როგორ შეუცვალა ლაშა ონიანმა გეგმები ტომ კრუზს და სად დაახვედრა მას 16 გოგონა
ნათია უტიაშვილი
როგორც ყოველთვის, გასული წელიც ლაშა ონიანისთვის საკმაოდ აჩქარებული, უამრავი საქმით დატვირთული გახლდათ. წლის ბოლოს კი, მას ბათუმის კონცერტზე მოუწია მუშაობა. მას თავისი საქმიანობის განმავლობაში ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანთან მოუწია მუშაობა.
ლაშა ონიანი: წელიწადში 2 თვე შეიძლება, მოგიწიოს გაჩერება, პაუზა, სამაგიეროდ, მომდევნო სამი თვე კოშმარული და ტოტალურად აჩქარებული იყოს – თავგადასავლებით სავსე. ის პერიოდი, სანამ დავალებას შევასრულებ, რასაც დაახლოებით 2 კვირა მაინც სჭირდება, საერთოდ, არ ექვემდებარება ძილს, კვებას, ყველაფერი სპონტანურად ხდება. მაგრამ, ეს ყველაფერი რომ დამთავრდება, მაქვს შესვენება, რომელიც დახარჯული ენერგიის აღდგენაში მეხმარება. ბოლო 15 წელია, რაც გაუჩერებლად ასეთი სისტემით მიწევს ცხოვრება.
– არასდროს გაგჩენია იმის სურვილი, რომ საქმის კურსში არავინ ჩააყენო, გამორთო მობილური და სადმე წახვიდე, დაისვენო?
– ვერ ვბედავ ამის გაკეთებას. ანუ, 10 დღით, ან ორი კვირით რომ გამოვრთო მობილური, ოფისში არ შევატყობინო, სად ვარ – არ აქვს მნიშვნელობა, ოჯახის წევრებთან ერთად ვიქნები თუ მარტო. თავს ვერ ვაძლევ ამის უფლებას, თან, ბოლო შვიდი წელია, როცა რაღაცას ვაკეთებ, მინიმუმ 200 ადამიანი საქმდება, მათ ამ ორი კვირის განმავლობაში ერთხელ ვჭირდები და ხომ არ ვიცი, ეს როდის იქნება. ამიტომ, ვერ გამოვრთავ მობილურს და ვერ წავალ სადმე. საკუთარ თავს არ ვაძლევ უფლებას, თუ დარწმუნებული არ ვარ, რომ უახლოეს ხუთ დღეში არავის დავჭირდები, ალკოჰოლსაც კი ვერ ვიღებ. არადა, მეც ქართველი ვარ – ჩვეულებრივ, მსიამოვნებს კარგი ღვინის დალევა, ქართული მოლხენა.
– ოჯახიც ამდენი წელია, შენი გრაფიკით, რიტმით ცხოვრობს.
– მეუღლე ჩემს ოფისში მენეჯერია და ის გეგმავს ამ ყველაფერს – თუ არ უნდა, ნუ დამიგეგმავს. ბავშვი 9 წლის არის, პროტესტის გრძნობა როგორ არ აქვს. ახლა საქართველოში ჩამოვიყვანე. ეგონა, ჩემს ნათესავებს, ახლობლებს, მეგობრის შვილებს გაიცნობდა, მაგრამ ამ დროს მე დილით ადრე ვდგებოდი და მთელი დღე საქმეებს ვაკეთებდი. მეუბნებოდა, ახლა სადღა მიდიხარო. სულ ერთად ვართ ყოველთვის. ერთი თვისაც არ იყო, რომ კალათაში ჩავაწვენდი, სცენის კუთხეში დავდგამდი და ჩუმად იყო, საერთოდ არ ტიროდა. მუშაობას რომ დავამთავრებდი, მერე მომყავდა კალათიანად. 6 თვისა კოლუმბიაში წავიყვანე. მთელი თვითმფრინავი ხოხვით შემოიარა.
– ბოჩელისთან უკვე მეორედ მოგიწია მუშაობა.
– 2009 წელს 70 გოგონა წავიყვანე რომში ჩემპიონთა ლიგის ფინალის გახსნაზე. ბოჩელიმ იმღერა არია და გოგონები ამ დროს ქორეოგრაფიულ ნომერს ასრულებდნენ. როდესაც ბოჩელი ხალხმრავლობაში გამოდის, ყოველთვის დაცვა ახლავს. სტადიონზე რეპეტიცია რომ დამთავრდა, ყველა გოგონას უნდოდა მასთან ფოტოს გადაღება. ამისთვის კი მენეჯმენტს ოფიციალურად უნდა შეუთანხმდე, რომ ნება დაგრთონ. გოგონებმა კი დაიწყეს, გადავიღებთო. ამ დროს ბოჩელი მინდორზე ჩამოვიდა. რომ მიმოვიხედე და დაცვას ჩვენთვის არ ეცალა, გოგონებს ვუთხარი, ყველაფერს მე ნუ დამაბრალებთ, „დაგაზეთ“ მინდორზე და ბოჩელისთან მიდით-მეთქი. ისე გარბოდნენ, ვინ დაეწეოდა, შორიახლოს ვიდექი. ბოჩელის 70 გოგონას ხმა ესმოდა, ხელებს ამოძრავებდა, რა თქმა უნდა, სასიამოვნო სხეულის ფორმები ხვდებოდა ხელში. მიხვდა, რომ გოგონების გარემოცვაში იყო, მაგრამ არაფერი ესმოდა, რას ლაპარაკობდნენ. მოკლედ, იღეს და იღეს ფოტოები, დაცვაც მოვიდა, მაგრამ აღარაფერი უთქვამთ. რაც შეეხება ბათუმის კონცერტს, დეკემბერში უამრავი სატელეფონო საუბარი შედგა. დაახლოებით, 5-6 ქვეყანაში აქვს ბოჩელის თავისი ოფისი. პირადად ჩემთან 5 ქვეყნიდან იყო სატელეფონო ჩართვა. როცა მობილურზე ზარი შემოვიდა, თბილისში ვიყავი, მეგობართან შევიარე 5 წუთით ყავის დასალევად. ხუთივე ქვეყნიდან ჩაერთნენ – „მითინგი“ მოაწყვეს, კითხვებს მისვამდნენ, დეტალებზე შევთანხმდით. ხოსე კარერასთან მუშაობა ადრე მომიწია. სანამ ბათუმში ჩამოვიდოდა, მანამდე 2 წლით ადრე – ფრანკფურტში, ძველ ოპერაში იყო ღონისძიება. თუ იქამდე მოახერხებ მისვლას, სადაც „სტარები“ დგანან, მიხვდები, რომ ისინი ძალიან უშუალონი არიან.
– კიდევ ვისთან გიმუშავია?
– გერმანელებს აქვთ სატელევიზიო პრიზი – „ოქროს შველი“, რომელიც წელიწადში ერთხელ გადაეცემა მას, ვისაც გერმანული საზოგადოება და ტელევიზიის მაყურებელი საუკეთესო ადამიანად დაასახელებს. რამდენიმე წლის წინ დაასახელეს მაიკლ ჯეკსონი და მიხეილ გორბაჩოვი. მათი წითელ ხალიჩაზე შემოსვლის ცერემონია დავდგი, მსახიობებით, მომღერლებით. იქ არც ფოტოაპარატის შეტანა შეგიძლია და არც ვიდეოკამერის. ჯეკსონი რომ შემოვიდა წითელ ხალიჩაზე, დაცვამ მაშინვე კარი მოხურა, ყველა გარეთ გამოგვიშვა. მე ვუთხარი, ვმუშაობ, რეჟისორი ვარ-მეთქი. არ აქვს ამას მნიშვნელობა, ახლა უნდა გახვიდე, გაივლის და მერე გააგრძელეო. ჯეკსონი რომ ამოდიოდა კიბეებზე, ფოტოგრაფებმა შემოასწრეს. ამ დროს დადგმა მიდიოდა და ხელი შეუშალეს ცერემონიალს. მაშინ დაცვა გავიდა, ფოტოგრაფები გააჩერა. ჯეკსონი შეჩერდა, უყურა დადგმას, ვინც მორჩა თავის ნომერს მიესალმა და მერე გააგრძელა გზა. ამ დროს ფოტოგრაფები ამოცვივდნენ და დაცვასა და ფოტოგრაფებს შორის ფიზიკური შეჯახება მოხდა. ჯეკსონმა მათ შეხედა, მიხვდა, რომ რაღაც ჩოჩქოლი იყო და გზა გააგრძელა. დრო ვიხელთე, არავინ იყო, ავიღე ჩემი პატარა კამერა და უკან გავყევი. ჩავედით იქ, სადაც „სტარების“ მისაღები იყო. ჩემი საშვით იქ ყოფნის უფლება მქონდა, უბრალოდ, გადაღება არ შეიძლებოდა. მე მაინც უკან მივყვებოდი და თან, ყველაფერს ვიღებდი. ერთხელ კი მომხედა ჯეკსონმა, მაგრამ საშვი მეკეთა და არაფერი უთქვამს. მისაღებში ფრანცისკა იყო – გერმანიის ოლიმპიური ჩემპიონი ცურვაში. ლამაზი ქალია, იმას მოჰკიდა ჯეკსონმა ხელი, გვერდით დაიყენა, ფოტო გადაიღო. მეც ვიღებდი, მოკლედ, ისე გავერთე, საკუთარ თავსაც ვუღებდი და მაღლა რომ საქმე მქონდა გასაკეთებელი, სულ დამავიწყდა. უცებ, ფეხის ხმა გავიგონე. გამოვრთე კამერა და დავუბრუნდი ჩემს საქმეს. გორბაჩოვისადმი მიძღვნილი ცერემონიალი უფრო ოფიციალური იყო. მე მათ მივაწოდე დრო, სად და როგორ უნდა შემოსულიყვნენ, სად უნდა გაჩერებულიყო გორბაჩოვი. შემდეგ წელს უკვე „ოქროს შველი“ სოფი ლორენისა და ტომ კრუზისთვის უნდა გადაეცათ. შენობაში ჰოლს აივნის ფორმა ჰქონდა და იქიდან იყო დარბაზში შესასვლელი. აივანზე იდგა ძალიან დიდი შველი – 5-6 მეტრი სიმაღლის და მის ფეხებთან იყო სცენა, სადაც გაიმართა ჩემი დადგმული 4-საათიანი შოუ. ეს შოუ იმ დღესვე იდგმება, 2 საათში უნდა მოამზადო 4-საათიანი შოუ – წარმოუდგენელია, მაგრამ თავისი სისტემა აქვს. რადგან სპონტანურად არის აწყობილი, რეპეტიციების გარეშე, ამიტომ იქვე ვიდექი და ვდირიჟორობდი, ხელებით ვანიშნებდი: შენ გადი, ორნი გამოდით, შენ დაჯექი, შენ ადექი; თან სცენიდან შორს ვიდექი, ოღონდ ისე, რომ მსახიობები მხედავდნენ. ამ დროს, ვხედავ, მოდის სოფი ლორენი. ის ბავშვობიდან ჩემი საყვარელი მსახიობი ქალია. საოცარ ფორმაში იყო. დღემდე ძალიან მაგრად გამოიყურება. პირველად დავინახე „ლაივში“, ბავშვობის ოცნება ავიხდინე. მათ ასეთი დავალება აქვთ, უნდა შემოვიდნენ, შეხედონ დადგმას, მერე წრე დაარტყან, ტრიბუნასთან ინტერვიუები მისცენ და მერე წავიდნენ საზეიმო დარბაზში. სოფი ლორენი უცებ მოვიდა ჩემთან და იმის მაგივრად, რომ წინ გაევლო, წასულიყო, გვერდზე არ დამიდგა?! უხერხულად ვიგრძენი თავი, ხელები ჩამოვწიე, გავჩერდი და ამ დროს სცენაზეც გაჩერდნენ მსახიობები. ვანიშნე – გააგრძელეთ-მეთქი, გააგრძელეს. მერე ვანიშნე, ეს ბლოკი თავიდან გაიმეორეთ-მეთქი, რომ ჩემი დირიჟორობა ცოტა ხანს არ დასჭირვებოდათ. სოფი ლორენს გავყევი უკან, კამერები გავწიე და წინ დავუდექი. ერთი ათი წუთი ვიდექი და ვუყურებდი. მერე ისევ გავაგრძელე მუშაობა, მაგრამ გამოაცხადეს, ტომ კრუზი მოსვლას აგვიანებსო. ძალიან მაინტერესებდა ტომ კრუზის ნახვა. თითქმის ყველა წავიდა იმ დარბაზში, სადაც დაჯილდოების ცერემონიალია, უცებ ვიღაცამ თქვა, ტომ კრუზი შემოვიდა მეუღლესთან ერთად შენობაშიო. 16 გოგონა იყო მონაწილე, ყველანი დერეფანში, დიაგონალზე დავაყენე. გზა გადავკეტე, რომ ყველა გოგონას ჰქონოდა ტომ კრუზის ნახვის საშუალება, რითაც მისი გეგმები შევცვალე. მე ბოლო ორი გოგონას უკან დავდექი. ტომ კრუზი წამოვიდა მეუღლესთან ერთად, ყველას ჩამოართვა ხელი, მადლობა გადაუხადა და მერე იკითხა – ეს შეხვედრა ვინ მომიწყოო. ჩემი თავი დაანახვეს. ბოლო გოგონას რომ მიესალმა, მერე მოვიდა ჩემთან, მადლობა გადამიხადა, კარგი იდეააო, თან მომიკითხა. მე ხომ ამხელა ვარ და ის ჩემზე პატარაა. სამაგიეროდ, ხელი რომ ჩამომართვა, მივხვდი, ტიპი ჯანზე იყო. ბოლოს ყველას დიდი მადლობა გადაგვიხადა, რომ ასეთი უცნაური შეხვედრა მოვუწყვეთ. მოკლედ, ძალიან კმაყოფილი წავიდა.