მწვანე კუთხე
თეონა გოზალიშვილმა
კითხვა: რა პირობებში გავახარო ცელოგინა?
პასუხი: ამ მცენარეს არ უყვარს ძალიან ნათელი ოთახი. ზაფხულში ტემპერატურა 20-25 გრადუსი უნდა იყოს, ზამთარში კი – 16-17 გრადუსი. ოქტომბრიდან თებერვლამდე მცენარეს დასვენების პერიოდი აქვს. ზაფხულში ხშირი მორწყვა უყვარს. გირჩევთ, ამ მცენარისთვის ოთახის ტემპერატურაზე ნადგომი წყალი გამოიყენოთ. ზამთარში იშვიათად მორწყეთ. ზემოდან ხშირად შეასხურეთ წყალი, რათა მცენარემ ტენიანობა შეინარჩუნოს.
კითხვა: როგორ ოთახში ვამყოფო ციმბიდიუმი და რა სიხშირით მოვრწყა მცენარე?
პასუხი: ციმბიდიუმი აუცილებლად უნდა იყოს გრილ, ნათელ და ტენიან ოთახში. იქ, სადაც ხშირად იწმინდება ჰაერი. ზაფხულში სასურველია, აივანზე დადგათ. ზრდის პერიოდში მცენარე უხვად უნდა მოირწყას. ზამთარში კი – ზომიერად. გირჩევთ, ექვს თვეში ერთხელ ციმბიდიუმი ორქიდეებისთვის განკუთვნილი სასუქით მორწყათ.
კითხვა: როგორ გარემოში გავზარდო იატროფა?
პასუხი: იატროფას უყვარს ნათელი, მზიანი ადგილი. ის ძალიან გამძლე მცენარეა, ამიტომ განსაკუთრებულ მოვლას არ ითხოვს ზამთარ-ზაფხულ. გახსოვდეთ, ზაფხულის სეზონზე ხშირად მორწყათ, მაგრამ ზომიერებაც დაიცვათ. მისი ნიადაგის ძირი ტენიანი უნდა იყოს. ზამთარში მორწყვა შედარებით შეამცირეთ. თუ ფოთოლცვენა დაიწყო, იშვიათად მორწყეთ და გააგრძელეთ მორწყვა ადრე გაზაფხულზე. ამ მცენარეს სჭირდება დამატებითი კვება და გაზაფხულზე აუცილებლად მიაწოდეთ მინერალური სასუქი.
კითხვა: რა სიხშირით მოვრწყა აგავა?
პასუხი: აქტიური ზრდის პერიოდში მორწყეთ რეგულარულად, თუმცა მორწყვიდან მორწყვამდე მიწას ოდნავ შეშრობა დააცადეთ. ზამთარში ყურადღება მიაქციეთ, რომ მიწა მთლიანად არ გამოშრეს. თუმცა, არც ხშირადაა სასურველი ამ დროს წყლის დასხმა.