ოპრა უინფრიმ საკუთარი საკაბელო ტელეარხი აამუშავა
ლაშა გაბელია
ოპრა უინფრიმ საკუთარი
საკაბელო ტელეარხი აამუშავა
სახელგანთქმულმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა ოპრა უინფრიმ გაუშვა თავისი საკუთარი სადღეღამისო საკაბელო ტელეარხი. ტელეარხმა OWN-მა („ოპრა უინფრი ნეთუორქმა“ მაუწყებლობა ერთსაათიანი ანონსით დაიწყო, რომელიც საზოგადოებას თვით უინფრიმ გააცნო. გადაცემებს კი მაყურებლები უახლოეს ხანში ნახავენ.
გადაცემათა სიაში, რომელიც ანონსშია გამოცხადებული, აღნიშნულია ძირითადად გასართობი ხასიათის ტელეშოუები, კერძოდ, ტელეარხზე ნაჩვენები იქნება 25-სერიიანი ექსკლუზიური მასალა ამერიკის შეერთებული შტატების ძალზე პოპულარული „ოპრა უინფრის შოუ“. პროგრამის გამოშვება ეძღვნება 2011 წლის გაზაფხულზე დაგეგმილ თოქ-შოუს დახურვას, რომლის წამყვანი 25 წლის განმავლობაში თავად იყო.
ტელეარხი, რომლის ბიუჯეტი 189 მილიონ დოლარად ფასდება, მისი და „დისქავერის“ ერთობლივი პროექტია.
როგორც ვიცით, ცნობილი ამერიკელი მსახიობი და ტელეწამყვანი, ოპრა უინფრი ერთ-ერთი წარმატებული ქალბატონია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჟურნალმა „ფორბსმა“ იგი 2010 წლის ყველაზე გავლენიან სახელგანთქმულ ქალბატონად გამოაცხადა. მისი ქონება კი დაახლოებით 2,7 მილიარდ დოლარად ფასდება.