ბრიტანული სამეფო გაკვეთილები
ნინო ხაჩიძე
„ეგ ხმა ტკბილი, გამაგონე ჩემს მამულში“
ჯერ ერთი, ჩვენი მოკავშირეა; მეორეც, ბოლოს და ბოლოს, დიდი ბრიტანეთია და, შესაბამისად, ამ დიად მიზეზთა გამო, ბუნებრივია, ვერც ჩვენ გამოვაკლდებოდით პრინც უილიამსის საქორწილო სამზადისს. ვერ გამოვაკლდებოდით და არც გამოვაკლდით: ჩვენმა ელმედიამ, ჩვეულებისამებრ, ლონდონის გულიდან მოგვიმზადა რეპორტაჟი. ამის წყალობით, უინძორების სასახლეში გამეფებული სიხარულის თანამონაწილენიც გავხდით და საშუალება მოგვეცა, პატივისცემაც გამოგვეხატა და კიდეც მიგველოცა. იმას გარდა, რომ დეტალურად შევიტყვეთ როგორც უკვე გამართული ნიშნობის, ისე მოსალოდნელი ქორწილის ზუსტი თარიღი, ისეთი დეტალებიც კი გაგვაგებინეს, თუ როგორ უთავსდება ერთმანეთს არა მხოლოდ ახალყოილთა ზოდიაქოს ნიშნები (ბრიტანელთა ასტროლოგმა დაგვაიმედა, რომ ვარსკვლავები წყვილს ჰარმონიულ თანაცხოვრებას უწინასწარმეტყველებენ), მეტიც, ქორწილის თარიღიც სწორად ყოფილა შერჩეული (რა თქმა უნდა, ციურ ვარსკვლავთა განლაგების ნიშნით). არც ნიშნობის ბეჭდის წარმომავლობის ამბავი გამოგვპარვია და არც სხვა რომელიმე უმნიშვნელო თუ მნიშვნელოვანი დეტალი.
თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც სხვა რამ გახლდათ: პრინცის ქორწილის მიზეზით დიდ ბრიტანეთში უამრავი სუვენირი გამოიცა და სანახაობაც ისეა დაგეგმილი, რომ, რაც შეიძლება, მეტი ტურისტი მოიზიდონ. ამ ღონისძიებებიდან შემოსული თანხა, ბოლო სტერლინგამდე, დიდი ბრიტანეთის ბიუჯეტში შევა. ამის პარალელურად კი, სამეფო წყვილის ქორწილისთვის ბიუჯეტიდან ერთი სტერლინგიც არ დაიხარჯება: ქორწილის ხარჯს წყვილის ოჯახები თანაბრად გაინაწილებენ! იმას გარდა, რომ რიტუალი პომპეზური არ იქნება.
ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას ბრიტანელები მიესალმებიან და მეტად რაციონალურადაც აფასებენ (ზედმეტი „ხბოს აღტაცების“ გარეშე): ჯერ ერთი, გლობალური კრიზისია და, რაც მთავარია, არც რიგით ბრიტანელებს ულხინთო. აქედან გამომდინარე კი, როდესაც ზემოდან, ანუ ჩვენი ხელისუფლების მიერ გაღებულ ხარჯებს გაიხსენებ და ზედაც ქვემოთ ამ ხარჯებით აღფრთოვანებულებს დაამატებ, უსათუოდ იტყვი: „… ტურა ქორწილს შვებოდაო“.