კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იწვევს ხშირად მშობლის სიმკაცრე ბავშვის მატყუარად ჩამოყალიბებას და რა მნიშვნელობა აქვს კანონმორჩილების ტრადიციას







ქეთი დიდებულიძე

კაცობრიობის ისტორია მრავალ დახვეწილ თაღლითსა და მატყუარას იცნობს. ზოგიერთი, მათი საქმიანობის მიუხედავად, ქალბატონებსა და საერთოდ საზოგადოებაში სიმპათიასა და მოწონებასაც კი იმსახურებდა. ამან ასახვა კლასიკურ ლიტერატურაშიც ჰპოვა. რასთან არის ადამიანის მატყუარად ჩამოყალიბება დაკავშირებული, გამართლებულია თუ არა ყოველთვის სიმართლის თქმა და მოქმედებს თუ არა გენეტიკური ფაქტორი, ამის შესახებ ფსიქოლოგი ლია ჩხიკვიშვილი გვესაუბრება.

– მინდა გკითხოთ, ქალბატონო ლია, ეთნოფსიქიკაზე თუა ეს დამოკიდებული?

– ტყუილისა და თაღლითობის ფენომენი, როგორც ასეთი, კონკრეტული ეთნოსის ფსიქიკასთან პირდაპირ კავშირში არ არის. ასეთი კავშირის ძიებაც არაკორექტულია. საერთოდ, ყველა რელიგია უარყოფს და ეწინააღმდეგება ყოველგვარ თაღლითობას, სიცრუეს, ძალადობას, მაგრამ საზღვრები იმისა, რა არის მისაღები და რა მიუღებელი, რა თქმა უნდა, სხვადასხვაგვარია და ეს არის იმის ნაწილი, რასაც მენტალურ სხვაობას ვუწოდებთ. მაგალითად, კავკასიაში ძველად ცხენის ქურდობა ვაჟკაცობად ითვლებოდა და გარკვეულწილად ეს გავლენას ახდენდა შემდგომში, ათწლეულების განმავლობაში ამ რეგიონის მოსახლეობის მენტალიტეტზე. მიუხედავად იმისა, რომ „ნემსის ქურდი და აქლემის ქურდი ორივე ქურდია“, ჩვენში წიგნის მოპარვა არ ითვლება ქურდობად. „წიგნის ქურდი ქურდი არ არისო“, – ამბობენ, მაგრამ მე პირადად, ეს დიდ სირცხვილად და ცოდვად მიმაჩნია. საერთოდ, საზღვრები მისაღებსა და მიუღებელს შორის განსხვავდება სხვადასხვა წეს-ჩვეულებისა და ზნე-ჩვეულების შესაბამისად. რაც შეეხება სიცრუის დაფიქსირებას პიროვნულ დონეზე, ფსიქოლოგიაში ცნობილია ტესტები, სადაც შეტანილია კითხვები, რომლითაც არკვევენ, გულწრფელია თუ არა რესპონდენტის პასუხი. ამ კითხვებს უკვე აქვს სტანდარტული პასუხები, რომელსაც გულწრფელობის შემთხვევაში, უნდა დაემთხვეს გამოკითხულის პასუხიც. მეტი სიცხადისთვის მაგალითს მოვიყვან. ერთი შეკითხვა ეხება იმას, დაუგვიანია თუ არა ოდესმე სადმე რესპონდენტს. შეუძლებელია, ადამიანს ერთხელ მაინც არ დააგვიანდეს სადმე. სიტყვა „ყოველთვის“ აქ აღნიშნავს აბსოლუტს. ქართველი ამ კითხვაზე, როგორც წესი, გულწრფელად პასუხობს, ვინაიდან საქართველოში დაგვიანება მაინცდამაინც ცუდ ტონად არ ითვლება. აი, ევროპელმა შეიძლება, იცრუოს, შერცხვეს აღიარება, რომ დაუგვიანია. მეორე შეკითხვაზეც: „ყოველთვის ასრულებთ თუ არა დანაპირებს, მაშინაც კი, როდესაც ეს თქვენთვის არ არის სასურველი“, ქართველი გასცემს დადებით პასუხს, მაგრამ ვერ ამჩნევს, რომ ეს პასუხი წინააღმდეგობაში მოდის წინა კითხვასთან. ეს იმის შედეგია, რომ არსებობს რაღაც ზოგადი შეხედულება იდეალური ქართველის შესახებ, რომელიც რაინდია და სიტყვის პატრონი. ასევე არსებობს წარმოდგენები იდეალური ფრანგის, გერმანელისა და ასე შემდეგ შესახებ, – გარკვეული სტერეოტიპები, რომლებიც, როგორც თვითაღქმაზე, ისე სხვების აღქმაზეც ახდენს გავლენას. მათი წყალობით, პატარ-პატარა ტყუილებიც არსებობს.

– პირობითია ეს დაყოფა, მაგრამ არსებობს შეხედულება, რომ სამხრეთისა და ჩრდილოეთის ხალხები ერთმანეთისგან პატიოსნებით, პასუხისმგებლობის გრძნობით განსხვავდებიან.

– მე ასე არ ვიტყოდი. არ მგონია, ამაზე სერიოზული კვლევა იყოს ჩატარებული. ასეთი სხვაობა, თუ ის არსებობს, უფრო სახელმწიფოს ისტორიაზეა დამოკიდებული. იქ, სადაც ადრე ჩამოყალიბდა სახელმწიფოებრიობა და კანონმორჩილების უფრო დიდი ტრადიციაა, ბუნებრივია, ამ საკითხთან მიმართებაში უფრო მეტად წესიერები და პედანტურები არიან. ჩინეთში, მაგალითად, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მოქმედებდა კანონი, რომლის ძალითაც, თუკი ადამიანს ვალები ჰქონდა, ის ავტომატურად ოჯახიანად სახელმწიფო ყმა ხდებოდა და მთელი მისი ქონება ვალების გადახდას ეწირებოდა. ბუნებრივია, ასეთ მკაცრ გარემოში გაზრდილ ხალხს სხვა დამოკიდებულება აქვს კანონთან და უფრო ემორჩილება მას. შესაბამისად, იქ, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები უფრო სუსტი და მორყეულია, ადამიანებს მათ მიმართ ნაკლები პატივისცემა აქვთ. იქ სხვა ტიპის რეგულაცია ჩნდება, მაგალითად, მთაში ასეთ ფუნქციას ასრულებდა ადათი, მაგრამ ასეთი რეგულაცია იყო თუ არა გაზიარებული, ეს უკვე დამოკიდებული გახლდათ კონკრეტულ პირობებზე.

მე ვერც ერთ ერს ვერ ვაკადრებ, რომ მისთვის დამახასიათებელი თვისებაა ტყუილი და ღალატი, ანდა თაღლითობა. ზოგადად, ხომ ვამბობთ, შვედი და იტალიელი ერთმანეთისგან განსხვავდება ტემპერამენტით, ჩვეულებებით, მენტალიტეტით. მაგრამ, იარლიყების მიწებება, განსაკუთრებით ზნეობის საკითხში – არაკორექტულია. წარმოიდგინეთ, ვიღაცამ რაღაც ამგვარი წაიკითხოს და შემდეგ ექსპერტის კომპეტენტური ტონით სისულელეები ილაპარაკოს. არ მიყვარს სტერეოტიპები და კლიშეები. ამ საკითხს სჭირდება სერიოზული კვლევა, ჩაღრმავება. საერთოდ, მენტალობის კვლევა ძალიან რთული საქმეა, ეს ფენომენი მრავალშრიანი და მოუხელთებელია. თითქოს ხედავ, რომ რაღაც კონკრეტული არსებობს, მაგრამ სანდო და ერთგვაროვანი პასუხების პოვნა რთული მისაღწევია.

– აღზრდას რა მნიშვნელობა აქვს?

– აი, აღზრდასთან კი არის პირდაპირ კავშირში. ყველაზე მეტად ეს აღზრდაზეა დამოკიდებული. ჩვენ, ყველანი, ზოგადად ვასწავლით ბავშვს, რომ ტყუილის თქმა ცუდია. ვსჯით, როდესაც ჩვენ გვატყუებს, მაგრამ ამავე დროს ვეუბნებით, უპასუხოს ტელეფონზე, რომ „დედიკო შინ არ არის“. ბავშვი იბნევა ასეთი ორმაგი სტანდარტებით. ბავშვობაში ყველას აქვს კონფლიქტი ამ საკითხის გამო, რადგან ბავშვი ბუნებით ალალია და სიმართლის თქმა მისთვის ბუნებრივია, მაგრამ, მას ასწავლიან, რომ რაღაცაზე თვალი უნდა დახუჭოს, რაღაცაზე გაჩუმდეს, რაღაცაზე უარი თქვას და რაღაცაზე იცრუოს კიდეც. ასე რომ, ბავშვის ზრდასრულად ჩამოყალიბების პროცესში, რასაც ფსიქოლოგიაში სოციალიზაციას ვუწოდებთ, ის, გაგეცინებათ და, სწავლობს ტყუილის თქმის წესებს უფრო მეტად, ვიდრე სიმართლეს. ამის მერე არ უნდა გვიკვირდეს, რომ საზოგადოებაში ამდენი პრობლემა იქმნება ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით.

– სიმკაცრე თუ უწყობს ხელს ტყუილს?

– რასაკვირველია, თუ მშობელი ბავშვს თრგუნავს და მეტისმეტად მკაცრად ექცევა, ბავშვი უფრო ხშირად იტყუება. მე ამის პრობლემა არასოდეს მქონია, ძალიან ბედნიერი ვარ ამით.

– ხომ არ ფიქრობთ, რომ ჰოლივუდიც და ზოგიერთი ლიტერატურული ნაწარმოებიც, ცდილობს, თაღლითობის, კრიმინალის რომანტიზაციას?

– ჩემი აზრით, ეს ხდება იმ კულტურაში, სადაც გარემო მაქსიმალურად მოწესრიგებულია და როგორც ჩვენ გვასწავლიდნენ, ორგანიზებულია „ბურჟუაზიული“ მორალური კანონების მიხედვით. აი, ამ სტატიკის, სიხისტის დასარღვევად რაღაც საპირისპირო აზრის შეთავაზებას ცდილობენ – რომ ადამიანი შეიძლება იყოს თაღლითი, მაგრამ არ იყოს ცალსახად ცუდი. იქ – ის ცალსახაც ცუდია, მაგრამ როდესაც ასეთ რამეს უყურებენ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტებიც და მორალური სტანდარტებიც სუსტია, ამას შესაძლოა, სხვა შედეგი მოჰყვეს. ასე რომ, ამ ფილმებს თავისი მიზნობრივი აუდიტორია ჰყავს. ზოგადად, როდესაც საზოგადოებაში ცხოვრების მაღალი სტანდარტებია, მოწონებულია ფული, მატერიალური კეთილდღეობა, მაგრამ არ არის მკაცრი ნორმები, თუ რა გზით შეიძლება ამ კეთილდღეობის მიღწევა, იქმნება საფუძველი ყველანაირი კრიმინალისთვის, მათ შორის, თაღლითობისთვის, რომელიც ასევე, კრიმინალის ერთ-ერთი ფორმაა. კეთილდღეობის მიღწევის გზები უნდა იყოს განსაზღვრული. ჩვენ თოთხმეტი წელიწადი სრულ ანარქიაში ვცხოვრობდით და ყველა იპარავდა: ზოგი – შუქს, ზოგი – გაზს, ზოგი – ფულს. ამას წინათ ჩემმა სტუდენტმა გოგონამ განმაცვიფრა: „რა მოხდა, რა დიდი უბედურება ქრთამის აღებაა, თუკი არც რომელიმე მხარე დაზარალდება და არც საქმეო“. გესმით, რასთან გვაქვს საქმე? იმ ასაკში, როცა ადამიანი ყველაზე რომანტიკული, ემოციური, მგზნებარე და იდეალებისთვის მებრძოლია, ასეთი „პრაგმატიზმი“ ნამდვილად გასაკვირია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ოჯახს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ამ ნარჩენებისგან აზროვნების გათავისუფლებას დრო სჭირდება.

– გენეტიკა?

– არავითარი გენეტიკა, შეიძლება, ამინომჟავა კარგი იყოს ან ცუდი? ქცევა იქმნება დასწავლით. მთავარია მაგალითი, უნდა „ივარჯიშო“ სიკეთეში.

– შესაძლოა, ტყუილი კეთილ მიზანს ემსახურებოდეს? ძალიან ცნობილი მონაკვეთი რომ მოვიხმოთ ჰიუგოს რომანიდან...

– ო, ეს ცოტა არ იყოს, რთული თემაა, სიმართლე და აბსოლუტური ჭეშმარიტება – აბსოლუტური სიკეთეა თითქოს, მაგრამ მეორე მხრივ, არსებობს ფაქიზი თემებიც: პატარა ბავშვს ხომ არ „ვახარებთ“ იმ ჭეშმარიტებას, რომ ამქვეყნად ყველა მოკვდავია, მათ შორის მისი ოჯახის წევრები და ახლობლებიც? ან შეიძლება, მომაკვდავს უთხრა, რომ მას 48 საათი დარჩა და მოკვდება მალე? ეს, ცხადია, უტრირებული მაგალითია, მაგრამ ყოველ ასეთ კონკრეტულ შემთხვევას თავისი მიდგომა აქვს. თუმცა, მიმაჩნია, რომ ონკოდაავადებულს აქვს უფლება, იცოდეს საკუთარი დიაგნოზი. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ გაურკვევლობა და დაძაბულობა მის ფსიქიკას და აქედან გამომდინარე, ორგანიზმსაც უფრო ანგრევს და მეორე, მას უფლება აქვს ამის მიხედვით დაგეგმოს საკუთარი ცხოვრება, შეებრძოლოს დაავადებას.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება, არის აყვანილი შვილისთვის ამ ამბის დამალვის წესი. ჩვენი კულტურა არაა მიჩვეული იმას, რომ ბავშვს ეს უნდა გაუმხილო. თითქოს რა მოხდა, სიკეთეს სჩადიხარ, კრიმინალს ხომ არა? სიყვარულით იქცევი – იშვილებ, გაზრდი, საკუთარ სისხლად და ხორცად მიგაჩნია... დამალვა მშობლისთვისაც სტრესია და თანაც ეს საბაბს აძლევს ბოროტ ენებს, ჭორიკნებს განხეთქილება შეიტანონ ურთიერთობაში. თუ ბავშვი ამას შემთხვევით იგებს, უფრო მწვავე პროტესტის გრძნობა უჩნდება, იწყებს მშობლების ძებნას, ეს უარესია.

– მატყუარების რაიმე სახის ტიპოლოგია თუ არსებობს?

– როგორ არა, არსებობს შემთხვევითი, ხშირი, ჩვეულებრივი მატყუარა და პროფესიონალი ავანტიურისტი. შემთხვევითი და ხშირი ისე იტყუება, რომ ეტყობა ტყუილი. აი, მაღალი ხელოვნების მატყუარა კი, ისე არაჩვეულებრივად იტყუება, რომ ვერც მიხვდები. მაგრამ, ეს გარკვეული პათოლოგიაა, როცა ადამიანს სჭირდება პარალელური სამყარო, ესე იგი, მას გარკვეული პრობლემა აქვს.

– გადაცემა „მაფიის ღამე“ თუ გინახავთ? რას ფიქრობთ, ის ხომ მთლიანად ტყუილზეა აგებული?

– არ მომწონს, იქ საკმაოდ მძიმე ტყუილის ფასად ხდება გამარჯვების მოპოვება.


скачать dle 11.3