„ფორბსის” რომელი მილიარდერის კლუბში იწყებდა ამერიკულ კარიერას კალათბურთელი ნიკოლოზ ცქიტიშვილი და რომელი მაღალი რუსი ოლიგარქი გახდა NBA-ს მფლობელი
უშანგი რუხაძე
სპორტის პოპულარული სახეობები – ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, ჩოგბურთი – დიდი ხანია, რაც „ფორბსის” მილიარდერთა გართობის ერთ-ერთ საშუალებად იქცა და, თუკი ევროპელი ან აზიელი მილიარდერები ინტერესს წამყვანი ევროპული საფეხბურთო კლუბების მიმართ იჩენენ, ამერიკელი და კანადელი მილიარდერების უმეტესობა კალათბურთით, კერძოდ, NBA-ს კლუბებით არის დაინტერესებული. ამჯერად გთავაზობთ „ფორბსის” მოწინავე მილიარდერების ჩამონათვალს, რომელთა საკუთრებაც პლანეტის ყველაზე ძლიერი საკალათბურთო ლიგის კლუბებია:
მიხაილ პროხოროვი – 13,4 მილიარდი დოლარი – „ნიუ-ჯერსი ნეთსი“
სკანდალური რუსი ოლიგარქი, რომლის კაპიტალი სიდიდით მეორეა რუსეთში მეტალურგიული მაგნატის – ვლადიმირ ლისინის შემდეგ, მიხაილ პროხოროვი, გარდა იმისა, რომ ყველაზე მდიდარი მილიარდერია NBA-ს კლუბების მფლობელთა შორის, იგი, ასევე, ყველაზე მაღალიცაა – მისი სიმაღლე 203 სანტიმეტრია. პროხოროვმა 2009 წლის სექტემბერში გამოთქვა „ნიუ-ჯერსი ნეთსის“ ყიდვის სურვილი და ამჟამად მისი საკუთრებაა კლუბის აქციათა 80 პროცენტი. იგი ასევე ფლობს კლუბის საშინაო დარბაზს „ბარკლი ცენტრის” აქციათა 45 პროცენტს. კლუბის შეძენა კი პროხოროვს, არაოფიციალური მონაცემებით, 250 მილიონი დოლარი დაუჯდა.
პოლ ალენი – 12,7 მილიარდი
დოლარი – „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“
„მაიკროსოფტის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და „ფორბსის” მილიარდერთა 37-ე ნომერმა, პოლალენმა, „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“ ჯერ კიდევ 1988 წელს, ლარი ვაინბერგისგან 70 მილიონ დოლარად შეიძინა. მისივე საკუთრებას წარმოადგენს „ტრეილ ბლეიზერის” საშინაო არენა „როუზ გარდენი”, რომლის მოდერნიზებაზე ალენს არაერთი მილიონი დოლარი აქვს დახარჯული. კლუბის ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება, „ფორბსის” მონაცემებით, 300 მილიონი დოლარია. მილიარდერის განცხადებით, იგი მომავალშიც განაგრძობს კლუბის დაფინანსებას და მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ პერიოდში ორეგონული კლუბი წარმატებებით ვერ დაიკვეხნის, ალენი მაინც გეგმავს მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებას კლუბის ინფრასტრუქტურის დასახვეწად.
ფილიპ ანშუცი – 7 მილიარდი დოლარი – „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“
კანზასელი მილიარდერი ფილიპ ანშუცი „ფორბსის” რეიტინგში 123-ე ადგილზეა, ხოლო მისი „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი” NBA-ს ყველაზე ძვირად ღირებული კლუბია, რომლის ფასი 607 მილიონი ამერიკული დოლარია და სწორედ მისი კლუბის რიგებში ირიცხება ბოლო დროის მსოფლიო კალათბურთის ვარსკვლავი კობი ბრაიანტი.
რიჩარდ დევოსი – 4,3 მილიარდი დოლარი – „ორლანდო მეჯიქი“
ამერიკელი მილიარდერი და მეორე მსოფლიო ომის მონაწილე რიჩარდ დევოსი „ფორბსის” რეიტინგში 176-ე ადგილზე იმყოფება. „ორლანდო მეჯიქი” მან 1991 წელს შეიძინა და მას შემდეგ ამ საკალათბურთო კლუბის ერთპიროვნულ მმართველად ითვლება. სხვადასხვა დროს ამ კლუბის ღირსება დაუცავთ შაკილ ონილს, ტრეისი მაკგრეიდს და პენი ჰარდავეის. მსოფლიო კალათბურთის აღიარებულ ვარსკვლავებს.
მიკი არისონი – 4,1 მილიარდი დოლარი – „მაიამი ჰითი“
ებრაული ფესვების მქონე მილიარდერი მიკი არისონი მსოფლიოში ყველაზე მსხვილი საკრუიზო ოპერატორის – „კარნავალის” მფლობელია. მისი საკუთრებაა ასევე შტატ ფლორიდის საკალათბურთო კლუბი „მაიამი ჰითი”. წლევანდელ სეზონში „მაიამი” ჩემპიონობის ერთ-ერთ უპირველეს პრეტენდენტად ითვლება, რადგან მის რიგებში სუპერ-პოპულარული ლებრონ ჯეიმსი, დუეინ ვეიდი და კრის ბოში ირიცხებიან.
სტენ კროენკე – 2,7 მილიარდი დოლარი – „დენვერ ნაგითსი“
ამერიკელი სტენ კროენკე „ფორბსის” რეიტინგში 342-ა და მისი საკუთრებაა „დენვერ ნაგითსი”, კლუბი, სადაც თავის ამერიკულ კარიერას ქართველი ნიკოლოზ ცქიტიშვილი იწყებდა. გარდა საკალათბურთო კლუბისა, კროენკე სპორტის სხვა სახეობებითაც არის დაინტერესებული, იგი ფლობს ჰოკეის გუნდ „კოლორადი ავალანშს”, ამერიკული ფეხბურთის კლუბ „სენტ ლუის რემზს” და საფეხბურთო კლუბ ლონდონის „არსენალის” აქციებს.
მარკ კუბანი – 2,5 მილიარდი დოლარი – „დალას მავერიქსი“
მილიარდერმა მარკ კუბანმა „დალას მავერიქსი” 2000 წელს 285 მილიონ დოლარად შეიძინა და მანამდე ერთ-ერთი ყველაზე უიღბლო გუნდად მიჩნეული „მავერიქსი” „NBA-ს” ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ გუნდად აქცია. აღსანიშნავია, რომ მარკ კუბანი საკალათბურთო მატჩების დროს ზის, არა ხელმძღვანელობისთვის განკუთვნილ ვიპ-ადგილზე, არამედ ჩვეულებრივ ქომაგებთან ერთად, მოედნის კიდესთან არსებულ ადგილს იკავებს.
გლენ ტეილორი – 2,2 მილიარდი დოლარი – „მინესოტა
ტიმბერვულვზი“
მინესოტის შტატის ყოფილი სენატორი, „ფორბსის” 437-ე პოზიციის მფლობელი მილიარდერთა რეიტინგში გლენ ტეილორი, 1994 წლიდან ფლობს მინეაპოლისურ კლუბს, სადაც ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, სერბი დარკო მილიჩიჩი თამაშობს. „ტიმბერვულვზი“ NBA-ს ერთ-ერთი უსუსტესი გუნდია და ისიც ხშირად მომხდარა, რომ წაგებების გამო უკმაყოფილო გულშემატკივრებს ტეილორი სეზონის აბონემენტში გადახდილ თანხებს უბრუნებს.
მაიკლ ჰეისლი – 1,6 მილიარდი დოლარი – „მემფის გრიზლისი“
ამერიკელმა მეწარმემ და „მემფის გრიზლისის” მფლობელმა 2000 წელს შეიძინა კლუბი, რომელიც იმ დროისთვის კანადურ ვანკუვერში იყო ბაზირებული და დაჰპირდა ქომაგებს, რომ კლუბს ქალაქს დაუტოვებდა, თუმცა, 2001 წელს დაპირება არ შეასრულა და კლუბიც მემფისში გადაბარგდა. 2006 წელს ჰეისლიმ კლუბის აქციების 70 პროცენტის გაყიდვა მოინდომა და 300 მილიონი დოლარი დაადო, თუმცა, უშედეგოდ – არავინ მოისურვა სოლიდური თანხის ჩადება ნაკლებად წარმატებულ კლუბში.
ჰერბერტ სიმონი – 1,25 მილიარდი დოლარი – „ინდიანა პეისერზი“
„ფორბსის” მილიარდერთა 880-ე პოზიციაზე განლაგებულმა ჰერბერტ სიმონმა „ინდიანა პეისერზი” 1983 წელს 11 მილიონ ამერიკულ დოლარად შეიძინა. გარდა კალათბურთის სიყვარულისა, ჰერბერტი იმითაც არის ცნობილი, რომ მისი მეუღლე ყოფილი „მის სამყაროა“ და მასთან მილიარდერს შვიდი შვილი ჰყავს, რომლებიც „ინდიანა პეისერზის” ქომაგებად ითვლებიან.