პირით სუნთქვა ანთებით პროცესებს იწვევს
ნონა დათეშიძე
ადამიანის სასუნთქი ორგანოები ისეა მოწყობილი, რომ შეგვიძლია პირით და ცხვირით ერთნაირად ვისუნთქოთ, მაგრამ თუ ცხვირით სუნთქვა ჯანმრთელობის მანიშნებელია, ზოგიერთის ცუდი ჩვევა – პირით სუნთქვა, ხშირად ორგანიზმის დასუსტებისა და არაერთი დაავადების წარმოშობის მიზეზი ხდება.
უფრო მეტიც, სისტემატურად პირით სუნთქვა ადამიანის ორგანიზმის ნაადრევ დაბერებასაც კი იწვევს. პირით სუნთქვისას, უმეტეს შემთხვევაში, გაუარესებულია ფილტვების ფუნქცია და შემცირებულია ორგანიზმში პროსტაციკლინის ჰორმონის გამომუშავება, რომელიც სისხლის კოლტებს შლის და სისხლძარღვებს აფართოვებს, რაც ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას.
ცხვირის გავლით ჰაერი თბება, ტენიანდება და მტვრისგან იწმინდება. პირით სუნთქვის შემთხვევაში კი ცივ და მშრალ ჰაერთან ერთად, პირდაპირ ფილტვებში ხვდება მთელი რიგი მავნე ნივთიერებები, რაც ხშირად ანთებით პროცესებს იწვევს.