„ტროიკა“
ნინო ხაჩიძე
იარლიყგანახლებული
მართალია, ნათქვამია, „ჰოპლა“, გადახტომის შემდეგ შემოსძახეო, თუმცა, მაგალითად, ბუბა კიკაბიძემ სხვა გზით არჩია წასვლა (სულო ცოდვილო და, დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენებურებისგან არ ექნებოდა დასტური, ბ-ნი ვახტანგი ასეთ მნიშვნელოვან საკითხს თვითნებურად არ მიუდგებოდა) და, ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნები ხეირიანად არც გასრულებულიყო (ლამის უკვე ტიროდა ბელორუსული ციხის კედლები ბელორუს ოპოზიციონერებზე), რომ ბ-ნ ლუკაშენკოს გაპრეზიდენტება მიულოცა. გაცილებით წინდახედულად იმოქმედა ჩვენი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ: ის კი გვითხრეს, ბ-ნებმა სააკაშვილმა და ლუკაშენკომ ტელეფონით ისაუბრესო, ოღონდ, თემა არ დაუკონკრეტებიათ (არადა, დიდი ნოსტრადამუსობა არ უნდა იმის მიხვედრას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პირველი პირები ერთმანეთს ამინდზე ნაკლებად დაელაპარაკებოდნენ).
სხვათა შორის, მინსკში ბუბა კიკაბიძის საღამო დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ჩატარდა. საღამოს თვით მინისტრი ბ-ნი დავითაიაც ესწრებოდა (ეს კი თვით ის პაპუნა დავითაიაა, რომლის ერთი გრანდიოზული იდეა – ბლოკბასტერი აგვისტოს ომზე – უკვე განხორციელდა, მეორეს კი – ბურების ჩამოსახლებას, იმედი მაქვს, ასრულება არასდროს უწერია!).
მიუხედავად ასეთი პომპეზური დასაწყისისა, საქმე სულ სხვაგვარად შეტრიალდა: შესაძლოა, იმიტომ, რომ კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებს, ბ-ნი ლუკაშენკო ოპონენტებს დაერია (რითაც, ვფიქრობ, ევროპის უკანასკნელი დიქტატორის მივიწყებული იარლიყი კვლავ მიიკერა), მეტიც, ქვეყნიდან ეუთოს მისიაც გააძევა. ვალში არც ეუთო დარჩენილა და არ დაუმალავს, რომ მინსკის ამ მოთხოვნით იმედგაცრუებულია. ხოლო, თუ ამას ჰილარი კლინტონის მოწოდებასაც დავუმატებთ (ხელები შორს ბელორუსული ოპოზიციისგანო!), ჯერ ერთი, რომ, როგორც ჩანს, იმათ „ბატკას“ ამ ჩვენი სერგო-ჯაყოს წყალი გადასხმია (ეუთო გულზე არც ჩვენს სეპარატისტებს ეხატებათ), ასე რომ, არც ისაა გამორიცხული, ანეკდოტისა არ იყოს, მალე პაპიროზის წევაც დაიწყოს!