კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ათხოვებს ქალებს მამუკა ლომაშვილი და სად აპირებს ეთერ კაკულია ექვს რძალთან ერთად ცხოვრებას







დათო თურქიაშვილი

ახალ წელს შექცევასთან, სმასა და მხიარულებასთან ერთად კურიოზები და ხშირად უხერხული სიტუაციებიც ახლავს ხოლმე, განსაკუთრებით ცნობილი ადამიანების ცხოვრებაში. ისინი თავიანთ მხიარულად გატარებული ახალი წლის შესახებ თავად გვიამბობენ.

მამუკა ლომაშვილი (მსახიობი):

მას შემდეგ, რაც ვმუშაობ, ახალი წლის სახლში გატარება 10-15 წუთით მიწევს – პირველის ნახევარზე უკვე რომელიმე რესტორანში ვაგრძელებ „კარიერას“. კარგა ხანია, შაბლონურად მადღეგრძელებენ: – აბა, შენ იცი, მომავალ ახალ წელს ცოლთან ერთად შეხვედროდეო. მიუხედავად ამისა, დაიგვიანა და ჯერ არსად ჩანს ნანატრი ქალი, რომელიც მომეწონება და ადამ და ევასავით დავამშვენებთ ერთმანეთს. არადა, როგორც დავით კლდიაშვილი იტყოდა ოტია ქამუშაძეზე, „სწორედ დროც არის და საჭიროებაც მოითხოვს, ცოლი ვითხოვო“. არა, თავს კი არ გაცოდებთ, ისეთებიც გამოჩენილან, რომლებსაც უთქვამთ, შენთან ერთად გლდანში კი არა, ჭერმის ტოტზე ვიცხოვრებო, მაგრამ, როგორც თქვენი თვალები ხედავს, ვარ ეგრე მარტო „მინდვრი თაგვივითა“. არადა, ჩემი ტოლი ბიჭების უმრავლესობა მესამე თუ არა, მეორე „კრუგზე“ მაინც არის. კეთილ ხალხს რა გამოლევს, ჰოდა, ერთმა მირჩია: თუ გინდა, რომ მომავალ წელს მაინც მოგიჭახუნოს ცოლმა შამპანურიანი ჭიქა, ახალი წლის ღამეს კი სასთუმალთან კიდევ ერთი საჩუქარი დაგიდოს, საახალწლოდ გაწყობილი მაგიდის ქვეშ უნდა შეძვრე, როგორც კი 12 საათი შესრულდებაო. აგაშენა ღმერთმა-მეთქი, ვუთხარი. ხალხი ვის სად არ უძვრება ლამაზი ქალის „დასათრევად“ და, ვითომ რატომ არ უნდა შევძვრე მაგიდის ქვეშ ოჯახის შექმნის მიზნით?! შარშან დაც გასათხოვარი მყავდა და დეიდაშვილიც. დაიწყო თუ არა გლდანში ქვემეხების გუგუნი და თოფების ჭახა-ჭუხი, ჯერ დეიდაშვილი შევტენე მაგიდის ქვეშ (ასაკის მიხედვით) და მერე და მივაყოლე და ბოლოს მეც შევყევი. დავხედე საათს და 15 წუთი აკლია თორმეტს – გლდანში ყველაფერი დასწრებაზეა, მათ შორის, ახალი წლის მოსვლის გამოხატვაც და ეს ვერ „მოვტვინე“. უკან ხომ არ გამოვძვრებოდი და წყალში ხომ არ ჩავყრიდი შრომას? ასე ვიჯექი 15 წუთი გასათხოვარ ქალებთან ერთად. ალბათ, გაინტერესებთ, ჰქონდა თუ არა შედეგი ჩემს შეძრომ-გამოძრომას. ჰქონდა – დაც და დეიდაშვილიც გავათხოვე და, რაც მთავარია, გავაკეთე მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რომ ეს მეთოდი ქალებს ათხოვებს. მე კი გათხოვება არ მინდოდა. სიმართლე რომ ვთქვა, იმ კაცთა რიცხვს არ ვეკუთვნი, „გათხოვებაზე“ რომ ოცნებობენ, ამიტომაც წელს მაგიდაზე ახტომა გადავწყვიტე და შევასურლე კიდეც – ის მაინც მეცოდინება, გაამართლებს თუ არა ჩემი ახალი საახალწლო პროექტი.

დათო გელაძე (ჩელე) (მსახიობი):

ახლოვდება ახალი წელი. ორი-სამი თვის გაყრილი თუ დაშორებული ვარ შეყვარებულთან, ახალი წლის ღამეზე კარგი მიზეზი კი არ არსებობს ურთიერთობის აღსადგენად. სახლში მარტო ვარ. მაცივარიც ცარიელია, სახლიც და მეც დაცლილი ვართ სიხარულისგან. მაინც გავიარე „პოპულში“, ვიყიდე სალათები, რაღაც ნამცხვარ-შოკოლადები, სანთლები წავიღე ეკლესიიდან, ზუსტად 100 სანთელი. დავურეკე შეყვარებულს და სახლში ამოვიპატიჟე. ჩემდა გასაოცრად, დიდად არ იუარა და ამომყვა. გავხსენით შამპანური, ავანთე სანთელი, მიხაროდა ახალი წელიც, სიცოცხლეც, საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნაც. მერე მითხრა, ახლა ჩვენთან გადავინაცვლოთო. უარს ხომ არ ვეტყოდი? დავტოვე სანთლებით გაჩირაღდნებული სახლი და შეყვარებულის ოჯახში გადავინაცვლეთ. ერთ-ორ საათში შინ დაბრუნება მომინდა. ერთი პატარა ოთახი მქონდა, ხით მოპირკეთებული. მივედი, ჩემს სადარბაზოსთან ორი სახანძრო მანქანა დგას... საკუთარ თავსაც ვაგინე, ახალ წელსაც და, ევადან დაწყებული, ჩემი შეყვარებულით დამთავრებული, ქალთა მოდგმასაც, რადგან, მეგონა, მარტო ჩემი სახლი კი არა, მთელი სართული გადავწვი ჩემი დაუდევრობით. მეზობლები ხმას არ მცემენ და ვიფიქრე, ცოდვით ვერ მიმხელენ, ჩემს თავს რა უბედურებაც ხდება-მეთქი. ბოლოს გავბედე ხმის ამოღება, ვიკითხე, მარტო მე დავიღუპე თუ თქვენც გაგაუბედურეთ-მეთქი? – ნუ გეშინია, ნაგვის ბუნკერი დაიწვაო, – მითხრა ერთ-ერთმა. ისევ შემიყვარდა ახალი წელიც, საკუთარი თავიც და შეყვარებულიც, რომელსაც იმ დღეებშივე მივანიჭე ცოლის სტატუსი.

ოთარ რამიშვილი (მომღერალი, კომპოზიტორი):

მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, ახალ წელს, ოჯახის წევრების მეტი არავინ ვართ სახლში. არადა, საახალწლოდ სტუმრები არასდროს გვკლებია. დავურეკე ჩვენს მეზობლებს და ვისაც ვინ „ევასებოდა“, ისინი ვუხსენე: ზოგს ვუთხარი – ანზორ ერქომაიშვილია ჩვენთან-მეთქი, ზოგს – „ცისფერი ტრიო“, ზოგს – „ქართული ხმები“, და ზოგსაც – თემურ წიკლაური... უცებ აივსო ოთახი სტუმრებით, თანაც, ისეთი მეზობლებით, ახალ წელს ცოცხალი თავით სახლიდან რომ ვერ გაიყვან. ერთი ნათესავი მესტუმრა „სასტიკი“ მაკიაჟით, მიუჯდა როიალს და უკრავს თავმომწონედ. ხალხს სიცილი აუტყდა – სიჩქარეში სადღესასწაულო კაბა გადმობრუნებული ჩაეცვა. ერთი სიტყვით, თავიანთი კუმირების მოლოდინში ჩემთანაც სახვეწარი გაუხდათ სიმღერის მოსმენა. მაგრამ ისეთი განწყობით და ისეთი გამოპრანჭულები მოვიდნენ, როგორც იმ საზოგადოებას შეეფერებოდა, ვისი ხათრითაც მოვიდნენ. მე ვუთხარი საპატიო სტუმრებზე, თქვენ ცოტა ადრე დაგიძახეთ, ხომ არ გალოდინებთ – დავიწყოთ და შემოგვესწრებიან-მეთქი. მაგრამ მთელი საღამო ისე გასრულდა, „შემოსწრებულების“ სადღეგრძელო ვერ დალიეს.

ზურა ვადაჭკორია (ილუზიონისტი):

ერთხელ, ახალი წელია და გასტროლები გვაქვს უცხოეთში. მამაპაპური მოლხენა გვინდა და ჩვენთვის გათვალისწინებული სასადილოს მცირე ულუფა არ გვყოფნის, ამიტომ, გადავწყვიტეთ, სასტუმროს ნომერში „პლიტის“ დადგმა და საახალწლო სუფრის ჩვენი ძალებით მომზადება. მართალია, მთლად გოჭი და საცივი არ გვაქვს, მაგრამ, ლაზათიანად მოლხენის საშუალება მაინც გვეძლევა. მთვრალებმა ვერ შევამჩნიეთ, როგორ წაეკიდა ცეცხლი კარადას. გათენდა მეორე დღე, არ მივჩქმალავთ ფაქტს და ჯარიმას გამოგვიწერენ და სად გვაქვს ჯარიმის ფული? – გააქრე კარადა, რამე გვიშველეო, – დამიწყეს ხვეწნა. როგორ გინდა ამხელა საგნის გატანა ისე, რომ ვერავინ დაინახოს? გაჭირვებამ და უფულობამ მომღერლებსაც შეაძლებინა ილუზიონისტობა: აუწიეს ხმამაღლა მუსიკას – ვითომ რეპეტიციობენ, სინამდვილეში კი ამით ხერხის ხმას ახშობენ. ფიცრებად ქცეული ავეჯი საკრავი ინსტრუმენტების „ჩიხოლებით“ გამოზიდეს. ორ დღეში ვბრუნდებოდით სამშობლოში. მოვიდნენ „მოურავები“ – ქონება და ოთახები უნდა გადაიბარონ. აქ რომ კარადა იდგა, რა იქნაო? – იკითხეს. არ იდგაო, – უპასუხეს ერთხმად, – რომ მდგარიყო, ისე როგორ გავიტანდით, არავის დაენახაო. მოკლედ, საკუთარ ჯანმრთელობასა და მეხსიერებაში შეიტანეს ეჭვი. ხომ გაგიგიათ, ებრაელმა რომ ინატრა – ნეტა გაჭირვებული ქართველის ჭკუა მომცაო. ასე სხვისი ქონების განადგურებით დავიწყეთ ახალი წელი, მაგრამ ის წელი ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა ყველა ჩვენგანისთვის, ვინც ავეჯის „აორთქლებაში“ მივიღეთ მონაწილეობა.

მაია ლომიძე (მსახიობი):

როგორც ყველა ბავშვს, ახალ წელს მეც ძალიან მიხაროდა მეკვლედ მიწვევა. ერთ ოჯახში ნათესავებთან მივედი, რომლებიც მეზობლებიც იყვნენ. იმ წელს სამი ცხედარი გაიტანეს იმ სახლიდან, თანაც, ახალგაზრდები დაიღუპნენ. ვზივარ სატირალში დაძმარებული და თან ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს. მგონია, გამასამართლებენ „ცუდი ფეხისთვის“. მართლაც, ერთმა სტუმართაგანმა დაატირა: ვინ გყავდათ წელს მეკვლედ, მითხარით, ვინ არის, ფეხები უნდა მოვამტვრიოო. ავტეხე ხმამაღლა ზლუქუნი და დამფრთხალი გამოვვარდი გარეთ. მეგონა, აუცილებლად მომამტვრევდნენ ფეხებს. მთელი კვირა ჩავიკეტე სახლში და მზის შუქი ვერ დამანახვეს ვერც თხოვნით, ვერც მოფერებით. იმის შემდეგ არც ახალ წელს და არც ბედობის დღეს და არც ბარბარობას არსად არ მივდივარ, თუ არ გავარკვიე, უკვე ჰყავდა თუ არა ამ ოჯახს სამი-ოთხი წყება.

ერთხელ ქუთაისში მიგვიწვიეს საახალწლოდ – „სექსუალური რევოლუცია“ უნდა წაგვეღო. ჩემი გმირი ამბობს ასეთ სიტყვებს: „კაცები გასცემენ, ქალები იღებენ, მთლიანობაში ნასიამოვნები და შევსებული ქალი რჩება, კაცი კი – ნახმარი“. ამ დროს წამოხტა დარბაზში ვიღაც კაცი და შემიკურთხა გულმოსულმა, იმდენი შე...ცი, რამდენსაც სიმართლეს ამბობდე. დამთავრდეს ოპერა (რატომღაც, „ოპერად“ მოგვიხსენია) და გაჩვენებ, ვინ არის ნახმარიო. მოკლედ, კინაღამ ჩაიშალა სპექტაკლი. თამაში მხოლოდ მაშინ განახლდა, როცა გულმოსული და განრისხებული კაცი დაცვამ გარეთ გაიყვანა.

ეთერ კაკულია (მომღერალი):

თბილისში, მგონი, მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვინც თოვლის ბაბუა გამოიძახა. გავამზადე გოზინაყი. დაეჭვდნენ, რომ ეს იყო რკინა-ბეტონის კონსტრუქცია, რადგან უამრავი მჭრელი დანის გამოყენებამაც კი, ვერც დაჭრა და ვერც დაამსხვრია. თოვლის ბაბუა უყვება ჩემს ბიჭს, როგორ გადმოლახა მთები და ზღვები, რომ ჩვენამდე მოეღწია და ტკბილეული მოეტანა. კი იყო წვეროსანი და წითლებში საზეიმოდ გამოწყობილი, მაგრამ, ფეხზე მოკასინები ეცვა. მაგ მოკასინებით როგორ გადმოლახეთ ზღვები და მთები, ან რა ძალა გადგათ, მანდარინი და შოკოლადი ცხრა მთას იქიდან რომ ათრიეთ, აქვე, ჩვენს მაღაზიაში მაგის მეტი რა იყოო? – უთხრა ბავშვმა. მოკლედ, ცალკე ჩემი გოზინაყით და ცალკე ჩემი შვილის კომენტარებით, იქით გავამხიარულეთ თოვლის ბაბუა. ძალიან მომწონს საახალწლო განწყობა თბილისში. ჩვენებას არ ვცვლი, რომ 102 წელი უნდა ვიცოცხლო. კიდევ, მინდა, რომ ჩემმა შვილმა 6 ცოლი მოიყვანოს. ექვსოთახიანი ბინა მაქვს და ყველას თავისი ოთახი ექნება.


скачать dle 11.3