რამ ჩააგდო შოკში ნინო ჩხეიძე და რა აღმაფრენა აქვს სიყვარულში გიგი დედალამაზიშვილს
სალომე გველესიანი
ჯგუფი „მგზავრები” და ნინო ჩხეიძე ეროვნული ჰიტ-აღლუმების უცვლელი ლიდერები არიან. სწორედ ისინი ქმნიან ერთგვარ შოუ-ბიზნესს დავარქმევთ ამას თუ ესტრადას. მათი ყოველი მომდევნო სიმღერა „განწირულია” პოპულარობისა და ჰიტობისთვის. ამის შეგრძნება, ალბათ, ორივესთვის ძალიან სასიამოვნოა.
ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ნინო ჩხეიძე
– გიგი, კიდევ ერთხელ გილოცავ შობა-ახალ წელს შენც და მთელ საქართველოს! მოდი, ასე დავიწყოთ, როგორ გაატარე ახალი წელი?
– ასევე, ყველას ვულოცავ შობა-ახალ წელს! ერთ-ერთი პირველი იყავი თავისუფლების მოედანზე გამართულ კონცერტზე, ვინც იქ ვნახე და ახალი წელი მივულოცე. ქუჩაში ვიყავით ორივე და ვუმღეროდით ჩვენს საყვარელ ხალხს. კონცერტის შემდეგ ბევრი აღარ გვიბოდიალია. უკრაინიდან სტუმრები გვყავდა და ყველანი ერთად გადავედით „ტრიუმფში”. ჩვენი ფართი იყო. უბრალოდ, მივედით და რამდენიც გვინდოდა, იმდენი დავუკარით, ყველანაირი ვალდებულების გარეშე. დამეზარა ახალ წელს „წოწიალი”.
– მხოლოდ მეგობრები იყავით?
– თითქმის. სხვათა შორის, ძალიან გვიან, სადღაც 26 დეკემბერს გადავწყვიტეთ რაღაც მსგავსის გაკეთება. ყველაფერმა კარგად ჩაიარა იმის ფონზე, რომ მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო გვქონდა.
– ბედობას რა დაგებედა?
– დამებედა ზუგდიდი, სადაც ასევე, ერთად ვიყავით (იცინიან). საკმაოდ კარგი კონცერტი იყო, მომეწონა.
– კი, მეც ძალიან მომეწონა. საერთოდ, თუ გრძნობ, რომ თბილისზე მეტად სითბოსა და სიყვარულს რეგიონებში გამოხატავენ?
– გეთანხმები. ძალიან კარგი მაყურებელია თბილისშიც, თბილი, ენერგიული, თუ დაიხარჯე, ბოლომდე მოგყვება, მაგრამ რაიონებში, როგორც ჩანს, უფრო მონატრებულები არიან კონცერტებს. იშვიათად გვხედავენ და ალბათ, ამიტომაც გამოხატავენ სიყვარულს უფრო მეტად. სამწუხაროდ, ხშირად ვერ ჩავდივართ და სიამოვნებით მივცემდი ამას ბევრად უფრო ინტენსიურ ხასიათს.
– როგორ შეაფასებ გასულ წელს, როგორც პირადი, ისე შემოქმედებითი თვალსაზრისით?
– მართლა კმაყოფილი ვარ 2010 წლით, სტაბილური, საინტერესო წელი იყო. წლის დასაწყისშივე იყო „ოცნების ქალაქი”, მერე – კონცერტი ფილარმონიაში. გვქონდა დიდი კონცერტები რაიონებში. 2010 წელს თითქმის მთელი საქართველო კონცერტებით შემოვიარეთ. 2011 წლისგანაც ასევე ძალიან ბევრს ველოდები, თუ მეტი არა, ნაკლები მაინც არ მინდა იყოს. ვნახოთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის.
– და პირად ცხოვრებაში?
– პირადი... პირადი სულ ერთნაირია, პრინციპში. ნორმალურად კარგი – ასე შევაფასებდი. დიდად კი არ მომწონს ეს საშუალო მდგომარეობა, მაგრამ ასეა. ამ წელს იყო ბევრი აღმაფრენაც. აღმაფრენები სულ არის, მაგრამ რას იზამ, ცხოვრებაა და მალე ისევ ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდები. ხან ზევით ხარ, ხან ქვევით – ამაში გასაკვირი არაფერია.
– გუშინ (ინტერვიუ ჩაწერილია 5 იანვარს, – ავტორი). საზოგადოებას და შენს გულშემატკივრებს ახალ ამპლუაში მოევლინე. შენ და ანუკი ქორქია ლოტოს გათამაშების ახალი წამყვანები ხართ. როგორ შეაფასებ ამ ამპლუას?
– აუ, მართლა ვერაფერს შევაფასებ, რადგან სიგიჟემდე ვნერვიულობდი. ეს ყოფილა ყველაზე რთული საქმე დედამიწაზე. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მომეჩვენა. შეიძლება, რომელიმე წამყვანი სცენაზე რომ დააყენო და ამღერო, ისიც არანაკლებ ინერვიულებს, მაგრამ მაინც, საშინელება ყოფილა პირდაპირი ეთერი. ვინერვიულე და ალბათ, ამ ნერვიულობამაც შემიშალა ხელი. მაგრამ, აქედანაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ გადაცემაზე მუშაობს. ასევე, ანი ქორქიას, რომელიც მართლა ძალიან დამეხმარა. საერთოდ, რომ არ დავიბენი და რაღაცეები რომ არ დამავიწყდა, მისი დამსახურებაა.
– რიცხვები ხომ თქვი, რაც მთავარია?!
– კი, რიცხვები ვთქვი. ჯეკპოტს რომ მოიგებენ ჩემი ხელიდან, ეს იქნება ყველაზე სასიამოვნო შეგრძნება.
– კარგი, ისევ ახალ წელს დავუბრუნდეთ. თოვლის ბაბუის დიდხანს გჯეროდა?
– არა, რა თოვლის ბაბუა. როგორი რთული ბავშვობა მქონდა, იცი?! რა თოვლის ბაბუა – „პაკრიშკებს” ვწვავდით და გზებს ვკეტავდით შუქი ჩაგვირთეთო. ყველაზე მთავარი მოვლენა, მეცხრე ბლოკი იყო (იცინიან). ერთადერთი, ახალი წელი იმიტომ მიხაროდა, რომ შუქს გვირთავდნენ ორი დღე და ფილმებს გვაჩვენებდნენ – „ადინ დომა” და „ადინ დომა 2-ს”.
– ზუსტად მახსოვს ეს პერიოდი. ისიც მახსოვს ახალ წელს „სიგუა ნამცხვარს“ რომ ვაკეთებდით, შეშის „ფეჩზე” ან წითელ „კერასინკაზე”. რატომ ერქვა იმ ნამცხვარს „სიგუა“ არ მახსოვს. ის კი მახსოვს, ჩაის ფერით და ფქვილით რომ ვაკეთებდი.
– აუ, ყველა როგორი ბედნიერი იყო, ტელევიზორის ყურება რომ შეეძლოთ.
– აკუმულატორზე ტელევიზორი არ გქონდათ? ჩვენ გვქონდა, მაგრამ დღის განმავლობაში არ ვრთავდით, ვიზოგავდით ენერგიას. მერე, რვა საათიდან ვრთავდით იმიტომ, რომ სერიალისთვის გვეყურებინა. „იზაურა”, „პროსტა მარია”, „ხუანი“, რა ვიცი, ყველა სერიალი მაქვს ნანახი (იცინიან). მაგრამ, ბავშვობა ხომ იმით არის გადასარევი, რომ ყველაფერი გიხარია. ვგიჟდებოდი, ჩემთან, შეშის „ფეჩზე“ მეზობლები რომ იკრიბებოდნენ, უგემრიელეს ყავას ვსვამდით და ვჭორაობდით. ახლა რომ იმ პერიოდში დამაბრუნო, მართლა გავაფრენ.
– ახალი წელი იყო ნულოვანი ფაზიდან გამოყვანილი დენით. სკოლაში ხელთათმანებით დავდიოდით და რა ვიცი, რა აღარ ხდებოდა. ჩვენ კი მაინც გვიხაროდა. მერე „დვიჟოკი” ვიყიდეთ და ეს იყო ყველაზე დიდი ბედნიერება. საბჭოთა პერიოდიდან რაღაცეები მახსოვს – ცენტრალური გათბობა, „ატაპლენია” და რუსული კინოები.
– ანუ, თოვლის ბაბუსგან საჩუქარი არ გახსოვს?
– როგორ არა, შუქი მოიყვანა და ტელევიზორში „ადინ დომა” გაუშვა (იცინიან).
– შენ თუ ყოფილხარ ვინმესთვის თოვლის ბაბუ?
– კი, რა თქმა უნდა. მივსულვარ ახალ წელს, საჩუქრებიც გამიკეთებია, მაგრამ არა თოვლის ბაბუის ფორმაში. შეიძლება ვიღაცა ძალიან გამიხარებია, ვიღაც ნაკლებად. საერთოდ, სიურპრიზების კეთება ძალიან მიყვარს, მაგრამ ვიყავი თუ არა იმ წუთში მაინცდამაინც „მისთვის” თოვლის ბაბუ, არ ვიცი. ისე, ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა გაგვიკეთეს ახალ წელს სიურპრიზი – ძალიან დიდი ვიდეო გააკეთეს ჩვენზე და „ტრიუმფში” გაუშვეს. მაგრად გამიხარდა, ძალიან თბილი და კარგი ვიდეო იყო.
– სად გიყვარს ახალი წლის გატარება?
– ახალი წელი ყველაზე კარგი მაინც ოჯახშია. ბოლო ორი წელი სახლში ვეღარ შევხვდი და ეს მაწუხებს. სახლში, ჩემს ოჯახთან ერთად, უბედნიერესი ვიქნებოდი. შეიძლება, სადმე ვიყოთ, ყველანი ერთად, მთელი ოჯახი, მაგრამ მაინც, ახალი წელი სახლში ყოფნის დღე მგონია. შარშან ლენტეხში ვიყავი, იქ იყო კონცერტი და მართლა ძალიან მაგარი დრო გავატარეთ. იქაურებიც გავახარეთ და ჩვენც ვისიამოვნეთ.
– უახლოესი გეგმები რა გაქვთ?
– ალბომის გაკეთება გვინდა, სადაც ძველი და ახალი სიმღერებიც შევა. ერთი დიდი კონცერტის გაკეთებასაც ვაპირებთ კიდევ და ვნახოთ, რა გამოვა.
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია გიგი დედალამაზიშვილი
– მოდი, ჯერ მითხარი სიმღერა როგორ დაიწყე, მე არ ვიცი ამის შესახებ.
– ბავშვობიდან ვმღეროდი, ვმღეროდი, ვმღეროდი და აჰა... (იცინიან). თუ უფრო ვრცლად გაინტერესებს, სულ პატარა ვიყავი, როცა პიონერთა სასახლეში ციცინო ციცქიშვილთან და შურა ჯანელიძესთან მიმიყვანეს. ამის შემდეგ ჩემი პედაგოგი მაცაცო სებისკვერაძე იყო, სწორედ იქიდან უკვე ვფიქრობდი სცენაზე გასვლას. ძალიან მინდოდა, სიმღერა ჩამეწერა, ამაზე ვოცნებობდი და სწორედ მაცაცომ დამიწერა სიმღერა – „ჩემი გული შენია”, რომელზეც დათუნა გერსამიამ გადაიღო კლიპი. ამის შემდეგ უკვე ვმღეროდი უნივერსიტეტში, ახლანდელ „ქართულ ხმებთან” ერთად. ვაჟა აზარაშვილის სიმღერა „ქალაუ” იმ პერიოდში ჩვენთვის ძალიან წარმატებული იყო.
– ეს იყო პირველი წარმატება?
– კი, მაგრამ არა ძალიან მასშტაბური. ამის შემდეგ გურამ ბზვანელის სიმღერა ჩავწერე დათო კიკაბიძესთან ერთად. მოკლედ, ვწვალობდი და ვწვალობდი, სანამ არ ვიმღერე „წაღვერი და თბილისი”, რომელმაც მართლა მაგრძნობინა, რას ნიშნავს პოპულარობა.
– და რით იგრძენი, რომ პოპულარული იყო. პირველი რაც მოხდა, ის მაინტერესებს.
– როცა დამირეკეს ერთ-ერთი ტელევიზიის ცნობილი გადაცემიდან და ჩემზე ვრცელი სიუჟეტი გააკეთეს. ეს იყო ჩემთვის ნამდვილი შოკი, სიხარულისგან დავფრინავდი, მეცხრე ცაზე ვიყავი. ზუსტად ამ გადაცემის მერე დაიწყო სასიამოვნო საგიჟეთი. წამოვიდა და წამოვიდა ჟურნალები, გაზეთები, რადიო და ტელეგადაცემები.
– მართალია, საახალწლო კონცერტზეც და ზუგდიდშიც შევხვდით, მაგრამ მაინც მინდა მიამბო, როგორ გაატარე ახალი წელი?
– სხვათა შორის, კონცერტის შემდეგ აღარსად წავსულვარ და საერთოდ, პირველად შევხვდი ახალ წელს ქუჩაში. ტრადიცია მქონდა, რომელსაც არ ვარღვევდი, ახალ წელს ყოველთვის სახლში ვხვდებოდი და თუ კონცერტი იყო, მერე გავდიოდი. ამჯერად, ასე არ მოხერხდა. ძალიან დავიბენი უცებ ყვირილი რომ დაიწყეს – მოდის, მოდისო. ათი წუთით ადრე ვულოცავდით ყველა ერთმანეთს, რომ თორმეტი საათის დადგომა არ გამოგვპარვოდა.
– ანუ, დაიჭირე ახალი წელი.
– კი, დავიჭირე რომელია (იცინიან). ჩემი გამოსვლის შემდეგ, მე და ჩემი მეუღლე სახლში მივედით, სადაც ჩვენს შვილთან ერთად თოვლის ბაბუს მოტანილი საჩუქრები განვიხილეთ.
– მერე იყო ყველაფერი, რაც წერილში მისწერა?
– კი. გასულ წელს გადასარევად მოიქცა და თოვლის ბაბუამაც შესაბამისად დაასაჩუქრა (იცინიან). სიმართლე გითხრა, მეც ვგიჟდები თოვლის ბაბუებზე.
– და შენ რა გაჩუქა?
– გაგიკვირდება და არაფერი უჩუქებია. თოვლის ბაბუამ დამაფინანსა და მითხრა, თავად აირჩიე საჩუქარიო.
– ეტყობა, ცუდად მოიქეცი.
– არა, პირიქით. მგონი, ზედმეტად კარგად მოვიქეცი და გავახარე.
– მართლა, როდემდე გჯეროდა თოვლის ბაბუის?
– დღემდე მჯერა, მართლა. მაინცდამაინც ის ხომ არ არის, ციდან მარხილით თეთრწვერა მოხუცი მოვიდეს... სასწაულების მჯერა და იმისაც, რომ, თუ ძალიან გინდა, ის აუცილებლად შეგისრულდება. სათანადო სურვილი უნდა გქონდეს და ზუსტად იცოდე, გინდა თუ არა. ხანდახან გისრულდება და მერე ხვდები, რომ არც ისე ძალიან გდომებია ეს ყველაფერი. როგორც ბავშვებს უნდათ რაღაც სათამაშო და ერთ დღეში ბეზრდებათ, იგივე გვემართება, ალბათ, დიდებსაც. ცხოვრებაა ასეთი.
– შენ თუ გაუკეთე ვინმეს საჩუქარი?
– კი, ჩემს მეგობრებს. ნელ-ნელა აღმოვაჩინე, რომ ვბერდები. ადრე შემეძლო ჩემთვის უამრავი რაღაცა მეყიდა, ფული საერთოდ არ მენანებოდა. ახლა პირიქით ვარ. მირჩევნია, ჩემს ახლობლებს ვუყიდო რაღაცეები და გავახარო, ვიდრე ჩემთვის შევიძინო ახალი ფეხსაცმელი. საჩუქრების კეთება უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ჩემთვის ფულის დახარჯვა, რაღაც მენანება. სასიამოვნო პროცესია ვინმესთვის სიხარულის მინიჭება.
– გაიხსენე უცნაური ახალი წელი.
– არ ვიცი, რამდენად უცნაურია, მაგრამ ერთი ახალი წელი მახსენდება, როდესაც მამაჩემმა იჩხუბა და ყველა ცუდ ხასიათზე ვიყავით. მამაჩემი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს მეკვლეობას. გადის თორმეტის შემდეგ და კანფეტებით დატვირთული შემოდის, ყველა გაღიმებული უნდა დახვდეს და იქნება ბედნიერი წელი. იმ წელს თორმეტი საათისთვის მე, ჩემი ძმა და მამაჩემი გარეთ გავედით, დარაზმულები ვართ, სავსე „ხლაპუშკებით”. გავისროლეთ შუშხუნები და ჩემს ძმას ხელი დაეწვა. მაშინ პატარა იყო. ზუსტად იმ დროს, როცა მამაჩემს სახლში მარჯვენა ფეხი უნდა შეედგა, ჰკრა ჩემმა ძმამ ხელი და აღრიალებული შევარდა სახლში (იცინიან). მერე ატყდა უბედურება. საშინლად იჩხუბა მამაჩემმა.
– მერე იყო ის წელი „კუჩხი ბედინერივით”?
– არ მახსოვს, პატარა ვიყავი და ასეთ რაღაცეებს არ ვაკვირდებოდი, არ მაინტერესებდა. თან, მაშინ გაჭირვების პერიოდი იყო, ყველა დაქცეულები ვიყავით და მთლად ჩემი ძმის ბრალი არ იქნებოდა (იცინიან). „სიგუას ნამცხვრები“ და სერიალები ტელევიზორში – ეს იყო სულ, რაც შეიძლებოდა, ახალ წელს მომხდარიყო. დედა, რა სევდიანი ინტერვიუ გამოგვივიდა ამ ახალ წელს?!
– არა, მგონი, პირიქით. რამე საოცნებო ადგილი თუ გაქვს, ახალი წლის შესახვედრად?
– არა. მარტო ის მინდა, ახალი წელი შენსავით, ყოველთვის სახლში, ჩემს ოჯახის წევრებთან ერთად გავატარო. წელს რომ არ ვიყავი, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სახლი მივატოვე. ასეთ ამბავს აღარასდროს დავუშვებ.
– სუფრები, ქეიფი და დალევა მომდევნო დღეებში მაინც ხომ იყო?
– სხვათა შორის, არა. ახლა დავფიქრდი, რომ რაღაც დასალევი სიტუაცია არ ყოფილა. ახალ წლამდე ერთი თვით ადრე, სულ საახალწლო გადაღებები იყო, მერე გალა-კონცერტისთვის მზადება. ახლა ახალი წლის შემდგომი კონცერტებია და დასალევად, რაღაც ვეღარ მოვიცალე.
– სოლო კონცერტზე არ ფიქრობ?
– არა. ახლა გამოვუშვი ჩემი მეშვიდე ალბომი და ღვინო. ორივეს აუცილებლად გამოგიგზავნი საჩუქრად. მაგრამ, კონცერტს ჯერ თავს ვერ მოვაბამ, ძალიან დიდი ფინანსები სჭირდება. „მგზავრების” ჯგუფია, სცენაზე ბევრი ადამიანი მუშაობს და ეს უკვე ძალიან საინტერესოა. ამიტომაც იყო თქვენი კონცერტი ძალიან მაგარი. მე მარტო ვარ, მჭირდება ბექ-ვოკალი, მოცეკვავეები, ბენდი, დეკორაციები... ეს ყველაფერი კი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
– 2010 წლის ნამუშევრის მოსავალს უკვე იღებ?
– კი. გადასარევი წელი იყო. გამოვუშვი ალბომი, ღვინო და გავხდი წამყვანი რადიოში. ახლა კვირაობით, მე და დათო არჩვაძეს ძალიან თბილი გადაცემა მიგვყავს, სადაც ვიწვევთ სტუმარს და გიტარის თანხლებით, რაც მოგვაფიქრდება, იმას ვმღერით. სულ ვამბობ, მთავარია, ვიყოთ ჯანმრთელები და იყოს მშვიდობა. დანარჩენი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ეს უკვე ძალიან დიდი სტიმულია.