კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცოცხლად დამარხული







ოლივია დარნელი

აირის დოუსონი ისტორიული საზოგადოების სხდომაზე აგვიანებდა, სადაც რომაული იმპერიის ბრწყინვალების ხანაში, ბრიტანელი ქალების ფემინისტური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების შესახებ მოხსენება უნდა გაეკეთებინა. ამ თემამ საზოგადოების ძლიერ ნახევარში დიდი მხიარულება გამოიწვია. ისინი ამტკიცებდნენ, რომ იმ ძველ დროში, ბრიტანელი ქალების ფემინიზმის ერთადერთი გამოვლინება ის იყო, რომ მამაკაცების ტოლსწორად ლუდს სვამდნენ, რომელსაც თავადვე ხარშავდნენ...

ასეთი ქარაფშუტული საქციელი, ოცდაათი წლის ისტორიის მასწავლებლისთვის უცნაურზე მეტი იყო, მაგრამ აირისი თავს იმით იმართლებდა, რომ ეს პაემანი ბედისწერა იყო. უკვე მეასედ იხსენებდა დღეს, როდესაც ტელეფონმა დარეკა და მამაკაცის ხმამ ჯონ დაიკი იკითხა. აირისმა, რა თქმა უნდა, უპასუხა, რომ ნომერი შეეშალათ. მაგრამ, იმის მაგივრად, საუბარი შეეწყვიტა, მამაკაცმა უთხრა, რომ არასოდეს გაუგონია ასეთი მომხიბვლელი ხმა და შეხვედრა შესთავაზა. აირისი ცოტათი შეყოყმანდა, მაგრამ შეხვედრაზე მაინც დათანხმდა. ბოლოს და ბოლოს, წლები გადიოდა, ხოლო კოლეჯში ყველა მისი მამაკაცი-კოლეგა ან ცოლიანი იყო, ან მახინჯი.

საიმონ სმიტს უზადო მანერები ჰქონდა. საშუალო ასაკის მაღალი მამაკაცი გახლდათ. მათ ბევრი საერთო აღმოაჩნდათ. საიმონიც არქიტექტურით იყო გატაცებული. ის კი არა, სიძველეების მცირე კოლექციაც შეუგროვებია. კერძო ბიზნესი ჰქონდა და როგორც ძვირფას კოსტიუმსა და საათზე დაკვირვების შედეგად მიხვდა აირისი, არც ფული აკლდა. დრო ძალიან სწრაფად გავიდა და აირისმაც, როდესაც საათზე დაიხედა, აღმოაჩინა, რომ სხდომაზე აგვიანდებოდა. საიმონმა მიყვანა შესთავაზა. აირისი გზაში, იმის მაგივრად რომ მოხსენებაზე ეფიქრა, ამ კაცთან ერთად ცხოვრებაზე ოცნებას მიეცა. უკვე საქორწინო კაბის ფერს არჩევადა, როცა მკვეთრმა დამუხრუჭებამ გამოაფხიზლა.

– როგორ დამავიწყდა! – წამოიძახა საიმონმა და ხელი შუბლზე იტკიცა, – მე მაქვს სწორედ ის, რაც მოხსენებისთვის გჭირდებათ. ჩემს კოლექციაში არის რომაული ბარელიეფის ნამსხვრევი. მასზე ბრიტანელი ბელადების ნადიმია გამოსახული, სადაც ქალები ქეიფობენ.

აირისმა გაიფიქრა, რომ ასეთი მტკიცებულება ყველა მისი მოწინააღმდეგის არგუმენტს გააბათილებდა. თუმცა, მის ნამდვილობაში ცოტა ეჭვიც კი შეეპარა. საიმონი მიხვდა ამას და სახლში გაყოლა და ბარელიეფის ადგილზე ნახვა შესთავაზა.

– ნახეთ და თავად გადაწყვიტეთ, გამოგადგებათ, თუ არა. დარეკეთ საზოგადოებაში და უთხარით, რომ თქვენი გამოსვლა ერთი საათით გადადონ.

საიმონი ქალაქგარეთ ცხოვრობდა და სახლამდე ძალიან დიდხანს მიდიოდნენ. ბოლოს მანქანა მაღალ კედელთან გაჩერდა. საიმონმა ჭიშკარი გააღო. ბაღის და რამდენიმე ოთახის გავლით, ისინი სასტუმრო ოთახში აღმოჩნდნენ, სადაც მცირე ავეჯის გარდა, მაგიდაზე ფოტოსურათი და ყვავილებით სავსე ლარნაკი იდგა. აირისი მაგიდას მიუახლოვდა. ფოტოზე ორი ქალი იყო გამოსახული.

– დედაჩემი და დეიდაჩემია: როზა და ლილი, – აუხსნა საიმონმა, – არც კი ვიცი, ახლა სად არიან. როდესაც ექვსი თვე შემისრულდა, მშვენიერმა როზამ ჩემი თავი ნაზ ლილის შეატოვა. იმან კიდევ ორი წლის შემდეგ დას მიბაძა და ერთი სიტყვით, უპატრონო ბავშვთა სახლში გავიზარდე.

დუმილი ჩამოვარდა. აირისი უხერხული სიტუაციიდან ზარმა გამოიყვანა. – ეს ჩემი მეზობელია, ალბათ, მისი კატა ისევ დაიკარგა. ორივე – კატაც და პატრონიც აფრენენ. კატა სულ იკარგება, მოხუცი სულ ეძებს და ზარს მანამდე დარეკავს, ვიდრე არ გავაღებ. ირგვლივ ყველა სახლი ცარიელია. მე მისი ერთადერთი მეზობელი ვარ. აქ დამელოდეთ, შევეცდები, მალე მოვიშორო თავიდან.

საიმონს შეაგვიანდა და აირისმა უსაქმურობისგან სატელეფონო წიგნის ფურცვლა დაიწყო. რამდენიმე გვართან სხვადასხვა ნიშანი იყო დასმული და როგორც აირისმა შეამჩნია, მხოლოდ ქალების სახელები მოენიშნათ. მისი გვარის გასწვრივ კი დიდი კითხვის ნიშანი დაესვათ. აირისს ეს ნიშანი არ მოეწონა და წიგნი ნერვიულად გადაფურცლა. ზოგი გვარის გასწვრივ მინუსი იყო დასმული, ზოგის გასწვრივ – კითხვის ნიშნები. მონიშნულ ქალებს ერქვათ – როზა, ლილი, დეიზი, ჟასმინი, ვიოლეტი, ჰორტენზია, „რომანტიკოსი ყოფილა“, – გაიფიქრა აირისმა, – „ქალებს ყვავილების სახელებით არჩევს.” გამოდის, მისთვისაც არ დაურეკავს შემთხვევით. სახელის გამო ამოარჩია. საკუთარ გულუბრყვილობას გაუღიმა და წიგნის ფურცვლა განაგრძო, ვიდრე კიდევ ერთ გვარს არ წააწყდა, სადაც გადახაზული კითხვის ნიშნის გვერდით მსუქანი ჯვარი დაესვათ. გვარი აირისს ნაცნობი მოეჩვენა. გონებაში ლამაზი ქერა ქალის სახე ამოტივტივდა. დეიზი სტოუნი – აირისს გაახსენდა, რომ ამ ქალის ფოტო ტელევიზიით აჩვენეს. დეიზი სახლიდან ერთი წლის წინ გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. აირისმა თავი შეუძლოდ იგრძნო. წიგნი ხელიდან გაუვარდა და იმ გვერდზე გადაიშალა, სადაც კიდევ ერთი, მსუქანი ჯვარი იყო დასმული. ამ ქალის, ცნობილი სპორტსმენის, როზა სტილერის სახელით გაზეთების ფურცლები მთელი თვე იყო აჭრელებული. ნახევარი წლის წინ, დილით სავარჯიშოდ გამოვიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. აირისი ფურცლების შლას აკანკალებული ხელებით აგრძელებდა. მას გაახსენდა, რომ სამი თვის წინ, კიდევ ერთი გოგონა დაიკარგა. ჯვარი ვინმე ლილია მერიზის გასწვრივ იყო დასმული. მისტერ სმიტი რომ მანიაკი იყო, ეჭვი აღარ ეპარებოდა. ლოგიკიდან გამომდინარე, ის მხოლოდ იმ ქალებს კლავდა, რომლებსაც ყვავილების სახელები ერქვათ.

– ო, ღმერთო! – აირისი კარისკენ გაიქცა, მაგრამ დაკეტილი დახვდა. მთელი ხმით იყვირა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ მის ხმას ვერავინ გაიგონებდა. უცებ შეამჩნია, რომ ფანჯარა ღია იყო. ბაღში კი გადაძვრა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ მაღალ კედელს ვერაფრით დაძლევდა. იყვირა, მაგრამ მისი ისევ არავის ესმოდა. აირისი წამოდგა, ჭიშკართან მივიდა და კინაღამ ორმოში ჩავარდა. ორმოს გვერდით აირისის ნერგები ეწყო. იქვე იყო დაყრილი ორმოდან ამოღებული მიწა, რომლის გვერდით ნიჩაბიც იდო. აირისმა ბაღში რამდენიმე ყვავილნარი შეამჩნია, თითოეულში მხოლოდ ერთი სახეობის ყვავილი დაერგოთ – მარგარიტები, შროშანები და ვარდები. მისთვის ნათელი გახდა, რომ ზუსტად ამ ყვავილნარების ქვეშ იყვნენ დამარხული დაკარგული ქალები, ხოლო თავად საკუთარი საფლავის წინ იდგა. ლარნაკშიც ეწყო ვარდები, მარგარიტები და შროშანები. ახლა მხოლოდ ის უნდა მოკლას, ორმოში ჩააგდოს და საფლავზე აირისები დარგოს. შემდეგ ერთი ყვავილი მოწყვიტოს და ლარნაკს დაუმატოს. თუ წიგნში მონიშნული ყველა გოგო ისეთივე იდიოტია, როგორიც მე, მაშინ ბაღი მალე გაშენდება – გაიფიქრა აირისმა და ვიდრე ოთახში დაბრუნდებოდა, რამდენიმე ვარდი მოწყვიტა.

ოთახში გადავიდა თუ არა, მაშინვე გაიგონა ფეხის ხმა. საიმონ სმიტი შემოვიდა. ცალი ხელი ზურგს უკან ჰქონდა დამალული.

– მაპატიეთ, რომ ამდენ ხანს გაცდევინეთ. იძულებული გავხდი, დაწვრილებით მომესმინა ისტორია რევმატიზმისა და მასთან ბრძოლის მეთოდების შესახებ. იმედი მაქვს, ძალიან არ მოგეწყინათ.

– არა, არა – აირისმა ნაძალადევად გაიღიმა.

– მიხარია. ვხედავ, რომ ბაღში უკვე ყოფილხართ, – მან მოწყვეტილ ვარდებზე მიუთითა, – ბარელიეფიც იქვეა, ნახეთ უკვე?

– მგონი დავინახე, – აირისმა კანკალის შეჩერება მოახერხა, – კედელთან იყო რაღაც.

– დიახ, დიახ, კედელთან, – ცოტა დაბნეულად დაეთანხმა სმიტი და ქალი წინ გაატარა.

მაშ ასე, მას უნდა, რომ ბაღში მომკლას – გაიფიქრა აირისმა. ისინი ბაღში გავიდნენ.

– დედაჩემს და ჩემს დეიდას როზა და ლილი ერქვათ, – დაიწყო სმიტმა. აირისმა გაიფიქრა, რომ მოისმენდა ნაღვლიან ისტორიას, რატომაც გადაწყვიტა, ყვავილებისსახელებიანი ქალების დახოცვა, მერე კი მასაც მოკლავდა. ამიტომ, სასწრაფოდ შეაწყვეტინა:

– კი, მივხვდი, რომ თქვენ მოგწონთ ქალები, რომელთაც ყვავილების სახელები ჰქვიათ, მაგრამ მინდა, ერთ რამეში გამოგიტყდეთ. საქმე ისაა, რომ სინამდვილეში მე აირისი არ მქვია. მშობლებმა ბაუდიკა, ჩვენი ნაციონალური გმირის სახელი დამარქვეს.

– როგორ? – მოულოდნელობისგან სმიტმა ხელი ჩამოუშვა, რომელიც ზურგს უკან ჰქონდა დამალული და აირისმა ჩაქუჩი დაინახა. იარაღის პრიმიტიულობამ, რომლითაც მის მოკვლას აპირებდნენ, აირისი ისე აღაშფოთა, რომ ძალების მოზღვავება იგრძნო. ის უკვე ორმოს პირას იდგა. დიახ ბაუდიკა დამარქვეს. მართალია, ბაუდიკა ძლიერი ქალი იყო, რომელიც რომაელების წინააღმდეგ აჯანყებას ხელმძღვანელობდა, მაგრამ სახელი ვერ ჟღერს კარგად და მისი შეკვეცაც მოუხერხებელია. ამიტომაც გადავწყვიტე, შემეცვალა აირისით.

სმიტი რეტდასხმულივით დუმდა. მოვლენების ასეთი განვითარებისთვის ის აშკარად არ აღმოჩნდა მზად. აირისმა ამით ისარგებლა და სახეში მთელი ძალით ეკლებიანი ვარდები შემოარტყა. კაცმა ტკივილისგან შეჰყვირა და ხელები თვალებზე აიფარა. ჩაქუჩი მიწაზე დავარდა. აირისმა ის ელვის სისწრაფით აიტაცა, სმიტს პირდაპირ თავში ჩასცხო და ორმოში ჩააგდო. შემდეგ ნიჩაბს ეცა და მანამდე არ მოეშვა, სანამ ორმო არ ამოავსო.

პოლიცია მალე მოვიდა. როდესაც სმიტი ამოთხარეს, ის რაღაცას ცოფიანივით ყვიროდა, თან პირიდან მიწას აფურთხებდა.

– ღმერთმა დაწყევლოს ბაუდიკა! – გაიგონა აირისმა, – ღმერთმა დაწყევლოს, ეგ დამპალი!

თარგმნა

ნინო წულუკიძემ


скачать dle 11.3