რა დამღუპველი ძალა აქვს დედის წყევლას და როდის ხდება ის ჯადოქრებისა და შემლოცველების მიმდევარი
ნათია უტიაშვილი
ადამიანის ცხოვრებას ორი მხარე აქვს: ერთი შინაგანი, უხილავი, სულიერი თვისებების შემადგენლობით: აზრი, ფიქრი, განზრახვა, სურვილი, მიდრეკილება და მეორე – გარეგანი, ხილული, რომელსაც განეკუთვნება ლაპარაკი, მოძრაობა და ასე შემდეგ.
მამა გიორგი (თევდორაშვილი) ნარიყალის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი: ადამიანის ნებისმიერი საქციელი მის შინაგან თვისებაზეა დამოკიდებული. თუკი მას ნამდვილად გონიერი, სათნო და სიკეთის მოყვარე სული აქვს, ეს მის ყოველ ნაბიჯში გამოჩნდება: გამოხედვაში, სიარულში, ხმაში, ღიმილში, საუბარსა და სხვებისადმი დამოკიდებულებაში. ასეთ სულში ყველაფერს კეთილსახიერი შეხედულება აქვს და ის გონებას კეტავს ბოროტი და სამარცხვინო ზრახვებისთვის. ჩვენი ცხოვრება წინ, უკეთესობისკენ რომ მიდიოდეს, უნდა ვიზრუნოთ გულის კულტურის ამაღლებაზე, რაც გულისხმობს ადამიანში ადამიანურობის გამოვლენას – ის არა მხოლოდ სიკეთის, სილამაზის მატარებელია, რომლითაც დაგვაჯილდოვა შემოქმედმა, არამედ ამ მარადიული ღირებულებების მთესველიც არის. „კაცის საქმენიც ისეთივეა, როგორიც მისი სულიერი თვისებები“ (გაბრიელ ეპისკოპოსი). „გულის სიწმიდე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მადლია“ (უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე).
– მამაო, რა არის მაინც ადამიანის ყველაზე დიდი ნიჭი?
– ყველაზე დიდი ნიჭი და სამკაული ადამიანისა არის სიყვარული. თუ ღმერთმა ადამის ცოდვილნი შვილნი შეიყვარა ისე, რომ ჩვენ გამო დადო თავი, ჩვენ მით უმეტეს, გვმართებს მოყვასის სიყვარული, მიუხედავად მისი ღირსებებისა და ნაკლოვანებებისა. მოყვასისადმი ჩვენს სიყვარულს თავის საზომი აქვს: ეს არის ჩვენივე თავი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოყვასი გვიყვარდეს ისე, რომ მისთვის გვემეტებოდეს ყველაფერი, რაც ჩვენთვის გვინდა. მას ისე უნდა მოვექცეთ, როგორც გვსურს, რომ ჩვენ სხვები გვექცეოდნენ. თუ ასე ვიცხოვრობთ, შევძლებთ საკუთარი „მე“ გარდავქმნათ სხვის სიყვარულად, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველი ადამიანი ღვთაებრივი სიყვარულის ნაყოფია. სიყვარულის გამოვლენა, მოყვასის შეყვარება ყველა ადამიანს არ შეუძლია, რადგან ისინი ხშირად ცოდვით დამძიმებულები კარგავენ სულიწმიდისგან მოვლენილ ამ ნიჭს და გული სიძულვილით ევსებათ. ნებისმიერი ადამიანისთვის სიხარულია, როდესაც მას მეგობარი ჰყავს. ეს ერთგვარი მოვალეობაც არის, მაგრამ ადამიანს, მოყვასი, მეგობარი ჭეშმარიტად რომ უყვარდეს, ამისთვის მას უნდა ჰქონდეს ამაღლებული, მოსიყვარულე, მტკიცე სული. უნდა შეეძლოს სხვისთვის ბევრი რამის პატიება, მოთმენა, ბევრი რამის დავიწყება. ცხოვრება ისე არ არის მოწყობილი, რომ ადამიანი არ ჩავარდეს კონფლიქტურ სიტუაციებში – ვინმე აწყენინებს, თავადაც აწყენინებს სხვას, მაგრამ უნდა შეძლოს მოთმინებაც, შენდობაც და სხვისი გატანაც, გვერდში დგომა. ერთმანეთისკენ სავალ გზებზე მხოლოდ სიყვარული უნდა იყოს, რადგან თითოეულ ადამიანში ჩადებულია არა მხოლოდ შესაძლებლობა, არამედ მოთხოვნილებაც ერთმანეთის სიყვარულისა. შერიგება – ეს არის არწივის ფრთები, რომელსაც შეუძლია ადამიანის სული კლდის მწვერვალზე აიყვანოს, მაგრამ ჩვენი სიამაყე – ეს არის საშინელი ჯაჭვი, რომელიც ბორკავს ჩვენს სულს, მძიმედ ადევს გულს და გვიშლის ხელს შერიგებისას. ადამიანმა ეს უნდა დაძლიოს და უნდა შეძლოს, როგორც შერიგება, ასევე სხვა ადამიანისთვის გულწრფელად მიტევება. „აღიარეთ ერთმანეთის წინაშე თქვენი ცოდვები და ილოცეთ ურთიერთის გამო, რათა განიკურნოთ, ვინაიდან ბევრი რამ ძალუძს მართლის გულმოდგინე ლოცვას“ (იაკობ. 5.16). არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის პირიდან ამოსულ სიტყვას დიდი ძალა აქვს. ამიტომაც, გვეუბნებიან წმიდა მამები „შეიწყნარეთ ნერგი სიტყვისა“.
– მამაო, როგორ უნდა მოუფრთხილდეს ადამიანი მის მიერ წარმოთქმულ ყოველ სიტყვას, განსაკუთრებით სხვების მიმართ ნათქვამს?
– ადამიანს არ აქვს უფლება ყველა ამხილოს. მხილება მაშინ უნდა მოხდეს, როცა გვაქვს ჭეშმარიტი სიყვარული და სიბრალული ცოდვაში მყოფის მიმართ. დღეს კი ყველაფერი პირიქით ხდება და სხვისი დაცემა კი არ გვწყინს, არამედ გვიხარია. ერთმანეთში გვაქვს არეული ცოდვა, სათნოება, განკითხვა და მხილება. იმისთვის, რომ სხვა ვამხილოთ, თავად უნდა ვიყოთ თავმდაბლები, სათნოებათა აღმსრულებელნი. რაც მთავარია, ადამიანის შეფასებისას არ უნდა ვიყოთ ძალიან მკაცრნი, რადგან უფალი გვეუბნება, რა საზომითაც განიკითხავთ, იმავე საზომით განიკითხებითო. არასდროს უნდა გავრისხდეთ, როდესაც პირიქით ჩვენ გვამხილებენ. ბიბლია გვასწავლის: თუ ამხელ უგუნურს, შეიძენ მტერს, ამხილე ბრძენი და შეიძენ მეგობარსო. თუ გვინდა, რომ მრისხანების ცოდვას შევებრძოლოთ, მაშინ უნდა ვიყოთ თავმდაბლები, ყოველგვარ წყენას, გულისწყრომას თავმდაბლობით შევხვდეთ, სიმშვიდითა და სიმდაბლით მივიღოთ. წმიდა იოანე კიბისაღმწერელი გვირჩევს: „უპირველეს ყოვლისა, როცა ჩვენს გულში დუღს ცოდვა, არ არის საჭირო მასზე ლაპარაკი. აუცილებელია, მისი თავიდანვე მოშთობა“. თუკი სულიწმიდა არის სიმშვიდე გულისა, ხოლო მრისხანება – აღშფოთება გულისა, არაფერი ისე არ დააბრკოლებს ჩვენს არსებაში სულიწმიდის დამკვიდრებას, როგორც მრისხანება. მრისხანების დროს მამები გვირჩევენ, გავიხსენოთ მათი ღირსებები, ვისაც ვურისხდებით, გავიხსენოთ ჩვენს მიმართ მათი კეთილგანწყობა, მათ მიერ ჩადენილი კეთილი საქმეები. რაც მთავარია, უნდა გავიხსენოთ საკუთარი ცოდვები და მაშინ ჩვენი მრისხანებაც დაცხრება. წმიდა მამები გვირჩევენ, ვიდრე რამეს ვიტყოდეთ, რამდენჯერმე გონებაში წარმოვთქვათ ლოცვა და თუ მაინც ვერ შევძლებთ გაჩუმებას, დაცხრომას მრისხანებისა, მაშინ რამდენჯერმე გავიმეოროთ იესოს ლოცვა გულში და მხოლოდ ამის შემდეგ ვუპასუხოთ ადამიანს. მრისხანებაზე გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ენის დამორჩილებას ნიშნავს. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია ადამიანს, შეებრძოლოს საკუთარ თავში დაბუდებულ მრისხანე აზრებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველ უგუნურად წარმოთქმულ და მით უმეტეს, უხამს სიტყვას, მოჰყვება ცუდი შედეგები. ეს სიტყვა შემდგომში იქცევა საქმედ. ბილწად მოუბარი ადამიანი თავის ირგვლივ ბილწავს თავის ჰაერსაც, რომელიც გაჟღენთილია მწარე ვნებებითა და ჯოჯოხეთის სიმყრალით. ჭეშმარიტი სულიერი ადამიანი მიახლოებისთანავე შეიგრძნობს ამ სიმყრალეს და განჭვრეტს ამ სიბილწეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბილწ სიტყვათა მთქმელი გარკვეულწილად ხდება ჯადოქრების, გრძნეულების, შემლოცველებისა და მოგების საქმის მიმდევარი. უფრო მეტიც – ის გადაიქცევა ჩვენს სამყაროში სატანური ენერგიის გამტარ არხად. სატანამ წააქეზა ადამიანები, რომ მათ გამოეგონათ ყველანაირი ბილწსიტყვაობის, უხამსი გამონათქვამებისა და სიტყვათშეთანხმების მთელი ლექსიკონი, რომელიც მთელ მსოფლიოში ქმნის ბილწ სისტემას და ბილწ სიტყვათა სრული და მდიდარი კავშირია. ადამიანებს არაფერი აქვთ სიტყვაზე მეტად პატიოსანი და გასაფრთხილებელი. ენით გამოთქმული ხომ გონების მსახურია. რაც სურს ადამიანს, სწორედ იმას გამოხატავს სიტყვით. ამიტომ, ყოველი ადამიანის ბუნება, მისი პირიდან ამომავალი სიტყვებით შეიცნობა: „ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა. იმიტომ, რომ არც ეკალზე კრეფენ ლეღვს და არც ნარისგან მოთვლიან ყურძენს. კეთილ კაცს თავისი გულის საუნჯიდან გამოაქვს კეთილი სიტყვა, ბოროტ კაცს თავისი გულის ბოროტი სალაროდან ამოაქვს ბოროტი, რადგან გულის სისავსისგან მეტყველებს მისი ბაგე“. სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს, მას ადამიანის მოკვლაც და გაცოცხლებაც, ცხოვრების ხალისის დაბრუნებაც შეუძლია. „სიტყვა „მაპატიე“ არის უდიდესი საიდუმლო. როცა ჩვენ მივუტევებთ ადამიანს, ჩვენს გულში, სულში ვგრძნობთ სიმშვიდეს, ბედნიერებას. აპატიო იმას, ვინც გაწყენინა – ამაზე დიდი სიკეთე, სათნოება და ბედნიერება არ არსებობს ამ ქვეყანაზე. რაც უფრო უსამართლოდ და მკაცრად მოგეპყრობიან, მით უფრო წრფელად და ღრმად უნდა შევუნდოთ, რათა უფრო მაღალი და ნათელი იყოს ჩვენი სიხარული“ (უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე).
ის, რომ სიტყვას დიდი ძალა აქვს, ამის ასახსნელად მინდა ერთი მაგალითი მოგიყვანოთ. იმედია, ამას კარგად წაიკითხავენ და გაითვალისწინებენ ის დედები, წყევლა, რომ უყვართ თუნდაც, საკუთარი შვილებისა. დეკანოზი პეტრე პოლიდოროვის მონათხრობიდან: „ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელიც ჩემი მრევლის წევრი იყო, თავისი დიდი მწუხარების შესახებ მაუწყა და მთხოვა, მისთვის რჩევითა და ლოცვით დახმარება გამეწია. მიზეზი კი ასეთი იყო: „მე ორი შვილი მყავდა, – დაიწყო ქალმა, – 12 წლის ასული და 3 წლის ვაჟი. ერთხელ ჩემი გოგონა მეზობელთან რაღაც ნივთის სათხოვნელად გავგზავნე, ის კი ქუჩაში თავის თანატოლ გოგონებთან თამაშში გაერთო და ამის გამო მოსვლა შეაგვიანდა. ამან მოთმინება ისე დამაკარგვინა, განრისხებულმა დავწყევლე, არც გადარჩენილხარ-მეთქი; იმავე დღეს მოულოდნელად ჩემი გოგონა ავად გახდა და მალევე გარდაიცვალა. თავზარდაცემულმა შვილის ცხედარი, როგორც წესი იყო განვბანე და ქალაქში გამგზავრება დავაპირე, რათა დასაფლავებისთვის საჭირო ნივთები შემეძინა. ამ დროს ჩემმა სამი წლის ბიჭუნამ ტირილი დაიწყო და მთხოვა, ისიც თან წამეყვანა. მე უარი ვუთხარი. მან კიდევ მოუმატა ტირილს. ისედაც ჭირში მყოფს, გონება დამიბნელდა, მრისხანება კვლავ ვერ დავძლიე და მოთმინებადაკარგულმა ბავშვს დავუყვირე: თავი დამანებე! ჭირსაც წაუღიხარ! – და ამ სიტყვებით კარი მოვიჯახუნე. ატირებული ბიჭუნა სახლში უპატრონოდ დავტოვე და ქალაქში წავედი. როდესაც სახლში დავბრუნდი, ბავშვი ავად დამხვდა. რამდენიმე დღეში ისიც გარდაიცვალა. ახლა კი ბიჭუნა ყოველღამე მესიზმრება და მეუბნება: დედა, რატომ მომკალი. მეტი აღარ შემიძლია. არც დღისით და არც ღამით მოსვენება აღარ მაქვს. მასწავლეთ, მამაო, როგორ მოვიქცე“. მგლოვიარე დედა შესაბამისად დავმოძღვრე, რათა მას სამომავლოდ სიტყვის წარმოთქმისას დიდი სიფრთხილე გამოეჩინა და ეპიტიმია დავაკისრე. რაც შეეხებოდა მის შვილებს, ვურჩიე, რომ ორმოცი დღის განმავლობაში მათ სახელზე კვეთისას სეფისკვერი შეეგზავნა, რათა პატარების სულებს შვება მისცემოდათ, რომლებიც, როგორც თავად ქალი ფიქრობდა, წყევლის გამო დაიღუპნენ. დამწუხრებულმა დედამ ჩემი რჩევა გაითვალისწინა და ყველაფერი ისე აღასრულა, როგორც მე ვურჩიე. რამდენიმე ხნის შემდეგ მან მითხრა, რომ როგორც დედა, უდიდეს ტკივილს განიცდიდა შვილების დაღუპვის გამო, თუმცა მისი ვაჟი ძილში უკვე აღარ ეცხადებოდა“.