რა საფრთხეს ქმნის გზის საფარის ცვალებადობა
მევლუდ მელაძე
როდესაც მძღოლები „ჯიპის“ ტიპის ავტომობილს იძენენ, ყოველთვის აწუხებთ შიში. თუ როგორ მართონ ამხელა ავტომობილი და მას ძალიან ფრთხილად ეპყრობიან. არის კატეგორია, რომელიც „ჯიპის“ გამაძლიერებლებს – ხიდებს მისი ექსპლუატაციის პერიოდში საერთოდ არ იყენებს, რადგან მისი დანიშნულება არ იცის. პროფესიონალი მრბოლელი, მევლუდ მელაძე აგვიხსნის, თუ რა სპეციფიკა აქვს „ჯიპის“ მართვას.
მევლუდ მელაძე: თავდაპირველად, აუცილებლად მინდა, აღვნიშნო, რომ ევროპულ ქალაქებთან შედარებით, სადაც უპირატესობას მსუბუქ, კომფორტულ, ქალაქის პირობებთან იდეალურად მორგებულ და ეკონომიურ მანქანებს ანიჭებენ, თბილისში ძალიან ბევრი „ჯიპი“ დადის. „ჯიპის“ მართვას აბსოლუტურად განსხვავებული სპეციფიკა აქვს და სხვა სტილი სჭირდება. თუ მანამდე რაიმე მსუბუქი, წინა ან უკანა წამყვანი თვლებით აღჭურვილი მანქანა გყავდათ, რაღაც პერიოდი მაინც დაგჭირდებათ, იმისთვის, რომ გადაეწყოთ და მას მოერგოთ. გააჩნია იმასაც, თუ რა ტიპის „ჯიპს“ შეიძენთ, რა მახასიათებლები აქვს მას და სხვა.
– სანამ სხვადასხვა „ჯიპთან“ მივალთ, აგვიხსნით, რა განსხვავებაა მსუბუქი მანქანისა და „ჯიპის“ მართვას შორის?
– ძირითადი განსხვავება ისაა, რომ „ჯიპი“ ძალიან ცუდად უხვევს. ამის სამი მიზეზი არსებობს – პირველი ის, რომ მსუბუქ ავტომობილზე გაცილებით დიდია, მეორე – გაცილებით მძიმეა, რაც გვერდულ ინერციას იწვევს, ანუ რომ მიდიხართ ინერცია გვერდით მიგაქანებთ და თან, გადაბრუნებისკენ გიბიძგებთ. მესამე, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია – საბურავები აქვს მაღალი. მაღალ საბურავს აქვს დიდი დიაპაზონი დისკიდან ასფალტამდე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სანამ უხვევთ, დიდი დრო სჭირდება ღერძს, რომ საბურავი გამოიყოლოს. მასის და სიმაღლის გამო მას კიდევ ექმნება პრობლემები. ვთქვათ, მოსახვევში თქვენ კი უხვევთ, მაგრამ ავტომობილი არ გემორჩილებათ, არ უხვევს. მთავარია, თვალი და მოქმედება „ჯიპს“ მიაჩვიოთ და სულ გახსოვდეთ, მას ნაკლები სიჩქარით შეუძლია იმ მოსახვევის გავლა, რომელსაც მსუბუქი მანქანა ჩქარა გადის. რადგან „ჯიპი“ შექმნილია იმისთვის, გზის არათანაბარი საფარი და სხვა ცუდი პირობები იოლად დაძლიოს. მას მაღალი მუშა ბაზა აქვს, ანუ თვლების მაღლა-დაბლა სიარულის მუშა ბაზა – როცა ტალღოვან ზედაპირზე გადახვალთ, ავტომობილი თითქოს შეფრთხიალდება. რაღაც მომენტში, ავტომობილი უკონტროლოც კი ხდება. ამიტომ, ეცადეთ, რომ ჯერ გზის ასეთი მონაკვეთი გაიაროთ და მოხვევა მერე დაიწყოთ.
– როგორ დავძლიოთ გზის საფარის ესა თუ ის სირთულე ანუ, ის, რისთვისაც „ჯიპია“ შექმნილი?
– ამისთვის, მაგალითად, რამდენიმე „ჯიპის“ და ერთი კონკრეტული გზის საფარის მოყვანა მომიწევს. ვთქვათ, გზაზე ვხედავთ, რომ ჩვენს წინ, 15 მეტრზე, ღრმა ტალახიანი მონაკვეთია, კუთხეებში შემშრალებული ადგილებით. მივადექით მას ოთხი სხვადასხვა „ჯიპით“. ერთია „ვრანგლერი“, რომელიც ქვიშაზე სასიარულოდ შეიქმნა და არა „ჯიპად“, მეორე – „პაჯერო”, რომელსაც ძალიან კარგი გამავლობა აქვს, ანუ კარგი „ჯიპია“, მესამე – „ლენდ როვერი“, რომელიც ასევე ძალიან კარგია, როგორც „ჯიპი“ და მეოთხე – „პრადო“. „ვრანგლერის“ შემთხვევაში, რომელსაც დაკიდების სისტემა მოკლე აქვს, ანუ მას არ შეუძლია საბურავი გამოზნიქოს და მოდების ადგილი იპოვოს, სამაგიეროდ, ძალიან ცოტა პლასტმასი აქვს ირგვლივ, საბურავები უფრო განიერია, ვიდრე თვითონ მანქანა. საკმაოდ კარგად არის დაცული ქვემოდან და კარგი სიმძლავრეც აქვს. ეს ნიშნავს, რომ ამ კონკრეტული მონაკვეთის დაძლევა, წინასწარ მაღალი სიჩქარის განვითარებითა და ტალახში შევარდნა-გამოვარდნით შეგვიძლია. ანუ, ის, რაც შეიძლება სწრაფად, ინერციით უნდა გავიაროთ. თუ ჩვენ „პაჯეროთი” ვართ, შეგვიძლია, იგივე მეთოდი გამოვიყენოთ, მაგრამ ამ დროს მისი დაკაწვრა და გარეგანი დაზიანება ძალიან ადვილია. ვინაიდან ის საკმაოდ მოკლეა და საბურავს ძალიან ღრმა მოჭიდება აქვს, ჩვენ შეგვიძლია, რაღაც ინერცია განვავითაროთ და არცთუ ისე დიდი – საშუალო სიჩქარით დავძლიოთ ეს მონაკვეთი. თუ „ლენდ როვერით” ვართ, საქმე იცვლება. მას ყველაზე მძლავრი გამაძლიერებელი აქვს, ეგრეთ წოდებული „რაზადკა” და ამის ხარჯზე, საბურავებზე ძალიან დიდ სიმძლავრეს იყენებს, მაგრამ ნელი სვლით. ამ მანქანას კატეგორიულად არ უყვარს ასეთი ადგილების სწრაფად დაძლევა. მას ასევე ძალიან იოლად შეუძლია ამგვარად სიმაღლისა და საშინლად უსწორმასწორო გზის დაძლევა. „ლენდ როვერს” ძალიან ძლიერი და ნელი პირველი სიჩქარე აქვს და ძალიან გრძელი სვლა – საბურავებს. ანუ, მისი პლუსები სწორად უნდა იქნას გამოყენებული. თუ ჩვენ „პრადო” გვყავს, რომელსაც შედარებით უხეში დაკიდების სისტემა აქვს და იმისდა მიხედვით, თუ რა სიმძლავრისაა ძრავა შეგვიძლია, ამა თუ იმ მონაკვეთის დაძლევა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ შეგვილია ისევე გავიაროთ, როგორც „პაჯერომ”, მაგრამ ოდნავ მეტი ინერციით. „ტოიოტას” შემთხვევაში, დაკიდების სისტემა უფრო ხისტიცაა და ნაკლები სიმაღლისაც. სამაგიეროდ, ის მთლიანობაშია საკმაოდ მაღალი. ამიტომ, ვეცადოთ, ნაპირებზე ვიპოვოთ შემშრალი ადგილები და ცალი მხრით მაინც გადავიაროთ იქ. ანუ, მისი სიმაღლე იძლევა იმის საშუალებას, რომ გზის აწეულ-დაწეულმა ნაპირებმა არ შეგვაშინოს.
– რაც შეეხება ხიდებისა და გამაძლიერებლების ჩართვას.
– ყველა ავტომობილში ეს ძალიან ინდივიდუალურადაა. მსგავსი სისტემები თანამედროვე ავტომობილებში უკვე ღილაკებზეა, მაგრამ „ჯიპში“ ისევ მექანიკურად ხდება ეს ყველაფერი. თუ „ლენდ როვერ დეფენდერი” გყავთ, რომელსაც ყველაფრის ბლოკირება შეუძლია და იმის ხარჯზე, რომ ყველა საბურავი ერთდროულად ბრუნავს, ძალიან მაღალი გამავლობა აქვს, ასეთი გზის საფარის დასაძლევად, ხიდები კონკრეტულად იმ მონაკვეთთან უნდა ჩართოთ. თუ მას ასფალტირებულ გზაზე გამოიყენებთ, ბლოკირების გამო ავტომობილი ძალიან ნელა ივლის, რადგან ოთხივე საბურავს ერთდროულად მიაჩოჩებს. საერთოდ, როდესაც გამაძლიერებლების ჩართვას აპირებთ, ავტომობილი გააჩერეთ, რადგან დაძრულ ავტომობილზე ამ მოწყობილობებს გადართვა უჭირს, როგორც იდეალურადაც არ უნდა იყოს ავტომატიზებული სალონში ყველაფერი, კოლოფში მაინც მექანიკური გადართვები ხდება.