კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა წესების დაცვა უწევს პარიზში ქრისტინე ძიძიგურს და რამ დააშინა ის







ნათია უტიაშვილი

მშვენიერი ქრისტინე ძიძიგურისთვის გასული, 2010 წელი საკმაოდ წარმატებული იყო. მან პარიზის პრესტიჟულ სამოდელო სააგენტოსთან გააფორმა კონტრაქტი და ამ ხნის განმავლობაში ბევრი საინტერესო გადაღება და სამუშაოც ჰქონდა. თბილისში ჩამოსული ქრისტინეც საკმაოდ აქტიურად მონაწილეობდა ჩვენებებში, ფოტოგადაღებებში.

ქრისტინე ძიძიგური: დავამთავრე უნივერსიტეტი, ბაკალავრიატი. შეიძლება ითქვას, თავი მოვიკალი და უკვე ავიღე დიპლომი. „ერისიონის“ ვარსკვლავის გახსნაში მივიღე მონაწილეობა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ისტორიული მოვლენის მონაწილე გავხდი. ასევე, ვმონაწილეობდი „ჯორჯიან ფეშენ ვიქში“ და ახლა უკვე პარიზში ვაგრძელებ საქმიანობას. ძალიან მიხარია, როდესაც საქართველოში ვარ და ჩემი ქვეყნის, ქართველი დიზაინერების ჩვენებაში ვიღებ მონაწილეობას. ეს ჩემთვის, გარკვეულწილად, პატივიც არის. პარიზის სააგენტო ყველაფერში მიწყობს ხელს. უბრალოდ, არის დრო, როდესაც საჭიროა და აუცილებელი, იქ იყო ან პირიქით – თბილისში.

– როგორც ვიცი, სხვადასხვა ქვეყნიდან გქონდა სამუშაოსთან დაკავშირებით მიწვევები?

– იყო ბევრი შემოთავაზება. როდესაც სადმე მიდიხარ, ეს შენთვის იგივე საფეხური არ უნდა იყოს, ცოტათი მაღლა უნდა ახვიდე. ამიტომ, ჩემს სააგენტოში გადაწყდა, რომ პარიზში დავრჩე და იქ ვიმუშაო. ბევრი რამ არ არის ჩემზე დამოკიდებული. ჩემი სააგენტო იღებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს. ექვსთვიანი ვიზა მაქვს და არ ვიცი, ზუსტად რამდენ ხანს დავრჩები.

– ჩემი აზრით, საკმაოდ წარმატებული წელი გქონდა.

– 2010 წელი ძალიან წარმატებული გამოდგა. საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში ისე ხდება, რომ ბევრი ცუდი რაღაც ერთმანეთს მიეწყობა. სამაგიეროდ, მერე უკვე ბევრი კარგია და ეს უკვე სასიამოვნოა. როდესაც ცუდი რამ ხდება, იმედს არასდროს ვკარგავ. სერიოზული არაფერი მომხდარა, უბრალოდ, ცუდი – ერთ ეტაპზე გაჩერებაა, როდესაც ყოველი დღე ჩემს განვითარებას, გაზრდას არ ხმარდება. მერე ამაზე მეშლება ნერვები, არ მსიამოვნებს და როდესაც საკუთარ თავს წინსვლას ვერ ვატყობ – ესაა ჩამთვის ცუდი პერიოდი. სამაგიეროდ, მთელი დღეები რომ გადარბენაზე ვარ – ეს უკვე ძალიან კარგი პერიოდია. ამიტომ, როცა ცუდი პერიოდი მაქვს, უფრო ბევრს ვშრომობ, რომ მერე დიდხანს გაგრძელდეს კარგი დრო.

– გიყვარს ცვლილებები?

– ცვლილებების მოყვარული ვარ და სულ ვცდილობ, მეტი და მეტი, კარგი და კარგი შევმატო ჩემს თავს. რადიკალური ცვლილებებიც მიყვარს. თუმცა, ამ დროს ბევრს ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღო, რომ ასეთი ცვლილება ნაყოფიერი იყოს. ყველაზე მეტად იმის მეშინია, რაღაც არასწორად არ გავაკეთო, შეცდომა არ დავუშვა. ამიტომ, საღი გონებით ვუდგები. სხვებსაც ვეკითხები რჩევებს.

– გიყვარს ზოგჯერ გადაწყვეტილებების სპონტანურად მიღება?

– სპონტანურადაც ვწყვეტ, მაგრამ ხანდახან მაქვს პერიოდი, როდესაც ძალიან ბევრს ვფიქრობ.

– ყოველთვის გაწონასწორებული, მშვიდი ხარ?

– ბევრს უთქვამს და მეც შემიმჩნევია, რომ ძალიან მშვიდი ნერვები მაქვს. ნერვები რომ რამემ მომიშალოს, ამაღელვოს, ძალიან იმოქმედოს ემოციური თვალსაზრისით – არა. ყველაფერს – ცუდს და კარგს ჩვეულებრივ ვიღებ, თან ოპტიმისტი ვარ. ჩემთვის იმედი ბოლოს არ კვდება. როცა რაღაც ისე ვერ არის, იმედი და მუშაობა ერთად ყველაფერში მეხმარება – ეს ჩემი ფორმულაა.

– ალბათ, ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შეგხვდა.

– ადამიანი, რაც უფრო წინ მიიწევს, მას უფრო მეტი წინააღმდეგობა ხვდება. ეს მას უფრო აძლიერებს და მუყაითს ხდის. გონიერი ადამიანი, რომელსაც არ ეშინია წინააღმდეგობის, ამ დროს უფრო მეტად ძლიერდება და იზრდება. ამიტომ, ცხოვრებაში წინააღმდეგობები აუცილებელია. პარიზში ჩემს საქმეში ისეთი კონკურენციაა, ვერ წარმოიდგენ. მახსოვს, ერთხელ ქასთინგზე სამასამდე გოგონა იყო და მთელი დღე გაგრძელდა, არ იცი, იქ რა ხდებოდა.

– რა უნდა გააკეთო, რომ სამასი გოგონადან სწორედ შენ აგირჩიონ?

– პარიზში მთელი მსოფლიოდან არიან ძალიან ლამაზი გარეგნობის გოგონები. მაგრამ, როდესაც ქასთინგზე მიდიხარ, იქ მთავარია შენი პროფესიონალიზმი, ფოტოგენურობა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია – კომუნიკაბელური ხარ თუ არა. ფრანგული უნდა იცოდე – ეს პირველი პლუსია. ასევე, ჭკვიანისა და პროფესიონალის შთაბეჭდილება უნდა დატოვო. იქ მარტო სილამაზე არ არის საკმარისი. ისინი ეძებენ ლამაზს, ჭკვიანს. ფოტოზე ყოველთვის აღიქმება გოგონას რა აქვს თვალებში. თოჯინასავით ცარიელი თვალები, არავის მოსწონს. „იდეინიც“ უნდა იყოს მოდელი, რომ ფოტოგრაფთან ერთად ისე იმუშაოს – საქმე შედგეს. პატარა შეცდომა და უკვე ჩამოვარდნილი ხარ. იქ შენ გარდა, კიდევ ბევრია.

– ამ ყველაფრისთვის, ალბათ, ძალიან მყარი ნერვებია საჭირო.

– სანამ წავიდოდი, მეც ვფიქრობდი – რა ჯობია პარიზში მუშაობას, იქ იყო და მეტი რაღა გინდა. მაგრამ, მთლად ასე არ არის. თუ იქ ხარ, თავის გატანაც კარგად უნად შეგეძლოს, თორემ როგორც წახვალ, ისე წამოხვალ უკან. ჩემი მშვიდი ნერვები იქ უფრო მყარია, რაც უნდა მითხრან, საერთოდ არ მოქმედებს. გოგონები ერთმანეთს ისეთ რაღაცეებს ეუბნებიან და უკეთებენ, რომ ვერ წარმოიდგენ. მე ხომ რომელიმეს საუბარს არ ავყვები? რა თქმა უნდა, არა. თან, „ნაგლად“ არავინ მოვა და არაფერს გეტყვის, მაგრამ გაგრძნობინებს. მე ეს არც წამაქცევს და ქასთინგის წინ განწყობასაც ვერ შემიცვლის. ჩემთვის ასეთი ადამიანის სიტყვა არაფერს ნიშნავს. ჩემთვის მნიშვნელოვანია იმის აზრი, ვისთანაც ქასთინგი მაქვს. თორემ გოგონები ერთმანეთს ისეთ რაღაცეებს უკეთებენ... თუმცა ცდილობენ, ყველაფერი კულტურულად გააკეთონ, მაგრამ მაინც არ გამოსდით. მოდელები, ძირითადად, არ მეგობრობენ ერთმანეთთან. კონკურენციაა და ერთგული ადამიანის პოვნა ძნელია, მაგრამ – შესაძლებელი. მთავარია, საკუთარ თავს დაეხმარო, ფსიქოლოგიურად გაუძლო, გაიზარდო და პროფესიონალად ჩამოყალიბდე. იქ შენგან ძალიან ბევრს ითხოვენ, იმაზე მეტი უკვე არ შეიძლება. შენც უნდა დაამტკიცო, რომ ძალიან მაგარი ხარ, რადგან იმას ირჩევენ, ვინც ყველაზე მაგარია.

– შენ ეს უკვე გამოგდის.

– ასე თუ ისე, ჩემს სააგენტოსაც მოსწონს ჩემი მუშაობა. ვერ ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით, მაგრამ წინსვლა მაქვს. თან, თუ ჩასული ხარ, უნდა გაეცნო, ფეხი აუწყო იქაურ ცხოვრებას. იქ ყველაფერზე გაკვირდებიან. პარიზში იმდენი წესია, უნდა დაიცვა, ვინც უნდა იყო, როგორი წარმატებულიც, არ აქვს მნიშვნელობა – ძალიან მომთხოვნი და კრიტიკული ქალაქია.

– ახლახან დადგა ახალი წელი. ჯერ კიდევ გრძელდება საახალწლო განწყობა.

– ძალიან კარგად მახსოვს ის ახალი წელი, მალაიზიაში რომ შევხვდი სილამაზის კონკურსზე. 31 იანვარს იყო ფინალი, ძალიან კარგად აღვნიშნეთ გოგონებმა, „ავთერ ფართიმაც“ კარგად ჩაიარა. მიყვარს ახალი წელი და ყოველთვის ოჯახთან, მეგობრებთან ერთად კარგად ვერთობი. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მის მიმართ განსაკუთრებული განწყობა მაქვს. უბრალოდ, ახალი წელი ჩემთვის ახალ ნაბიჯებთან, ახალ წარმატებებთან, სიახლეებთან, ოჯახის წინსვლასთან არის დაკავშირებული. ყოველთვის ვხვდები ოჯახის წევრებთან ერთად და მერე მთელი ღამე მეგობრებთან ვერთობი. ხან ბაკურიანში მივდივართ. მიყვარს თხილამურებით სრიალი. ერთხელ ძლივს გადავრჩი და ისე დავშინდი, ალბათ, რამდენიმე ხანი ვეღარ დავდგები. თხილამურები შემხვდა ახალი და ძალიან ალესილი. ისე მივქროდი, ხალხი მეკითხებოდა – რა არის, საკუთარი თავი არ გიყვარსო? ვერ ვჩერდებოდი, მეგონა, რაღაცას გადავაფრინდებოდი, გადავრჩი.

– თოვლის ბაბუას მოაქვს საჩუქრები?

– ანუ, ჩემს მშობლებს? ბავშვობაში მახსოვს, დეიდამ ჩამომიტანა ამერიკული ბარბი. ძალიან ბევრი კაბა ჰქონდა, თავისი ოთახი. არ იცი, რა მჭირდა, გავგიჟდი. ახალ წელს მოხდა ეს და ისეთი ბედნიერი ვიყავი... ჩაცმას არ ვაქცევ ყურადღებას, თუმცა, ახალ წელს ყოველთვის გაპრანჭული ვარ. წელს თბილისში „რობერტო კავალის“ მაღაზიაში ერთი კაბა ვიყიდე და ახალ წელს ჩავიცვი.


скачать dle 11.3