ნემცოვდაფიცებულები
ნინო ხაჩიძე
ანუ, რა საჭიროა მემორიალი?
როგორც ყველა პატიოსანი მოქალაქე, 1 და 2 იანვარს თვით ქართული საერთო მაუწყებლებიც კი ისვენებდნენ, ამიტომაც ნახევარი ძალით მუშაობდნენ, თუმცა ამანაც ვერ შეუშალა ხელი, რომ იქით – ბორის ნემცოვის დაპატიმრება გაეშუქებინათ (როგორც რუსული ტირანიის ნიმუში), აქეთ – ბელორუსში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებით დაინტერესებულიყვნენ (მეტიც, რამდენიმე ჩვენებურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელი გამოიღო და ლუკაშენკოს დიქტატორული ჩვევების ამლაგმავი ღონისძიებების გატარებაც მოითხოვა). შესაძლოა, იმიტომაც, რომ ჩემი ელექტრონული კოლეგები მსოფლიო სევდით იყვნენ შეპყრობილნი, საერთოდაც არ მიუქცევიათ ყურადღება 3 იანვარს გმირთა მემორიალთან მომხდარი ფაქტისთვის (შესაძლოა, თვალები ნემცოვის 15-დღიანი პატიმრობის გამო დაღვრილი ცრემლით ჰქონდათ ამოვსებული). მეტიც, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენდირექტორმა, ბ-ნმა ჭანტურიამ, ბეჭდვით მედიას (ამ უკანასკნელმა მას გმირთა მემორიალთან მომხდარის არასათანადოდ გაშუქება დაუწუნა) უსაყვედურა, თუთაშხიასეული პათოსით – არავის საქმეში არ ვერევი მე და ნურც თქვენ ჩაერევით ჩემსაშიო. ესე იგი, თუ მე არ ვერევი ბეჭდური მედიის სარედაქციო პოლიტიკაში, თქვენც სუო. ეს პათოსი კი განსაკუთრებით იმ ფონზეა უცნაური, როდესაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, მათ შორის, პრესის ჟურნალისტების ჯიბეებიდანაც ფინანსდება.
ასე იყო თუ ისე, ჩემს ელკოლეგებს მაინც არ ასცდათ 3 იანვრის მოვლენების გაშუქება, ოღონდ, არა იმიტომ, რომ ბორის ნემცოვი დაავიწყდათ ან, გნებავთ, ლუკაშენკოს მიერ დაპატიმრებული ბელორუსი ოპოზიციონერები, უბრალოდ, აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ ჩვენი პოლიცია მთლად ჯეროვნადაც ვერ მოიქცა ვეტერანების აქციის დაშლისას.
უფრო ადრე სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეების მიმართ კანონი უხეშად დაირღვა და მათი პროტესტი სრულად თავსდებოდა ამ ჩვენს ქართულ კანონმდებლობაში, ჩვენმა სასამართლომ მხარი ძალოვნებს აუბა და მოშიმშილე ვეტერანებს 400-400-ლარიანი ჯარიმები შეუფარდა (სამწუხაროდ, ბ-ნმა ბასმა განცხადება სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთა, თორემ, ვფიქრობ, განაჩენი ცოტა სხვანაირი იქნებოდა).
თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს კანონმდებლებს (ბ-ნების ბალავაძისა და წიკლაურის გარდა) აზრიც კი არ გამოუთქვამთ (ნეტავ რა აქვთ?!), მეტიც, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ კომენტარის გაკეთებაც არ ისურვა (ვეტერანებზე უფრო საინტერესო თემებიაო) და დავუმატებთ, რომ ვეტერანებს მხოლოდ სოციალური მოთხოვნები ჰქონდათ და პროტესტს იმ მემორიალთან გამოხატავდნენ, რომელზეც მათი დაღუპული თანამებრძოლების გვარებია, რჩება შთაბეჭდილება, რომ მათ ქართული სახელმწიფო ვერ პატიობს, ცოცხლები რომ გადარჩნენ. რაც მთავარია, ისმის კითხვა: რა საჭიროა მემორიალი, თუკი მისი შექმნის მიზეზის ბედი არავის არ აინტერესებს?!