კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაატარა ირაკლი ლაბაძემ 15-წლიანი „პატიმრობა” და რა გამოსძალეს მას







თამუნა სამადაშვილი

ირაკლი ლაბაძემ დიდ კორტებზე 15 წელი გაატარა, მარცხიც განიცადა და წარმატებასაც არაერთხელ გაუგო გემო, როდესაც მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვან ჩემპიონებს ამარცხებდა. ვენაშიც იცხოვრა და ოკეანის გაღმაც, მაგრამ, ისევ მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა, რომელიც მისთვის ყველაზე ძვირფასია და უკვე ჩვეულებრივი თბილისური ცხოვრებით ცხოვრობს, ვარსკვლავური წარსულიდან ბევრი რამ ენატრება, ალბათ, ამიტომაც, ცნობილ არენაზე მოხვედრილი, ხანდახან კორტებისკენ თვალს ვეღარ აპარებს. ირაკლი ძალიან გახსნილი, თბილი და გულწრფელი ადამიანია, ქართული ხასიათითა და უნარ-ჩვევებით, თუმცა ეს ყველაფერი თავად მისგან ჯობია, შეიტყოთ...

ირაკლი ლაბაძე: გასული წელი თითქმის მთლიანად თბილისში გავატარე, 15 წელი ვიყავი წასული საქართველოდან და ძალიან მენატრებოდა აქაურობა. უცხოეთში ცხოვრება კარგია, მაგრამ, მე ვეღარ გავძელი, თან, ეს ბოლო ორი წელი, რაც აქტიურ ჩოგბურთს ჩამოვშორდი, აღარ მაქვს ისეთი აქტიური რეჟიმი და რატომ უნდა ვყოფილიყავი სხვაგან? როცა ჩოგბურთს ვთამაშობდი, თბილისშიც ვერ ჩამოვდიოდი ხოლმე, ერთი კვირით რომ ჩამოვსულიყავი, ფორმიდან ამოვვარდებოდი, სულ დიეტაზე ვიყავი. ტკბილეული მიყვარს ძალიან და სულ აკრძალული მქონდა. ჩოგბურთს თავი რომ დავანებე, ვთქვი: ახლა ორი წელი ტკბილეული მაჭამეთ-მეთქი. ასეთი „სასიამოვნო“ 15-წლიანი „პატიმრობა“ მქონდა (იცინის). ამ ზაფხულს საბერძნეთში ვიყავი, ახლახან ამერიკაში მომიწია წასვლა – რამდენიმე ბავშვი წავიყვანე სხვადასხვა ტურნირზე გამოცდილების მისაღებად ერთი თვე მყავდა ამერიკაში წაყვანილი და ერთი სული მქონდა, უკან როდის დავბრუნდებოდი. მეგობრები მეხუმრებოდნენ: ბიჭო, მაიამიში ხარ, გადაფრინდი ნიუ-იორკში, გაერთეო. მე ვეუბნებოდი: ჩემი ნიუ-იორკი თბილისია, ჩემი მაიამი კი – ბათუმი-მეთქი. იმის მიუხედავად, რომ ბოლო თხუთმეტი წელი სულ ცაში გავატარე, მაინც ვერ შევეჩვიე და ვერ ვიტან თვითმფრინავს.

– ისეთი აქტიური ცხოვრების შემდეგ, რაც გქონდა, ახლა ვეტერანის ამპლუაში თავს როგორ გრძნობ?

– როგორც იქნა, შევეჩვიე ამ ამპლუას. 15 წელი ცოტა დრო არაა, მე საკმაოდ ადრეულ ასაკში დავიწყე ჩოგბურთის თამაში და ძალიან ადრეც გავხდი ვეტერანი ტრავმის გამო – 25 წლის ვიყავი მაშინ. ზოგი ამ ასაკში იწყებს ჩოგბურთის თამაშს. 18-19 წლის ასაკში გამოვდიოდი ძალიან დიდ ტურნირებზე. ტრავმა რომ არ მიმეღო, თავისუფლად ვითამაშებდი 32 წლამდე. ამერიკაში ძველ მეგობრებს შევხვდი, თურმე, იმათაც დაანებეს თავი ჩოგბურთს, ვიხუმრეთ: მოდი, კიდევ ვითამაშოთ, იქნებ, ან გრძნობა დავკარგეთ, ან სისწრაფეო. მე არ ვიყავი ძალიან სწრაფი კორტზე, მაგრამ, სამაგიეროდ, ბურთს ვგრძნობდი და ამ გრძნობას, ალბათ, არასდროს დავკარგავ. ან, რა ვეტერანები ჩვენ ვართ, ჯერ 30 წლისთვის არ მიგვიღწევია არც ერთს! აქტიური ჩოგბურთის ნოსტალგია მუდმივად მაქვს, ახლა ამერიკაში რომ ვიყავი ორანჯბოლის ტურნირი ტარდებოდა და ცენტრალურ კორტზე მივიყვანე ბავშვები. საშინლად დიდი კორტია, რამდენჯერმე ვარ გამოსული მაგ კორტებზე. მახსოვს, ღამის 2 საათამდე ვთამაშობდი მარატ საფინთან. არენაზე რომ შევედი, ისე ავდიოდი მაღლა, კორტისკენ არ ვიხედებოდი, ბოლოს მაინც გავაპარე თვალი და მაგრად „დავიგრუზე“ – გამახსენდა, როგორ ვეჩხუბებოდი მსაჯს (იცინის).

– თამაშის დროს ქართულ ხასიათს ამჟღავნებდი?

– კი, თან – მაგრად. ჩემი მწვრთნელი ეუბნებოდა ბავშვებს: უნდა გენახათ, როგორი გიჟი იყო, მაგრამ, მერე გაიზარდა. ქართული ხასიათი აქვს, ისეთი აფეთქება იცოდა, მეტროში, უცხო ადამიანის საქციელზეც კი შეეძლო გაბრაზებაო და, ისეთი ისტორიები გაიხსენა, არც კი მახსოვდა. მე არ შემეძლო, დაძაბულ მომენტში საკუთარი თავისთვის მეთქვა: „დაწყნარდი, ირაკლი, ყველაფერი კარგად იქნება“, ამიტომაც ასეთ დროს ჩოგნებს ვამტვრევდი ხოლმე (იცინის). მსაჯებთანაც ვჩხუბობდი. ერთხელ სერიოზული უსიამოვნება მომივიდა ავსტრალიაში როდიკთან: თამაშის დროს შეცდომა დავუშვი, ხელები ავწიე, შევტრიალდი და მან მაინც ითამაშა ჩემზე. ეს ძალიან ცუდი ეტიკეტია ჩოგბურთში და ძალიან გავმწარდი. მხარეები რომ შევიცვალეთ, სპეციალურად მხარი გავკარი მაგრად, მან რაღაც მითხრა, მეც რაღაც ვუთხარი. ისე გამამწარა, როგორც კი მატჩი დამთავრდა, გასახდელისკენ გაიქცა. მეც გავეკიდე, თან, ბევრი ხალხი იყო და კარგად ვერ გავეკიდებოდი; ის გარბოდა და უკან-უკან იყურებოდა, ასე რომ, გასახდელში სულ წრეზე ვარბენინე (იცინის).

– წლების წინ შენც გვარიანად გაამწარე აგასი.

– ჩვენ ერთმანეთს შევხვდით ჩინეთში, შან-ხაიში იყო დიდი ტურნირი. ვიცოდი, რომ აგასს ძალიან უნდოდა იმ ტურნირის მოგება – პირველობა დაკარგული ჰქონდა და, თუ ორ თამაშს მოიგებდა, ისევ „პირველი ჩოგანის“ ტიტულს მოიპოვებდა. აგასი ერთ ჩემს მეგობარს იცნობდა, მასთან ერთად ვხურდებოდი კორტზე, აგასმა ჰკითხა: ქართველებმა იციან, ტენისი რა არისო? ჩემმა მეგობარმა ერთი გახედა და უთხრა – შენ ფრთხილად იყავიო. პატარა ბიჭი ვიყავი, ახალი დაწყებული მქონდა გამოსვლა დიდ ტურნირებზე, აგასს გაეცინა ჩემი მეგობრის ნათქვამზე. მე ეს ამბავი თამაშის დაწყებამდე გავიგე. ჩემზე რამე რომ ეთქვა, დავთმობდი, მაგრამ, ძალიან გავბრაზდი, საქართველოს რომ შეეხო და ქართველებს რა ეცოდინებათო, – თქვა, აი, მაშინ გავვეშდი, თან „დავიგრუზე“, რადგან იქ ჩემ გარდა ქართველი არავინ იყო. გავედით კორტზე და 7:6, 7:5 დავამარცხე აგასი. ისე გამწარდა, კორტზე ჩოგანი გატეხა. მივხვდი, რომ ცუდად ჰქონდა საქმე. მერე გასახდელში შემოვიდა. მე და ჩემი მეგობარი დივანზე ვისხედით, ჩვენ წინ დიდი პლაზმური ტელევიზორი იდგა. გამწარებულმა აგასმა სამჯერ დაარტყა ტელევიზორს ჩოგანი, მერე მისი მწვრთნელი შემოვიდა და რაღაცეებს ებურტყუნებოდნენ ერთმანეთს.

– ვარსკვლავური ცხოვრებიდან მოგონებების გარდა კიდევ რა შემოგრჩა?

– მე არ მქონია განსაკუთრებული ვარსკვლავური ცხოვრება და არც პროფესიული მიღწევებით მიტრაბახია ოდესმე. არასდროს მითქვამს, რა მაგარი ვარ-მეთქი, მერე რა, რომ მსოფლიოს პირველ ჩოგანს მოვუგე, თუმცა ეს მოგება ძალიან გამიხარდა. მქონდა კარგი ჰონორარები, არაფერი მაკლდა, იმას ვაკეთებდი, რასაც მოვისურვებდი. საკმაოდ დიდხანს ვცხოვრობდი ვენაში. შეჯიბრებიდან სახლში რომ დავბრუნდებოდი ხოლმე, შეიძლებოდა, ყველაფერი აყრილ-დაყრილი დამხვედროდა, რადგან არ ვარ ორგანიზებული ადამიანი და დამლაგებელთან დარეკვა მავიწყდებოდა, ამ დროს, საშინლად ვერ ვიტან უწესრიგობას. ამიტომ, ავიღებდი ხოლმე ორი დღის სამყოფ ტანსაცმელს და გავრბოდი სასტუმროში (იცინის). როცა 15-წლიანი კარიერის შემდეგ თბილისში დავბრუნდი, საბანკო ანგარიშზე ბევრი არაფერი მქონდა. შემეძლო, ერთი ვილა მეყიდა, მაგრამ, ესეც ჩემი ასაკის გამო არ გავაკეთე – ასეთ რამეებზე არ ვფიქრობდი. რამდენიმე ბინა შევიძინე თბილისში, კიდევ კარგი ამისთვის მაინც „გამომძალეს” ჩემებმა ფული, ნეტავ ერთი კარგი ბიზნესიც „გამოეძალათ” ჩემთვის ოჯახის წევრებს (იცინის). მე სხვა აზრები მქონდა – ძალიან მინდოდა, რომ ჩოგბურთში დავხარჯულიყავი. ჩემი სისუსტე იყო კარგად ჩაცმა. ვერ ვიტყვი, რომ ბრენდებს დავდევდი, კი მეცვა კარგი ბრენდების სამოსი, მაგრამ, არც „ზარაზე“ ვამბობდი უარს. შემეძლო, ოც დოლარიანი მაისურიც მეყიდა, თუმცა, არც იმის პრობლემა მქონდა, შევსულიყავი მაღაზიაში და 5-6 ათასი ევრო დამეტოვებინა. ხშირად დავდიოდი კლუბებში, დალევა და ტკბილეული აკრძალული მქონდა, მაგრამ, მაინც...

– სამაგიეროდ, „ლავ სთორები” არ გექნებოდა აკრძალული, ცნობილ ჩოგბურთელს თაყვანისმცემლებს რა გამოგილევდა, მით უმეტეს, მომხიბვლელ კოლეგებს შორის...

– ჩოგბურთელის თაყვანისმცემელთა რაოდენობა პირდაპირ არის დაკავშირებული შენს ადგილთან რეიტინგთა სიაში (იცინის). ჩოგბურთელ ქალთან რომანი არასდროს მქონია, ასეთი სურვილი არასდროს გამჩენია. ქალი რომ დახტის კორტზე და უაზრო რაღაცეებს ყვირის, ის ჩემთვის არ არის. საღამოს რესტორანში რომ გავდიოდით, მახსოვს, ჩემი კოლეგა ქალბატონების მინი-იუბკებზე და ნაწილ-ნაწილ დაზაგრულ, დაკუნთულ ფეხებზე ვფიქრობდი ხოლმე: „წადი რა, შარვალი ჩაიცვი“... (იცინის) – ესეც, ალბათ, ქართული ხასიათის გამოვლენა იყო. საერთოდ, „ლავ სთორებში“ სუსტი ვარ. ერთი შეყვარებული მყავდა. ქართველი გოგონა იყო და ევროპაში ცხოვრობდა. ჩვენ ვხვდებოდით ერთმანეთს, მაგრამ ურთიერთობა ბოლომდე ვერ აგვეწყო, თუმცა დღემდე ვმეგობრობთ.

– დაოჯახებას რატომ აგვიანებ?

– ო, ეს ჩემ გარშემო უფროსებისთვის სერიოზული თემაა, მაგრამ მშობლებთან „გაიასნებული“ მაქვს, რომ ჯერ თავი უნდა დამანებონ. ხანდახან კი შემაპარებენ ხოლმე: აბა, შეიხედე „ფეისბუქში“, ნახე ის გოგოო, მაგრამ, ვერ შემიტყუეს (იცინის). რაც წლები მემატება, გოგონების მიმართ უფრო პრეტენზიული გავხდი, უფრო და უფრო ვჭკვიანდები. ადრე არ ვაქცევდი ყველაფერს ყურადღებას, ახლა, რაც უნდა ლამაზი, სექსუალური და მაგარი გოგო გავიცნო, თუ უშუალო და გახსნილი არაა, ცოტა იუმორის გრძნობით, არ მომეწონება. ვერ ვიტან „პერო“ ქალებს. პარამეტრებიც მნიშვნელოვანია, მაგრამ, ცოლს ყოველდღე სასწორზე არ დავაყენებ, მარტო გარეგნობის გამო ცოლად ვერავის მოვიყვან. იმ ადამიანთან 40-50 წელი მაინც უნდა იცხოვრო და სულიერი ერთობა თუ არ გექნება, ძალიან გაგიჭირდება. მოკლევადიან ურთიერთობებში, შეიძლება, მარტო საძინებელში გესმოდეს ქალის, მაგრამ ცხოვრებაში ბევრი სხვა რამ არის კიდევ მნიშვნელოვანი.

– ახლა როგორია შენი თბილისური ცხოვრება?

– ისევ ჩოგბურთი – აკადემიისა და სპორტული კომპლექსის გაკეთება მინდა. ეს ის საქმეა, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. რაც ვიცი, იმას ვაკეთებ – მომავალ ჩოგბურთელებს ვეხმარები. სხვა რა უნდა გავაკეთო? ვარჯიშების გამო სკოლაში ბოლო ორი წელი საერთოდ არ დავდიოდი და მერე ძლივს ვაბარებდი ხოლმე გამოცდებს. არ ვიცი, რა იყო უნივერსიტეტი, თუმცა, იურისტის დიპლომი მაქვს. ჩემგან იურისტი ისე დადგება, როგორც თქვენგან – ჩინელი. ისეთი ცხოვრება მქონდა – არც მეგობრები, არც დასვენება... არ ვიცოდი, რა იყო „პაეზდკაში” მეგობრებთან ერთად წასვლა. ახლა იმ ყველაფერს ვინაზღაურებ, რაც წარსულში მაკლდა – გვიან, მაგრამ მაინც, სიჭაბუკის დრო დამიბრუნდა (იცინის).




скачать dle 11.3