როდის ვერ ახერხებს ნატალია ბერეჟაშვილი სიტუაციის გაკონტროლებას და როდის გადადის მისი საუბარი უტაქტობაში
ხატია კარანაძე
ახალგაზრდა, მომხიბვლელ მსახიობს, ნატალია ბერეჟაშვილს სერიალ „გოგონა გარეუბნიდან” ყველა კარგად იცნობს. მას ძალიან საინტერესო და სახასიათო როლი აქვს. ჰგავს თუ არა ის სინამდვილეში თავის პერსონაჟს და როგორია მისი ცხოვრება, ამაზე თავად მსახიობი გვესაუბრება.
– როგორ ხარ, რა ხდება შენს ცხოვრებაში ამ ეტაპზე?
– ძალიან კარგად ვარ. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგი ხდება. ნელ-ნელა ძვრა მაქვს კარიერული თვალსაზრისით. სერიალიდან გამომდინარე, უკვე პოპულარულიც გავხდი. ხალხი მცნობს და ძალიან მიხარია. მართალია, ჯერ ისეთი პოპულარული არ ვარ, ჩემზე გიჟდებიან-მეთქი, რომ ვთქვა, მაგრამ მაინც ძალიან სასიამოვნოა. ამ ეტაპზე ბევრი საქმე მაქვს, სულ გადარბენაზე ვარ. დავრბივარ თეატრიდან თეატრში, მერე გადაღებებზე და ასე, ვარ დიდ გაწამაწიაში (იცინის).
– მოკლედ, ძალიან გადატვირთული გრაფიკი გაქვს.
– კი, ძალიან. იცი, ცოტა ხნის წინ განვიცდიდი, რომ არაფერი ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ, ამ წლის ბოლოს ბევრი კარგი რამ მოხდა და ჩემი ცხოვრებაც უფრო აქტიური გახდა. ყველა მსახიობის ოცნებაა ჰქონდეს ბევრი საქმე, დატვირთული გრაფიკი და არ იჯდეს სახლში. შესაბამისად, მე ეს ამბავი ძალიან მახარებს.
– რაც შეეხება სერიალს „გოგონა გარეუბნიდან”, როგორ მოხვდი, ქასთინგი გაიარე?
– დამირეკა ამ სერიალის ერთ-ერთმა სცენარისტმა ნიკა წულუკიძემ და მითხრა, კარგი ლუკმა მაქვს შენთვის, როგორც ყველა არტისტისთვისო. უნდა შეასრულო ერთი სოფლელი გურული გოგოო. ერთი შეკითხვა კი დავუსვი, სოფლელს რომ ეძებდით არჩევანი ჩემზე რატომ შეაჩერეთ-მეთქი (იცინის). სოფლელზე მე გაგახსენდით, თუ რაშია საქმე-მეთქი (იცინის). იმედია, იერის გამო არ დამიძახეს ამ როლზე (იცინის).
– რაიმე საერთო თუ გაქვთ შენ და ციცინოს?
– საერთო გვაქვს ის რომ, მეც გურული ვარ და ეტყობა, სისხლმა იყივლა (იცინის). თუმცა, გურიაში არასოდეს მიცხოვრია და ამიტომ, ცოტა მიჭირს გურულ კილოზე საუბარი, ხანდახან იმერულსაც ვურევ ხოლმე.
– თავიდან თქვი, რომ ძალიან აქტიურად ცხოვრობ. და მოგწონს ასეთი ცხოვრება...
– რა თქმა უნდა, მომწონს. წინააღმდეგ შემთხვევაში ასე არც ვიცხოვრებდი. ძალიან ცუდად ვარ მაშინ, როცა არც სპექტაკლი მაქვს, არც გადაღება. დეპრესია მეწყება. მიუხედავად იმისა, რომ ქმარიც მყავს და შვილიც, მაინც დიდ სიცარიელეს ვგრძნობ ხოლმე. ეს ის ადგილია, სადაც მე უნდა ვიყო.
– რა თვისება არ მოგწონს შენში?
– ძალიან ფეთქებადი ვარ. ალბათ, ესეც გურულის დამახასიათებელი თვისებაა (იცინის). ყოველთვის ვცდილობ, გავაკონტროლო სიტუაცია, რადგან არის ხოლმე მომენტები, როცა უნდა გავჩუმდე, მაგრამ არ შემიძლია. გავსკდები, ღამე ვერ დავიძინებ, თუ არ ვთქვი. ამის გამო, ხშირად ვიღაცას გულს ვტკენ. ჩემი ქმარი მეუბნება, უტაქტობაში გადაგდისო, მაგრამ ასეთი ვარ და რა ვქნა?! რაც არ მომეწონება, მივალ და პირდაპირ ვეტყვი ადამიანს, არ მომწონხარ და მოდი, ნუ მომესალმები-მეთქი.
– შენ თვითონ ადვილად ივიწყებ წყენას?
– გააჩნია წყენას, თუ ძალიან მნიშვნელოვანი რამ არ მაწყენინა, მაშინ რატომაც არა. ბოღმა არ ვარ. გულის სიღრმეში არაფერს ვიტოვებ.
– ადვილია შენი გულის ტკენა?
– კი, ადვილია. ყველაზე მეტად უსამართლობას ვერ ვიტან. თუ ვიღაც მეჩხუბა და ამ დროს მე ვარ მართალი, ალბათ, ძალიან გამიჭირდება პატიება, მაგრამ თუ მიხვდა ის ადამიანი, რომ მტყუანი იყო, მაშინ ვაპატიებ.
– ყველაზე ბედნიერად თავს როდის გრძნობ?
– ყველაზე ბედნიერი ვარ სპექტაკლის დროს. ამ დროს არაფერი მადარდებს და ვფიქრობ მარტო ჩემს როლზე. თუმცა, ყოფილა როლები, როცა თავს უხერხულად ვგრძნობდი. მეშინოდა რაღაც ისე არ გამომივა-მეთქი და ამ დროს სიამოვნებასაც ვერ ვიღებდი, თორემ, უმეტეს შემთხვევაში, თამაში ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
– თავს უხერხულად ხომ არ გრძნობ თამამი სცენების დროს?
– არა. ამ დროს ერთადერთი, ვისი აზრიც მადარდებს, ეს არის ჩემი მეუღლე. სხვა არავინ მაინტერესებს. თეატრში შენი პირადი კომპლექსები არ უნდა მიიტანო. როცა მსახიობი ხარ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო და სანამ სცენაზე ახვალ, ცუდი ხასიათი იქნება ეს თუ უაზრო კომპლექსები, გარეთ დატოვო.
– თუ არის როლი, რაზეც უარს იტყოდი?
– პორნოგრაფიას ალბათ, ვერასდროს ვერ ვითამაშებ, თუნდაც, ეროტიკულ სცენებსაც, მარტო იმიტომ კი არა, რომ ქმარი მყავს, ვფიქრობ, მსგავს როლზე რომ დათანხმდე, უნდა გქონდეს იდეალური ტანი. ეკრანზე მაინც სხვანაირად ჩანს და ამიტომ, ძალიან ლამაზი სხეული უნდა გქონდეს. ისევ ჯობია, რაც კარგად გამომივა, ის გავაკეთო.
– როდის ისვენებ ყველაზე კარგად?
– ხან სიმშვიდე მსიამოვნებს, ხან აქტიურობა. გააჩნია განწყობას და სიტუაციას. ვისვენებ იქ, სადაც არიან ჩემი საყვარელი ადამიანები. მათთან ერთად დასვენებასაც ვახერხებ და გართობასაც.
– როგორ ერთობით ხოლმე?
– აქ ისე ვერ გაერთობი, რასაც ჰქვია მაგარი გართობა. შესაძლებლობა რომ მქონდეს, ერთი კვირით, თუნდაც რამდენიმე დღით უცხოეთში წავიდოდი. თბილისში რა უნდა ქნა, სადმე წახვალ, დალევ და ეგაა (იცინის).
– საერთოდ, თვითკრიტიკული ადამიანი ხარ?
– ძალიან თვითკრიტიკული ვარ. ეს ბევრ რაღაცაში უკან მხევს. ბოლოს ვფიქრობ ხოლმე, რომ, ნეტა, ეს არ გამეკეთებინა, არ დავთანხმებოდი ამ როლზე-მეთქი. ყოველთვის უკმაყოფილო ვარ ჩემი თავით. თუმცა, ეს მხოლოდ პროფესიაში, თორემ ცხოვრებაში ასე ნამდვილად არ ვარ.
– ცხოვრებაში რას გამოასწორებდი ამის შესაძლებლობა რომ გქონდეს?
– ალბათ, უფრო მეტს ვისწავლიდი. სხვადასხვა ენებს შევისწავლიდი. მეტს ისეთს არაფერს შევცვლიდი.
– როგორი იყო შენთვის განვლილი 2010 წელი?
– 2010 წელს ბევრი კარგი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში. როგორც უკვე გითხარით, ნელ-ნელა ძვრები მქონდა კარიერაში, რაც ძალიან მახარებს და მახალისებს.
– მიზანდასახული ხარ?
– კი, ძალიან მიზანდასახული ვარ. არასოდეს ჩავიქნევ ხელს. ბოლომდე ვიბრძვი. იმედს არასოდეს ვკარგავ. თუმცა, არ გამაჩნია „სინაგლე“, რაც აუცილებელიცაა ჩემს პროფესიაში. ბევრი რაღაცის კადრება არ შემიძლია და ვფიქრობ, ჩემნაირი ხალხი ცოტა იჩაგრება.
– იოლად ამოსაცნობი ადამიანი ხარ, თუ შინაგანად იდუმალი?
– არა, იდუმალი ნამდვილად არ ვარ. ხშირად ამბობენ ხოლმე ჩემზე, რომ ძალიან მხიარული ვარ. რატომღაც ჰგონიათ, რომ მე არაფერზე არ ვნერვიულობ და ყოველთვის კარგ ხასიათზე ვარ. მეკითხებიან, საერთოდ, როდისმე ცუდ ხასიათზე ხარო? რა თქმა უნდა, მეც, როგორც ყველა, ხან კარგ ხასიათზე ვარ, ხან – ცუდზე. ყოველთვის კარგი ხომ არ ხდება? მაგრამ, რა საჭიროა, შენი ცუდი განწყობის სამსახურში მიტანა. იქნებ, სხვას არ აინტერესებს შენი პირადი პრობლემები. ამიტომ, ამ ყველაფერს ჩემთვის ვიტოვებ, ამას სხვა ვერასოდეს გრძნობს.
– როცა ძალიან ცუდად ხარ, ძნელი არ არის დამალო ეს ისე, რომ გარშემო მყოფებმა ვერ იგრძნონ?
– ჩემი აზრით, ყველა ასე უნდა მოიქცეს. არ არის აუცილებელი, სამსახურში შენი სიმძიმეები ატარო. რა თქმა უნდა, ძნელია, გაიცინო მაშინ, როცა არ გეცინება, მაგრამ ერთხელ რომ გაიცინებ, მერე მეორედ, მესამედ, მეოთხედ უკვე მართლა გაგეცინება (იცინის).
– ერთი ნატვრის უფლება რომ გქონდეს, რაც აუცილებლად აგისრულდება, რას ინატრებდი?
– შეიძლება, სირცხვილიც არის ამის თქმა, მაგრამ ბევრ ფულს ვინატრებდი (იცინის). იცით, რატომ მინდა ფული? ჩემს პროფესიაში გავაგრძელებდი მუშაობას ნერვების მოშლის გარეშე. ყველა მსახიობი ამბობს, ამდენს ვშრომობთ და შესაბამისი ჰონორარი არ გვაქვსო. უკვე დასვენებული ვიქნებოდი, ფული სადარდებელი აღარ მექნებოდა და ვიფიქრებდი, მარტო ჩემს პროფესიაზე.
– 2011 წელი დადგა და რას ელი ამ წლისგან?
– ალბათ, ბევრ კარგ რამეს. როგორც ნიკა წულუკიძემ მითხრა, სერიალში ჩემი გმირი უფრო განვითარდება და თბილისში უნდა ჩამოვიდეს. მოკლედ, ციცინო „სვეცკდება” (იცინის). იმედია, უკან არ დავიხევ კარიერული თვალსაზრისით და უფრო და უფრო წინ წავალ. რაც მთავარია, იმედი მაქვს (იცინის)...