როდის ისწავლა გია ნიკოლაძემ ცოლქმრობა და მიატოვებს თუ არა ის ცოლს
დაინახა, გადაირია, ერთ დღესაც, გაჩერებაზე პაემანი დაუთქვა, მერე ეკლესიაში შეიყვანა და ჯვარი დაიწერა, – ასე უცნაურად მოიყვანა ცოლი გია ნიკოლაძემ. მას შემდეგ ოცი წელი გავიდა. წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს. ბოლო დროს, მძიმე სოციალური პირობების გამო, ცალ-ცალკე ცხოვრება მოუწიათ, თუმცა ერთმანეთისადმი სითბო და სიყვარული არ განელებიათ.
– როგორ გახსენდება ის დღე, როცა ცოლის მოყვანა გადაწყვიტე?
– საბჭოთა კავშირის დროს ბიჭები დავფრინავდით ხან მოსკოვში, ხან – მინსკში. ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, „ვგულაობდით“. ქალები და ეგ ყველაფერი იქ იყო, თუ იყო. ჩვენთან კი – ცოტა მოკრძალებით. მარტო ჩვენს ქალებს კი არა, რუს ქალებსაც პატივს ვცემდით, ცუდს კი არაფერს ვაკეთებდით. ოცდახუთი წლის ვიყავი, რომ დავქორწინდი. კაცმა ამ ასაკში უნდა მოიყვანოს ცოლი, თორემ მერე, მარტოობას თუ მიეჩვია, გაუძნელდება. უკვე ჭკუაში ჩამჯდარი ვიყავი. სტუდენტური დღეები იყო, რაღაცას ვდგამდით და ჩემმა მეგობარმა, გიო შარაძემ, სუხიშვილების მოცეკვავეები მოიყვანა. მათ შორის იყო ჩემი მომავალი მეუღლე, ნატულიკო ჩხაიძე. რომ დავინახე, გავგიჟდი, გადავირიე. ძალიან პატარა იყო 16 წლის. მერე ნატულის მშობლები უცხოეთში წავიდნენ სამუშაოდ და ჯვარი დავიწერეთ. ერთი წელი, სანამ მისი მშობლები არ ჩამოვიდნენ, როგორც ქმარი ცოლს არ მივკარებივარ, მხოლოდ ვკოცნიდი. „ლაითი“ ურთიერთობა გვქონდა, ხელისგულზე ვატარებდი. მშობლები რომ ჩამოვიდნენ, მერე გადმოვიდა ჩემთან საცხოვრებლად. გახსოვს, რომ იტყოდნენ, ცოლი შენ უნდა გაზარდოო? მე რატომ უნდა გავზარდო, მშობელმა უნდა გაზარდოს. საერთოდ, სხვანაირად ვფიქრობ. ბიჭი და გოგო კარგად უნდა მოერგონ ერთმანეთს ყველანაირად და მერე უნდა დაქორწინდნენ.
– ერთი წელიწადი როგორ გაძელი?
– რას ჰქვია, როგორ გავძელი? ყოველდღე ერთად ვიყავით. კაცს უნდა ჰქონდეს „ის“, თორემ „იმას“ კი არ უნდა ებას კაცი. რა თქმა უნდა, ტრადიციებსაც ვითვალისწინებდი და ყველაფერს. სურვილი დიდი იყო, თუმცა მაგ სურვილის დაკმაყოფილების პრობლემაც არ იყო.
– ესე იგი, მისი მშობლების არყოფნით ისარგებლე და ცოლად მოიყვანე. რა იცოდა მაშინ 16 წლის ბავშვმა, რას აკეთებდა, როგორ მოხდა ეს ყველაფერი?
– ერთ მშვენიერ დღეს, დავურეკე და ვკითხე, რას აკეთებ-მეთქი. საქმე მაქვსო. ჩემს ძმაკაცებთან ერთად მანქანით გავუარე. გაჩერებაზე შაქრით ხელში იდგა, ჩავაჯინე და ეკლესიაში წავედით. არ იცოდა, სად მივდიოდით. დაქალი არავინ ახლდა, ამიტომ ჩემი ერთ-ერთი ძმაკაცი გახდა ნატულის მეჯვარე. პატარა გოგო იყო და მენდობოდა, იმიტომ, რომ კარგად ვიქცეოდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ გამომყვებოდა. ისე, კაცს ქალი უნდა ირჩევდეს. ვისთანაც მოუნდება, მივიდეს და უთხრას – მინდა, შენი ცოლი ვიყოო. ქალი იზღუდება, ელოდება, როდის მივა მასთან ვიღაც და ხელს სთხოვს. უფრო მეტი თავისუფლება უნდა იყოს მაგ მხრივ.
– შენ გინდოდა, პირიქით ყოფილიყო, ნატულის აერჩიე ქმრად?
– ყველა კაცს ჰყავს თავისი „თამუნია“, ეგ ჩვეულებრივი ამბავია. უბრალოდ, რაღაცეებს ვმალავთ, ფარული ზმანებებია. სულ ადრე არავინ არაფერს მალავდა, არ ჰქონდათ კომპლექსი. ტანისამოსიც კი არ ეცვათ ადამიანებს, როცა ევა ედემის ბაღიდან გამოვიდა. ეგრე რომ იყოს, რა... დედამიწას და ბუნებას როგორც უნდა! მამალი ფერადია და ცეკვავს, თავს აწონებს, დედალი კი ირჩევს. ყველა კაცმა უნდა მოაწონოს ქალს თავი. მე რას ვაკეთებდი, იცი? ნატულიკოს საღამოობით ფანჯრებთან ვუმღეროდით მე და ჩემი ძმაკაცები. ხან „გინდ მეძინოს“ ვმღეროდით, ხან – „წინწყაროს“.
– ახლაც ცდილობ თავის მოწონებას? ოცი წელი გავიდა, რაც ერთად ხართ და, იქნებ, აღარ მოსწონხარ, რა იცი?
– ცხოვრება ისეთია, რომ ხან ვიჩხუბებთ, ხან მოგვენატრება ერთმანეთი. ჩემი ნატულიკო მიყვარს და ბოლომდე მეყვარება. ცოტა ხნით თუ არ მოშორდი, ვერ ხვდები, რომ ძალიან გიყვარს. ყველა ერთი და იგივე ვართ მაგ გრძნობაში. თუ ვიგინდარა და საზიზღარი არ ხარ, მაშინ არ უნდა შეგეშინდეს პირველი ნაბიჯის გადადგმა – მოდი, შევრიგდეთო. პირადად მე მივსულვარ და ჩავხუტებივარ ჩემს ცოლს. ბოდიშის მოხდა და პატიება არ უნდა გიჭირდეს. შენს თავში უნდა ეძებო დანაშაული. სხვაში რომ იქექები, შენში უნდა მიაძინო ის ეშმაკი, რომელიც რაღაცეებს გაკეთებინებს და მიძინებული ღვთისმშობელიც გაიღვიძებს. ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება. შეიძლება, ვიღაცამ რაღაც გაგიკეთოს ისეთი, რომ მერე რაღაც დაგემართოს, მაგრამ ეს მაინც ეშმაკეულის მგონია და ყურადღებას არ ვაქცევ, თუმცა, ეტყობა, რაღაც მნიშვნელობა მაინც აქვს. დედამიწა ისეა შექმნილი, აქეთ რომ პეპელამ გადმოიფრინოს, იქით მხარეს რაღაც იცვლება. ანდა, ზღაპრებში რომ არის – „ზიმ-ზიმს“ ეტყვის და კლდე იხსნება.
– გქონიათ შემთხვევა, რაღაც მომენტში გიგრძვნიათ, რომ ერთად ცხოვრება აღარ გინდათ და შესაძლებელი იყო, ოჯახი დანგრეულიყო?
– რაც უფრო ვიზრდები, ისე ვარ გამსჭვალული, ვცდილობ, რომ არავინ მივატოვო. მიტოვება საშინელებაა. ეს მას შემდეგ დამემართა, რაც ქართული ზღაპარი – „აი ია“ დავწერე. მანამდე ამაზე არც მიფიქრია. მანამდე მიმიტოვებია რომელია... თავისუფლება უნდა იყოს ურთიერთობებში. მოგენატრება – მიხვალ, მერე სხვა მოგენატრება – მასთან მიხვალ. ახლა, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვარ ამის, მაგრამ, თუ მოვილაპარაკებთ და ბავშვებს ნორმალურად აღვზრდით, მაშინ, შესაძლებელია. კაცი ცხოვრების ბოლოს ხვდება, რა ეწყინა და რა ეამა. ჩემს თავს არ მივცემ იმის უფლებას, ქართველ კაცებს რაღაც ვურჩიო, იმიტომ, რომ მეც მათი ნაწილი ვარ. ყველას თავისი ცხოვრება აქვს. ჩემს ზღაპარში, რომელიც ლექსად მომივიდა, ასე წერია: „აი, რაშია თურმე ღვთიური მრავალი ტრფობით მარადიული, ცხადში კი ყოფა ყოველდღიური, ხორციელი და ამქვეყნიური შეიცავს მხოლოდ თავის წამებას, წართმეულ ნებას, ფარულ ზმანებას“. კუჭიანები და ღვიძლიანები აქ ჩვენს „ზაკონებს“ ვალაგებთ და ეგრე არ არის, ყური უნდა უგდო ბუნებას.
– ზოგი მამაკაცი ოჯახში აუტანელია. შენ როგორი ხარ?
– რა თქმა უნდა, აუტანელი ვარ. ხელოვნებას რომ მიჰყვება კაცი, ასეა. ყველას სჭირს აუტანლობა კაცებსაც და ქალებსაც. ასეთი არ ვიყავი და მერე გავხდი. ჩემს გოგოებს სულ იმას ვეუბნები – მიაქციეთ ყურადღება, ვის ირჩევთ. გამიხარდება, თუ ისეთი კაცი შეგიყვარდათ, რომელსაც ბუნება უყვარს, რომელიც კეთილშობილია და არა ისეთი, რომ წავა, სხვას „აახევს“ და სახლში მოგიტანს. გაიგე, „რაზნიცა“ რაშია? გოგოებს ასეთი ბიჭები რომ მოეწონებათ, მაშინ ყველაფერი დალაგდება. ისე ტრიალებს ცხოვრების მორევი, რომ, შენ თუ არ ჩაჩეხე, თითონ ჩაგარტყამს და ჩაგჩეხავს. ცხონებული ჩემი მეგობარი პაატა სოკოლოვი ჩემზე და ნატულიზე იტყოდა – ბეღურებივით ჟღურტულებთო. ზოგჯერ ასეა, ზოგჯერ ვჯუჯღუნებ. კაცი უფრო მიამიტია, ვიდრე ქალი, იმიტომ, რომ ქალზე ნაკლები ინტუიცია აქვს.
– ქალები ქმრებთან ცოტა მოკრძალებულები არიან, შეიძლება, რაღაც უნდოდეს და ვერ გითხრას. თუ ხვდები ქალის სურვილებს?
– ქალს უნდა სითბო, სინაზე და მოფერება. ნამეტანს ითხოვთ, გენაცვალე. ფულსაც თვითონ იშოვით და ყველაფერსაც. კაცისაგან გულში ჩახუტება და მოფერება აკლიათ. აქ არ არის ლაპარაკი სექსზე. უნდა სჯეროდეს, რომ ვიღაცას უყვარს და, ავად რომ გახდეს, მოუვლის. აბა, დაჯდე და ქმარს ელოდო, როდის რას მოგიტანს, ეგრე არ არის, რა! მართალია, სახლში ვზივარ, მაგრამ რაღაცას მაინც ხომ ვაკეთებ, ვწერ, ვკითხულობ... ადრე ფულს ერქვა ტალანტი და ტალანტი ყველას გვაქვს. ახლა ფული ბატონობს გარეთაც და ოჯახშიც. ადრე კი, იმას სტაფილო ჰქონდა, მე – კომბოსტო და გავცვალეთ.
– უმუშევრად ყოფნა ყველაზე დიდი საშინელებაა. ალბათ, ძალიან განიცდი.
– განვიცდი კი არა და, მრცხვენია, რომ ჩემს ცოლს, ბავშვებს ბევრი მოაკლდათ, მაგრამ რა ვქნა? მეგობრები, დედაჩემი მეხმარებიან. მე, დედაჩემი, ჩემი შვილი თიკა და ჩემი მამობილი ერთად ვცხოვრობთ. ნატული მშობლებთან გადავიდა უმცროს ბავშვთან ერთად. მარტო ნატულის შემოსავალზე ვიყავით ყველა. ფული რომ შემოგველეოდა, მერე დედამისსა და მამამისს სთხოვდა. მოვილაპარაკეთ, რომ იქით ყოფილიყო. მერე დედაჩემს ვთხოვე, აქ გადმოსულიყო რადგან მარტო ვიყავი და საჭმელიც არ მქონდა. კიდევ ცოლს ხომ არ ვთხოვდი ფულს? მიუხედავად ამისა, ჩემსა და ნატულიკოს შორის იგივე სითბო და სიყვარულია, ამით არაფერი შეცვლილა.
ეკა პატარაია