კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ირღვევა სავაჭრო ქსელში კანონი წარწერით „გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება“ და რამდენ დღეში შეგიძლიათ შეძენილი ნივთის უკან დაბრუნება







თამუნა ნიჟარაძე

საქართველოში მომხმარებელთა უფლებებს სამოქალაქო კოდექსი იცავს. ალბათ, ბევრმა არც იცის იმის შესახებ, რომ ნებისმიერი ნივთის შეძენის დროს მას აქვს უფლება, ეს ნივთი უკან დააბრუნოს და სავაჭრო ქსელში გამოკრული განცხადება – „გაყიდული ნივთი უკან არ მიიღება” კანონის დარღვევას წარმოადგენს, უფრო მეტიც გამყიდველს მომხმარებლის მოტყუებისთვის ზომაში, წონაში და ანგარიშში შესაძლოა პასუხისმგებლობაც დაეკისროს. როგორ არის კანონით დარეგულირებული მომხმარებლისა და გამყიდველის ურთიერთობა, ამის შესახებ ადვოკატ ირაკლი გაბრიჭიძეს გავესაუბრეთ.

ირაკლი გაბრიჭიძე: საქართველოს კანონით, „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” მომხმარებელთა უფლებები საკმაოდ საფუძვლიანად არის დაცული, თუმცა ამის შესახებ თავად მომხმარებლებს ხშირად ინფორმაცია არ აქვთ. ამ კანონით დარეგულირებულია მომხმარებელთა კონკრეტული უფლებები და, იმ შემთხვევაში, როდესაც ეს უფლებები ილახება, მათი დაცვა შესაძლებელია სასამართლოს გზით. დაზარალებული მომხმარებლის მიერ სასამართლოში სარჩელის წარდგენა ხდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე, ვინაიდან ეს გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამ უფლებით თითქმის არავინ სარგებლობს. მით უმეტეს, ჩვენთან, ალბათ, პრაქტიკაში არ არსებობს პრეცედენტი, რომ მომხმარებელს დაზიანებული საქონლის შეძენის ან მატერიალური ზარალის მიღების შემთხვევაში სასამართლოსთვის მიემართოს. ჩვენ ყველას შეგვიძენია სხვადასხვა პროდუქცია, რომელსაც აქვს საგარანტიო ვადა, მაგრამ, არის პროდუქცია, რომელზეც საგარანტიო ვადები დადგენილი არ არის. ასეთ შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია, პრეტენზია განაცხადოს დამამზადებელთან, თუ ნივთზე ნაკლოვანება აღმოჩენილია შეძენიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო უძრავი ქონების შემთხვევაში – არაუგვიანეს ერთი წლის განმავლობაში. დავუშვათ, შეიძინეთ ბინა ან აგარაკი და 2 თვეში აღმოაჩინეთ, რომ მას აქვს პრობლემები, არის აშენებული უხარისხოდ ან დაზიანებულია მისი ნაწილი, ამ პრობლემის მოგვარებას სჭირდება თქვენი მხრიდან მნიშვნელოვანი ხარჯების გაწევა. თქვენ გადახდილი გაქვთ ფული და გამყიდველი გეუბნებათ, რომ არ იცოდა, ამის შესახებ და ფულს ვეღარ დაგიბრუნებთ. თქვენ გაქვთ უფლება, სასამართლოს წესით მოითხოვოთ მისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურება და მოითხოვოთ ხელშეკრულების მოშლა.

– რისი მოთხოვნის უფლება აქვს მომხმარებელს – აინაზღაუროს მატერიალური ზარალი თუ, უბრალოდ, გადაცვალოს ნივთი. ან, სად უნდა მივაგნოთ დამამზადებელს, თუ ეს პროდუქცია სხვა ქვეყანაშია წარმოებული?

– იმ შემთხვევაში, როდესაც ნივთი სხვა ქვეყანაშია წარმოებული, პასუხისმგებლობა გადადის უშუალოდ გამყიდველზე, რომელიც, თავის მხრივ, უფლებამოსილია, მიმართოს დამამზადებელს, რადგან ნაკლოვანების მქონე ნივთის რეალიზაცია მის რისკს წარმოადგენს. საქონლის ნაკლოვანებასთან დაკავშირებული პრეტენზიებით მომხმარებელს შეუძლია, მიმართოს გამყიდველს და ის ვალდებულია, 10 დღის ვადაში აღმოფხვრას მომხმარებლისთვის მიყენებული ზიანი, დაიბრუნოს ან გამოცვალოს ნივთი ან გადაიხადოს მისი საფასური.

– მაშინაც კი, თუ სავაჭრო ქსელში გამოკრული განცხადების მიხედვით, გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება?

– ეს არის კანონის პირდაპირი დარღვევა, ასეთი გარიგება და დათქმა თავიდანვე ბათილია, კანონი ყველა შემთხვევაში მომხმარებლის უფლებას იცავს. თუ გამყიდველი მომხმარებელს 10 დღის ვადაში არ აუნაზღაურებს მიყენებულ ზარალს, მას ეკისრება საჯარიმო სანქციები სასამართლოს მიერ. კანონის მიხედვით, მომხმარებელს 14 დღის განმავლობაში აქვს უფლება, შეცვალოს შეძენილი ნივთი სათანადო ხარისხის საქონლით იმ სავაჭრო ობიექტში, სადაც ნივთი შეიძინა, ყიდვის დღის ჩაუთვლელად, ოღონდ, შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევებში, თუ ეს პროდუქტი არ უხმარიათ, შენარჩუნებული აქვს სასაქონლო სახე და სამომხმარებლო თვისებები. მომხმარებელთა უფლებები, გარდა სამოქალაქო კანონმდებლობისა, დაცულია სისხლის სამართლის კოდექსით, სადაც გათვალისწინებულია უფრო რთული შემთხვევები. მომხმარებლის მოტყუება, რამაც გამოიწვია მისი ქონების დაზიანება, იწვევს სამართლებრივ პასუხისმგებლობას 219-ე მუხლის მიხედვით. საგარანტიო ვადა არის თქვენი გარანტი, ერთგვარი შეთანხმება თქვენსა და დამამზადებელს ან გამყიდველს შორის, რომლის მიხედვითაც თქვენ ნაყიდ პროდუქციას მითითებულ ვადაში დააბრუნებთ უკან, მაგრამ იმ მომხმარებლის მოტყუება ზომაში, წონაში, ანგარიშში და მისთვის მცდარი წარმოდგენის შექმნაში პროდუქტის ხარისხის ან მისი სამომხმარებლო თვისების შესახებ, არის დანაშაული და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით ერთიდან ორ წლამდე. ამ მუხლს აქვს მაკვალიფიცირებელი გარემოებები: თუ დანაშაული ხდება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ან ზარალი შეადგენს დიდ ოდენობას, ეს დანაშაული ისჯება პატიმრობით, ვადით ორ წლამდე. დიდ ოდენობად ითვლება მოტყუებით მიყენებული ზიანის ოდენობა, რომელიც აღემატება მომხმარებლის მიერ გადასახდელი ღირებულების 20 პროცენტს. მომხმარებლის დეფინიცია და უფლებები მხოლოდ სავაჭრო გარიგებას არ მოიცავს, მომხმარებელია ადამიანი, რომელიც სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, სხვადასხვა სპეციალობის ხელოსნის მომსახურებით. თქვენ შეგიძლიათ, მოითხოვოთ ზარალის ანაზღაურება ტაქსის მძღოლისგან, რომელიც გადაგახდევინებთ დაწესებულ ზღვარზე მეტ ფულს, უჩივლოთ მუნიციპალიტეტს, თუ მათი ტრანსპორტით მგზავრობის დროს შეგექმნებათ პრობლემა ან მოითხოვოთ სასამართლოსგან იმ ზარალის ანაზღაურება, რაც სახლის ან ავტომანქანის რემონტის დროს ხელოსანმა მოგაყენათ. როგორც წესი, საქართველოში ასეთი პრაქტიკა არ არსებობს, მაგრამ, ალბათ, მოვა დრო, როცა მომხმარებლები საკუთარი უფლებების სკურპულოზურ დაცვას დაიწყებენ.

– როგორ შეუძლია მომხმარებელს დაიცვას საკუთარი უფლებები ვადაგასული პროდუქციის შეძენის შემთხვევაში?

– სასურსათო და კვების პროდუქტის შემთხვევაში კიდევ უფრო რთულადაა საქმე. ბოლო პერიოდში უფრო მეტად გამოსწორდა სიტუაცია და პროდუქციას, რომელსაც არ აქვს მითითებული გამოშვებისა და გამოყენების ვადები, ვერც ერთ ნორმალურ სავაჭრო ქსელში ვერ ნახავთ. ამაზე მუშაობენ სპეციალური სამსახურები, რომლებიც ადგენენ სტანდარტებს, რომლის მიხედვითაც, მითითებული უნდა იყოს პროდუქტის შემცველობა, თვისებები და ასე შემდეგ. თუ შეიძენთ დაფასოებულ პროდუქციას, რომელზეც მითითებული ვადა დაცულია, მაგრამ აღმოჩნდება, რომ პროდუქცია ვარგისი არაა კვებისთვის. თქვენ, იმის მიუხედავად, რომ დარღვეული გექნებათ სასაქონლო ნიშანი, მაინც შეგიძლიათ მისი დაბრუნება სავაჭრო ქსელში, რადგან შეფუთვის ფორმის დარღვევის გარეშე ამას, უბრალოდ, ვერ აღმოაჩენდით. თუ ხდება პროდუქტის, ნივთის თვისობრიობის შეცვლა მწარმოებლის, დამამზადებლის მიერ, ეს ისჯება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით. დანაშაულები, როგორიცაა ფალსიფიკაცია და მომხმარებლის მოტყუება, ითვლება განზრახ დანაშაულად, მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ აქამდე არ მიდის საქმე, მომხმარებელს ზარალი აუნაზღაურდება სასამართლოს მიერ. ამგვარი ქმედებისთვის ციხეში არავის ჩასვამენ, მაგრამ, თუ მომხმარებელი შეეცდება თავისი უფლების დაცვას, კანონი ყველა შემთხვევაში მის მხარეზეა.




скачать dle 11.3