რატომ იტანჯებოდა გიორგი სუხიტაშვილი ორი წლის განმავლობაში და რატომ გამოიტირა ის მთელმა სოფელმა
ეკა პატარაია
გიორგი სუხიტაშვილი, რომელიც მსმენელმა „ჯეოსტარიდან“ გაიცნო და შეიყვარა, გორიდან ათი წლის წინ ჩამოვიდა. როგორც ყველა ჩამოსულისთვის, მისთვისაც რთული აღმოჩნდა დედაქალაქში თავის დამკვიდრება. მატერიალური მხარე და კარიერა იმდენად მნიშვნელოვანი არც ყოფილა მისთვის, რამდენადაც ის გარემოება, რამაც თავად გიორგი და მისი ოჯახი ლამის ჭკუიდან გადაიყვანა – ონკოლოგიურ საავადმყოფოში ის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზით აღმოჩნდა. მისი გადარჩენის შანსი თითქმის აღარ არსებობდა, მაგრამ მდგომარეობა უცებ უკეთესობისკენ შემოტრიალდა. ჩვენი თხოვნით მას კიდევ ერთხელ მოუწია მძიმე და აუტანელი დღეების გახსენება.
– გიორგი, 13 წლის იყავი, როცა თბილისში ჩამოხვედი. არ გაგიჭირდა აქაურ გარემოსთან შეგუება?
– ცხინვალის რეგიონში გავიზარდე. იქ არავინ იყო დალხენილი, ყველა ერთ ყოფაში ვცხოვრობდით, თუმცა, შეგუებულები ვიყავით. სირთულეები მერე დაიწყო, თბილისში რომ ჩამოვედით. გორი ახლოს არის თბილისთან, მაგრამ ჩვენი მსოფლმხედველობა, მეტყველება, მენტალიტეტი რადიკალურად განსხვავდება. აქ ჯერ საესტრადო სასწავლებელში ვსწავლობდი, შემდეგ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. ორი წელი ჩუმად ვიყავი, ვაკვირდებოდი, ვსწავლობდი აქაური ქცევის და საუბრის მანერებს. გარემოსთან, ადამიანებთან, ჯგუფელებთან შეგუების პრობლემა იყო. ჩემს ჯგუფელებს ჩემს მეტყველებაზე, კილოკავზე ეცინებოდათ და ამაზე საშინლად ვღიზიანდებოდი. არ დაგიმალავ, ხშირად ამის გამო მუშტი-კრივიც გამიმართავს. მშვიდი ხასიათი არ მაქვს, ფიცხი ვარ. არ მიყვარს უსამართლობა. პატარა ვიყავი და ყველაფერი გულთან ახლოს მიმქონდა, თორემ, ახლა ბევრი რამ ვისწავლე, პირველ ყოვლისა – მოთმინება, მაგრამ, მინდა გითხრა, რომ თავის დამკვიდრება მომიწია როგორც საკუთარ თავზე მუშაობით, ისე ჩხუბით. ეს, ალბათ, ყველამ უნდა გაიაროს. საერთოდ, პატივს არ ვცემ ისეთ ადამიანს, რომელიც დედაქალაქში ჩამოდის და არ ცდილობს, თავისი ინტელექტი, მეტყველება გაიუმჯობესოს. გორელი ვარ და არასდროს ვიქნები თბილისელი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ქართულ ენას პატივი არ უნდა ვცე. თუ იმის ამბიცია მაქვს, რომ თბილისში ვიცხოვრო, კეთილი უნდა ვინებო და მოვიქცე ისე, როგორც ამ ქალაქს შეეფერება.
– ვიცი, რომ პრობლემები პირად ურთიერთობაშიც გქონდა, როცა საცოლეს დაშორდი. მართალია, თაკო დღეს შენი ცოლია, მაგრამ, იმ მძიმე პერიოდებს, რომელსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გავდივართ, მეხსიერებიდან ვერ ამოშლი.
– მაშინ, როცა მე და თაკო ერთმანეთს დავცილდით, რთული სიტუაცია იყო. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ, აზრთა სხვადასხვაობის გამო მივიღე გადაწყვეტილება, დავშორებულიყავით. მართალია, ამ დროს გული გტკივა, მაგრამ ყველაფერი თვითონ უნდა მოაგვარო. სხვა ვერ შეგაშველებს ხელს, როცა საქმე შენს პირად ცხოვრებას ეხება – შენი ბედი შენს ხელშია. ამის შემდეგ ყველასთან ურთიერთობას ვერიდებოდი, რადგან, შეიძლებოდა, კითხვა დაესვათ – რა გჭირს, რატომ ხარ მოწყენილიო... მე კიდევ, არ შემიძლია, ასეთ დროს მოვიტყუო. ძირითადად სახლში ვიჯექი და ჩემს საქმეზე ვიყავი გადართული. ღმერთის წყალობით, ყველაფერმა ცუდმა ჩაიარა და დღეს ერთად ვართ. საერთოდ, არ ვარ ის ადამიანი, რომ წარსულში ვიქექო. თუ თაკოსთან რამე პრობლემა შემექმნება, არ გავუხსენებ. არიან ადამიანები, რომლებიც ჯაჭვურად აბამენ ერთმანეთს რაღაც-რაღაცეებს. დღეს რომ რამე შემეშალოს ვინმესთან, მან, შეიძლება, ჩვენი ურთიერთობის ადრინდელი პრობლემები გაიხსენოს, მე ასე არ შემიძლია.
– მას შემდეგ კარგა ხანი გავიდა. კიდევ რა ბარიერებს წააწყდი?
– ერთი პრობლემა მახსენდება, მე და თაკო უკვე ერთად ვცხოვრობდით, მაგრამ ოფიციალურად ჯერ არ ვიყავით ცოლ-ქმარი. ასეთი პროექტი იყო – „მიმღერე რამე“. დეპრესიული პერიოდი მქონდა: არსად ვმუშაობდი, სულ სახლში ვიჯექი, რეპეტიციებზეც ვერ დავდიოდი – ფინანსური პრობლემები მქონდა და ძალიან გამიჭირდა. ელემენტარულად, საწვავის ფული არ მქონდა, რომ რეპეტიციაზე მივსულიყავი და, რომ მირეკავდნენ, ვატყუებდი – ცუდად ვარ, სიცხე მაქვს-მეთქი. ეს არავინ იცის, შენთან ვამბობ პირველად. წუწუნი არ მიყვარს, უბრალოდ, ამ თემაზე ვსაუბრობთ და ამიტომ ვამბობ. ორ თვეზე მეტხანს გაგრძელდა ეს. არადა, მაგ დროს კიდევ მეტი პრობლემა იჩენს თავს – კომუნალური გადასახადები, კვების, მგზავრობის ფული. ყოველდღე ახალ-ახალი რაღაცეები ჩნდება, მერე გროვდება და ამან, შეიძლება, სასოწარკვეთილებამდე მიგიყვანოს. ასე რომ, სირთულეები, მით უმეტეს ჩემს პროფესიაში, ყოველთვის არის. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება, ხვალაც იგივე პრობლემა დამიდგეს. ერთ ადგილზე ტრიალი წრეზე სიარულს ჰგავს და ეს უფრო გაგდებს დეპრესიაში. დავიძინე, გავიღვიძე – ყოველდღე ერთი და იგივე ხდებოდა. მერე რომელიღაც კლუბში დავიწყე მუშაობა. უკვე რომ ვამჩნევ ხოლმე, რომ იმის იქით აღარაფერია და ბოლო რესურსი ამომეწურა, მაშინ გამოჩნდება საარსებო გზა, რითაც მერე ახალ ცხოვრებას ვიწყებ. კალმახივით ვარ – ხანდახან დინების საწინააღმდეგოდ მიწევს ცურვა. ვცდილობ, უფრო მეტი გავაკეთო. მართალია, მშობლები ყოველთვის გვერდში მედგნენ, მაგრამ, რაღაც მომენტებში მე თვითონ მიწევდა გადაწყვეტილებების მიღება, გზის არჩევა. საერთოდ, ყველას ვურჩევ, რომ ბავშვები სოფელში გაზარდონ – სოფელი გაძლევს ყველაზე დიდ მაგალითს, როგორ იცხოვრო დამოუკიდებლად. კორპუსში გამოკეტილი ბავშვი ეზოში რომ ჩავა სათამაშოდ და დედა ზემოდან დაჰყურებს, ვერაფერს გააკეთებს. სოფელში კი, რაღაც სიტუაციებში უკვე მზად ხარ, გაწონასწორებული ხარ, და პანიკაში არ ვარდები.
– ყველაზე მტკივნეულად მაინც რა გახსენდება?
– ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი და შავი ლაქა 2008 წელია, როცა ბევრი ჩემი ნათესავი დარჩა უსახლკაროდ. მათ მართლა მძიმე დღეები გამოიარეს. რაც შეეხება ისევ ჩემს პირად პრობლემებს, შეიძლებოდა ათი წლის წინ, ჩემი ოჯახისთვის ყველაფერი ცუდად დასრულებულიყო. ონკოლოგიურში ავთვისებიანი სიმსივნით ვიწექი – იღლიის მიდამოში ლიმფური ჯირკვლის სიმსივნე ამომკვეთეს. სამი თვე გაგრძელდა მთელი ოჯახისთვის ეს ტანჯვა, სანამ გერმანიიდან პასუხი ჩამოვიდა. მთელმა სოფელმა და რეგიონმა გამომიტირა, ისეთი სიტუაცია იყო. მაგრამ ვინაიდან ბავშვობიდან გონებაგახსნილი და დაკვირვებული ვარ, ვიცოდი, რაც ხდებოდა ჩემს თავს. სიკვდილი არავის უნდა, მაგრამ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, შევეგუე კიდეც აზრს, რომ რაღაც დამთავრდა. გული მხოლოდ იმაზე მწყდებოდა, რომ ჩემი ოცნებები, რაც მინდოდა, რომ განმეხორციელებინა, ოცნებად რჩებოდა. დავიწყე ლოცვების კითხვა – ეს ძალას მმატებდა და მანუგეშებდა. უფრო მეტად ოჯახზე ვნერვიულობდი – ისინი როგორ მიიღებდნენ და გადაიტანდნენ ჩემს დაკარგვას. ჩემი ძმა ჩემზე ხუთი წლით უფროსია, თითქმის მისი გაზრდილი ვარ და მახსოვს, როგორ განიცდიდა. დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ვმკურნალობდი. მერე სიმსივნე გაიწოვა. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერმა ჩაიარა. სხვამ თუ არ მიმანიშნა, თავის დაზოგვა არ ვიცი, ყველაფერში ბოლომდე ვიხარჯები. სამი თვის მერე მძიმე ოპერაცია გავიკეთე თვალებზე – მხედველობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები მქონდა. არც ამას ვაქცევდი ყურადღებას, სანამ ძალიან არ გამიჭირდა – საჭესთან ვეღარ ვჯდებოდი.
– გაინტერესებდა, გაგეგო შოუ-ბიზნესის კულუარებში რას ლაპარაკობდნენ შენზე?
– თბილისში არავინ მყავდა ამ სფეროში, ვინც გვერდში დამიდგებოდა. ყველაფერს ჩემით მივაღწიე. იცი, ამ ცხოვრებაში რამდენმა ადამიანმა მომატყუა?! ძალიან ნიჭიერი ხარ, გვერდში დაგიდგები, ამას ვიზამ, იმას ვიზამ... პატარა როცა ხარ, ყველაფრის გჯერა, მოუთმენლად ელოდები, როდის დაგირეკავენ და გეტყვიან, კონცერტი გავაკეთოთო. საესტრადო სასწავლებლის დასრულების შემდეგ ჩვენ, სამეგობრომ, ვინც ვიყავით, გადავწყვიტეთ ვოკალურ-ინსტრუმენტული ჯგუფი ჩამოგვეყალიბებინა. ჩამოვაყალიბეთ და დავარქვით „ვივო“. 17-18 წლის, ენთუზიაზმით სავსე ბიჭები შევუდექით საქმეს. პატარა კონცერტებს ვაწყობდით, მოდიოდნენ, გვისმენდნენ, ვიღაცეებს მოვეწონეთ. მერე ტელევიზიაში მიგვიწვიეს. მაშინაც დაახლოებით ასე ვმღეროდით, როგორც დღეს – არაფერი გვეშლებოდა, მაგრამ, იმის გამო, რომ არაფერს წარმოვადგენდით, ფეხებზე დაგვიკიდეს. უბრალოდ, მოგვისმინეს და გვითხრეს, კარგი ბიჭები ხართო. ეს ჩვენთვის დიდი დარტყმა იყო. ერთი ყულაბა გვქონდა, რომელშიც ფულს ვყრიდით. მოგროვდებოდა რაღაც თანხა, წავიდოდით, ჩავწერდით სიმღერებს. ერთადერთი ადამიანი, ვინც სულ გვერდში გვედგა, სანო იყო. მიზერულ ფასებში გვაწერინებდა სიმღერებს, მხოლოდ მას არ მივუტოვებივართ. ახლაც გვერდში გვიდგას და ვმეგობრობთ. ერთხელ კონცერტზე მიგვიწიეს კლუბ „16 რაუნდში“. გვინდოდა, გაგვერკვია, რა კონცერტი კეთდებოდა. აქ ფულზე არ იყო ლაპარაკი, უბრალოდ, რასაც ვშრომობდით, გვინდოდა, მარტო ჩვენ კი არა, სხვებსაც მოესმინათ. რომ მივედით, იმ კაცმა, ვინც მიგვიწვია, ორმოცდაათი მოსაწვევი მოგვცა – ეს უნდა გაყიდოთო. თან, მაგიდები უნდა შეგვეკვეთა. საშინელი გრძნობა დაგვეუფლა. მათხოვრის შეგრძნება მქონდა. ეს ადამიანი მას მერე თვალებში ვეღარ მიყურებს.
– კიდევ ვისთან გქონდა უსიამოვნო სიტუაციები?
– კლიპი გავაკეთეთ, რომელიც ერთ-ერთ მუსიკალურ არხზე ტრიალებდა. ამ არხზე კიდევ მუსიკალური საიტი იყო. დაიწყეს მითქმა-მოთქმა, რომ არსებობს ასეთი ჯგუფი „ვივო“, რომელიც „ილდივოს“ ბაძავსო. არადა, ის აბსოლუტურად სხვა ჯგუფია. ვგავდით, ალბათ, იმით, რომ იქაც ოთხი ბიჭია და ჩვენც ოთხნი ვიყავით. მართალია, დამწყები ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ხარისხიან მუსიკას ვქმნი და სულაც არ ვბაძავ ვიღაცას. არ მინდა, პირველივე ეტაპზე მადარებდნენ ისეთ ჯგუფს, რომელიც არანაირად არ ზის ჩვენს სტილში. მაშინ „ბოისთუმენი“ მოგვწონდა და ვცდილობდით, უფრო ამ კუთხით წავსულიყავით. ძალიან კარგად მახსოვს, შაბათი იყო და ამ ადამიანს ვურეკავ, ვინც ჩვენზე თქვა, რომ „ილდივოს“ ვბაძავთ. თავისუფლების მეტროსთან ვდგავარ. მანდილოსანი მპასუხობს. ვუთხარი, ამა და ამ ჯგუფის პირველი ხმა ვარ. ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის, მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ არანაირად არ ვბაძავთ ამ ჯგუფს და არც ამბიცია გვაქვს-მეთქი. უკანასკნელი სიტყვებით გამლანძღა: ვინ ხარ და როგორ მიბედავ, რომ შაბათ დღეს მირეკავ. მადლობა მითხარი, შენზე რამე რომ დავწერეო, – ყვიროდა. მას შემდეგ იმ შენობაში, სადაც ტელევიზიაა, ხშირად მიწევს სიარული და მასთან შეხვედრა – იქ რადიო და კიდევ ბევრი სხვა რაღაც ფუნქციონირებს. ჯერ თვითონ უნდა იყო ისეთი, რომ ვინმეზე რამე გეთქმოდეს. რაღაც პროექტი ჰქონდა – ცნობილ ოჯახებში მიდიოდნენ სტუმრად და მათ სახლებს იღებდნენ. მერე მეხვეწებოდა, შენთანაც მოვალთო. დაივიწყე ეგ ამბავი-მეთქი. ვერ ვიტან უნამუსობას. იცი, ალბომი რომ გავაკეთე, ისინი, ვინც თხუთმეტი წელი სცენაზე დგანან, როგორ დაიბოღმნენ? ეწყინათ. გული მეტკინა, იმიტომ, რომ თვითონ არ ვარ ასეთი. ყველას წარმატება მიხარია. „გამარჯობას“ აღარ მეუბნებოდნენ. მერე ჭორები დამიყარეს, „პლუსებზე“ დაიწყო სიმღერაო. ერთ-ერთი კლუბიდან დამირეკეს და მუშაობა შემომთავაზეს. მერე წამოვედი, რადგან ჩვენი აზრები გაიყარა. ვერ მუშაობდა ბარი, სხვა მომღერლების მიღება დააპირა და ასეთი რაღაც „ჩაარტყა“ სუხიტაშვილი „პლუსებზე“ მღეროდა და, ხომ ხვდებით, ეს რას ნიშნავს კლუბისთვისო. ვინც ცოტათი მაინც მიცნობს, მან იცის, რომ დღემდე არსად მიმღერია „პლუს“ ფონოგრამით. თუ ვინმეს ენა მოუბრუნდება, მოვიდეს, თვალებში ჩამხედოს და ისე მითხრას, ვინც რამეს წარმოადგენს, მათ საყურადღებოდ ვიტყვი, რომ დამწყებებს ფეხს ნუ დაუდებენ. ნოყიერი მარცვალი მაინც აღმოცენდება და ზემოდან დაგძახებს. ერთი მხრივ, ეს ჩემთვის სტიმულიც იყო – გრძნობ, რომ მასზე ნიჭიერი ხარ და წინ ამიტომ არ გიშვებს. დღეს შემიძლია, მივიდე და ხელი ჩამოვართვა იმ ადამიანებს – მაინც ყველა მიყვარს, მაგრამ, გული ხომ მატკინა. მის მაგივრად კი მე მრცხვენია. რატომ უნდა ჩაიგდო უხერხულ მდგომარეობაში თავი? ხედავ, რომ ადამიანს რაღაცის გაკეთება უნდა, ენთუზიაზმით მოვიდა და შენ ეუბნები – არა, ბიჭებო, არაფერი გამოვაო. ცოტა იოლი გაუხადე სცენამდე მისვლა, რა! ბევრი დრო დავკარგე. უფრო ადრე შემეძლო რაღაცეების გაკეთება. მე რომ „ჯეოსტარში“ არ მოვხვედრილიყავი, შეიძლება, რაღაცისთვის მიმეღწია, მაგრამ ამხელას ვერ მივაღწევდი.
– რაც შეეხება ისევ შენს მატერიალურ მდგომარეობას, ახლა როგორ ხარ?
– უკვე ორი წელია, რაც ქირით ვცხოვრობ, საკუთარი ჭერი არ გამაჩნია. იმხელა თანხა ნამდვილად არ მაქვს, რომ ბინა ვიყიდო და არც ვიცი, კიდევ როდის მექნება. ცოტა ხნის წინ ძალიან გამიჭირდა – ქირას ვეღარ ვიხდიდი, მაგრამ ადამიანისთვის ყველაფერი სიკვდილის შემდეგ მთავრდება. ჩემთვის ცხოვრება თამაშია. რაღაც გამოსავალს ყოველთვის ვპოულობ, ხელებში არავის ვუყურებ. მამაჩემს რომ ვთხოვო, ბუნებრივია, დამეხმარება. ხანდახან მეჩხუბება, რატომ არ მეუბნები, როცა რაღაც გინდაო. ნურავინ დაიწყებს იმაზე ლაპარაკს, რადგან პოპულარული ხარ, შენთვის ყველაფერი იოლიაო. ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, ჩვეულებრივი პრობლემებით დამძიმებული. რომ ნახო, როგორ ვცხოვრობ, არ დაიჯერებ. ღმერთმა არ მიმიყვანოს იმ ეტაპამდე, რომ საჭირო აღარ იყოს ჩემი პროფესია, მაგრამ, წავალ და სოფელში ვიმუშავებ, როგორც პაპაჩემი მუშაობს. არ გამოვრიცხავ, რომ, თუ დამიდგება ასეთი სიტუაცია, წავიდე და მიწაზე ვიმუშაო – არ არის ეს ჩემთვის უცხო. ხანდახან მგონია, რომ მართლა არ ვჭირდები ვიღაცას. დაახლოებით ცხრა წელია, აქეთ ვარ და მიჭირს აქ ყოფნა. მე რომ ეს ბაზა იქ მქონდეს, თბილისში არ ჩამოვიდოდი.