ინტიმური საუბრები
მინდა, ჩემი სიხარული და ბედნიერება მთელ საქართველოს გავაგებინო
ამჯერად მეორედ ვწერ წერილს თქვენს რუბრიკას. პირველად, დაახლოებით, ერთი წლის წინ მოგწერეთ. მაშინ ჩემზე უბედური ადამიანი დედამიწაზე არ მეგულებოდა, რადგან ჩემმა შეყვარებულმა სწორედ ახალი წლის წინ მიმატოვა. ეს ისე მძიმედ გადავიტანე, კინაღამ მართლა შევეწირე. მეუბნებოდნენ, დრო გავა და დაგავიწყდება. გამოჩნდება ვინმე კარგი ბიჭი, რომელიც შეგიყვარებს და შეგიყვარდებაო. მაგრამ, მე ის ისე ძალიან მიყვარდა, რამდენი წელიც არ უნდა გასულიყო, მაინც ვერ დავივიწყებდი, უფრო სწორად, ვერ გადავიყვარებდი.
ერთი წელი ისე გავიდა, ბიჭისთვის ზედ არ შემიხედავს. მყავდა თაყვანისმცემლები, მაგრამ, ახლოს არავის ვიკარებდი. ფლირტის დონეზეც კი არ მაინტერესებდა ვინმესთან ურთიერთობა. ერთი დაქალი მეუბნებოდა, შენს ადგილას რომ ვიყო, ასე კი არ გავიუბედურებდი თავს, მის ჯინაზე კარგად ვიგულავებდი და გულზე გავხეთქავდიო. მაგრამ, მე ხომ მის დასანახავად არ ვიყავი ასე. ზოგჯერ მეც მინდოდა, გამოვსულიყავი მდგომარეობიდან, მაგრამ, არაფერი გამომდიოდა. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ შეურაცხყოფის ან დამცირების გამო კი არ ჩავვარდი ასეთ დღეში, უმისობას ვერ ვიტანდი. ზუსტად ვიცი, კიდევ ცოტა ხანსაც რომ გაგრძელებულიყო ასე, ან გული გამისკდებოდა, ან გავაფრენდი, ან ავდგებოდი, სახლში მივადგებოდი და ვთხოვდი, ოღონდ დამიბრუნდი და რა და როგორც გინდა, ყველაფერი ისე იქნება-მეთქი. მაგრამ, საბედნიეროდ, ამის გაკეთება აღარ მომიწია, რადგან ახალ წელს, ზუსტად 12 საათსა და 05 წუთზე, თვითონ მომადგა სახლში და შერიგება მთხოვა. თან, ჩვენი მეკვლეც იყო. სიხარულისგან ჭკუაზე აღარ ვიყავი. რომელ თავის გამოდებაზე იყო ლაპარაკი, სულ კივილ-წივილით ჩამოვეკიდე კისერზე. ახლა სულ ერთად ვართ და დედამიწის ზურგზე ვერავინ დაგვაშორებს.
თამთა, 19 წლის.
დაზე ნაწყენი ვარ
დარწმუნებული ვარ, გულში მაინც ყველა გამკილავს, რომ ამ ნაახალწლევს ასეთ წერილს გიგზავნით, მაგრამ, მაინც გადავწყვიტე, მომეწერა, რადგან გულში წყენას თუ ტკივილს ვერ ვიტევ.
უფრო გასაგები რომ იყოს ჩემი განწყობა, ოდნავ შორიდან დავიწყებ: მე და ჩემი და ადრე დავობლდით და დედობაც მე გავუწიე და მამობაც. შვიდი წლით ვარ უფროსი და ისეთი ამაგი მაქვს მასზე, ბევრი რომ ვერ დაიტრაბახებს. რომ გათხოვდა, ისე გავამზითვე, ყველა გაოცებული იყო. მერე მშობლებისეული ოთხოთახიანი ბინაც გავყიდე, ჩემთვის ერთოთახიანი ვიყიდე, თეასთვის – სამოთახიანი. მე უკვე ისეთ ასაკში ვიყავი, გათხოვებაზე საერთოდ აღარ ვფიქრობდი, თეა კი უკვე მესამეს აჩენდა და ყველაფერი მისთვის მინდოდა. ბავშვების გაზრდაშიც ძალიან ვეხმარებოდი და თვითონაც ყველგან და ყოველთვის აღნიშნავდა ამას. მერე, სრულიად მოულოდნელად, გავთხოვდი და ტყუპი ქალ-ვაჟი შემეძინა. ჩემი ერთოთახიანი გავაქირავე და ქმრის ბინაში ვცხოვრობდით. ჩემს ქმარს დიდი შემოსავალი არ ჰქონდა და ამიტომ ქირა ცოტათი გვშველოდა. ჩემს შვილებს 5-5 წელი რომ შეუსრულდათ, მოულოდნელად ქმარს სიმსივნე აღმოაჩნდა და რამდენიმე თვეში ხელიდან გამოგვეცალა. მისი გარდაცვალების შემდეგ გაირკვა, რომ სამსახურში რაღაც დიდი ვალები ჰქონია და ამიტომ მისი ბინის გაყიდვა მომიწია (ჩემს ბინაში აღებული თანხა არ მეყოფოდა) და დავბრუნდი შვილებიანად ჩემს ერთოთახიანში. იძულებული გავხდი, ორ ადგილას მემუშავა, მაგრამ ორი შვილის სარჩენად მაინც არ მყოფნიდა. ტყუილს ვერ ვიკადრებ, თეა ძალიან მეხმარებოდა ხოლმე: ხან პროდუქტი მოჰქონდა, ხან ფულს მაძლევდა, ბავშვებსაც ძირითადად ის აცმევდა. ამის გამო მე ძალიან ვუხერხულობდი, რადგან ვიცოდი, რომ ამ ყველაფერს, ძირითადად, ქმრის ჩუმად აკეთებდა.
ამ ახალ წელს ისე მოხდა, ვერანაირი პროდუქტი ვერ მოვიმარაგე, რომ სიმბოლური საახალწლო სუფრა მაინც გამეწყო ბავშვებისთვის. გასაყიდიც აღარაფერი მქონდა ისეთი ღირებული, რომ მშრალ ხიდზე წამეღო. ნოემბერში რაც მომცა თეამ, ის თანხა სულ გადასახადებში წავიდა, ერთ სამსახურში კი მხოლოდ ხელფასის ნაწილი მომცეს, მეორეში კი მითხრეს, ახალი წლის შემდეგ მოგცემთო. დავრჩი ასე. ვერც ვერსად ვისესხებდი – როგორია, საახალწლოდ ვინმეს კარზე მიადგე ფულის სათხოვნელად? ერთი სიტყვით, ვიჯექი სახლში და ცრემლებს ვყლაპავდი, თეამ რომ დამირეკა, ხომ სახლში ხარ, შენთან მოვდივარო. მივხვდი, რაღაცის მოტანას აპირებდა და ამან უფრო ცუდად იმოქმედა ჩემზე. ბავშვები მეზობელს ჰყავდა წაყვანილი ნაძვის ხის ზეიმზე თავის შვილებთან ერთად და სახლში მარტო ვიყავი. თეა ნახევარ საათში მოვიდა, მომიტანა ერთი ქათამი, ნახევარი კილოგრამი ნიგოზი, ნახევარკილოიანი ქილით თაფლი, რამდენიმე ცალი ბადრიჯანი, მაიონეზი და მწვანილი. ეს ყველაფერი რომ ამოალაგა ჩანთიდან, მაგიდაზე ოცლარიანი დამიდო და მითხრა, ამით კანფეტები და მანდარინი იყიდე, მეტს ვერ გიტოვებ, რადგან ძალიან დიდი ხარჯები გვაქვს და ჩვენც შემდეგ თვემდე უკაპიკოდ ვრჩებითო. მერე მკითხა, ნოემბერში რომ ფული დავტოვე, იქიდან არაფერი დაგრჩაო? ვუთხარი, ის ასი ლარი გადასახადებში წავიდა-მეთქი რაზეც მისაყვედურა, ძალიან არაეკონომიურად ცხოვრობ, რამე თუ არ მოიფიქრე, ძალიან გამიჭირდება, სამი სული მე გარჩინოთო. ვთხოვე, ის ოცი ლარი მაინც წაეღო უკან – როგორმე გავძლებთ უკანფეტოდ-მეთქი. ერთი კი შეყოვნდა, მაგრამ მერე გადაიფიქრა აღება და თქვა: მართალია, ხურდების ამარა დავრჩი, მაგრამ, არა უშავს, როგორმე გავიტანთ თავსო. ცრემლი გადავყლაპე და ვუთხარი, პირველში ბავშვებით გამოდი, მარტო ჩვენ ვიქნებით და ცოტა წავიჭორაოთ-მეთქი, მაგრამ უარი თქვა და მიპასუხა, – ვერ გამოვალ, რადგან მთელი ოჯახით ალეკოს (თავისი ქმრის) ნათესავთან მივდივართ და შენც ნუ გამოხვალ ჩვენთან, სახლში არ ვიქნებითო.
ასე დავემშვიდობეთ ერთმანეთს. იმის მოტანილი პროდუქტით კი რაღაც-რაღაცეები მოვამზადე ბავშვების მოსვლამდე.
ახალ წელს მე და ჩემი შვილები მარტოები შევხვდით. არც თვითონ დამირეკავს ვინმესთვის და არც მე გავხსენებივარ ვინმეს. დაახლოებით 2 საათზე თეას დავურეკე მობილურზე და მივულოცე. ხმაური მესმოდა და ვკითხე, რა ხდება-მეთქი. სტუმრად ვართო, – მითხრა, – ხვალ დაგირეკავო, მაგრამ აღარ დაურეკავს. ორი-სამი დღის შემდეგ ერთი ახლობელი შემხვდა ეზოში და მკითხა, დასთან რატომ არ შეხვდით ახალ წელს, იცით, რა კარგი დრო ვატარეთ. მეგონა, იქ გნახავდიო. გულში კი გამკენწლა, მაგრამ ნაუცბათევად რაც მოვიფიქრე, ის ვთქვი, – მე მაღალი წნევა მქონდა, ბავშვები კი მარტო აღარ გავუშვი-მეთქი. მერე იმ მეზობელმა პირი მოაღო და ერთი საათი ილაპარაკა იმ საღამოს შთაბეჭდილებების შესახებ, ბოლოს კი ნაძვის ხის ქებით დააგვირგვინა მონოლოგი: ბავშვების ოთახში უზარმაზარი ნამდვილი ნაძვის ხე იდგა. ხუთასი ლარი მიუციათ. ჰოლში კი იმხელა ხელოვნური ნაძვის ხე ედგათ, ტყეში ვერ ნახავდი იმისთანას. თქვენმა დამ დაიტრაბახა, მარტო ამ ნაძვის ხეში, სათამაშოების გარეშე, 900 ლარი გადავიხადეთ, მაგრამ რაღაც, აღარ მომწონს, ძალიან უხეშია და გაისად ახალს ვიყიდი, ამას კი ვინმეს ვაჩუქებო.
ჩემმა დამ მხოლოდ შობის დილას მომაკითხა, საახალწლოდ გაკეთებული საჭმელების ნარჩენები მოიტანა ცელოფნებით. მაგიდაზე დააწყო და მითხრა, თუ რამეს სუნი აქვს დაკრული ან გაფუჭებულია, გადაყარე, ბავშვებს არ აჭამოო. მერე ლაპარაკში წამოსცდა, რომ რომელიღაც ძვირად ღირებულ სალონში მიეჩქარებოდა თმის გასაკეთებლად – სამი დღით ადრე ჩავეწერე და ვერ გავაცდენ. თან, როგორც ძველ კლიენტს, მაგარ ფასდაკლებას მიკეთებს – მელირებასა და დავარცხნაში სულ რაღაც 250 ლარს მართმევსო. მერე ვიღაცას დაურეკა, წამოხტა და გაიქცა.
არ გეგონოთ, რომ ჩემი დის მშურს ან მის ჯიბეში ვყოფ ხელს. არც ზრუნვას ვუკარგავ, მაგრამ, ძალიან ნაწყენი დავრჩი და მტკიცედ გადავწყვიტე, არაფერი აღარ გამოვართვა. ღმერთმა ყველაფერი შეარგოს, მაგრამ მე მისთვის არასდროს არაფერი დამიყვედრებია და ასეთ მოპყრობას ნამდვილად არ ვიმსახურებ.
ნანი, 42 წლის.
ძმაკაციც დავკარგე და სამსახურიც
მე და ჩემი ძმაკაცი ერთად ვმუშაობდით ერთ კერძო ფირმაში და ფუნქციებიც ერთი და იგივე გვქონდა. წლის ბოლოსთვის ორივეს ერთნაირი დავალება მოგვცეს. მე თავი მოვიკალი და ყველაფერი შევასრულე, გოგა კი, როგორც აღმოჩნდა, ჩემს იმედზე იყო – თავისი დავალების ნახევარიც არ შეუსრულებია და ანგარიშის ჩაბარებისას უფროსს უთხრა, ეს დანარჩენი საქმე კობას (ანუ მე) უნდა გაეკეთებინა, რადგან ასე გვქონდა მოლაპარაკებულიო. არადა, მსგავსი არაფერი ყოფილა. უფროსი გაბრაზდა და მითხრა, პირველი იანვრიდან ჩემთან აღარ მუშაობო. ძალიან მეწყინა გოგას ასეთი საქციელი და უფროსის თანდასწრებით ვუთხარი, არაკაცი ყოფილხარ-მეთქი და გამოვედი. ის კი შეფს მიუბრუნდა და უთხრა – ხედავთ, თქვენი თანდასწრებით შეურაცხყოფასაც კი მაყენებს იმის გამო, რომ მართალი ვთქვიო.
მე და გოგა იმდენი ხანია, ვმეგობრობთ, ასეთ საქციელს მისგან ნამდვილად არ მოველოდი. სულ უცხოც რომ ვყოფილიყავი, კაცი თუ იყო, ასე მაინც არ უნდა მოქცეულიყო. ახლა დადის და მთელ სამეგობროს უყვება, როგორ მიმათრევდა თვიდან თვემდე თავისი თავდაუზოგავი მუშაობით და, ბოლოს, ყელში რომ ამოუვიდა ჩემი უსაქმურობა, როგორ გახდა იძულებული, უფროსისთვის სიმართლე ეთქვა. არადა, სინამდვილეში, პირიქით იყო. შიმშილით რომ კვდებოდა და სამსახურს ვერ შოულობდა, მე წავიყვანე ჩემს სამსახურში, ტვინი ამოვუჭამე უფროსს ხვეწნით, ნახევარ განაკვეთზე მაინც მიიღეთ და თუ არ გაამართლებს, გაუშვით-მეთქი. უფროსმა მითხრა, იცოდე, შენ აგებ მასზე პასუხსო. იმ დღიდან, ხშირ შემთხვევაში, მე ვასრულებდი მის დავალებებს, სამსახური რომ არ დაეკარგა, ის კი ასე ვერაგულად მომექცა.
საერთოდ არ ვაპირებდი საძმაკაცოში ამ თემაზე ლაპარაკს, რადგან ძმაკაცზე (თუნდაც ყოფილზე) ჭორაობა არაკაცურ საქციელად მიმაჩნდა, მაგრამ ერთმა ჩვენმა საერთო მეგობარმა დამირეკა და მითხრა, შენთან ბიჭებს საქმე გვაქვს და უნდა შეგხვდეთო. ცოტა ტონი არ მომეწონა, მაგრამ ტელეფონში არაფერი მიკითხავს და შევხვდი. აღმოჩნდა, რომ გოგას ისეთები ულაპარაკია ჩემზე, ბიჭებს გადაუწყვეტიათ, ყველაფერი გაერკვიათ. ისეთი ბრალდებები წამომიყენეს, უკანასკნელ კაცად გამომიყვანეს. მაშინ კი ვიკადრე და ყველაფერი ისე მოვყევი, როგორც სინამდვილეში იყო. თან, ყველაფერზე არგუმენტი მქონდა. ბიჭები მიხვდნენ, რომ მე მართალი ვიყავი და გოგა საძმაკაცოდან ამოშალეს. სამსახურშიც გაუჭირდა... ახლა კი ხვდება, მაგრად რომ შეეშალა, ბოდიშებსაც მიხდის და მეხვეწება, ოღონდ მაპატიე და უფროსს ყველაფერს მე თვითონ მოვუყვები, სამსახურში რომ დაგაბრუნოსო, მაგრამ გოგა ჩემთვის აღარ არსებობს, არც მასთან ერთად მუშაობა მინდა და არც მისი ნაცნობობა. ღმერთმა კარგად ამყოფოს, მაგრამ ასეთი არაკაცობით როგორ აპირებს ცხოვრებას, არ ვიცი.
კობა, 35 წლის.
საცოლემ მიმატოვა
მყავს შეყვარებული, უფრო სწორად, საცოლე, რომელსაც ორი წელი ვხვდებოდი. დაქორწინებას არც ერთი ვჩქარობდით, რადგან თამთა სტუდენტი იყო, მეც ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა და ვფიქროდით, ცოტა მყარად რომ დავდგებოდით ფეხზე, მერე შეგვექმნა ოჯახი. ბოლოს შევთანხმდით, რომ თამთა დაამთავრებდა თუ არა უნივერსიტეტს, იმ ზაფხულს მოგვეწერა ხელი. მაგრამ, ზაფხულში ეს საქმე ვერ მოვაგვარეთ, რადგან თამთამ მაგისტრატურაში ჩააბარა. ბოლოს დავთქვით, ძველით ახალ წელს გადაგვეხადა ქორწილი და სექტემბრიდან ორივე ამის სამზადისში ვიყავით. ზუსტად 31 დეკემბერს კი ჩემმა საცოლემ გამომიცხადა, 10 იანვარს ამერიკაში უნდა ვიყო, სწავლის გასაგრძელებლად მივდივარო. არ ვიცი, მართალი თქვა თუ მომატყუა, მაგრამ, როგორც საუკეთესო სტუდენტს, მაგისტრატურამ გაუწია რეკომენდაცია და ამერიკის რომელიღაც უნივერსიტეტიდან თანხმობა მოსულა. მერე ჩვენი ქორწილი-მეთქი? – ვკითხე შოკირებულმა. ასეთი შანსი ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ ეძლევა და ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებ. ორ-სამ წელიწადში ჩამოვალ და ქორწილზე მერე ვილაპარაკოთო. ამ პასუხმა ყველაფერი ნათელი გახადა. ესე იგი, არ ვუყვარვარ. მართალია, ცდუნება დიდია, მაგრამ ამერიკაში წასვლის გამო მთელი შენი ცხოვრება შეცვალო – ეს ჩემთვის მიუღებელია. პროტესტი რომ გამოვთვქვი, ნიშნის მოგებით მკითხა, – შენ რომ ყოფილიყავი ჩემს ადგილას, როგორ მოიქცეოდიო. მე ვუთხარი, არ წავიდოდი-მეთქი. ირონიულად გაიცინა და მითხრა, ამას ახლა ამბობ, თორემ, ერთი წუთითაც არ დაფიქრდებოდი, ისე გაიქცეოდიო. არადა, გულწრფელად გეუბნებით, თამთას ნამდვილად ვერ ვანაცვალებდი ვერსად წასვლას.
თვითონაც კარგად იცის, რომ ორი-სამი წელი ის დროა, როცა ადამიანს შეიძლება ტვინი გადაუბრუნდეს, ან ვიღაც ისეთი შეხვდეს, საცოლე და საქმრო კი არა, ყველა დაივიწყოს. რატომ უნდა შევაგდოთ სასწორზე ჩვენი სიყვარული. ხომ იცი, თვალი თვალს რომ მოშორდება, გულიც გადასხვაფერდება-მეთქი, – ვუთხარი. ამაზე თავხედურად მიპასუხა, ეტყობა, შენ შენი თვალისა და გულის იმედი არ გაქვსო. მოკლედ, კარგა გვარიანი ჩხუბი გამოგვივიდა და შესაბამისად, „ძვირფასი“ ახალი წელი გამითენდა. მთელი კვირა ისე გავიდა, აღარ დამირეკავს. გაჯიბრება არ მჩვევია, მით უმეტეს, თამთას მიმართ, მაგრამ, იმიტომ არ დავურეკე, იქნებ იგრძნოს, რომ ძალიან მატკინა გული და, სხვა თუ არაფერი, დამირეკოს და მომიბოდიშოს-მეთქი. მაგრამ, როგორც ჩანს, ისე იყო მისი გული და გონება ამერიკით დაკავებული და წასვლის სამზადისით გართული, არც გავხსენებივარ. რვაში თუ ცხრაში კი ჩემი საცოლე ამერიკაში გაფრინდა, თან ისე, რომ არც დამემშვიდობა. ძალიან მაინტერესებს, იქ მაინც თუ გავახსენდები და რამდენიმე დოლარს თუ გაიმეტებს ჩემთან დასარეკად. ჯერ ერთი, ისედაც განვიცდი, რაც მოხდა; მეორეც, საშინლად დამამცირა ყველას წინაშე. ჩემი ოჯახის წევრებისთვის თვალი ვერ გამისწორებია, აღარაფერს ვამბობ მეგობრებზე, ჩვენი ქორწილისთვის რომ ემზადებოდნენ. 2 იანვრიდან, პრაქტიკულად, არავინ მინახავს – ყველას ვემალები და თავს ვარიდებ. რა უნდა ვუთხრა, ვის როგორ ავუხსნა, რაც მოხდა?!
დათო, 25 წლის.
ჩემი მშობლები შერიგდნენ
ისეთი ბედნიერი ვარ, თავი ვეღარ შევიკავე და გადავწყვიტე, თქვენთვის მომეწერა.
8 წლის ვიყავი, ჩემი მშობლები ერთმანეთს რომ გაშორდნენ, რაც მე ძალიან განვიცადე. არანორმალურად მიყვარდა მამა და მისმა წასვლამ ისე იმოქმედა ჩემზე, რამდენიმე თვის განმავლობაში საერთოდ ხმას არ ვიღებდი – ლაპარაკი ავუკრძალე საკუთარ თავს. ამის გამო, მამა მაინც მოდიოდა ჩვენთან, მაგრამ ისე ვიყავი გულნატკენი, მასაც არ ვცემდი ხმას. მერე, როგორც ჩანს, ამ სტრესმა ნელ-ნელა გამიარა და ლაპარაკი დავიწყე, მაგრამ, ძირითადად აუცილებლობის შემთხვევაში თუ ვამბობდი ერთ-ორ სიტყვას. ცოტა რომ წამოვიზარდე, მთელი ჩემი გული და გონება სწავლაზე გადავრთე (ეს ჩემდაუნებურად მოხდა) – როგორც ჩანს, ამით გავურბოდი ტკივილს და რამდენიმე ხანში მარტო კლასში კი არა, სკოლაშიც კი საუკეთესო მოსწავლე გავხდი, ოღონდ, არანაირ მონაწილეობას არ ვიღებდი სამხიარულო ღონისძიებებში. ის კი არა, რამდენიმე წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, გაღიმებული არავის ვუნახივარ. სიცილი ხომ საერთოდ დამავიწყდა. დედა ამას ძალიან განიცდიდა, მაგრამ, ვერაფერს მეუბნებოდა. მამაჩემს ლანძღავდა – ეს რა დღეში ჩამიგდო ბავშვი ამ არაკაცმაო, რაც ეკალივით მხვდებოდა გულზე. სანამ პატარა ვიყავი, გულში მეც მამას ვადანაშაულებდი, მაგრამ რომ წამოვიზარდე, მივხვდი, რომ ჩვენი ოჯახის დანგრევა მარტო მამაჩემის ბრალი არ იყო: დედას არასდროს ეცალა ქმრისთვის – ან სამსახურში იყო, ან სახლში საქმიანობდა. მახსოვს, ერთხელ, სანამ ჩვენგან წავიდოდა, დედას უსაყვედურა, ხომ შეიძლება, ერთხელ ჩემთვისაც გაიპრანჭო, ყურადღება მომაქციო ან ჩემთან ერთად სადმე წასვლა მოგინდესო. მაშინ დედამ უპასუხა, შენ გააკეთე სახლის საქმეები და გასაპრანჭი დრო მეც დამრჩებაო. ახლა ვხვდები, რომ სამსახურიდან დაბრუნებულ დაღლილ მამას სახლში არ ხვდებოდა ცოლის ღიმილი, სითბო, ხაზგასმული ყურადღება. ერთი სიტყვით, ოჯახური სიმყუდროვე და იმიტომ წავიდა ჩვენგან.
ერთხელ, როდესაც დედამ ჩემი თანდასწრებითაც ცუდად მოიხსენია მამაჩემი, ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი. შევატყვე, ეწყინა, მაგრამ არაფერი მითხრა. ეტყობა, გულში მოხვდა ჩემი სიტყვები და ამ ამბიდან ძალიან მალე ერთმანეთთან ურთიერთობა ჯერ ტელეფონით აღადგინეს, რის შემდეგაც მამა უფრო ხშირი სტუმარი გახდა. ბოლოს კი ყველაფერი შერიგებით დაგვირგვინდა.
მამას წასვლის შემდეგ ასეთი ბედნიერი შობა არ მქონია და მინდა, ჩემი სიხარული ყველამ გაიზიაროს.
ანი, 16 წლის.
რედაქციაში შემოსული უამრავი
წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.