მაჩვენებელი იყო, რომ რუსებმა შეუძლებლად მიიჩნიეს სეპარატიზმის ნიადაგზე ქართველი ერის დანაწილება. პირველი სერიოზული მარცხი, რუსებმა გურიის სამთავროში განიცადეს. 1826 წელს გარდაიცვალა მთავარი მამია გურიელი. ტახტის მემკვიდრე – დავითი მცირეწლოვანი იყო, ამიტომ სამთავროს, გურული თავადების საბჭოსთან ერთად, დედოფალი სოფიო განაგებდა. სოფიოს იმედი ჰქონდა, რომ რუსეთის ბატონობისგან გურიას ოსმალეთის დახმარებით გაათავისუფლებდა. 1828 წელს დაიწყო რუსეთ-ოსმალეთის ომი. რუსებმა სოფიოს გურიის მოსახლეობისგან სახალხო ლაშქრის გამოყვანა მოსთხოვეს რუსის ჯარის დასახმარებლად. სოფიოს რუსეთის მხარეს ომი არ სურდა და ლაშქრის შეკრებას სხვადასხვა მიზეზით აყოვნებდა. რუსებმა კარგად იცოდნენ, რომ სოფიო კავკასიის ფრონტზე მოვლენების განვითარებას ელოდა. თუ ოსმალეთი იმძლავრებდა, ცხადია, გურიის დედოფალი რუსეთის ბატონობისგან სამთავროს გათავისუფლებას შეეცდებოდა. რუსებმა დაასწრეს და 1828 წლის ოქტომბერში გურიის სამთავროში ჯარები შეიყვანეს. გურიის დედოფალი – სოფიო იძულებული გახდა შვილებთან – დავითთან და ეკატერინესთან ერთად ოსმალეთში გაქცეულიყო. სოფიო გურიელი ოსმალეთში გარდაიცვალა. 1829 წლის დეკემბერში იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა გურიის სამთავრო გააუქმა.
– რა ვითარება შეიქმნა სხვა სამთავროებში?
– რუსებს საქმე გაურთულდათ აფხაზეთშიც. მთავარი მიხეილ შერვაშიძე უკმაყოფილო იყო რუსების პოლიტიკით, თუმცა ოსმალეთზე ორიენტაცია მაინც არ აუღია. ამ პერიოდისთვის რუსეთს ომი ჰქონდა ჩრდილოკავკასიის დაპყრობისთვის. ცნობილი იყო, რომ ჩერქეზებსა და ადიღეებში მიხეილ შერვაშიძე საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. რუსებს ესეც აშინებდა. მიხეილ შერვაშიძე კარგად გრძნობდა, რომ მისდამი რუსების ასეთი დამოკიდებულება აფხაზეთის სამთავროს კარგს არაფერს მოუტანდა. მან თხოვნით მიმართა რუსებს, თბილისიდან სოხუმში დაებრუნებინათ ტახტის მემკვიდრე – გიორგი, რათა ამ უკანასკნელს სამთავროს მართვა-გამგებლობა გადაებარებინა. მიხეილ შერვაშიძე ვარაუდობდა, მისი შვილის აფხაზეთის სამთავროს ტახტზე ასვლა, გარკვეული ხნით გაახანგრძლივებდა სამთავროს არსებობას. ცხადია, ამას რუსებიც კარგად მიხვდნენ, ამიტომ იყო, რომ გიორგი შერვაშიძე სოხუმში არ დააბრუნეს. 1864 წელს მიხეილ შერვაშიძე მთავრის ტახტიდან გადააყენეს და სამთავრო გააუქმეს. მიხეილ შერვაშიძეს სამშობლოში ცხოვრების უფლება არ მისცეს და რუსეთში გადაასახლეს. აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი რუსეთშივე გარდაიცვალა.
– კიდევ რა გართულებები ჰქონდათ რუსებს?
– რუსებს საქმე გაურთულდათ სვანეთის მთავარ კონსტანტინე დადეშქელიანთან. ეს უკანასკნელი სამთავროს გაძლიერებას ცდილობდა. რუსებმა არ დააყოვნეს და 1857 წელს სვანეთში ჯარები შეიყვანეს. კონსტანტინე დადეშქელიანი მიხვდა, რომ რუსები უკან არაფერზე დაიხევდნენ და მის სამთავროს დაარბევდნენ. იგი რუსეთის ჯარის მეთაურთან გამოცხადდა მოსალაპარაკებლად. რუსებმა კონსტანტინე ქუთაისში გაგზავნეს. სადაც მას განუცხადეს: სვანეთში მანამ არ დაგაბრუნებთ, სანამ შენი ძმები – თენგიზი და ისლამი ხელისუფლებას არ ჩაბარდებიანო. კავკასიის მეფისნაცვალმა ალექსანდრე ბარიატინსკიმ გადაწყვიტა, სანამ სვანეთის სამთავროს ბედი გადაწყდებოდა, კონსტანტინე დადეშქელიანი ერევანში გადაესახლებინათ. მეფისნაცვლის გადაწყვეტილება სვანეთის მთავარს ქუთაისის გენერალ-გუბერნატორმა გაგარინმა გააცნო. კონსტანტინემ, სამთავრო საქმეთა მოსაგვარებლად, მცირე ხნით სვანეთში დაბრუნება ითხოვა. გაგარინმა ამის ნებართვა არ მისცა. მთავარსა და გენერალ-გუბერნატორს შორის შელაპარაკება მოხდა. განრისხებულმა გაგარინმა კონსტანტინე დადეშქელიანის განიარაღება ბრძანა. ეს სვანეთის მთავარმა უკვე ვეღარ მოითმინა, ხანჯლით სასიკვდილოდ დაჭრა გაგარინი, ხოლო იქვე მყოფი ორი მოხელე კი მოკლა. მართალია, იმ მომენტში კონსტანტინე დადეშქელიანმა გაქცევა მოახერხა, მაგრამ შეიპყრეს და 1857 წელსვე სიკვდილით დასაჯეს, ხოლო სვანეთის სამთავრო გააუქმეს.
– განცდილმა მარცხმა აიძულა თუ არა რუსები, ხელი აეღოთ სეპარატისტულ პოლიტიკაზე?
– ცხადია, არა. სამხრეთ კავკასიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დაყოფაში (ქუთაისის გუბერნიაში) გურიის, სვანეთისა და სამეგრელოს ყოფილი სამთავროები მაზრების სახით შევიდნენ. რაც შეეხება აფხაზეთს, აქ რუსები იმედს არ კარგავდნენ. ამიტომ იყო, რომ გაუქმებული აფხაზეთის სამთავრო საბოლოოდ მაზრების სახით არ შესულა ქუთაისის გუბერნიაში. სამთავროს ტერიტორია სოხუმის ოკრუგში გააერთიანეს, რომელიც ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს ექვემდებარებოდა. რუსებმა ეს პრინციპი საქართველოს სხვა კუთხეების მიმართაც გამოიყენეს. 1828 წელს რუსებმა საბოლოოდ წაართვეს ირანს ქართული ისტორიული პროვინცია ჭარ-ბელაქანი (საინგილო). ეს ტერიტორია თბილისის გუბერნიაში უნდა შესულიყო მაზრის სახით, თუმცა ასე არ მოხდა. საინგილო გამოიყო ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად – ზაქათალის ოკრუგად, რომელიც თბილისის გენერალ-გუბერნატორს დაუქვემდებარეს. 1878 წელს რუსეთმა ოსმალეთის დამარცხების შემდეგ აჭარა შეიერთა. სავსებით შესაძლებელი იყო, აჭარა მაზრების სახით შესულიყო ქუთაისის გუბერნიაში. რუსებმა არც ეს გააკეთეს, აჭარა ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად – ბათუმის ოლქად გამოყვეს, რომელიც ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს დაუქვემდებარეს.
– რა მნიშვნელობა ჰქონდა რუსებისთვის ამ განსაკუთრებული ადმინისტრაციული ერთეულების შექმნას?
– ძალიან დიდი. ესეც სეპარატისტული პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. თუ ჭარ-ბელაქნის, აფხაზეთისა და აჭარის ტერიტორია თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში მაზრების სახით შევიდოდა, აქაური მოსახლეობა მჭიდრო კონტაქტში იქნებოდა გუბერნიების მოსახლეობასთან, რაც რუსებს არ სურდათ. ჭარ-ბელაქნის, აფხაზეთისა და აჭარის ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფა რუსებს იმაში სჭირდებოდათ, რომ შეეფერხებინათ ჭარ-ბელაქნის მაჰმადიანი ქართველობის ინტეგრაცია დანარჩენ საქართველოსთან, კერძოდ, ქართლთან და კახეთთან. გუბერნიის შიგნით, კომერციული ან სხვა მიზნით, მოსახლეობის გადაადგილება სპეციალურ ნებართვას არ საჭიროებდა, მაგრამ ზაქათალის ოკრუგიდან თბილისის გუბერნიაში ქართველი მაჰმადიანის გადმოსვლა თბილისის გენერალ-გუბერნატორის სპეციალური ნებართვით უნდა მომხდარიყო. ასეთ ნებართვას კი, რუსები არ იძლეოდნენ. ამრიგად, ჭარ-ბელაქანი (საინგილო) და იქაური მაჰმადიანი ქართველები ჩაკეტილნი აღმოჩნდნენ ზაქათალის ოკრუგის საზღვრებში და აქედან გამომდინარე, ვერავითარ ურთიერთობას ვერ ამყარებდნენ დედასამშობლოსთან. ამავე მიზეზით ფერხდებოდა ქუთაისის გუბერნიიდან ქართველობის გადასვლა სოხუმის ოკრუგში და პირიქით. იგივე ვითარება იყო ბათუმის ოლქთან მიმართებაშიც. ასეთი ვითარებით რუსებმა ხელი შეუშალეს დედასამშობლოდან საუკუნეების განმავლობაში მოწყვეტილი ისტორიული ჰერეთისა (ჭარ-ბელაქნის) და აჭარის მაჰმადიანი ქართველების ინტეგრირებას ქართულ, ქრისტიანულ სამყაროში. აფხაზეთში კი შეაფერხეს ქართველი მოსახლეობის გადასვლისა და იქ მათი დამკვიდრების ბუნებრივი პროცესი. ამასთან ერთად, რუსები ყოველგვარ პირობებს უქმნიდნენ სომხებს, ბერძნებს, ესტონელებს აფხაზეთში ჩასახლებისთვის. ანუ, ეს იმას ნიშნავდა, რომ ენგურის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე ქართველისთვის გადასვლა შეუძლებელი თუ არა, ძალზე რთული იყო. აფხაზეთიდან ასობით და ათასობით კილომეტრით მოცილებული უცხოელისთვის კი იქ დამკვიდრება ძალზე ადვილი.