ვინ უსრულებს თამთა გოგუაძეს სურვილების 101 პროცენტს და ვისთან ერთად მოიარა მან მოკლე დროში სამი კონტინენტი
მარიკა ხიდურელი
მომღერალი თამთა გოგუაძე, მიუხედავად ბევრი მოგზაურობისა, ახალ წელს თბილისში, საკუთარ ოჯახში შეხვდა და ამით ძალიან კმაყოფილია. მისთვის 2010 წელი საკმაოდ შედეგიანი იყო და იმედი აქვს, რომ 2011 წელი უფრო კარგი იქნება. თამთას ჰყავს ადამიანი, რომელიც სურვილებს 101 პროცენტით უსრულებს და რა თქმა უნდა, ეს მისთვის ძალიან სასიამოვნოა. ამჯერად, თამთა ერთი თვის განმავლობაში თბილისშია და თებერვლისთვის ემზადება. თუ რა ხდება ერთ თვეში, ამას უკვე მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.
თამთა გოგუაძე: უკვე სამი წელია, ინტენსიურად დავდივარ გასტროლებზე, მაგრამ ახალ წელს მაინც საქართველოში ვხვდები. მაგალითად, ორი წლის წინ, დეკემბერში საფრანგეთში ვიყავით, მაგრამ 24-ში ჩამოვედით. გასულ წელს დუბაიში შევხვდი ძველ ახალ წელს. სხვათა შორის, დუბაიში საკმაოდ არატრადიციულად შევხვდით ახალ წელს, რადგან იქ ალკოჰოლური სასმლის ყიდვა ძალიან ძნელია. მაღაზიაში შეხვიდე და იყიდო, გამორიცხულია. ამიტომ, გასულ წელს დუბაიში ახალი წელი ჩაიზე გადავატარეთ და ერთმანეთს ჩაის ჭიქებით ვულოცავდით. ძალიან სასაცილო იყო.
– მერე როგორი აღმოჩნდა ჩაით აღნიშნული ახალი წელი?
– არ დავკვირვებივარ, ალბათ, კარგი.
– როდის მიემგზავრები გასტროლებზე?
– თებერვალში ომანში მივდივართ. ომანის აეროპორტში ვარ მხოლოდ ნამყოფი. ბაჰრეიმიდან საქართველოში პირდაპირი რეისი არ არის და ომანის გავლით წამოვედით. არაბული ქვეყნები ძალიან მიყვარს და იმედი მაქვს, კარგი შთაბეჭდილებებით დავბრუნდები. ომანის შემდეგ, მარტში 6 კვირით ამერიკაში მივდივართ. ასევე, მოლაპარაკებები მიდის ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებთან.
– ბოლო სამი წელი, მგონი, ჰაერში უფრო მეტ დროს ატარებ ვიდრე ხმელეთზე.
– კი, ეს ასეა და ძალიან მიხარია. მომწონს ეს პროცესი. მართალია, თვითმფრინავი ძალიან მღლის, მაგრამ ძალიან მიყვარს – ვგიჟდები იმ მომენტზე, როცა აეროპორტის კარი იღება, გადიხარ და საერთოდ, სხვა სამყაროში ხარ. უპირველესად მომწონს ის, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა ვნახე და დავათვალიერე. პროფესიული თვალსაზრისითაც ძალიან მაგარია და სხვა მხრივაც. სხვა შემთხვევაში, ასე მოკლე დროში, სამ წელიწადში, სამ კონტინენტს ვერ მოვივლიდი. ბოლოს მეათე ქვეყანაში ვიყავი.
– ახალ წელს რა მოუტანა ლუკას თოვლის ბაბუამ?
– წერილი დაწერა ახალ წლამდე, რომ უნდოდა ჰარი პოტერის წიგნი, ცალხაზიანი რვეული (იცინის), ლეოპარდის კოსტიუმი, ლეოპარდის დისკი, ლეოპარდის წიგნი და ასე შემდეგ. საკმაოდ დიდი სია გამოუვიდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სანტა კლაუსმა მოუტანა ახალი წლის ღამეს და ძალიან ბედნიერი იყო.
– შენი სანტა კლაუსი ვინ არის?
– იცი რა, სანტა კლაუსი ჩემთვისაც და ლუკასთვისაც ერთი და იგივე პიროვნებაა – მამაჩემი, რომელიც ძალიან კეთილი, საყვარელი და სურვილების ამსრულებელია.
– პრინციპში, ის სურვილების 90 პროცენტს გისრულებთ.
– სურვილების 90 პროცენტს კი არა, 101 პროცენტს გვისრულებს. საჭირო არის თუ არ არის, თუ მინდა, გულს არ მწყვეტს და მისრულებს. ბოლო დროს კი, მთავარი ყურადღება ლუკაზე გადავიდა.
– შენთვის ყველანაირი საჩუქარი მისაღებია?
– არა, თუ საჩუქარი არ მომწონს, არ მინდა. მეც ასე ვარ და ლუკაც. ამაში ჩემი შვილი ნამდვილად მგავს.
– ანუ, თამთა გოგუაძის მოქრთამვა შეუძლებელია?
– არა, ეს შეუძლებელია. ვინმემ რომ წამომაძახოს, რამდენი რაღაც გაგიკეთეო, ჩემზე არ მოქმედებს. უნდოდა და გააკეთა, მერე მე რა?
– ძალიან ბევრ ადამიანს ეშინია ფრენის. შენ როგორ ხარ ამ მხრივ?
– ფრენა ყოველთვის მიყვარდა. მახსოვს, პირველად თვითმფრინავში რომ ჩავჯექი, 5 წლის ვიყავი. მთელი ოჯახი მოსკოვში წავედით. არანაირი შიშის გრძნობა არ მქონია და ახლაც ასე ვარ. აფრენა და დაფრენა ბევრს არ უყვარს, მაგრამ მე პირიქით, გულის ფრიალი ფრიად მომწონს. მიუხედავად ყველაფრისა, შიშის გრძნობა ყოველთვის არის, ჰაერში ხარ და დაცული არაფრისგან ხარ, თავს ვერ დაიზღვევ ვერანაირად. უბრალოდ, საკუთარი თავი თავად უნდა დაიმშვიდო და ცუდზე არ იფიქრო. მოსახდენი ყოველთვის მოხდება. შეიძლება, ახლა დამეცეს თავში რამე... რაც გიწერია, ყოველთვის ისე იქნება. მექსიკაში რომ მივდიოდით, 13 საათი მივფრინავდით გაუჩერებლად. რა უნდა მექნა? დავწექი და დავიძინე.
– თებერვალში არაბეთში მიდიხარ, სადაც ბევრმა არ იცის ინგლისური. შენ რამდენ ენას ფლობ?
– სულ ორი უცხო ენა ვიცი – რუსული და ინგლისური. მიუხედავად ამისა, ენის ბარიერი არსად შემქმნია. თითქმის ყველგან იციან ინგლისური ენა.
– „სამაიასთან” ერთად ყველაზე მეტად სად ისურვებდი წასვლას?
– რაც ჩვენი ანსამბლი შეიქმნა, სამი წლის განმავლობაში, ყოველთვის მინდოდა, ამერიკაში წასვლა. ახლა კი მალე ამიხდება ეს ოცნება.
– ამერიკაში, იქ მცხოვრები ქართველებისთვის გამართავთ კონცერტს?
– არა მხოლოდ ქართველებისთვის, რადგან ჩვენი შოუ უკვე მსოფლიოშია აღიარებული – „ქართული ლეგენდა სამაია.” კონცერტებზე ყველას სურს დასწრება – იქნება ეს ქართველი თუ სხვა ეროვნების მაყურებელი. მაგალითად, ერთ-ერთი გასტროლის დროს, ჩვენი კონცერტის მეორე დღეს, იმავე დარბაზში უიტნი ჰიუსტონმა იმღერა. მოსკოვში ყველაზე სერიოზული დარბაზია „კროკუს ჰოლი,” სადაც ჩვენს გარდა, ენრიკე იგლესიასსაც ჰქონდა კონცერტი, ვანესა მეის და ასე შემდეგ.
– ყველაზე მეტად რომელ ქვეყანაში აღიარეს თქვენი ლეგენდა?
– იცი რა არის, ყველგან ძალიან მოსწონთ, რადგან ქართული ფოლკლორი არც ერთს არ ჰგავს. ვერასოდეს ქართველის გარდა, სხვა ერი ასე კარგად ვერც იმღერებს და ვერც იცეკვებს. ყველას ძალიან მოსწონს ჩვენი სიმღერა, ცეკვა, კოსტიუმები და საერთოდ ყველაფერი. განათება გვაქვს ძალიან მაგარი. ფრანგი გამნათებელი გვყავს, რომელიც პირველივე გასტროლიდან დაგვყვება. მთლიანობაში, ორმოქმედებიანი შოუა, რომელიც მე პირადად ძალიან, მომწონს.