ვეტერინარის რჩევები
მარიკა ხიდურელი
კითხვა: ამერიკული სტაფორდშირ ტერიერი, როგორც ამბობენ, ადამიანისთვის საშიშია. შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს?
პასუხი: თუ ადამიანზე გაიწია, რა თქმა უნდა, საშიშია. როგორც წესი, სტაფორდები უმიზეზოდ არ ერჩიან ადამიანებს. თუ მას გაწვრთნიან და დაცვას შეაჩვევენ, მაშინ უკვე დიდი სიფრთხილეა საჭირო. თუ ვინმე მისი პატარა ზომით მოტყუვდება, ძალიან შეცდება. თუ თავს დაგესხა, მებრძოლი ძაღლია და სანამ არ მოგკლავს, არ გაჩერდება. მათ სისხლში აქვთ საქმის ბოლომდე მიყვანა. ამ ჯიშს ბევრი დატვირთვის ატანა შეუძლია და მდგომარეობის ნორმალიზებაც ძალიან სწრაფად ხდება. ძალიან ჭკვიანი ძაღლია და მძლავრი ფსიქიკით გამოირჩევა. სახლში ჩოგბურთის ბურთივით არიან. თუ იმის ენერგია არ გაქვთ, მათ საქციელს გაუძლოთ უმჯობესია საერთოდ არ იყოლიოთ.
კითხვა: როგორც ვიცი, ძაღლების სპორტი მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. მაინტერესებს საქართველოში თუ არსებობს მსგავსი რამ?
პასუხი: ძაღლების სპორტის რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს. თუმცა, საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ერთმა სახეობამ მოიკიდა ფეხი. ეს არის აჯილითი. მსოფლიოში არსებობს ძაღლების ცურვა, ხტომა, ნაკვალევით, მაგალითად, თოვლიდან ადამიანის გამოყვანა, ბარიერებზე ხტომა, ძაღლების ფრენბურთიც კი არის, რომელიც ძალიან გავრცელებული სპორტია ამერიკაში. არსებობს ძაღლების ბუმერანგი და სხვა მრავალი. მიუხედავად ამისა, ყველაზე გავრცელებული აჯილითია.
კითხვა: ჩემი ძაღლი უკვე 12 წლისაა. ამ ასაკში ესაჭიროება თუ არა ხანში შესულ ძაღლს განსაკუთრებული კვება?
პასუხი: დიახ, ხანში შესული ძაღლი აუცილებელია სპეციალური რაციონით გამოკვებეთ. არსებობს საკვები, რომელიც სპეციალურად დაბერებული ძაღლებისთვის არის განკუთვნილი და ძალიან კარგია მათი ორგანიზმისთვის. ის იმ მინერალებს შეიცავს, რომელიც ბებერი ძაღლის ორგანიზმს ესაჭიროება, მაგალითად, მის ძვალს, კუჭს და ასე შემდეგ. არ არის სასურველი ძაღლის ზედმეტად დატვირთვა. თუ ახალგაზრდობის ასაკში მას 3-4 კილომეტრს ატარებდით, ეს უკვე დაუშვებელია მოხუცი ძაღლისთვის. ასევე, მაქსიმალურად უნდა მოარიდოთ ძაღლი კონფლიქტურ სიტუაციებს. ახალგაზრდა ძაღლს შეუძლია პატრონი არა მარტო უცხო ადამიანისგან ან მძარცველისგან დაიცვას, არამედ ქუჩაში სეირნობის დროსაც კი, წინააღმდეგობა გაუწიოს თავდამსხმელ სხვა ძაღლს. მოხუცებული ძაღლი იგივე გულითა და სულისკვეთებით ეცდება, საკუთარი თავისა და პატრონის დაცვას, მაგრამ მოწინააღმდეგეს დიდ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. შესაბამისად, ამით მან შეიძლება, დიდი ზიანი თავად მიიღოს. ნებისმიერი ჭრილობა გვიან ხორცდება და ძნელი მოსაშუშებელია, ისევე როგორც ხანში შესული ადამიანისთვის.