კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აჭმევდნენ თბილისს მოსკოვის ფონდის კარაქს და როგორ ამარაგებდნენ „უტყეო“ საქართველოს „ტყიანი“ ყაზახეთის ხე-ტყით







ნინო ხაჩიძე

რაკი ბოლო ორასი წელი, რუსული მმართველობის ქვეშ ვიყავით, კარგად ვიცით რუსული ჩექმის მწარე გემო; ბოლო შვიდი წელია, გამოკვეთილად პროამერიკული ორიენტაცია გვაქვს. მართალია, მთლად ისე კარგადაც ვერ დავაგემოვნეთ ამერიკული მართვის ტკბილ-მწარე გემო, თუმცა ისე მაინც, რომ წინასწარი დასკვნები გავაკეთოთ. როგორ მართავდა ჩვენს ქვეყანას რუსეთი (ცარიზმით დაწყებული და ბოლშევიკურით დამთავრებული) და რა ეტყობათ კოჭებში, როგორი, ოფიციალურად რომ ვთქვათ, პარტნიორები, შინაურულად კი – მმართველები აღმოჩნდნენ ამერიკელები? ამ საკითხის განმარტება პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ვთხოვეთ.

– სავარაუდოა, რომ რუსეთის იმპერიის გავლენით ჩამოგვიყალიბდა ისეთი თვისებები, როგორებიცაა: სხვის ხარჯზე ცხოვრება, სამშობლოს სიყვარულის სასმისის ზომით განსაზღვრა, სახელმწიფო ქონების ძარცვა. რა თვისებებს გვიყალიბებს ამერიკული გავლენა?

– მათ შორის არის იმანენტური განსხვავება: საბჭოთა მმართველობა იძულებითი იყო, ეს კი უფრო ნებაყოფლობითია. საბჭოთა მმართველობის პრინციპი ასეთი იყო: იყავით პოლიტიკურად ლოიალური და მე შეგინახავთ. სხვათა შორის, ეს ნიშნავდა იმასაც, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ ტყეები, რადგან საქართველოში ციმბირის ხე-ტყე შემოდიოდა.

– თუ გავიხსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოში დაგვიწვეს ტყეები, აუნაზღაურებიათ პატივისცემა.

– კუდი მოიქნიეს, მაგრამ, რაც რუსეთის მმართველობისას შევინარჩუნეთ, იმის ერთი პროცენტიც არ არის. მახსოვს ასეთი შემთხვევაც, პოლიტიკური ლოიალობის სანაცვლოდ, იყო პერიოდი, როდესაც თბილისი მარაგდებოდა მოსკოვის ფონდის კარაქით.

– ყველა მოკავშირე რესპუბლიკისადმი ასეთი მიდგომა იყო?

– არა, საქართველო იყო პრივილეგირებული. ერთი ძალიან სასაცილო საბჭოთა დროინდელი დოკუმენტი მაქვს ნანახი, სადაც პირდაპირ ეწერა: უტყეო რესპუბლიკა საქართველოს გამოეყოს ტყიანი რესპუბლიკა ყაზახეთის ტყის ფონდიდან რამდენიმე ათასი კუბური მეტრი ხე-ტყე.

– ყაზახებს სად აქვთ ტყე?!

– არ ჰქონდათ, მაგრამ ეს იმის მაჩვენებელი იყო, რომ ქართველი ბიზნესმენები ყაზახებზე მარჯვეები იყვნენ და იმ დროს რუს ბიუროკრატებს სხვა მადა ჰქონდათ. თუკი დღეს მილიონებსა და მილიარდებს ეთამაშებიან, მაშინ ერთი ყუთი კონიაკიც საკმარისი იყო. ჩემმა ერთმა მეგობარმა ჩემ თვალწინ, ორი ყუთი კონიაკის სანაცვლოდ, მოსკოვიდან ორი მილიონის საიუველირო საქონელი წამოიღო. რუსი ჩინოვნიკი ყოველთვის გარყვნილი იყო პეტრედან მოყოლებული და დღესაც ასეა, მაგრამ საქართველოს წონა საბჭოთა კავშირში განსაკუთრებული იყო.

– რატომ?

– 30 წელი ვმსახურობდი მეცნიერებათა აკადემიაში და დღესაც ვარ მოსკოვის ორი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, უბრალოდ, აღარ ჩავდივარ. როდესაც 90-იანი წლებში ჩავედი, საყვედურებით ამავსეს, თქვენც წახვედით ჩვენგანო?! ბალტიისპირელებს არასდროს მივიჩნევდით ძმებად, ისინი გერმანელები არიან; შუა აზიელებს „ჩუჩმეკებს“ ვეძახდით და მხოლოდ ქართველებს ვთვლიდით ჩვენი დონის ხალხადო. ანუ შინაგანად და ძალიან გულწრფელად ვერ წარმოედგინათ, როგორ შეიძლება, ქართველი ჩვენი მონობიდან გავიდესო. რაც შეეხება ამერიკას: თუ ვინმეს უნდა მივბაძოთ მენტალობაში, კულტურაში, კანონის უზენაესობაში, ეს რა თქმა უნდა, დასავლეთია. ჩვენ ერთხელ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გაატარა მოქმედი პრეზიდენტის, მიტერანის შვილმა შობა ღამე საპატიმროში, იმიტომ რომ, პრეზიდენტის ცოლმა, დედამისმა, გირაოს თანხა ვერ შეაგროვა. მე ამას ვერ მოვესწრები, მაგრამ, ჩემი შვილი თუ მოესწრო, საფლავში მშვიდად ვიწვები.

– მაგრამ რაღაც არ ეტყობა, რომ ამერიკა საქართველოში, მაინცდამაინც, კანონის უზენაესობით იყოს დაინტერესებული თუ ვცდები?

– იურისპრუდენციაში არის თეორია, რის მიხედვითაც, კარგ კანონს არ შეუძლია რეალობის შეცვლა. ამიტომაც, როდესაც ჩვენი ოპოზიციის ერთი ნაწილი მოლაპარაკებას აწარმოებს, კარგი საარჩევნო კანონი მივიღოთო, რა თქმა უნდა, დადებითია, მაგრამ საარჩევნო გარემოს შეცვლა არც ერთ კანონს არ შეუძლია! საარჩევნო გარემოს შეცვლა შეუძლია ელექტორატის პოლიტიკურ კულტურას. ისევ იურისპრუდენციის სფეროდან მოვიტან მაგალითს: ვნანობ, რომ საკონსტიტუციო კომისიაში ხმა მივეცი მოსამართლეების უვადოდ არჩევას დაბალი ასაკობრივი ცენზით და ამას აქვს კონკრეტული მიზეზი: რამდენიმე ხნის წინათ სააპელაციო სასამართლოს სამმა ლამაზმა ქალბატონმა მოსამართლემ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ხაზი გადაუსვა, თავის დროზე, ორჯერ ჩატარებული ექსპერტიზის გადაწყვეტილებას, ორჯერ ჩატარებული სახელმწიფო ძიების გადაწყვეტილებას და სამი სასამართლო პროცესის გადაწყვეტილებას. დიდი ალბათობით, არ მეპარება ეჭვი, რომ უზენაესი სასამართლო შეცვლის ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს ხომ მოხდა?! ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ უკანასკნელი ადამიანი არ ვარ თბილისში და შევძლებ სამართლიანობის დადგენას, მაგრამ ამ ფონზე, რისი იმედი უნდა ჰქონდეს უბრალო მოქალაქეს, რომელსაც ბაჟის გადახდის ფულიც არ აქვს?! მე არ ვლაპარაკობ კორუფციაზე, უბრალოდ ზემოხსენებულმა სამმა მოსამართლემ დაუშვა შეცდომა და მე დავრწმუნდი, რომ ჩვენი სასამართლოს პრობლემა ის კი არ არის, რომ ვიღაც ზემოდან ახდენს ზემოქმედებას, არამედ არაპროფესიონალიზმი, გამოუცდელობა და ადვოკატების ნულოვანი დონე! მეფის რუსეთის დროს საქართველოში ადვოკატები იყო ელიტა, ისევე, როგორც დღეს არის ევროპასა და ამერიკაში. ყველაზე მაღალ ანაზღაურებას სწორედ ადვოკატები იღებენ. ხუთმა ადვოკატმა კლინტონების ქონება ნულამდე დაიყვანა ლევინსკის სასამართლო პროცესის შემდეგ. მეფის დროინდელ რუსეთში იყო „ოქროს სამეულად“ წოდებული ადვოკატები: ტომიკონო, კარაბჩევსკი და პლევაკო. შემდეგ მოდიოდა ჩვენი ლუარსაბ ანდრონიკაშვილი. ერთხელაც ეს კამპანია ვახშმობს „სლავიანსკი ბაზარში“ ნემიროვიჩ-დანჩენკოსთან, ცნობილ მილიონერ სავა მოროზოვთან და სტანისლავსკისთან ერთად. ტომიკონომ თქვა, ადრე უნდა წავიდე, ხვალ პროცესი მაქვსო. სავა მოროზოვმა მასხრად აიგდო, ხუთსაათიანი სიტყვა უნდა მოამზადოო. მაგრამ ტომიკონომ უპასუხა, არა, ნახევარწუთიანი სიტყვა უნდა მოვამზადო და პროცესი მოვიგოო. დანაძლევდნენ. მეორე დღეს პროცესი იმართება. ლოჟაში სხედან: სტანისლავსკი, ნემიროვიჩ-დანჩენკო და სავა მოროზოვი. ასამართლებენ მღვდელს, რომელმაც შეჭამა მრევლის ფული. აბა, ამაზე დიდი ცოდვა რა უნდა იყოს მღვდლისთვის?! ტომიკონოა მისი დამცველი. ბრალდების გამოსვლის შემდეგ გამოდის ტომიკონო. სავა მოროზოვი ინიშნავს საათს. ადვოკატი ამბობს: ძვირფასო ნაფიცო მსაჯულებო, ჩემი კლიენტი 30 წლის განმავლობაში გპატიობდათ ყველა ცოდვას, ახლა კი თქვენ წინაშე დგას და გთხოვთ, ეს ერთი ცოდვა აპატიოთო. გაამართლეს მღვდელი. აი, ეს იყო ადვოკატურა! ამას იმიტომ ვამბობ, სანამ ადვოკატურა არ იქნება ისეთ დონეზე, რომ მოსამართლეს არ შეეშინდება მისი, მოსამართლე სამართლიანი არ იქნება!

– შედეგად, იკვეთება ის, რომ დასავლეთს აქვს ორმაგი სტანდარტები: თავისთვის ერთია დემოკრატია, ჩვენნაირებისთვის – მეორე?

– ყველაზე საშიშიც ის არის, რომ ამერიკისადმი რწმენა იკარგება. თომას მანს ეუბნებოდა ერთი ამერიკელი პატრიოტი: თქვენ, ევროპელებმა, როდესაც იმედი გიცრუვდებათ, გაიხსენეთ, რომ თქვენ გვერდით ამერიკააო. თომას მანმა, იცით, რა უპასუხა? რა ვქნათ, თუ იმედი მაშინ გვიცრუვდება, როდესაც ვხედავთ, რომ ამერიკა აღარ არის ჩვენ გვერდითო. ანუ თქვენ ხართ ჩვენი იმედგაცრუების მიზეზიო. ჩვენთანაც ის მოხდა, რომ, რაც ამერიკელებმა აგურ-აგურ აშენეს, „თავისუფლების ინსტიტუტმა“ და ლომაიამ ამის ერთ წელიწადში ტრანსპლანტაცია მოინდომეს და მიიღეს მახინჯი სისტემა. რით დამთავრდა ლომაიას განათლების რეფორმა, ამის შესახებ არაერთხელ განაცხადა პრეზიდენტმა და დღეს შაშკინი ხელახლა იწყებს ამის აშენებას.

– ოღონდ ხანდახან ძალიან საბჭოთა მეთოდებით?

– მე ერთი რამ ვიცი, რასაც აკეთებს შაშკინი, ეს არის ქირურგია, მაგრამ აუცილებელი, რადგან სხვა გამოსავალი ლომაიამ არ დაუტოვა. უპირველესად, დიდი სამუშაოა ჩასატარებელი მასწავლებლების დონისა და სტატუსის ასამაღლებლად. ჩერჩილი წერს თავის მემუარებში: მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვოცნებობდი, მქონოდა ის უფლებები, რაც ინგლისის სოფლის სკოლის მასწავლებელს აქვსო. ამას წერს უინსტონ ჩერჩილი, რომელიც არ იყო ის ადამიანი, ეს კეკლუცობის გამო ეთქვა. მეორეც, არც ერთი რეფორმატორი თავის სიცოცხლეში დაფასებული არ ყოფილა. გერმანიის რეფორმების მამას დამპალ პომიდვრებს ესროდნენ, მაგრამ შემდეგ ძეგლი დაუდგეს. ჩვენთან კი რა მოხდა? ამერიკის პრესტიჟის ყველაზე დიდი მტრები აღმოჩნდნენ: „თავისუფლების ინსტიტუტი“, ლომაია, გიგი თევზაძე, რაც კიდევ ერთი ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ შეუძლიათ, გამოუცდელ ენთუზიასტებს, სახელი გაუტეხონ კარგ იდეას. ჩვენ უცბად ვიწამეთ ამერიკის ყოვლისშემძლეობა და დაგვავიწყდა, რომ ეს პროცესია და ერთჯერადი აქტი. ებრაულ ლოცვაშია ასეთი სიტყვები: მარადიული ხალხისთვის არც ერთი გზა არ არის გრძელი, ჩვენ კი მოკლე გზა გვინდოდა. ისე მივეჩვიეთ საპატრულო პოლიციას და იმას, რომ ავტომანქანებს უსაფრთხოდ ვაჩერებთ ყველგან, თითქოს ეს სულ ასე იყო.

– ჩვენ მივეჩვიეთ, რომ მანქანას არ გვპარავენ, მივეჩვიეთ 24-საათიან ელექტროენერგიას და ამიტომ ისე უნდა ვიფიქროთ, როგორც ხელისუფლებას უნდა? მეტი არ მოვითხოვოთ არაფერი, მაგალითად, ადამიანის უფლებების დაცვა, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა? წინააღმდეგ შემთხვევაში არც შუქი გვექნება და არც პატრული გვეყოლება? ხარკი უნდა გავიღოთ ამისთვის?

– ეს უკვე ადამიანის შინაგან მოთხოვნილებაზეა დამოკიდებული, უნდა თუ არა, რომ იყოს თავისუფალი.

– თუ მავანი არ ფიქრობს ისე, როგორც ხელისუფლება, ვერ იმუშავებს საჯარო სამსახურში?

– მსოფლიოში არ ვიცი არც ერთი ქვეყანა, სადაც საჯარო სამსახურში იღებდნენ ისეთ ხმალამოღებულ ოპოზიციონერებს, როგორებიც არიან „ლეიბორისტული“ პარტიის წევრები.

– მე უპარტიო ადამიანებს ვგულისხმობ.

– აქ მთავარი არის ის, რომ უნდა არსებობდეს ძლიერი ოპოზიცია. იცით, რომ ამერიკის მთავრობაში ერთ-ერთი საკვანძო თავდაცვის უწყების მინისტრი არის „რესპუბლიკელი“. იქ ყველაფერთან ერთად, როლს ასრულებს ის ფაქტორი, რომ „დემოკრატებმა“ იციან, დიდი ალბათობით ხვალ „რესპუბლიკელები“ მოვლენ ხელისუფლებაში და, თუ ოპოზიციურ მინისტრს ძალიან გაუშრობენ სისხლს, როდესაც „რესპუბლიკელები“ მოვლენ, ისინიც გაუშრობენ შემდეგ სისხლს „დემოკრატებს“ და ეს ამუხრუჭებთ. მაგრამ, როდესაც ხედავ, რომ ჩვენი ოპოზიცია კიდევ კარგა ხანს ვერ მოიგებს არჩევნებს და მხოლოდ იმ იმედზეა, რომ საარჩევნო გარემოს შეცვლის, ეს დამთრგუნველია. ოცდაათი წელია, ამ დარგს ვსწავლობ და ამიტომაც ვამბობ, რაც უნდა კარგი საარჩევნო კანონი მიიღონ, სანამ ჩვენი მოქალაქე მზადაა, ოც ლარად, გინდა, ორას ლარად გაყიდოს თავისი ხმა, არაფერი გამოვა.

– გინდა 20 000 იყოს ან მეტი?

– კი ბატონო, მთავარია, რომ ის თავის ხმას ყიდის. მაგალითად, ცირკთან დგას ოცლარიანი მეძავი, მინისტრის თუ პარლამენტარის საყვარელი კი 200 000-ს იღებს, მაპატიეთ, მაგრამ ორივე მეძავია, რადგან ორივე ყიდის თავის სხეულს, ერთი – ძვირად და მეორე – იაფად, მუშტრის მიხედვით. პირველად რომ ჩავედი ინდოეთში, სასტუმროში დამხვდა „გამოძახებით გოგონების“ ჩამონათვალი, თავისი ფასებით – ორი რუპიდან იწყებოდა და 2 000-მდე ადიოდა. გვერდით ნომერში იყო ვიღაც რუსი, ორი ღერი ინგლისური იცოდა. ვითომ იხუმრა და გამოიძახა ვიღაც გოგო. შემდეგ დაავიწყდა და სასტუმროდან წავიდა. როდესაც დაბრუნდა, ის გოგო მოსაცდელში ელოდებოდა. რუსმა თქვა, ვიხუმრე, ფულს არ გადავიხდი, არანაირი გოგო არ მჭირდებაო. იმ გოგომ იჩივლა თავის პროფკავშირებში, ატყდა სკანდალი და საბჭოთა სელჩომ გადაიხადა ფული. ანუ ყველას თავისი ფასი აქვს, სანამ შენ ხმას ყიდი და ამბობ, ჩემი ხმა არ იყიდებაო, რაც უნდა კანონი მიაღებინოს იმ რვა თუ ათმა პარტიამ ხელისუფლებას, ამით არაფერი შეიცვლება, რადგან გარემოს ცვლის ელექტორატი. ჩვენთან კი პოლიტიკური კულტურა პლინტუსზე დაბლაა. ადრე რუსეთის კმაყოფაზე ვიყავით, ახლა გვინდა, რომ ამერიკის კმაყოფაზე ვიყოთ.

– ვართ კიდეც? ხან რას გვჩუქნის და ხან – რას, ფულსაც ხშირ-ხშირად გვაძლევს?

– ეს უნდა მოისპოს. მე მახსოვს „იმელის“ პარლამენტში გამოვიდა ირაკლი წერეთლის პარტიის წევრი და შევარდნაძეს უთხრა: თუ ჩამოგიყვანეთ, ახლა გვიპატრონეო. აი, ეს, გვიპატრონეა, ჩვენი პრობლემა. ჩვენ თვითონ რას ვაკეთებთ?! ოპოზიციას ყველა ქვეყანაში მძიმე მშობიარობა აქვს, მაგრამ სანტიმეტრებით მაინც მიიწევს წინ. ბელორუსიაში რომ დიქტატურაა, ღმერთმა დაგვიფაროს ისეთისგან, მაგრამ ოპოზიცია მაინც არის. წაგებულ არჩევნებში გამოვიდა ხალხი და წინ აღუდგა მთელი ბელორუსიის მოსახლეობას, იმიტომ რომ მთელ მოსახლეობაში ლუკაშენკოს რეიტინგი გაცილებით მაღალია. როგორც მამარდაშვილი ამბობდა, თუ ჩემი ხალხი გამსახურდიას აირჩევს, მე წავალ ჩემი ხალხის წინააღმდეგო, ბელორუსებმაც ასე თქვეს და წავიდნენ ბელორუსი ხალხის წინააღმდეგ. იმიტომაც ვეღარ მოზომა ლუკაშენკომ და დაუკრეფავში გადავიდა. მინსკში ათი ათასი მამარდაშვილი აღმოჩნდა, ჩვენთან კი მხოლოდ ერთი და იმასაც აეროპორტში გაუხეთქეს გული ზვიადის მომხრეებმა. ჩვენ ვტრაბახობთ თავისუფლებისმოყვარეობასა და კულტურაზე?! ჩვენ ამერიკასთან ჯერ ვერ მივალთ, სხვა ქვეყანა უნდა ავიღოთ მაგალითად და ეს არის იაპონია. იაპონიაში ამერიკამ ვერ შეაღწია, ჩვენთან კი ამერიკამ და ევროპამ შემოაღწიეს ლექით. ძალიან ბევრი რამაა შესაცვლელი, თუმცა ხელისუფლების გენერალური ხაზი სწორია, უბრალოდ არის ლირიკული გადახვევებიც. ეს კი საშიშია, იმიტომ რომ ხალხი ამას უყურებს. პროლეტარიატის დიდი ბელადი ამბობდა, საბჭოთა ხელისუფლებაზე გლეხი მილიციელის მოქმედებით მსჯელობსო. ჩვენ მეზობლად ცხოვრობს ერთ-ერთი მინისტრის მოადგილე და ემსახურება 45 000-დოლარიანი ავტომანქანა. აი, ამით მსჯელობს ხალხი, თუმცა განვითარების სხვა გზა დღეს საქართველოს არ აქვს.

– დასავლურ განვითარებას გულისხმობთ და არა ჩინოვნიკების 45 000-იან მანქანებს.

– რა თქმა უნდა! ძალიან მკაფიოდ ვიტყვი: თუ კომუნისტების დროს მოსკოვი გვეუბნებოდა, ჩემი მონა იყავით და მე თქვენ შეგინახავთ, მშიერ-ტიტვლები არ ივლით, მაგრამ ბინისა და მანქანისთვის რიგებში იდგებითო, დღეს ამბობს, შენ ჩემი მონა უნდა იყო, მაგრამ ვერ შეგინახავო. ამას იმათ გასაგონად ვამბობ, რომლებიც ამბობენ, უნდა დავალაგოთ რუსეთთან ურთიერთობაო. ამიტომაც ვამბობ, ხელისუფლების გენერალური ხაზი სწორია, მაგრამ ზიგზაგები არის და, ამდენად, ერთადერთი გამოსავალია დემოკრატია. თუ დემოკრატია არ გაძლიერდა, ეს გენერალური ხაზი კრახით დამთავრდება.


скачать dle 11.3