კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღამის საჩუქარი







გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹26-1(523)

ერთ ფილმში სადღეგრძელოს სვამენ: „დაე, ჩვენი შესაძლებლობები ყოველთვის დაემთხვეს ჩვენს სურვილებსო“. ფილმის სათაური კი მახსოვს, მაგრამ, რადგან ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თქვენს „ინფორმაციულ ბაზას“ ზედმეტად არ დავტვირთავ. მოკლედ, ვითომ განსაკუთრებული არაფერია ამ სიტყვებში, მაგრამ თუ დაუკვირდები, მიხვდები, რა ღრმა აზრია მასში ჩადებული. მართლაცდა, რა აზრი აქვს სურვილს, რომლის რეალიზებას ვერასოდეს შეძლებ და, მით უმეტეს, ვერაფერში გამოიყენებ შესაძლებლობას, თუკი ის შენს სურვილებს არ მოერგება?! ხომ არ დაგაბნიეთ? უფრო მარტივად აგიხსნით: წარმოიდგინეთ, გქონდეთ ფული, თანაც, ბევრი ფული, მაგრამ, არათუ თქვენი სურვილების ხორცშესასხმელად, არამედ, საერთოდ ვერაფერში გამოიყენოთ. ოღონდ, ნუ ჩაიცინებთ სკეპტიკურად, ნურც ირონიით და ნუ იტყვით, რომ, ფული იყოს და მის გამოყენებას მშვენივრად მოვახერხებო. არც ისე მარტივად არის საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ლოგიკურად, ცივი გონებით განვსაჯოთ და გავთვალოთ ყველაფერი: უცებ რომ ჯეკპოტი მოიგოთ, მაგალითად, სამი მილიონი, ან, სულაც, ოთხი... დიახ, მოიგოთ და არა ბიზნესით. ფულის შოვნის ამ ორ ვარიანტს შორის სერიოზული განსხვავებაა. ფული მაშინ არის „ფეთქებადსაშიში“, როცა მოულოდნელად, ციდან ჩამოვარდნილივით დაგატყდება თავს და მარტო ცხოვრებას კი არა, ფსიქიკასაც ამოგიყირავებს. ნელ-ნელა ნაშოვნი ფული ნელ-ნელა გეჩვევა და შენც ეჩვევი მას. მოულოდნელი და ბევრი არაფერია სარგებლის მომტანი. იქნებ, არც იცით, რომ მწუხარება ისე არ კლავს ადამიანს, როგორც დიდი სიხარული. ჩემი თუ არ გჯერათ, ბატონო, სპეციალისტს ჰკითხეთ. რის სპეციალისტს და, „გულის მკურნალს“. სიხარულმა გული ისე შეიძლება გაგიხეთქოთ, სასწრაფოში დარეკვაც ვერ მოასწროთ... რითი დავიწყეთ ჩვენი საუბარი?! – ჰო, შესაძლებლობები უნდა დაემთხვას სურვილებო. უნდა დაემთხვას და არავითარ შემთხვევაში არ გადააჭარბოს, თორემ, არ დამთავრდება კარგად ეს ამბავი. შეგიძლიათ, სიტყვაზე მენდოთ ან არ მენდოთ – ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. თუმცა ამაზე ბევრს ნუ იფიქრებთ, თორემ, მთავარი „საფიქრალ-სააზროვნო“ ბოლომდე გაურკვეველი დაგვრჩება. მართლა მინდა, კარგად გააანალიზოთ ის საშიშროება, რომელიც მოულოდნელი ბევრი ფულისგან მოდის. ჯერ ხომ, დაიბნევით – პირველი ბუნებრივი რეაქცია სწორედ ეს იქნება; მერე, არ დაიჯერებთ, რომ ასეთი ბედნიერება გეწვიათ (პირველ ეტაპზე ამას „ბედნიერებად“ მონათლავთ)... მერე სიხარული წაგლეკავთ... – პირთამდე აგავსებთ და თავშიც აგივარდებათ. ამის შემდეგ კი, დაიწყება, რაც დაიწყება... მოკლედ, კეთილდღეობა და საკუთარი თავისთვის კარგი თუ გინდათ, შეეცადეთ, ფული შრომით მოიპოვოთ და ნუ გამოცდით ბედს. ვაიდა, ერთხელაც ჯეკ-პოტი მოიგოთ?! ჰა-ჰა... წარმომიდგენია თქვენი დამცინავი გამოხედვა და ირონია. ალბათ, ისიც იფიქრეთ უკვე, რომ ცოტას მოვისულელებ. სხვათა შორის, სისულელეშიც არის ჭეშმარიტება, ანუ, სისულელეც შეიძლება სასარგებლო იყოს. მაგრამ მე ძალიან ადვილად დაგიმტკიცებთ, რომ სულელი არ ვარ. რა თქმა უნდა, მოსაზრებებს ფაქტები მიმაგრებს. იმას ვამბობ, რაც უკვე ზუსტად ვიცი და არა ვარაუდების დონეზე. სანამ ფული ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრებოდა, მეც ზუსტად თქვენსავით ვაზროვნებდი. დიახ, ვაზროვნებდი და არ ვფიქრობდი. რადგან ფული, ცხოვრების ჩვეულ რიტმზე ადრე, სწორედ აზროვნებას ცვლის. თუმცა, ეს უნდა გამოსცადო, რომ დაიჯერო. მაგრამ, როცა უკვე გამოსცდი და დაიჯერებ, მერე უკვე გვიანია „თითზე კბენანი“ – ამდენი რაში მჭირდებოდაო, რად მინდოდაო, აუტკივარი თავი რისთვის ავიტკიეო და... არ გაშინებთ, ეს რეალობაა, ის რეალობა, რომელიც არც ერთ უცბად გამდიდრებულს არ ასცდება. პირველი შოკი რომ გაივლის და „მხედველობის არეალი“ დაიწმინდება... რომ ვერ მიხვდები, საიდან უნდა დაიწყო... დაიწყო ფულის ხარჯვა, რა თქმა უნდა. ნუ გგონიათ, რომ ბევრი ფულის დახარჯვა არ შეიძლება ისე, რომ ერთ დილით მათხოვარს გამოგეღვიძოს. დიახ, მათხოვარს, სულაც ულუკმაპუროდ დარჩენილს... ამ დროს მარტო ერთი სურვილი გიჩნდება – რაც შეიძლება სწრაფად გაყო ყულფში თავი...

***

ანდრო გაცეცხლებული სცემდა ბოლთას კაბინეტში და დაჭრილი მხეცივით ღმუოდა:

– ნაბიჭვრები! ეს რა გამიკეთეს?! ამას აღარაფერი ეშველება, გესმით თქვენ? აღარაფერი! – მიუბრუნდა იქვე მყოფ ინას, ზურას და ოთახში იმ წუთას შემოსულ ფსიქოლოგს, – არა, ამას ვეღარ გადავიტან! თითქმის ნახევარი მილიონით ვიზარალეთ. ცხვირწინ აგვაცალა იმ ცინგლიანმა, ამდენ ყეყეჩს ღიმილით დაგვემშვიდობა და წავიდა კმაყოფილი. ჩვენ? ჩვენ რით შევუშალოთ ხელი?

ზურამ მხრები ასწია და უკმაყოფილო ტონით წამოიძახა:

– ოღონდაც ნუ ბღავი. ხელი როგორ უნდა შეგვეშალა, როცა მიახლოების საშუალება არ მოგვეცი? შენ თავად ბრძანე, გაუშვითო და ახლა ისტერიკას ნუ აწყობ.

– საქმეც მაგაშია! დიახ, სწორედ ამაშია საქმე და შტერივით ნუ მიყურებ, უფრო სწორად, თვითკმაყოფილი იდიოტივით. რომ მიმეშვით, რა უნდა გექნათ? არც ერთს არ გქონდათ ნორმალური, ჭკუასთან მიახლოებული სამოქმედო გეგმა.

– რომელ სამოქმედო გეგმაზე ლაპარაკობ? – ზურამ, იქ მყოფებს გადახედა, – თქვენ რაღას გაჩუმებულხართ, ბატონო კოტე, თქვით რამე! – არჩევანი ფსიქოლოგზე შეაჩერა და მისგან მოინდომა მხარდაჭერა.

– საერთოდ, ბატონი ანდრო მართალია, სამოქმედო გეგმა აუცილებელია, მით უმეტეს, ასეთ რთულ სიტუაციაში. მოსალოდნელი იყო, რაღაც მსგავსი მომხდარიყო, მაგრამ გარდაუვალის გარდაუვლობის ამოცნობა ჩემი პროფესიის ერთ-ერთი მხარეა.

ზურას სუნთქვა შეეკრა და სულის მოსათქმელად რამდენჯერმე ჩაახველა. ანდრომ ისე გადახედა, ინას გულწრფელად შეებრალა ფსიქოლოგი, რადგან ზუსტად იცოდა, ამ გამგმირავ მზერას რაც მოჰყვებოდა. არც შემცდარა, ანდრომ ადროვა და, როცა ფსიქოლოგს თავისი პროფესიული „აღტკინების“ ტალღამ გადაუარა, ირონიული ღიმილით ჰკითხა:

– ბატონო კოტე, თქვენ მე ლაბორატორიის საცდელი ვირთხა ხომ არ გგონივართ?

ფსიქოლოგი დაიბნა და ერთბაშად ვეღარაფერი უპასუხა. გაწითლებულმა ისღა მოახერხა, რომ ხელში შერჩენილ სათვალეს დაუწყო პერანგის კალთით წმენდა. ანდრომ მაგიდის ზედაპირს გაშლილი ხელისგული დაარტყა და იღრიალა:

– აქედან მომწყდით სუყველა, თანაც, რაც შეიძლება, სწრაფად! არ გესმით, რა ვთქვი? არც ერთის დანახვა აღარ მინდა! იდიოტებო! ერთი ნორმალური რჩევა ვერ მივიღე თქვენგან!..

ზურამ სიგარეტის კოლოფი ამოიღო და მაგიდაზე დაუდევრად მიგდებულ, ანდროს ძვირფას სანთებელას მისწვდა. ანდრო გაცეცხლდა.

– შენ, მგონი, საერთოდ გამოშტერდი.. სანთებელა დადე და დანარჩენებს წინ გაუძეხი. თქვენი ფეხი არ ვნახო ამ კაბინეტში! არ გესმის?

– მშვენივრად მესმის და, მინდა გითხრა, რომ სულ ტყუილუბრალოდ იბერავ ყელის ძარღვებს. ძალიან კარგად იცი, რომ მომხდარში მთავარი დამნაშავე შენ ხარ. მაგრამ, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც გნებავს, წყლიდან მშრალი ამოხვიდე. ეს შენი თვისება და ჩვევაა. გგონია, არ გიცნობ? პრივიჩკა გაქვს, დანაშაული სხვას გადააბრალო. მართალია, მე ბატონ კოტეს ბევრ რამეში არ ვეთანხმები და საერთოდ არ მესმის ფსიქოლოგიური წიაღსვლები, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ სწორედ შენ გინდოდა, რომ იმ ტიპებისთვის ხელი არ შეგვეშალა. მოკლედ რომ ვთქვათ, შენ გაუშვი. თანაც, გაუშვი მოგებული ფულით და ახლა ნუ გვაბოლებ, რომ ეს ჩვენი ბრალია!

ანდრო გაფითრდა. ფსიქოლოგი სადღაც, მის მიღმა იყურებოდა. ინა თავდახრილი იდგა. ზურა ჯიუტად მისჩერებოდა სახეში.

– რაღაც ძალიან მიხვედრილი გახდი ამ ბოლო დროს, – თქვა ხანმოკლე დუმილის შემდეგ ანდრომ.

– რა ვიცი, მასწავლებელი მყავს კარგი, – ვალში არ დარჩა ზურა, – მაგრამ, რაღაც-რაღაცეებში ჯერ ბოლომდე ვერ გავერკვიე და მოგიწევს, პასუხი გაგვცე შეკითხვაზე, რომელიც აქ მყოფებს ყველას ერთად გაგვიჩნდა.

ანდრო მოიღუშა და მეგობარს შეუბღვირა:

– დაკითხვა ხომ არ უნდა მომიწყო? ასეთი ტონით კითხვებს პროკურორები და გამომძიებლები სვამენ.

– ძალიან კარგად იცი, რომ არც პროკურორად გამოვდგები და არც გამომძიებლად, მაგრამ დებილიც არ ვარ. თავს აღარ გაგასულელებინებ. ახლა ყვირილს მორჩი, დაჯექი და დამაჯერებლად აგვიხსენი, რა მოხდა სინამდვილეში. თქვენც დასხედით, – მიუბრუნდა ინას და ფსიქოლოგს, – ბატონო კოტე, თქვენ ხომ შეგიძლიათ, თქვათ, როდის იტყვის სიმართლეს ბატონი ანდრო და როდის იცრუებს?

– ზურა, ზედმეტი ხომ არ მოგდის? – ხმა ჩაეხლიჩა ანდროს, – ისედაც ისეთ გუნებაზე ვარ, ლამის დავლეწო აქაურობა.

– ეჭვიც არ მეპარება. ოთხას ორმოცდაათი ათასი დოლარი ცოტა არ არის... საერთოდ, როგორ მიეცი ამდენი ფული, ახლაც ვერაფრით მივმხვდარვარ.

– აბა, რა მექნა, ჭკუის კოლოფო? მოიგო, გესმის შენ? მოიგო! სათვალთვალო კამერებმა საეჭვო არაფერი დააფიქსირეს, დაცვამ ხელმოსაჭიდი ვერაფერი იპოვა. პატრული უნდა გამომეძახა და მეთქვა, დააპატიმრეთ, კანონი დაარღვია, არანორმალურად იღბლიანია-მეთქი?! ამდენი ხანია, მოდის, იგებს და მიდის. მხოლოდ ერთხელ არ გაუმართლა... მხოლოდ ერთხელ... რომ ეჩივლა, პატიოსნად მოგებულს არ მაძლევენ და ცდილობენ, შეურაცხყოფაც მომაყენონ, დამაშანტაჟონ და მოგებულზე უარი მათქმევინონო, იცი მაინც, ამას რა მოჰყვებოდა? ხვდები? მთელი ჩვენი ბიზნესი თავდაყირა დადგებოდა!

ზურამ თავი დაუქნია:

– რა თქმა უნდა, ვხვდები. სკანდალი ნამდვილად ატყდებოდა, მაგრამ მე მაინც მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ შენ სათქმელს ბოლომდე არ ამბობ, – ზურამ ფსიქოლოგს გადახედა, – არ მეთანხმებით, ბატონო კოტე?

– საერთოდ, ბატონი ანდროს მოსაზრება ახლოს არის ლოგიკასთან. ძნელია, ადამიანი დაადანაშაულო იმაში, რომ უმართლებს.

– ჰმ, უმართლებს? რომ არ მჯერა ასეთი სასწაულების?

ბატონმა კოტემ ისევ გაწმინდა სათვალის მინები, შუქზე გახედა, კარგად იყო თუ არა გაწმენდილი და მხრები აიჩეჩა.

– ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ, როცა ადამიანს ასე გაუმართლებს, ეს სასწაულია. არანაირად. სრულიად კანონზომიერია ის, რომ ზოგიერთი ადამიანი იგებს ლატარიაში, კარტში და, საერთოდ, აზარტულ თამაშებში უმართლებს; ანუ, თავად ფაქტი, რომ იმ ადამიანმა რამდენჯერმე მოიგო გარკვეული თანხა, არანაირად არ მოდის წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებაში რეალობასთან.

– უფრო გასაგებად ვერ გვეტყვით? – შეიჭმუხნა ზურა, – ისედაც დომხალი მაქვს თავში. დავიბენი... სულ რამდენით დაგვაზარალა იმ ტიპმა თავისი „იღბლიანობით“? თითქმის მილიონით, არა?! ინა, თქვი, შენ არ აწარმოებდი ანგარიშებს?

ინამ ყოყმანით შეხედა ანდროს. იმანაც თავი დაუქნია, თანხმობის ნიშნად:

– უთხარი, ინა, უთხარი, თუკი ასე ძალიან აინტერესებს.

– არც ისე ცუდად არის საქმე... – იმედისმომცემი ხმით დაიწყო ინამ, – დიახ, კაზინოს გასავლისთვის, ვგულისხმობ, საერთოდ ამ ბიზნესის სპეციფიკას, ეს არ არის კატასტროფული თანხა...

– არ შეგიძლია, უბრალოდ თქვა, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე?! – გაღიზიანდა ზურა.

– ახლავე. სრული თანხა, დაახლოებით, შვიდასი ათასია. მაგდენიც არა.

– მართლა?! – ყასიდად შეიცხადა ზურამ, – რას მეუბნები?! აუჰ, ძლივს არ დავმშვიდდი? შვიდასი ათასი რა სალაპარაკოა... აჰა, ახლა შემიძლია, მშვიდად დავიძინო... გოგო, შენ სრულ ჭკუაზე ხარ? ბოლოს მაგდენი ფული ერთად როდის ვნახეთ, აღარც კი მახსოვს.

– ინას ასე ნუ ელაპარაკები! – ხმა გაიმკაცრა ანდრომ, – და, საერთოდ, როდის აქეთ დაინტერესდი შემოსავალ-გასავლებით?

– მოიცა, მოიცა, ხომ არ დაგავიწყდა, ამ კაზინოში წილი რომ მაქვს? – განერვიულდა ზურა.

ანდროს თვალები ჩაუსისხლიანდა:

– ზურა, ამაზე მერე დაგელაპარაკები. არ მინდა, ახლა ვარჩიო ჩვენი ურთიერთობა და ზედმეტად ვინერვიულო, ისედაც დაწყვეტაზე მაქვს ნერვები და, თუ ვიფეთქე, შეიძლება, კონტროლიც დავკარგო!

ზურა დაიჯღანა.

– ძალიან ნაკლებად მადარდებს, შენ რას დაკარგავ. ყოველთვის ჩუმად ვიტანდი შენს კაპრიზებს, მაგრამ ამჯერად უკვე მეტისმეტი მოგივიდა. ისე ნუ მიყურებ, თითქოს შენ მბრძანებელი იყო, მე კიდევ – მონა. არაფრით ხარ სხვებზე უკეთესი და ნუ აბრიალებ თვალებს!

– ზურა, შენ მთვრალი ხარ? – აღშფოთებისგან ენა დაება ანდროს, – მგონი, ცოტა თვალში გეპატარავები! როდისმე დაინტერესებულხარ, აქ რა ხდებოდა? რაღაც არ მახსენდება. შენ მარტო ფულს ითხოვდი და არც მეკითხებოდი, იყო თუ არა ეს ფული.

– იმიტომ არ ვკითხულობდი, რომ ფული ყოველთვის იყო და ახლაც არის, მიუხედავად შენი არასწორი „სამეურნეო პოლიტიკისა“, – გამოაჯავრა ზურამ, – თუ ქვეყანა გვენგრეოდა თავზე, რატომ არ თქვი?

– ჰმ, უყურე ახლა ამას! ცოტა დამშვიდდი და დაშოშმინდი. არ არის აუცილებელი, ამდენ ხალხში განვიხილოთ ეს საკითხი. მერე დაგელაპარაკები, მოგვიანებით. ბატონო კოტე, შეგიძლიათ, წაბრძანდეთ. ინა, შენ დარჩი!

– მეც წავიდე? – ირონიულად ჰკითხა ზურამ და სავარძელში მოიკალათა.

– მერჩივნა, გასულიყავი, ახლა შენთან ჩხუბის თავი ნამდვილად არ მაქვს. დავიღალე. ინა, მაგარი ყავა მომიდუღე და ცოტა ლიმონიც ჩამიწურე, კარგი?

– კარგი, ბატონო ანდრო, ახლავე!

ფსიქოლოგი ნირწამხდარი და ცოტათი შეურაცხყოფილი ჩანდა.

– ესე იგი, ჩემი სამსახური აღარ გჭირდებათ, როგორც მივხვდი, – ჩაილაპარაკა ნაწყენი ტონით.

– ამ ეტაპზე აღარ, – მოკლედ მიუგო ანდრომ, – გასამრჯელოსთან დაკავშირებით პრობლემა არ გექნებათ. ინას ვეტყვი, ბუღალტერს უთხრას, თქვენი გასამრჯელო გამოწეროს, თუ დაგვჭირდებით, დაგირეკავთ და შეგაწუხებთ.

– ყველაფერი გავიგე. კარგად ბრძანდებოდეთ.

ფსიქოლოგი რომ გავიდა, ანდრო ადგა და ზურას წინ, მაგიდაზე ჩამოჯდა. გულზე ხელებდაკრეფილი იჯდა და უყურებდა. ზურას დიდხანს არ გასწვდა ის პათოსი, რომლითაც ანდროსთან ჩხუბი დაიწყო.

– ნუ მიბღვერ და ნუ ცდილობ, შემაშინო. გეყოფა, ბოროტად ნუ სარგებლობ იმით, რომ შენი მეგობარი ვარ!

– ჰა-ჰა-ჰა!.. – ანდრომ გადაიხარხარა, – მე ვსარგებლობ ბოროტად ჩვენი მეგობრობით? მე?!.. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

– სულაც არ არის სასაცილო. შენ ყოველთვის ცდილობ, საკუთარი უპირატესობა დამიმტკიცო. ვითომ მე საერთოდ არაფერს წარმოვადგენ და დიდი პატივია, რომ საქმეში შენთან ერთად ყოფნის უფლება მომეცი!

– ასე არ არის? – დასცინა ანდრომ.

– არა, არ არის! მეც საკმაოდ ბევრი საქმე გავაკეთე და ამ ყველაფრის აწყობაში ძალ-ღონე არ დამიზოგავს... – ზურა გაჩუმდა.

– განაგრძე, განაგრძე, ძალიან საინტერესოა... – ნება მისცა ანდრომ.

– ჰო, საინტერესოა, რა თქმა უნდა. აქამდე სიტყვაც არ მითქვამს. უჩუმრად ვიტანდი ხოლმე, როცა მამცირებდი და ისეთი პოზა გიჭირავს, თითქოს შენს მხრებზე იდგეს ყველაფერი. სინამდვილეში, აქ ყველა შრომობს, აბსოლუტურად ყველა.

– აი, მაგაში კი გეთანხმები – აბსოლუტურად ყველა შრომობს, შენი გამოკლებით.

– მეც ვშრომობ. უბრალოდ, ბევრს არაფერს მაკარებდი, სანამ პრობლემა არ შეგვექმნა. თუმცა, ყველაფერს ახლაც არ ამბობ.

– მაინც, რას არ ვამბობ? – ამოიოხრა ანდრომ.

– რატომ გაუშვი ის ტიპი ფულით? მე ხომ გიცნობ, რომ მოგენდომებინა, ისე გაუხდიდი საქმეს, აქეთ მოგცემდა ფულს.

– არა, არა, ასეც არ არის საქმე. ამჯერად, ვერაფერს გავხდებოდი, დამიჯერე.

ზურამ სიგარეტს მოუკიდა და თვალები მოჭუტა. ანდრო გაცხარდა:

– რადგან გეუბნები, ასეა. დამიჯერე-მეთქი, ჩიხში შემიყვანეს.

– ვინ?

– რა, ვინ?

– ვინ შეგიყვანა ჩიხში? ამას ვკითხულობ და პასუხი უნდა მივიღო.

– კონკრეტული ადამიანები არ მიგულისხმია. საერთოდ, სიტუაციიდან გამომდინარე ვთქვი.

– ანდრო, რაღაცას მიმალავ.

– არაფერს არ გიმალავ. ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ ხმაური რომ ამეტეხა, გაცილებით ძვირი დამიჯდებოდა ეს ყველაფერი, უფრო დიდ ზარალს ვნახავდით.

– შვიდასი ათას დოლარზე დიდი ზარალი? ანდრო, ლამის მილიონი ვიზარალეთ!

– ჰო, ვიცი, მაგრამ ეს ამბავი რომ გაგვეხმაურებინა, ან იმ ტიპისთვის პრობლემები შეგვექმნა, სამივე კაზინოს დახურვა მოგვიწევდა – ამას ნაღდს გეუბნები.

ზურამ თავი გადააქნია:

– ისევ რომ გაგრძელდეს ეს?

– რა? კიდევ რომ მოიგოს? გამორიცხულია!

– ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ?

– იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი თანხა მოიგო. მაგისთანა მათხოვრებისთვის ამდენი ფული ნამდვილი შოკია. კარგა ხანს ეყოფა. შეიძლება, საერთოდაც მოხიოს აქედან.

– აუ, მაბოლებ რაღაცას.

– არა. შენ თვითონ დაფიქრდი, სერიოზულად გააანალიზე, რაც გითხარი, ემოციის გარეშე. წარმოიდგინე, ერთი საცოდავი ვინმე ხარ და უცებ იმდენი ფული გივარდება ხელში, რამდენზეც ვერასდროს იოცნებებდი. რას გააკეთებ?

ზურამ მხრები აიჩეჩა.

– დაფიქრდი, რა!..

– არ მინდა მაგაზე ფიქრი, უფრო სერიოზულ პრობლემებზე მაქვს საფიქრალი.

– მე ზუსტად ვიცი, რასაც გააკეთებდი. იმას, რასაც ის ტიპი გააკეთებს – მოხევდი აქედან. ანუ, აიღებდი თვითმფრინავის ბილეთს და სადმე კუნძულებზე გაფრინდებოდი დროის გასატარებლად.

– ჰო?! ძალიან ცდები, ძალიან... მე ოჯახი მაქვს და კუნძულებზე თუ წავიდოდი, მხოლოდ მათთან ერთად. ეს შენ ხარ დროსტარების მოყვარული.

– ჰოდა, ისიც ამ ყაიდის ტიპია, არ შეიძლება, არ ააგდოს ამდენმა ფულმა.

– ისე, როგორც შენ აგაგდო. ასეა? – დასცინა ზურამ.

ანდრო გაწიწმატდა:

– მე ფული ყოველთვის მქონდა, თანაც, საკმარისზე მეტი. ბევრი მქონდა, გაიგე? უნახავი არასდროს ვყოფილვარ. რატომ გინდა, რომ ვიჩხუბოთ? ამას გაცილებით ჯობია, დავივიწყოთ ეს ყველაფერი და საქმეს მივხედოთ – რაც დავკარგეთ, ის უნდა ავინაზღაუროთ. სად არის ეს გოგო ამდენ ხანს, რა გახდა ერთი ფინჯანი ყავა? – ანდრომ ტელეფონის ყურმილი აიღო.

ზურამ ამოიოხრა:

– მაინც ვერ ვიჯერებ, რომ ყველაფერი სწორედ ასე მოხდა. იცოდე, თუ ერთ დღეს გაირკვევა, რომ სერიოზული შეცდომა დაუშვი, მე არ გაპატიებ...

***

ლიკამ ტელეფონი ლოგინზე ისროლა და სახეზე ისევ ბალიში აიფარა.

– ჰა, რა იყო, აღარ პასუხობს? – მოუთმენლად ჰკითხა სოფომ.

– ტელეფონი საერთოდ გამორთული აქვს. გეუბნები, ნამდვილი იდიოტი ვარ. მაშინ ვიჩენ პრინციპულობას, როცა ამის აუცილებლობა არ არის; კიდევ უარესი – როცა ამაზე დიდ სისულელეს, უბრალოდ, ვერ წარმოიდგენ. საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ, რაღაც გაუთვალისწინებელი რომ მოხდეს.

– რა გაუთვალისწინებელი უნდა მოხდეს? ნუ გეშინია, არაფერი მოუვა შენს ძვირფას ქმარს. კაცები ასე ადვილად თავს არ იკლავენ, დამიჯერე, მით უმეტეს – ლაშასნაირი ტიპები.

– ეგ არც მიფიქრია.

– აბა, რას ფიქრობ?

ლიკა ასლუკუნდა:

– არ ვიცი... ალბათ, მოჰკიდა იმ ქალს ხელი და საერთოდ წავიდნენ აქედან. მორჩა, ლაშას ვეღარასოდეს ვნახავ. ბავშვიც აღარ გახსენებია, ხომ ხედავ?

სოფო შეიჭმუხნა:

– ოღონდ ცრემლების გარეშე, ძალიან გთხოვ! ასე ფიქრი არ შემიძლია. თავიდან დაიწყე ყველაფერი. ჰმ, სამსახურში რომ არ მოხვედი, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც სერიოზული მოხდა. თუმცა, ჯერ მე თვითონ არ ვიცი, რამდენად სერიოზული სიტუაცია გაქვს. მე ისიც არ ვიცი, რაზე ილაპარაკეთ.

– მენდეო, მითხრა.

– რაო? – სოფო აწრიალდა, – სიგარეტის მოწევა მინდა და დედაშენი ხომ არ მოვა?

– ვერ შემოვა, იმიტომ რომ ამ დილით ძალიან მაგრად ვიჩხუბეთ და მამაჩემი არ შემოუშვებს.

– ჰმ, – სოფომ გაიცინა, – მამაშენი ჯიგარია, მაგას მაინც ესმის შენი. აბა, დედაჩემს მამაჩემიც გამოჭერილი ჰყავს.

– სამაგიეროდ, ძმას ესმის შენი. მე ამ ფუფუნებასაც მოკლებული ვარ.

– ჰო, კარგი. ნუ წუწუნებ, არ გინდა. რაო, ლაშამ? მენდეო?

– ჰო. თანაც ბრმად და არაფერი მკითხოო.

– ვაი, ეგ ვითომ რატომო?

– მეც რომ ვერ მივხვდი, იმიტომაც არ დავურეკე და ახლა ვნანობ. ალბათ, არჩევნის გაკეთება უნდოდა და მე ვერ მივხვდი.

სოფომ დაუსტვინა:

– ეე... ახლა ნუ ჭედავ, ძალიან გთხოვ. ვის შორის უნდოდა არჩევნის გაკეთება, ვერ ვხვდები.

– რა უნდა ამის მიხვედრას? ჩემსა და იმ ქალს შორის.

– არ არსებობს, გეშლება, – თავი გააქნია სოფომ.

– რა მეშლება, რა არ არსებობს? – ცრემლები ხელისგულით მოიწმინდა ლიკამ.

– არანაირი ქალი არ არსებობს, ანუ ლაშას შენ გარდა სხვა არავინ ჰყავს.

ლიკა შეხტა:

– მართლა? შენ ვინ გითხრა, ლაშამ?

– არა, ლაშას, რა უნდა ეთქვა? საერთოდ არ მინახავს, – დაიბნა სოფო, – უბრალოდ, ვხვდები. მას რომ ვინმე ჰყავდეს, ნუ, სერიოზულ ურთიერთობას ვგულისხმობ, მაშინ არ მოვიდოდა და ხვეწნას არ დაგიწყებდა – არიქა, შენი ჭირიმე, უშენოდ ვერ ვძლებ და შემირიგდიო. დამიჯერე, კაცი, რომელსაც ალტერნატივა აქვს, თანაც კარგი ალტერნატივა, ასე არ მოიქცევა. მით უმეტეს, შენი ლაშა.

– მაშინ, ახლა რატომ აქვს ტელეფონი გამორთული?

– ოო, აი, ეგ არ ვიცი, მაგრამ, გავარკვევ როგორმე.

– კი მაგრამ, რანაირად, სახლში მიხვალ? უი, ეგ რატომ არ ვიფიქრე. წამოდი, მივიდეთ.

– არავითარ შემთხვევაში! ეგ სისულელე რანაირად მოიფიქრე? ვეცდები, ისე მოვახერხო, გავიგო, სად არის შენი ძვირფასი ლაშა.

– მოიცადე, შენ რაღაც ისეთი იცი ლაშაზე, რაზეც მე წარმოდგენა არა მაქვს, – სოფომ უკმაყოფილოდ გაიქნია ორივე ხელი.

– აუუ... ლიკა, შენ თუ არ მენდობი, პირდაპირ თქვი და, მაშინ, საერთოდ რაღას ვაკეთებ აქ. ავდგები და წავალ.

ლიკას შერცხვა:

– არა, არა. გენდობი. მაპატიე, ძალიან ცუდად გამომივიდა, იდიოტურად. მაგრამ, ვნერვიულობ და, იცი, რა ცუდ მდგომარეობაში ვარ? სინდისიც მქენჯნის, გაურკვევლობაც მტანჯავს... ვფიქრობ, ვფიქრობ და... საბოლოოდ, ალბათ, შევიშლები კიდეც.

სოფომ იატაკზე მიგდებული ჩანთიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო და თავისი მობილური ტელეფონი დაინახა... გაახსენდა, რომ მთელი ორი დღის განმავლობაშიც ვახოც არ შეხმიანებია...

– მე ახლა აივანზე გავალ და მოვწევ. შენ შეეცადე, ცოტა დამშვიდდე, კარგი? რაღაცას როგორ არ მოვიფიქრებთ.

– ჰო? გინდა, გავიდე და ყავა მოგიდუღო?

– ცუდი არ იქნება. ნუ ინერვიულებ, ყველაფერი მოგვარდება, არსად დაიკარგება შენი ლაშა.

– ნეტავი, რატომ მითხრა, ბრმად უნდა მენდოო, რას გულისხმობდა ამაში?

სოფომ მხრები აიჩეჩა. მობილური ჯინსის უკანა ჯიბეში ჩაიტენა, სიგარეტს მოუკიდა და აივნის კარი გამოაღო...

***

ლაშამ სიჩქარეს მოუმატა.

– ესეც ასე, ხაშურს გავცდით... ნელ-ნელა ვმშვიდდები. თუმცა, სანამ საზღვარზე არ გადავალთ, ბოლომდე ვერ დავმშვიდდები, ვერანაირად.

ვახომ „კოკა-კოლა“ მოსვა და გაიცინა:

– აი, მე კი საერთოდ არ ვნერვიულობ. ამდენი ფული გვაქვს და ჩიტებივით თავისუფლები ვართ. ერთადერთი, რაც მაწუხებს, ის არის, რომ სოფო ვერ ვნახე. ვერც შევეხმიანე. სტამბულში ჩავალ თუ არა, მაშინვე დავურეკავ. ისე, ამის გაკეთება ბათუმიდანაც ხომ შემიძლია.

– არა, – თავი გააქნია ლაშამ, – არ შეგიძლია.

– ვითომ რატომ? ტელეფონ-ავტომატიდან დავრეკავ, მობილური ხომ გადამიგდე. აუუ, ზოგჯერ მაგარი აუტანელი ხარ... რას ერჩოდი იმ მობილურს?

– მე მობილური კი არა, სიმ-ბარათი გადაგიგდე, სულს რომ არ წაეძლია და შემთხვევით ხელი არ გაგქცეოდა.

ვახო დაიჭყანა. უკმაყოფილება უკვე იმდენჯერ გამოხატა, რომ ზუსტად იცოდა, ლაშასთვის სულერთი იყო მისი განცდები სოფოსთან დაკავშირებით, მაგრამ, მაინც თქვა:

– შენ რა გენაღვლება, ლიკასთან ურთიერთობა დაამთავრე და მართლა ჩიტივით თავისუფალი ხარ. ერთი მე მკითხე?! ძალიან განვიცდი, რომ ვერ დავემშვიდობე. აუცილებლად დავურეკავ, როგორც კი ბათუმში ჩავალთ.

– სტამბულში, სტამბულში რომ ჩავალთ, – შეახსენა ლაშამ.

ვახომ ხელი ჩაიქნია და უცებ, თითქოს რაღაც გაახსენდაო, ლაშას კითხვით სავსე მზერა მიაპყრო.

– ჰა, რა იყო? – გაეღიმა ლაშას.

– ხომ დავბრუნდებით?

– სად, თბილისში? ჰო, აბა? ოღონდ, არ მითხრა, რომ უკვე ნოსტალგიამ შეგაწუხა. კარგი, რა ვახო. სადაც ფული გაქვს და კარგად ხარ, ყველგან შენი სამშობლოა, იხუმრა ლაშამ.

ვახო დაიძაბა და სახე გაუფითრდა. ლაშა აშკარად არ ელოდა ასეთ რეაქციას.

– რა მოგივიდა, ვიხუმრე, ბიჭო, თორემ, „არ გავცვლი სალსა კლდეებსა სხვა ქვეყნის სამოთხეზედაო” არც ჩემთვის არის უცხო. გეხუმრე-მეთქი, გახუმრე და ნუ იბღვირები. დავბრუნდებით, აბა რას ვიზამთ?! ხომ არ დაგავიწყდა, რომ აქ შვილი მყავს? ვატოს გარეშე დიდხანს ვერ გავძლებ.

– ჰო, შვილი მაგარი რამეა. მაგრამ, სანამ არ იქნები, ლიკამ უნდა იზრუნოს მასზე და შენი სიდედრ-სიმამრი უნდა გაძვრეს ტყავიდან, ბავშვს რომ არაფერი მოაკლდეს.

ლაშამ უცნაურად ჩაიცინა:

– არც ასეა საქმე. მაგაზე უკვე ვიზრუნე.

– რას გულისხმობ? – ვერ მიხვდა ვახო.

– მაგას მერე აგიხსნი, სტამბულში რომ ჩავალთ, – ისევ გაიცინა ლაშამ და სიჩქარეს მოუმატა.

...სოფომ სიგარეტის ნამწვი აივანზე მდგარ ყვავილის ქოთანში ჩასრისა და შეჭმუხნილ შუბლზე ხელი მოისვა. ვახოს ტელეფონიც საეჭვოდ დუმდა.

„მგონი, მართლა რაღაც მოხდა. ნეტავი, უბედურება არაფერი იყოს. თუმცა, რა სისულელეზე ვფიქრობ, რა უბედურება. ანდრო არ არის ის ტიპი, ვინმე მოკლას ან მოაკვლევინოს...” სოფოს ერთბაშად დაეკარგა ფერი და ტუჩები აუთრთოლდა. „ღმერთო, იქნებ მართლა... ანდროსთან უნდა დავრეკო. არა, უნდა მივიდე და ვნახო, თანაც ახლავე. მაგრამ, რომ უარყოს და მითხრას, გიჟი ხომ არ ხარ, თვალით არ მინახავს არც ერთიო? როგორ დავუმტკიცებ? შეიძლება, მეც მათ გზას გამაყოლოს... – სოფომ პირველად იგრძნო ასეთი შიში და მუხლი მოეკვეთა. ეს უფრო საკუთარი უმწეობის გაცნობიერებას ჰგავდა. იმასაც მიხვდა, რომ, ფაქტობრივად, ბევრი არაფერი იცოდა იმ კაცის შესახებ, რომელზეც აქამდე ეგონა, რომ ყველაფერი იცოდა. სწრაფად შემობრუნდა და შუა ოთახში ლიკა დაინახა: იდგა. ცარცივით გათეთრებულს ერთ ხელში გახსნილი კონვერტი ეჭირა, მეორე ხელი გაშლილი ჰქონდა და საკუთარ ხელისგულს ჩასცქეროდა გაშტერებული. თან ტუჩებს აცმაცუნებდა უცნაურად.

– ლიკა, რა მოგივიდა, ეგ რა არის?

ლიკამ არ უპასუხა. არც პოზა შეიცვალა. თითქოს საერთოდ არ გაუგონია სოფოს სიტყვები. სოფო მივიდა და ხელისგულზე დახედა. იქ მობილურიდან ამოღებული სიმ-ბარათი იდო. გულგახეთქილმა კონვერტი გამოსტაცა და გადმოფერთხა. იატაკზე უცხოური ვალუტის რამდენიმე, საკმაოდ მსხვილი კუპიურა დაცვივდა, მათთან ერთად პატარა ბარათიც... სოფომ აიღო და წაიკითხა. ბარათი საკმაოდ მოკლე იყო: „მე მინდა, ჩემს შვილს ყველაფერი ჰქონდეს. ვიზრუნებ ამაზე. ლაშა.”

მოვლენათა განვითარების ჯაჭვი ყოველთვის არ ეთანხმება ლოგიკას. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში შეხედულება სუბიექტურია, იქიდან გამომდინარე, რომ ყველას თავისი ლოგიკა აქვს. ხოლო, ალოგიკურობა რასაც იწვევს, ბევრი ახსნა არ სჭირდება, ისედაც ნათელია ყველაფერი. ამბობენ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ გააჩნიათ ლოგიკა, – ვერ დაგეთანხმებით, რადგან ეს იმ მეორე ადამიანის სუბიექტური აზრია, ვინც მისი ლოგიკა ვერ გაიგო, თორემ, ასე რომ იყოს, მაიმუნი საერთოდ არ ჩამოვიდოდა ხიდან და ბოლომდე მაიმუნად დარჩებოდა. დიახ, ჩემო კარგებო და მოთმინებაგამოწრთობილებო, ლოგიკის წყალობაა ის, რომ დღეს ხეებზე და გამოქვაბულებში აღარ ვცხოვრობთ. როგორც კი გაჩნდა ლოგიკა, მაშინვე გაჩნდა კომფორტის მოთხოვნილებაც, თორემ, გეუბნებით, მაიმუნებად დარჩენის რეალური პერსპექტივა გველოდა. ახლა, არ მითხრათ, დღემდე ბევრია ისეთი, მაიმუნად რომ დარჩენილიყო, აჯობებდაო, მაგრამ, აქაც სუბიექტურობა ჟღერს და, მოდი, ასე მკაცრად ნუ განვსჯით იმათ, ვისი ლოგიკური ჯაჭვიც ჩვენსას არ ემთხვევა...

სოფომ კიდევ ერთხელ გადაიკითხა ბარათი და აზლუქუნებულ ლიკას შეუტია:

– კარგი, ახლა, ნუ ბღავი! ეს ბარათი იმას მოწმობს, რომ შენი საყვარელი და ერთადერთი მეუღლე ცოცხალი და ჯანმრთელია.

– რა იციი!.. – გაჩუმების ნაცვლად  სლუკუნს უმატა ლიკამ.

– ვიცი კი არა, დარწმუნებული ვარ.

– მე კი პირიქით მგონია – გამოგვემშვიდობა. მანქანაც გაუყიდია – ის ახალი, იმ დღეს ბანკში რომლითაც მოვიდა და შემახარბაა...

– აუ, ლიკა, გეყოფა! საიდან მოიტანე, რომ გამოგემშვიდობა ან მანქანა გაყიდა? ეგ სიმბარათი რიღასთვის გამოგიგზავნა, რომ დახედო და მოიგონო, ხოლმე? ცოტა ლოგიკურად იაზროვნე, რა!

ლიკა დაიხარა და იატაკიდან კუპიურები წამოკრიფა. გადაითვალა და სოფოს გაუწოდა.

– აი, შეხედე, რამდენია! საიდან ექნებოდა ამდენი ფული, მით უმეტეს, თუ საყვარელიც არ ჰყავს? მითხარი, ჩართე შენი შეუმცდარი ლოგიკა და მიპასუხე, საიდან ექნებოდა ლაშას 50 000 დოლარი, თუ სახლი და მანქანა არ გაუყიდია? მე ახლავე ვიცვამ და მივდივარ.

– სად? ახლა, ნუ გადაირევი! ბინა რომ გაეყიდა, შენ ამას აუცილებლად გაიგებდი. დაგავიწყდა, მისი კანონიერი ცოლი რომ ხარ? შენი თანხმობის გარეშე ამას ვერ იზამდა. რადგან არ დაურეკავს და ნოტარიუსთან მისვლა არ უთხოვია, ესე იგი, ბინა ჯერ კიდევ თქვენია. ახლა, რაც შეეხება მანქანას: მეც ვნახე, რითაც იყო მოსული და, ვინაიდან ბორბლებიან ტრანსპორტში კარგად ვერკვევი, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია, განგიცხადო, რომ ის მანქანა ამ თანხის ნახევარსაც ვერ გაქაჩავდა. ასე რომ, ორივე ვერსია გამორიცხე.

– მაშინ, ერთადერთი ვერსიაღა რჩება, – ამოიოხრა ლიკამ და იატაკზე დაჯდა, – ტყუილად ვცადე, შენთვის დამეჯერებინა. ან საყვარელი ჰყავდა და მასთან ერთად სადღაც გაუბერა, ან, სულაც არსად წასულა, მაგრამ ჩემი დანახვაც აღარ უნდა და ამ სიმ-ბარათის გამოგზავნით სწორედ იმის თქმა უნდოდა, აღარასოდეს სცადო ჩემთან დაკავშირებაო და ფულიც კი გადამიხადა. ნაძირალა, ახლა უკვე ყველაფერი თავის ადგილას დადგა! – ლიკამ ხელები მომუშტა და იატაკს გამეტებით დასცხო, – ნაძირალა! ნაძირალა!..

– არა, ამისი ყურება აღარ შემიძლია. ახლავე შეწყვიტე ისტერიკა! – სოფომ ამოიოხრა და ლიკას წინ ჩაიმუხლა, – მესამე ვერსიაც არსებობს, რომელზეც შენ წარმოდგენა არ გაქვს და, თუ დამპირდები, რომ მშვიდად და ყურადღებით მომისმენ, მოგიყვები...

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3