აღმოაჩინეს თანამედროვე ადამიანის ყველაზე ადრეული წინაპრის სამარხი
ლაშა გაბელია
ისრაელის არქეოლოგთა ჯგუფმა თანამედროვე ადამიანის ყველაზე ადრეული წინაპრის ნაშთი აღმოაჩინა, რომლის ასაკი დაახლოებით 400 ათას წელს ითვლის. „ჰომო საპიენსის“ აქამდე აღმოჩენილი ჩონჩხის ნაწილები 200 ათასი წლით უფრო ახალგაზრდაა ამ უკანასკნელზე.
გათხრები მიმდინარეობდა თელ-ავივის უნივერსიტეტის სწავლულთა ხელმძღვანელობით ისრაელის ცენტრალური ნაწილის გამოქვაბულში.
მეცნიერთა ვერსიის დასამტკიცებლად აუცილებელია დამატებითი კვლევები. „თუ ჩვენი ვარაუდი გამართლდება, მაშინ ეს საფუძვლიანად შეცვლის დედამიწაზე ევოლუციის სურათს“, – ხაზი გაუსვეს არქეოლოგებმა.
თანამედროვე მეცნიერული თეორიის თანახმად, ადამიანები და ნეანდერტალელები წარმოიშვნენ საერთო წინაპრებისგან, რომლებიც აფრიკაში დაახლოებით 700 000 წლის წინათ ცხოვრობდნენ. მათი ერთი ნაწილი მიგრირებულ იქნა ევროპაში, სწორედ იქ განიცადეს მათ ევოლუცია და ჩამოყალიბდნენ ნეანდერტალელებად, რომლებიც შემდგომში ამოწყდნენ, ხოლო სხვები დარჩნენ აფრიკაში და ევოლუციის შედეგად ჩამოყალიბდნენ „ჰომოსაპიენსებად“. შემდგომში ეს ხალხი სხვადასხვა კონტინენტზე დასახლდა.
კემბრიჯის უნივერსიტეტის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ გაკეთებულ აღმოჩენას დიდი მნიშვნელობა აქვს მეცნიერებისთვის, თუმცა, სკეპტიკურად შეხვდნენ აზრს, რომ ჩონჩხი ნამდვილად „ჰომო საპიენსს“ ეკუთვნის. ისრაელის სამეცნიერო ჯგუფმა კი ოფიციალურად განაცხადა: „ვინაიდან ნაპოვნი კბილები ზომებითა და ფორმით ძალზე ჰგავს თანამედროვე ადამიანის კბილებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ გამოქვაბულ კასემში, სადაც გათხრები 2000 წლიდან ტარდება, ნამდვილად „ჰომო საპიენსის“ სხეულის ნარჩენებია ნაპოვნი“. არქეოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ ამ მტკიცების გასამტკიცებლად იპოვიან თავის ქალას ჩონჩხის სხვა ნაწილებსაც. თუ ეს მოხერხდა, მაშინ შეიძლება, ვთქვათ, რომ კაცობრიობის უძველესი სამშობლო თანამედროვე ისრაელის ტერიტორიაა.