რა შემთხვევაში აძლევს საქართველოს კანონმდებლობა მოქალაქეს უფლებას, არ დაემორჩილოს პოლიციის მოთხოვნას
ნინო ხაჩიძე
გასულ კვირას საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა ამერიკელი დიპლომატისგან, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი განცხადება გააკეთა. კერძოდ, მან ბრძანა: „შეშფოთებული ვარ, რომ პოლიციამ პროტესტის გამომხატველთა მიმართ ძალა გამოიყენა. რა თქმა უნდა, ძალადობა არ უნდა იყოს გამოყენებული პროტესტის გამომხატველი ადამიანების წინააღმდეგ. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიულ ქვეყნებში.“ მეორე მხრივ, ელჩმა აღნიშნა, რომ „საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს, თუ სად, როგორ და რა ფორმით შეიძლება შეკრება და პროტესტის გამოხატვა.“ გავითვალისწინეთ ელჩის შენიშვნა და იურისტ ზაქარია ქუცნაშვილს მივმართეთ იმის გასარკვევად, თუ სად, როგორ და რა ფორმით აძლევს საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეებს პროტესტის გამოხატვის უფლებას და შეესაბამება თუ არა ქართული კანონმდებლობის ეს ნაწილი ძირეულ დასავლურ პრინციპებსა და ფასეულობებს.
– ამერიკის ელჩმა აღნიშნა, რომ გმირთა მემორიალთან პოლიციამ, სავარაუდოდ, ძალას გადააჭარბაო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საზოგადოებისა და პოლიციისთვის თანაბრად საინტერესოა, კანონის რა მოთხოვნები უნდა დავიცვათ პროტესტისა და მისი აღკვეთისთვის კანონიერი ფორმის მისაცემად?
– აქ საკვანძოა ის საკითხი, თუ რა ვალდებულებას გვაკისრებს კანონი შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების შემთხვევაში. კანონი გვეუბნება, რამდენიც გინდა, შეიკრიბე; რამდენიც გინდა, იარე (მოგეხსენებათ, მანიფესტაცია ნიშნავს პროტესტის გამოხატვას სიარულით, შეკრება კი პროტესტის გამოხატვას დგომით). კანონი არ ერევა ამ სფეროში, გარდა ერთადერთი შემთხვევისა – თუ ეს შეკრება და მანიფესტაცია ტარდება ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას.
– ანუ არ შეიძლება არც ტროტუარზე და არც გზის სავალ ნაწილზე?
– თუ იკრიბები ტროტუარზე და ამით პრობლემა ექმნება ხალხის მოძრაობას, ეს პრობლემა არ არის. კანონში წერია: „ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას“. რადგან გამოყენებულია კავშირი „და“, შეკრებითა და მანიფესტაციით პრობლემა უნდა ექმნებოდეს როგორც ხალხის, ისე ტრანსპორტის მოძრაობას. ესე იგი, მე შემიძლია, ვიდგე ტროტუარზე, რადგან ტროტუარზე არ მოძრაობს ტრანსპორტი. უბრალოდ იქ არ შეიძლება, ვიდგე, სადაც ხალხიც მოძრაობს და ტრანსპორტიც. ჩვენთან კანონის ეს მოთხოვნა ტრანსპორტთან მიმართებაში უფრო კრიტიკულად განიმარტება, ვიდრე ფეხით მოსიარულეებთან მიმართებაში. გზის სავალ ნაწილზე გადასვლა ჩვენთან განიმარტება, როგორც შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის ვალდებულება და ამ შემთხვევაში არსებობს მოთხოვნა, გააფრთხილო ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები. როდესაც ამ მოთხოვნის შესაბამისობის საკითხს ვსვამთ ომის ვეტერანთა აქციასთან მიმართებაში, დგება საკითხი: სად გამოხატავდა ის ხალხი პროტესტს? იმ ადგილას, სადაც ხალხიც და ტრანსპორტიც მოძრაობდა, თუ მხოლოდ იმ ადგილას, სადაც, ფაქტობრივად, არც ხალხი მოძრაობდა და არც ტრანსპორტი? ამ შემთხვევაში ჰქონდათ თუ არა მათ ვალდებულება, გაეფრთხილებინათ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანო? რა თქმა უნდა, მათ არ ჰქონიათ ვალდებულება, გაეფრთხილებინათ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანო. შესაბამისად, პოლიციას არანაირი უფლება არ ჰქონდა, ამ საბაბით დაეშალა ომის ვეტერანების საპროტესტო შეკრება.
– ვთქვათ, მოქალაქემ მოისურვა პროტესტის გამოხატვა: დაჯდა, დადგა ან დაწვა. უსასრულოდ შეუძლია დგომა, წოლა და ჯდომა?
– შეგიძლიათ, უსასრულოდ იდგეთ, იწვეთ ან იჯდეთ. მაგრამ ამ შემთხვევაში, კანონს აქვს რამდენიმე დამატებითი მოთხოვნა. შეკრება და მანიფესტაცია არ უნდა ჩატარდეს ადმინისტრაციულ შენობასთან 20 მეტრზე ახლოს. „ვარდების“ ხელისუფლებამ საკმაოდ გააფართოვა ადმინისტრაციულ შენობათა ჩამონათვალი. თქვენ იცით, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ააშენეს პოლიციის განყოფილების შენობა. პოლიციის განყოფილება კი გათანაბრებულია ადმინისტრაციულ შენობასთან და უკვე ორმაგი საბაბი შეიქმნა იმისთვის, რომ არ ჩატარდეს შეკრება და მანიფესტაცია ტელევიზიასთან. კანონის მეორე მოთხოვნა არის ის, რომ არ უნდა მოხდეს შენობის ბლოკირება. ჩვენთან, რატომღაც, ერთმანეთში ურევენ ბლოკირებასა და პიკეტირებას. არადა ბლოკირება ნიშნავს, როდესაც შენობაში მომუშავე პერსონალს არც შიგნით უშვებ და არც გარეთ, პიკეტირება კი, როდესაც დგახარ და გამოხატავ პროტესტს. აქედან გამომდინარე, ქართული კანონმდებლობით, შენობების ბლოკირება აკრძალულია, მაგრამ პიკეტირება ადმინისტრაციული შენობებიდან 20 მეტრის რადიუსის იქით ნებადართულია. 2009 წლის 9 აპრილის აქციებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო გაამკაცრეს კანონის მოთხოვნები და აკრძალვებს დაუმატეს კონსტრუქციების გზების სავალ ნაწილზე განთავსება.
– რა იგულისხმება კონსტრუქციებში?
– იგულისხმება კარავიც, საკანიც, სავაჭრო ობიექტიც, ანუ ნებისმიერი რამ, თუმცა, როდესაც მათ სურთ გარე ვაჭრობის ორგანიზება, თვითონ ათავსებენ ამ კონსტრუქციებს და ჩვენ ვხედავთ ასეთ კონსტრუქციებს სასტუმრო „რედისონ ბლუსა“ თუ სპორტის სასახლის წინ. ისმის შეკითხვა: ამ კონსტრუქციების განმთავსებლებს აქვთ ადგილობრივი ორგანოებისგან თანხმობა? მაგრამ ამით არ ვინტერესდებით იმიტომ, რომ აქტუალური საკითხი არ არის. მეორე მხრივ, კონსტრუქციებით შესაძლოა, დაიკავო ტროტუარი. ამიტომაც აძლევენ პოლიციას მითითებას, რომ არ დაუშვან კარვების გაშლა. სამწუხაროდ, აღმოვჩნდით იმ მდგომარეობაში, როდესაც კანონი არათუ აფართოებს მოქალაქეთა უფლებას შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ნაწილში, არამედ უფრო და უფრო ავიწროებს, იმ თვალსაზრისით, რომ 20-მეტრიანი ტროტუარი საქართველოს პარლამენტის გარდა, არც ერთ ადმინისტრაციულ შენობას არ აქვს. ანუ, ფაქტობრივად, ის ერთი პატარა მონაკვეთია ნებადართული პროტესტის გამოსახატავად. ისიც, 20 მეტრს თუ გადმოთვლით პარლამენტის შენობიდან რუსთაველისკენ, პროტესტის გამოსახატავად რჩება 10-მეტრიანი მონაკვეთი.
– ვისაუბრეთ პროტესტის იმ ფორმებზე, როდესაც არ არის საჭირო ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების თანხმობა. რა შემთხვევაშია აუცილებელი ნებართვა საპროტესტო შეკრების ან მანიფესტაციის ჩასატარებლად?
– შეკრება და მანიფესტაცია თავისი შინაარსით არა მხოლოდ საპროტესტო შეიძლება იყოს, არამედ – მხარდამჭერიც. კანონი ორივე შემთხვევას ეხება. მაგალითად, თუ მე ვარ აქციის ორგანიზატორი და ვიმედოვნებ, რომ აქციაში მონაწილეობას მიიღებს იმდენად ბევრი ადამიანი, რომ ისინი იძულებული გახდებიან, გადავიდნენ როგორც ტროტუარზე, ისე გზის სავალ ნაწილზე, ვალდებული ვარ, გავაფრთხილო ადგილობრივი ხელისუფლების ორგანო. ხოლო გზის გადაკეტვის უფლება მექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩემი ვარაუდი გამართლდება და მართლაც იმდენი ადამიანი მოვა, რომ ვერ დაეტევა 20 მეტრის იქით დარჩენილ ადგილას და ხალხი იძულებული გახდება, გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე. ამ ნორმის მთელი პარადოქსია ის, რომ ხალხის რაოდენობის შემფასებელი არის პოლიცია. ანუ პოლიციის შეფასებაზეა დამოკიდებული, ჩაითვალოს თუ არა კანონის დარღვევად გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა. მათ ისე გამოუვიდათ, რომ პოლიციამ უნდა დაითვალოს, ეტევა თუ არა აქციაზე მოსული ხალხი ტროტუარზე. არადა, ხომ შეიძლება, აქციაზე მოვიდეს იმდენი ხალხი, რომ მჭიდროდ დადგომის შემთხვევაში, ტროტუარზე ეტეოდეს, მაგრამ შედარებით თავისუფალ რეჟიმში დადგომისას – არა?! ეს პოლიციას აძლევს უფლებას, მოუწოდოს აქციის მონაწილეებს, დატოვონ გზის სავალი ნაწილი ან შეწყვიტონ აქცია. ასე რომ, საკითხი დგას შემდეგნაირად: ჩვენ აქციის ჩატარების ნებართვას ვიღებთ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებიდან, მაგრამ აქციის მონაწილეებს ითვლის პოლიცია. მერიის თანამშრომლებმა ცუდი თვლა იციან და პოლიციის თანამშრომლებმა – კარგი?!
– მოქალაქეს ნებისმიერი მოთხოვნის დაყენების უფლება აქვს თუ აქაც არსებობს რამე შეზღუდვა?
– ეს საკითხი უკვე გამოხატვის უფლებას ეხება. გამოხატვის უფლებაც კრებითი ტერმინია და მოიცავს სიტყვისა და აზრის გავრცელების უფლებას. სიტყვა და აზრი კი შეიძლება, სხვადასხვა სახით გავრცელდეს: როგორც მეტყველებით, ისე უმეტყველოდ; როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედოდ. ასე რომ, გამოხატვის თავისუფლება თავის თავში უამრავ ქმედებას მოიცავს. ცნობილია, რომ ხშირ შემთხვევაში საპროტესტო აქციაზე პროტესტი გამოიხატება ფიტულების დაწვით, პლაკატების გამოტანით, წარწერების გაკეთებით. 2009 წელს ხელისუფლებამ აქაც დააწესა შეზღუდვა და, თუკი აქამდე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ადმინისტრაციულ გადაცდომად შენობა-ნაგებობების მოხატვა მიიჩნეოდა, სამაგიეროდ კი, არსებობდა გზის სავალ ნაწილზე წარწერის გაკეთების უფლება, ახლა ეს უფლებაც შეიზღუდა. და ასეთი ქმედება ისჯება ჯარიმით ან ადმინისტრაციული პატიმრობით. ანუ არა მხოლოდ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება შეიზღუდა, არამედ გამოხატვის უფლებაც. თუ დააკვირდით, ბოლო პერიოდში, ახალგაზრდული ჯგუფები, რომლებიც აქციებს ატარებენ, ცდილობენ, შენობებსა თუ გზის სავალ ნაწილზე წარწერები გააკეთონ არა საღებავით, არამედ პირდაპირ ქაღალდის პლაკატებს აკრავენ. პლაკატი არ არის მითითებული კანონში. იურისპრუდენცია შემოქმედებითია და, როდესაც რჩევა გვკითხეს, ჩვენ ვურჩიეთ, შენობებსა და გზის სავალ ნაწილზე გაეკრათ პლაკატები.
– შესაძლოა, ახლა შეიტანონ ეს ცვლილება?
– ჯერჯერობთი ასეთი რამ კანონში წერია, თუმცა, თუ პლაკატების გაკვრა გახშირდა, შესაძლოა, ეს შეზღუდვაც შემოიღონ.
– თუ არ ვცდები, შარშან ლონდონის პოლიციის შეფი გადადგა იმის გამო, რომ პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილეს სდია და ამის უფლება მათ არ ჰქონდათო?
– როგორც თითოეულ ჩვენგანს აქვს სამეზობლო ურთიერთობებში თმენის ვალდებულება და ეს კეთილ ნაბაზე კი არ არის დამყარებული, არამედ კანონის ვალდებულებაა, ასეთივე თმენის ვალდებულება აქვს პოლიციას. სამეზობლო ურთიერთობაში თმენა გამოიხატება იმით, რომ ვიღაც სადარბაზოს გრუხუნით აივლის, ვიღაც – ჩუმად; ვიღაც ხმაურიანად სუნთქავს, ვიღაც – ხმამაღლა ლაპარაკობს თავის ოჯახში, მაგრამ ვალდებული ხარ, მოითმინო. თმენის ასეთივე ვალდებულება აქვს პოლიციას, იმ შემთხვევაში, როდესაც მეორე მხარე არ ძალადობს და პიროვნებას არ აყენებს შეურაცხყოფას. თუ თანამდებობის პირი ბოროტად იყენებს თავის თანამდებობრივ მდგომარეობას, ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულთა კატეგორიაში გადადის.
– მესმის, რომ ჩვენ არ ვართ დასავლური დონის ქვეყანა, მაგრამ ჩვენი კანონმდებლობა მეტ-ნაკლებ ჰარმონიაშია დასავლურ კანონმდებლობასთან და ამიტომ ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, პარალელი გავავლო: დასავლურ ქვეყნებში რა უფლებები აქვთ პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს? თუმცა სატელევიზიო კადრებში ვიზუალურად ჩანს, რომ პოლიცია უფრო მორიდებულია, ვიდრე დემონსტრანტები.
– დასავლეთში პოლიციას ერთადერთ შემთხვევაში ეძლევა შეუზღუდავად მოქმედების უფლება: როდესაც ატყობს, რომ საქმე აქვს შეიარაღებულ პირთან და პოლიციელის მოწოდება განიარაღებისაკენ არ აღმოჩნდება საკმარისი. ჩვენთან მსგავსი არაფერია: ზოგიერთ შემთხვევაში, პოლიცია თავად ხდება დარღვევის ინიციატორი. აქედან გამომდინარე, მოქალაქეებისა და პოლიციელების უფლებების შედარება ჩვენთან და დასავლეთში, არ შეიძლება. დასავლეთში, თუ მოქალაქის უფლებები ზედა პლანზეა და პოლიციელების – უფრო ქვემოთ, ჩვენთან პირიქითაა: გათანაბრებულიც არ არის, პოლიციელს უფრო მეტი უფლება აქვს, ვიდრე – მოქალაქეს.
– კანონით?
– დიახ, კანონით. პოლიციელს აქვს უფლება, თუ ეჭვს შეიტანს თქვენში, ზედაპირულად დაგათვალიეროთ. ისმის კითხვები: რა უფლებით მთხოვ დამორჩილებას ან რაში უნდა დაგემორჩილო? ჩვენთან არასწორად ხდება ნორმის – „დაუმორჩილებლობის“ – განმარტება. არადა კანონში წერია: პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაო. ანუ პოლიციელის მოთხოვნა უნდა იყოს კანონიერი. ვთქვათ, ვწევარ შეკრებაზე, კანონიერია პოლიციელის მოთხოვნა, რომ ავდგე? არ არის კანონიერი, ამიტომ მაქვს ნება, რომ არ დავემორჩილო.
– ესე იგი, ჩვენი კანონი მაინც აძლევს მოქალაქეს უფლების დაცვის საშუალებას?
– ზოგიერთ შემთხვევაში გვაძლევს. ამიტომ მოსამართლემ, უპირველესად, უნდა შეაფასოს, იყო თუ არა კანონიერი პოლიციის მოთხოვნა. თუ არ იყო კანონიერი, დაუმორჩილებლობად ვერ გამოაცხადებ უკანონობაზე დაუმორჩილებლობას; თუ კანონიერია პოლიციის მოთხოვნა, მაშინ დაუმორჩილებლობა კანონის დარღვევაა. მაგრამ ჩვენთან ეს ნორმა ასე განიმარტება: პოლიციელის ნებისმიერი მოთხოვნა არის კანონიერი, თუმცა, კანონით, ეს ასე არ არის. პოლიციელმა რომ მოგთხოვოთ, გაიხადეთ ტანსაცმელი და ტრუსებით ირბინეთო, ეს კანონიერი მოთხოვნა იქნება?!
– თუ მოქალაქეს და პოლიციელს ეცოდინებათ თავიანთი და ერთმანეთის უფლებები, მგონი, პოლიციასაც წაადგება და საზოგადოებასაც.