კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა თანხას სთავაზობენ ხათუნა ყიფიანს მარკების კოლექციის სანაცვლოდ და რას ნიშნავს მისთვის ეს კოლექცია







ხატია კარანაძე

ხათუნა ყიფიანი ძალიან ბევრ და საინტერესო ნივთს აგროვებს. მის კოლექციებში შედის მარკები, ღია ბარათები, სურნელოვანი საპნები, ფერადი სათლელები, საფოსტო წერილები და უამრავი სხვა რამ. როდის დაინტერესდა იგი კოლექციების შეგროვებით და რამდენი ათასი მარკაა მის კოლექციაში, ამაზე თავად ქალბატონი ხათუნა გვესაუბრება.

– როგორც ვიცი, მარკების ძალიან დიდი და საინტერესო კოლექცია გაქვთ. პირველად როდის დაიწყეთ მათი შეგროვება?

– ჯერ სკოლაშიც არ დავდიოდი, როცა მარკებით დავინტერესდი და მათი შეგროვება გადავწყვიტე. მაშინ პატარა ვიყავი და, როცა ვხედავდი, უფროსებს რამდენი ჰქონდათ შეგროვებული, სურვილი გამიჩნდა, გავჯიბრებოდი და მათზე მეტი შემეგროვებინა. ასე დავიწყე მარკების ძიება. ყველამ იცოდა ჩემი კოლექციის შესახებ და ჩამოჰქონდათ ჩემთვის. ზოგს ვყიდულობდი, ზოგსაც მჩუქნიდნენ და ასე შევაგროვე უზარმაზარი კოლექცია.

– მარკების გარდა, კიდევ რა ნივთების კოლექციები გაქვთ?

– პირველი ჩემი კოლექცია სათლელები იყო. მახსოვს, ძალიან პატარა ვიყავი, როცა მამაჩემმა მომიტანა ლამაზი, ფერადი სათლელები და ისე მომეწონა, მათი შეგროვება დავიწყე. შემდეგ მქონდა ღია ბარათების კოლექცია. სადაც კი დავინახავდი ლამაზ ღია ბარათებს, ყოველთვის ვყიდულობდი, ასევე, მჩუქნიდნენ კიდეც. როდესაც უცხოეთში ჩავდივარ, ყოველთვის ძალიან ბევრი რამ ჩამომაქვს ჩემი კოლექციისთვის. გარდა ამისა, მთელ მსოფლიოსთან მაქვს ურთიერთობა და მიგზავნიან.

– თავიდან რატომ დაიწყეთ მარკების შეგროვება – უბრალოდ, მოგწონდათ თუ რაიმე კონკრეტული მიზეზი გქონდათ?

– მაშინ ძალიან აქტუალური იყო მარკების კოლექცია, იმიტომ რომ არც კომპიუტერი არ იყო და არც მსგავსი გასართობები. ბავშვები ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვის რამდენი მარკა გვქონდა. სკოლაში ძალიან ლამაზ გამოფენებს ვაწყობდით.

– ახლა დაახლოებით რამდენი მარკა იქნება თქვენს კოლექციაში?

– ახლა მაქვს დაახლოებით თვრამეტი ათასი მარკა. ძირითადი თემაა ფლორა და ფაუნა. საერთოდ, მარკები თემების მიხედვით იყოფა: ევროპა, ფლორა, ფაუნა და ასე შემდეგ. ყველა ძალიან საინტერესო და ლამაზია, მაგრამ მე მაინც ფლორასა და ფაუნას ვანიჭებ უპირატესობას. საერთოდ, ყოველ წელს იცვლება ხოლმე თემები. მაგალითად, წლევანდელი თემაა საბავშვო ლიტერატურა. მე ძალიან ლამაზი მარკები მაქვს ამ თემაზე.

– ფლორა და ფაუნა რატომ აირჩიეთ თემად? ალბათ, ეს ბუნების სიყვარულის ბრალია.

– მე დიდი ბიოლოგი და ზოოლოგი არ ვარ, უბრალოდ, მიყვარს ბუნება. ბუნებაზე ლამაზი რა უნდა იყოს? მით უმეტეს, ჩვენი ქვეყნის სილამაზე განუმეორებელია.

– საერთოდ, რის მიხედვით არჩევთ მარკებს, მხოლოდ მათი სილამაზის მიხედვით?

– არა, სილამაზეს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. მთავარია, სრული სერია იყოს, მარკა არ უნდა აკლდეს. ფოსტაგავლილ მარკებს არ ვაგროვებ. სხვათა შორის, ზოგიერთი ულამაზო მარკა ძალიან ძვირია, ლამაზი კი – პირიქით. ამ შემთხვევაში სხვა რაღაცეებს ენიჭება უპირატესობა. თუმცა, მე მაინც ყველა მომწონს. სილამაზე იმაშია, რომ ყველა ერთნაირი არ არის და განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

– თქვენს კოლექციაში ფლორისა და ფაუნის გარდა კიდევ რა თემები შედის?

– ერთადერთი, სპორტს არ ვაგროვებ. დანარჩენი, თითქმის ყველანაირი თემის მარკაა ჩემს კოლექციაში. თითოეულს ისე ვუფრთხილდები, როგორც დედა შვილებს. ჩემთვის თითოეული მათგანი ძალიან ბევრს ნიშნავს და მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. უკვე იმდენი ხანია, ამ საქმით ვარ დაკავებული, რომ ჩემი კოლექციის გარეშე ნამდვილად ვეღარ ვიარსებებ.

– თუ დაინტერესებულხართ, დაახლოებით რამდენად იქნება შეფასებული თქვენი კოლექცია?

– მახსოვს, ჩემი მარკების კოლექცია რომ შევაფასებინე, 55 ათასი შემომთავაზეს. ეს იყო უამრავი წლის წინ. ახლა, ალბათ, უზარმაზარ თანხად შეაფასებენ, თუმცა, მათ გაყიდვაზე ვერასოდეს ვიფიქრებ. მომავალში რა იქნება, არ ვიცი, მაგრამ ახლა ამ აზრზე ვარ.

– მარკებს უმეტესად გჩუქნიან, თუ ყიდულობთ ხოლმე?

– უმეტესად მჩუქნიან, მაგრამ რა თქმა უნდა, ვყიდულობ კიდეც. არის მარკები, რომლებსაც აქ ვერ შეიძენ, ამიტომ, მეგობარი კოლექციონერები მჩუქნიან, და არის მარკები, რომლებიც მხოლოდ აქ იყიდება – ესაა უმეტესად ქართული მარკები.

– რაც შეეხება თქვენს მეორე – ღია ბარათების კოლექციას, მათი შეგროვება როდიდან დაიწყეთ?

– ღია ბარათების შეგროვებაც ძალიან ადრე, წლების წინათ დავიწყე. რომელ ქვეყანაშიც ვარ ნამყოფი, ყველა იმ ქვეყნიდან მაქვს ჩამოტანილი ღია ბარათები. ჩემს მეგობარ კოლექციონერებს მე ვუგზავნი ქართულ ბარათებს, ისინი თავიანთი ქვეყნისას მიგზავნიან. მაქვს თითქმის მთელი მსოფლიოს ბარათები. შეიძლება, სულ რამდენიმე ქვეყანა იყოს, რომლის ბარათიც არ მაქვს.

– როგორც ვიცი, თქვენ ბევრს მოგზაურობთ. რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?

– ძირითადად ევროპის ქვეყნებში ვმოგზაურობ ხოლმე. დაახლოებით 25 ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ხანდახან იმიტომაც მივდივარ, რომ სხვადასხვა ნივთი შევმატო ჩემს კოლექციას. არ არსებობს, სადმე წავიდე და რამე საინტერესო ნივთი არ ჩამოვიტანო.

– ყველაზე მეტად რომელი ქვეყნის ღია ბარათები მოგწონთ?

– ქვეყნის მიხედვით ვერ ვიტყვი, მაგრამ, ქალაქს რაც შეეხება, მომწონს პარიზის, ლონდონის ღია ბარათები. ძალიან ლამაზია ქართული ბარათებიც. უცხოელები გიჟდებიან ჩვენი ქვეყნის ბარათებზე, ბუნებაზე და, საერთოდ, ყველაფერზე. ჩემი უცხოელი მეგობრები მეუბნებიან, ეს რა ქვეყანაში ცხოვრობთო. ძალიან მოსწონთ.

– ესე იგი, თქვენ ამ ღია ბარათების მეშვეობით საქართველოს აცნობთ მსოფლიოს.

– რა თქმა უნდა. ძალიან ბევრს ვანახვე ჩემი ქვეყანა და გაგიჟებულები არიან. მე „ფეისბუქზე“ მაქვს გახსნილი ჩემი გვერდი, სადაც უამრავი მარკა, სურათი და ღია ბარათი მიდევს, რომლებზეც გამოსახულია საქართველოს ბუნება, ადათ-წესები. თავიდან წინააღმდეგი ვიყავი ინტერნეტ-საიტების, მაგრამ, რაღაც მიზეზის გამო გავხსენი „ფეისბუქი“ და თავს ვეღარ ვანებებ. უამრავი მეგობარი შევიძინე, რომლებიც ძალიან მეხმარებიან კოლექციის შეგროვებაში და მეც ვეხმარები მათ. „ფეისბუქი“ ჩემი მუზეუმია.

– უამრავი ღია ბარათი გაქვთ და რაიმე საინტერესო ისტორია თუ ახლავს რომელიმე მათგანს?

– დიახ, მაქვს არაერთი ისტორიული ბარათი, უძველესი ბარათები, რომლებიც ჩემთვის შეუფასებელია და ვერაფრის ფასად ვერ დავთმობდი. ეს არის ჩემი სამყარო. თუ ცუდ ხასიათზე ვარ, ამ ბარათებს გადავხედავ და მამშვიდებს. ჩემთვის ამ ნივთებს მოაქვს ჯანმრთელობა. რეალურ სამყაროს რომ შევხედო, ალბათ, ცუდად გავხდები, ამიტომ მთლიანად ამაში ვარ ჩაფლული. ეს არის ჩემი ჯანმრთელობის ელექსირი.

– რაც შეეხება წერილებს, მათი შეგროვება როდის დაიწყეთ და რა იყო ამის მიზანი?

– დღემდე მომდის უამრავი წერილი. მიმოწერა მაქვს თითქმის ყველა ქვეყნის კოლექციონერებთან. ძალიან ვმეგობრობთ, ერთმანეთს ვეხმარებით კოლექციების შეგროვებაში. თუ რამე ნივთი მაკლია და რომელიმე მათგანს აქვს, მიგზავნიან და პირიქით. ერთმანეთს ვწერთ მოსაკითხ წერილებსაც. ვუგზავნით სურათებს.

– ერთმანეთთან რა ენაზე საუბრობთ?

– ძირითადად ინგლისურად. ზოგმა ჟურნალის, ზოგმა ინტერნეტის საშუალებით გავიცანით ერთმანეთი. დღემდე ვმეგობრობთ და ვუზიარებთ ერთმანეთს აზრებს.

– კოლექციონერობა თქვენი ჰობია?

– ჰობი, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ სხვა რაღაცაც შეიძლება, ვუწოდოთ ამას. ეს არ არის უბრალოდ გასართობი, მე ამით ვსაზრდოობ.

– პროფესიით ვინ ბრძანდებით?

– ფილოლოგი ვარ, ინგლისური ენის სპეციალისტი. თუ ჩემი მოსწავლე დაინტერესდება ჩემი ჰობით, მე მასაც ვაბამ ამ მახეში (იცინის) – ვჩუქნი მას ზოგიერთ მარკას ან ღია ბარათს და მერე ისინიც იწყებენ შეგროვებას. ოღონდ, რაც ორი მაქვს, მხოლოდ იმის ჩუქება შემიძლია, ერთს ვერანაირად ვერ დავთმობ. აუცილებლად ვაჩუქებ რამე ნივთს დამწყებ კოლექციონერს, რატომაც არა, აუცილებლად დავეხმარები ამ საქმეში. ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა ვინმე დამიკავშირებია რომელიმე ქვეყნის კოლექციონერთან და დავხმარებივარ ურთიერთობის აწყობაში. დღესდღეობით საქართველოში ბევრი კოლექციონერი არ არის, უმეტესად ნუმიზმატები არიან, რომლებიც მონეტებს აგროვებენ. ადრე მეც ვაგროვებდი მონეტებს, რომლებიც დღესაც მაქვს.

– როგორც ჩანს, თქვენ მრავალპროფილიანი კოლექციონერი ხართ.

– დიახ, მაინტერესებს ისტორია, ეთნოგრაფია და ვცდილობ, ყველაფერი შევაგროვო. მახსოვს ერთი პერიოდი საპნებს ვაგროვებდი – სხვადასხვა ქვეყნის სურნელოვანი საპნები მქონდა. ძალიან დიდი კოლექცია იყო. სხვათა შორის, ადრე მოდაში იყო – მე ერთადერთი არ ვიყავი, ვინც ამას აგროვებდა.

– თქვენი ჰობი ცხოვრებაში რამეში თუ დაგხმარებიათ?

– ჩემი ჰობი სულ მეხმარება, რომ დავივიწყო პრობლემები. თუნდაც არ გქონდეს ბევრი პრობლემა, მაინც კარგია, როცა რაღაც სასიამოვნოზე ფიქრობ, ზრუნავ. მე სულ ვფიქრობ ჩემს კოლექციაზე: ახალი რა შევმატო, რა აკლია და ასე შემდეგ. ყოველდღე გადმოვიღებ, ვწმენდ, ვუყურებ, ვტკბები და ისევ ვინახავ.

– რას ნიშნავს თქვენთვის თითოეული კოლექცია?

– ჩემთვის თითოეული ჩემი კოლექცია ძალიან ბევრს ნიშნავს. როგორც უკვე გითხარით, ეს არის ჩემი ცხოვრება, ამის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ეს ჩემთვის სიცოცხლეზე მეტია.

– როგორი რეაქცია გაქვთ, როცა ათვალიერებენ თქვენს კოლექციას, მოსწონთ და, დადებით შეფასებას აძლევენ?

– ძალიან მიხარია. ეს იგივეა, მე რომ შემაქონ. ვინც ნახულობს, ყველას უკვირს, ამდენის შეგროვება როგორ მოახერხეო. მთელი ცხოვრება ამ საქმეს ვაკეთებ და როგორ ვერ შევაგროვებდი ამდენს?!

– და, მაინც, თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რომელი კოლექციაა?

– არ ვიცი, რომელს გამოვყოფდი, ყველა ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია, მაგრამ, ალბათ, უფრო მარკებს, რადგან მთელი ცხოვრება ამას ვაგროვებ და ვამაყობ, რომ ჩემს კოლექციაში ამდენი მარკაა და ისე ვუფრთილდები, როგორც საკუთარ თავს.


скачать dle 11.3