როგორ გამოიჭირა ქმარმა ცოლი ღალატში და როგორ გამოუტანა მას სასიკვდილო განაჩენი
ეკა ბარაბაძე
38 წლის ლალი ხარშილაძე საავადმყოფოში მძიმედ დაჭრილი მოათავსეს – მას ცეცხლსასროლი იარაღიდან გულ-მკერდის არეში ორი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ექიმების მცდელობის მიუხედავად, ახალგაზრდა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა – დაჭრილი რამდენიმე საათში საოპერაციო ბლოკში გარდაიცვალა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ძებნა დაიწყეს. როგორც წინასწარი მოკვლევით გახდა ცნობილი, მძიმედ დაჭრილი ქალი საავადმყოფოში მოათავსა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც ძალიან მალე გაუჩინარდა. სამართალდამცველებმა გარდაცვლილი ქალის ვინაობის დადგენის შემდეგ გაარკვიეს, რომ ლალი ხარშილაძე საავადმყოფოში ვაჟა ლომიძემ მიიყვანა. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგინდა მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ვინაობაც – ის გარდაცვლილის მეუღლე, 40 წლის ბადრი გაგნიძე აღმოჩნდა.
როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, ლალი ხარშილაძე და ბადრი გაგნიძე 12 წლის წინ დაქორწინდნენ და ორი შვილი ჰყავდათ. ცოლ-ქმარი ბეშკენაძის ქუჩაზე ცხოვრობდა ქირით. ბადრი გაგნიძე ერთ-ერთ კომპანიაში გამათბობლების ხელოსნად მუშაობდა და ოჯახს ამ გზით არჩენდა, ლალი ხარშილაძე კი დიასახლისი იყო. ცოლ-ქმარს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, რის შესახებაც გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში მათი ოჯახის ახლობლებმაც აღნიშნეს.
ამონაწერი მაკა კოღუაშვილის ჩვენებიდან: „ამ ოჯახს ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. გარდა იმისა, რომ მეზობლები ვართ, ბადრი ჩემი შვილის ნათლიაც არის და ერთმანეთთან ხშირი ურთიერთობა გვქონდა. ლალი ძალიან ჩუმი, წყნარი ქალი იყო და მეუღლეს კონფლიქტის მიზეზს არასდროს აძლევდა. ბადრის სმა უყვარდა, მაგრამ ლალი მის ამ თვისებას ისე ითმენდა, რომ ამას ოჯახური სკანდალები არ მოსდევდა ხოლმე. დაახლოებით ერთი წლის წინ ლალი შემთხვევით უცხო მამაკაცთან ერთად დავინახე. ძალიან გამიკვირდა, რადგან ის ადამიანი მათ ოჯახში არასდროს არ მყავდა ნანახი. როცა ლალის ვკითხე, ვინ იყო ის მამაკაცი-მეთქი, ძალიან დაიბნა და მითხრა, ჩვენი სოფლიდან არის და ბადრისთან ჰქონდა საქმეო, ცოტა ხნის მერე კი თვითონ გამომიტყდა, რომ ის მამაკაცი მისი ყოფილი ქმარი ყოფილა. მე ძალიან გავოცდი, რადგან არც კი ვიცოდი, რომ ბადრი მისი მეორე ქმარი იყო. მე ეს ამბავი საიდუმლოდ შევინახე და ჩემი ქმრისთვისაც არაფერი მითქვამს, ვიფიქრე, მაინც კაცია და ძმაკაცს რამე არ უთხრას-მეთქი. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ლალიმ მითხრა, მეგონა, ვაჟა დავიწყებული მყავდა, მაგრამ ახლა, რაც თავი გამახსენა, მივხვდი, რომ ბადრი არ მიყვარს და ისევ მასთან მირჩევნია ყოფნაო. მე დავარიგე, ასე ნუ მოიქცევი-მეთქი, მაგრამ, არ დამიჯერა. მე აღარაფერს მიყვებოდა, თუმცა, ვხვდებოდი, რომ ვაჟასთან რომანი გააბა. ამის შემდეგ ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობაც აირია – ბადრი რეგულარულად სვამდა და უკვე ხშირად კამათობდნენ. ერთხელ ჩემმა მეუღლემაც კი მკითხა, რა დაემართათ ამათ, ამ ბოლო დროს სულ ჩხუბობენო. მე ვიცოდი, რაც იყო ამ ყველაფრის რეალური მიზეზი, მაგრამ არაფერი მითქვამს. როგორც მერე გავარკვიე, ბადრიმ ცოლზე ეჭვიანობა დაიწყო – ლალი ჩვენთან რომ მოვიდოდა, ხუთ წუთში უკან მოჰყვებოდა ხოლმე, ერთი-ორჯერ ჩემ თვალწინაც კი მოუწყო ეჭვიანობის სცენები. მათი ურთიერთობა დღითიდღე იძაბებოდა. ლალი ვაჟას რეგულარულად ხვდებოდა, მაგრამ, წარმოდგენა არ მქონდა, რომ ამაზე ბადრის ეჭვი ჰქონდა აღებული”...
როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, ერთი წლის განმავლობაში ყოფილი ცოლ-ქმარი ხშირად ხვდებოდა ერთმანეთს. ვაჟა ლომიძეს მეორე ოჯახი ჰქონდა და ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობას მკაცრად ასაიდუმლოებდა. ის თვეში რამდენჯერმე ჩამოდიოდა თბილისში და საყვარელს სასტუმროში ხვდებოდა, ლალიც წინასწარ ატყობინებდა ხოლმე, როდის შეეძლო მასთან შეხვედრა. მათი პაემანი ან დღის საათებში, ან მაშინ დგებოდა, როცა ლალი ხარშილაძის მეუღლე სოფელში მიდიოდა მოხუც მშობლებთან, ამ დროს ლალი შვილებს დასთან ტოვებდა ხოლმე, რომელმაც ყველაფერი იცოდა დის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. როგორც ვაჟა ლომიძემ წინასწარი გამოძიებისას სამართალდამცველებთან მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, დანაშაული, რომელიც ახალგაზრდა ქალის მკვლელობით დასრულდა, ბადრი გაგნიძემ ჩაიდინა. ამონაწერი მისი ჩვენებიდან: „მე და ლალი ძალიან პატარა ასაკში დავქორწინდით, ერთი წელი ვიცხოვრეთ ერთად და შვილიც არ გვყოლია, ისე დავშორდით ერთმანეთს. ხუთი წლის მერე ჯერ მე შევირთე ცოლი, მალე ლალიც გათხოვდა. ერთმანეთთან არანაირი ურთიერთობა არ გვქონია, ხანდახან სოფელში თუ მოვკრავდი ხოლმე თვალს. კარგი ოჯახი მაქვს, ცოლს პატივს ვცემ და ლალისთან ურთიერთობის აღდგენაზე არასდროს მიფიქრია. ერთი წლის წინ ერთმანეთს შემთხვევით შევხვდით, მანქანა გავუჩერე და მეზობელ სოფელში წავიყვანე. მაშინ მომცა თავისი ტელეფონის ნომერი და მითხრა, მტრები ხომ არ ვართ, ასე რომ მოვემდურეთ ერთმანეთს, შენ მიმართ სიყვარული კიდევ შემომრჩაო. ერთი თვის მერე დავურეკე – ნასვამი ვიყავი და მოვიკითხე. მივხვდი, რომ ჩემი ზარი ძალიან გაუხარდა, დაახლოებით ორ კვირაში შევხვდით ერთმანეთს. მითხრა, ქმარი ვერ შევიყვარე და ისევ შენთან მინდა დაბრუნებაო. მე ვუთხარი, ოჯახს ვერ დავანგრევ, მაგრამ, თუ გინდა, ისე შევხვდეთ-მეთქი. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობის მეორე ეტაპი. მე ვხვდებოდი, რომ ეს ყველაფერი კარგად არ დასრულდებოდა, მაგრამ ლალი მამშვიდებდა: ჩემი ქმარი ძალიან მენდობა, გამორიცხულია, რამე იეჭვოს და საფრთხე შეგვექმნასო. იმ დღესაც, როდესაც ბადრი თავზე დაგვადგა, ლალის ინიციატივით შევხვდით: წინა დღეს დამირეკა – ბადრი სოფელში მიდის და ჩამოდიო. ჩვენ იმ სასტუმროში წავედით, სადაც ხშირად ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. ღამის 12 საათი იქნებოდა, თავისმა დამ რომ დაურეკა – ბავშვს სიცხე აქვს და სახლში მალე მოდიო. ჩვენ გამოვედით სასტუმროდან და მანქანას მივუახლოვდით, რომელიც სასტუმროს უკან, პატარა ჩიხში მყავდა დატოვებული, რომ უცებ წინ მამაკაცი გადაგვიდგა, მე ლალის ქმარი ფოტოებში მყავდა ნანახი და სიბნელეში ვერ ვიცანი. ლალიმ თავისი ქმარი რომ დაინახა, სახე შეეშალა. ბადრი წინ გადაგვიდგა, ლალი ჯერ ზურგს უკან ამომეფარა, მერე წინ გადამიდგა და ქმარს ყვირილით უთხრა: ჰო, გღალატობ, გღალატობო. მე სიტუაციის განმუხტვა ვცადე, მაგრამ, მოულოდნელად, ბადრიმ იარაღი ამოიღო და ლალის მიჯრით ესროლა, ერთ გასროლას მეორე მოჰყვა და ლალი მხარზე ჩამომეკიდა. ქუჩაში ხმაური რომ ატყდა, ბადრი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. დასისხლიანებული ლალი მანქანაში ჩავსვი და საავადმყოფოში მივიყვანე, გზიდან მის დას დავურეკე, არც ის მითქვამს, ვინ ვიყავი და არც ის, რაც მოხდა, მხოლოდ ის ვუთხარი, ამა და ამ საავადმყოფოში მოდით-მეთქი. ლალი მიმღებ განყოფილებაში შეიყვანეს თუ არა, მე საავადმყოფოდან წამოვედი, ძალიან დაბნეული ვიყავი და აზრზე მოსასვლელად დრო მჭირდებოდა”.
მეუღლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბადრი გაგნიძე სამართალდამცველებმა ჩადენილი დანაშაულიდან ორ დღეში დააკავეს. როგორც მან განაცხადა, საკუთარი ფეხით აპირებდა პოლიციაში მისვლას, მაგრამ, მიღებული სტრესის გამო ეს ვერ შეძლო: „ვერასდროს წარმოვიდგენდი, ლალი ასეთ რამეს თუ ჩაიდენდა. ძალიან უწყინარი გოგო იყო, ძალიან მიყვარდა ჩემი ცოლი, ძალიან ვენდობოდი. ვიცოდი, ახალგაზრდობაში რაც დაემართა, მაგრამ ამისთვის ყურადღება არც მაშინ მიმიქცევია, როცა ცოლად შევირთე. ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ, ერთი წლის წინ ლალი შეიცვალა – უფრო გულჩათხრობილი გახდა და, ჩემ მიმართაც ისეთ სითბოსა და სიყვარულს აღარ გამოხატავდა. თავიდან ვერ მივხვდი, რაში იყო საქმე, არც მიეჭვია, რომ შეიძლებოდა, ვინმე ჰყოლოდა. მერე ნელ-ნელა ყველაფერი გამოაშკარავდა: ღამით ტელეფონს თიშავდა ხოლმე, სულ კომპიუტერთან იჯდა, ერთი-ორჯერ სახლიდან ისე წავიდა, არც უთქვამს, სად მიდიოდა. ეჭვიანობა დავიწყე და მალე დავრწმუნდი, რომ ამის საბაბი მქონდა. მკვლელობამდე ერთი თვით ადრე, სახლში ძალიან გვიან მოვიდა და ამის მიზეზად მეგობრის ოჯახში მომხდარი კონფლიქტი დაასახელა. მე გავარკვიე, რომ მატყუებდა, თვალთვალი დავუწყე და ერთ კვირაში გამოვიჭირე კიდეც მამაკაცთან ერთად, მაგრამ მისი ვინაობა არ ვიცოდი. დავინახე, რომ ერთად შევიდნენ ბაზრობაზე, თუმცა ვეღარ გავყევი უკან რადგან, დამინახავდნენ. კაცისთვის ეს როგორი ასატანია, მაგრამ, თვალი დავხუჭე – დრო მივეცი, იქნებ, თავისით ეთქვა რამე. ძალიან გაღიზიანებული ვიყავი და ეს ყველაფერზე მეტყობოდა. იმ პერიოდში სოფელში მომიწია წასვლა და ძველი იარაღი წავიყოლე თან. ლალის მოკვლას არ ვფიქრობდი, მაგრამ, ვიფიქრე, შევაშინებ-მეთქი. იარაღი რომ დაინახა, კი მკითხა, რატომ წამოიღეო. მეც ვუთხარი, ბიჭები სანადიროდ მივდივართ და დამჭირდება-მეთქი. ღალატში რომ დავრწმუნდი, ყველგან ვუთვალთვალებდი, ჩუმად ტაქსით დავყვებოდი კუდში. იმ დღესაც მოვატყუე – ხვალ სოფელში მივდივარ-მეთქი. მთელი დღე სახლთან ტაქსიში გავატარე, ოდნავ ნასვამი ვიყავი. ლალი გვიან გამოვიდა სახლიდან, ჩემი თვალით დავინახე, როგორ შეხვდა თავის საყვარელს და ერთად რომ წავიდნენ სასტუმროში, თავს ვეღარ ვიკავებდი. ვიფიქრე, შევსულიყავი და იქვე მიმეხრჩო ორივე, მაგრამ, მივხვდი, რომ მათ ვერ მივაგნებდი და, კვალი რომ არ დამეკარგა, გარეთ დაველოდე. სასტუმროდან ორ-სამ საათში გამოვიდნენ და მანქანისკენ წავიდნენ. მეც უკან ისე მივყვებოდი, ვერ შემამჩნიეს. უკვე მანქანაში უნდა ჩამსხდარიყვნენ, როდესაც დავუძახე, ლალი-მეთქი. რომ დამინახა, ჯერ თავის საყვარელს ამოეფარა, მერე უცებ წინ გადამიდგა და მითხრა: დიახ გღალატობ, ხომ ყველაფერი შენი თვალით ნახეო. გონება დამეკარგა, კურტკიდან დამალული იარაღი ამოვიღე და პირდაპირ მკერდში ვესროლე, ერთხელ, ორჯერ. ისეთ აფექტში ვიყავი, საკუთარ თავს კონტროლს ვერ ვუწევდი, უცებ ქუჩაში ხმაური და კივილი ატყდა, გონზე ამან მომიყვანა და გავიქეცი. იარაღი ქუჩაში მოვისროლე, ასე მეგონა, რომ იმ საშინელებას თავს დავაღწევდი. მეორე დღეს იარაღი მე თვითონ ავიღე იმ ადგილიდან, ეზოში ჩავფალი და პოლიციაში მისვლა მინდოდა, მაგრამ, ძალა არ მეყო.” სისხლის სამართლის საქმე ბადრი გაგნიძის მიმართ განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა, ჩადენილი დანაშაულისთვის მას სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შემამსუბუქებელ გარემოებად მიჩნეულ იქნა მისი წარსული, მცირეწლოვანი შვილები და აფექტური მდგომარეობა, რომელშიც ის ცოლის ღალატის შედეგად იმყოფებოდა.