რატომ არის დღესასწაულების პერიოდში ცხოველთა ინტოქსიკაციის პიკი და რას იწვევს ძაღლებში ნიკოტინის კვამლის შესუნთქვა
მარიკა ხიდურელი
შობა-ახალი წელი ყველასთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. ამ დღეებს დიდიც და პატარაც ზარ-ზეიმით აღნიშნავს – სადღესასწაულო სუფრით, მორთული ნაძვის ხით და ფოიერვერკით. ამ პერიოდში ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ჩვენზე არანაკლებ ემოციურები არიან – აქტიურობენ მხიარულობენ და საერთო სიხარულს ინაწილებენ. მიუხედავად ამისა, არც ერთ შემთხვევაში, არ შეიძლება მათ მიმართ ყურადღების მოდუნება. თუ რატომ და რა მიზნით? ამის შესახებ ვეტერინარ ზაქრო ბაჯიაშვილისგან შეიტყობთ.
– რატომ უნდა ვიყოთ განსაკუთრებულიდ ყურადღებით ახალი წლის პერიოდში სახლის პირობებში მცხოვრები ცხოველების მიმართ?
– სწორედ ამ პერიოდში ემუქრებათ მათ სხვადასხვა საფრთხე. სტუმრიანობისას ოთხფეხა მეგობრისთვის ყურადღების მიქცევა რთულია, რისი შედეგიც შეიძლება, სავალალო იყოს. დღესასწაულების დროს ვეტერინარულ პრაქტიკაში სხვადასხვა საკვების მიერი ინტოქსიკაციების პიკია. ხშირია ღვიძლისა და თირკმელების დაავადებების გამწვავების შემთხვევებიც. აღნიშნულ პერიოდში აუცილებელია, გვახსოვდეს, რომ არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება შინაური ცხოველების საახალწლო სუფრიდან კვება. მათთვის კატეგორიულად აკრძალულია ცხიმიანი, შემწვარი, მწარე, შებოლილი, მარილიანი, ნიგვზიანი საკვები. ასევე, დაუშვებელია საკონდიტრო ნაწარმი და ტკბილეულის მიცემა. არავითარ შემთხვევაში, არ უნდა მისცეთ ცხოველს ნუგბარი საახალწლო სუფრიდან და არ დაუშვათ, ეს სტუმარმა ჩაიდინოს. რა თქმა უნდა, ძნელია ამ დროს სიტუაციის გაკონტროლება, მაგრამ შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მსგავსი შეცდომა არ მოგვივიდეს.
– რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს, გარდა იმისა, რომ ყურადღებით უნდა ვაკონტროლოთ ეს საკითხი?
– ამ დროს სასურველი და რეკომენდებულია, კარგად გამოვკვებოთ ცხოველი და მოვათავსოთ საახალწლო სუფრიდან იზოლირებულ, წყნარ და მშვიდ ადგილას. ამით ვიხსნით ჩვენს ოთხფეხა მეგობარს სტრესისგან. ამ დროს უმეტესად შინაური ცხოველი შეშინებულია, განსაკუთრებით კი, კატა. დღესასწაულებზე ბევრი ადამიანი სუფრასთან თამბაქოს ეწევა, რისი კვამლიც ძალიან აღიზიანებს ცხოველის ლორწოვან გარსს, განსაკუთრებით კი – სასუნთქ სისტემას. ამან შეიძლება, გამოიწვიოს სასუნთქი სისტემის დაავადებები. ოთახის განიავების მიზნით, ხშირად აღებენ ფანჯრებს და აივნის კარებს, რა დროსაც შეიძლება, ცხოველი სიმაღლიდან გადავარდეს და მიიღოს სხვადასხვა სახის სერიოზული ტრავმა. მაგალითად როგორიცაა: ხერხემლისა და, შინაგანი ორგანოების დაზიანება, შინაგანი სისხლდენა, ძვლების მოტეხილობები და ასე შემდეგ. ზოგი თავის ცხოველს ამ დროს სპირტიან სასმელებს აძლევს, რაც კატეგორიულად არ შეიძლება. ალკოჰოლი მოქმედებს ძლიერ ტოქსიკურად და შეიძლება ნარკოტიკული დამოკიდებულებაც კი გამოიწვიოს.
ახალი წლის დღესასწაულებზე კიდევ ერთი დამახასიათებელი თავისებურებაა ცხოველებში დამწვრობა. ბუნებრივ პირობებში, ცხოველებს აფეთქებისა და ცეცხლის მიმართ შიში აქვთ, რაც არაა დამახასიათებელი შინაური ცხოველებისთვის. ამიტომ, ამ დროს ყურადღებით უნდა ვიყოთ საახალწლო შუშხუნების და ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებისას. მათ მიმართაც შინაური ცხოველები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ. ამ დროს კი შეიძლება, მათ მიიღონ თერმული ტრამვა ან გააჩინონ ხანძარი. ასაფეთქებელი საშუალებების დაუდევრად გამოყენებამ შეიძლება, უფრო სერიოზული ტრავმაც გამოიწვიოს.
ასევე, სახიფათოა უყურადღებოდ დატოვებული სამზარეულო, სადაც ათასნაირი სასიამოვნო და მადის აღმძვრელი სუნი ტრიალებს. ამ დროს ცხოველის ცნობისმოყვარეობას შეიძლება, სავალალო შედეგი მოჰყვეს – ჩავარდეს ის, ან სულაც გადაისხას სხეულზე ქურაზე მდგარი მდუღარე ცხიმიანი წყალი. დამწვრობის ხარისხი კი შეიძლება, საკმაოდ მძიმე იყოს. ნებისმიერი სახის დაზიანების დროს სასწრაფოდ უნდა დაუკავშირდეთ ვეტერინარს.
– კიდევ რა საფრთხეა ამ პერიოდში მოსალოდნელი?
– საშიშია ასევე, ნაძვის ხის მოსართავი მინის სათამაშოები, რომლებიც ბრჭყვიალებითა და სილამაზით იქცევენ ცხოველის ყურადღებას. მასთან თამაშის დროს შესაძლოა, დაზიანდეს სათამაშო. მისმა ნატეხებმა კი შეიძლება, დაუზიანოს ცხოველს თათის ბალიშები. ზოგჯერ ეს საკმაოდ სერიოზულ დაზიანებას იწვევს, თუ ნამსხვრევები ქსოვილებში ღრმადაა შეჭრილი. მათ შორის, შეიძლება მსხვილი სისხლის ძარღვების ნერვებისა და მყესების დაზიანებაც კი მოხდეს.
ძალიან საშიშია ასევე, ელექტროგრილიანდები, მოციმციმე და მუსიკალური მოწყობილობები, რისი ელექტროსადენებიც შეიძლება, გადაღრნას ჩვენმა პატარა ოთხფეხა მეგობარმა – შედეგად კი ელექტროდარტყმა მიიღოს. ამას მოჰყვება შოკი ან გონების დაკარგვა, რა დროსაც დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ვეტერინარს.
უნდა გვახსოვდეს, რომ ცხოველების დაავადებისა და ტრავმირების თავიდან აცილება უფრო ადვილია, ვიდრე მისი მკურნალობა. ამიტომ, ყურადღებით უნდა ვიყოთ დღესასწაულების დღეებში – არ მივცეთ ჩვენს ოთხფეხა მეგობარს სადღესასწაულო სუფრიდან საკვები, მოვარიდოთ ასაფეთქებელ და სხვა მსგავს მოწყობილობებს. ასევე, არ დავუშვათ, რომ მათ საახალწლო ნაძვის ხის მოწყობილობებით ითამაშონ.