ატომ საჭიროებს კარაბადინის რეცეპტები საფუძვლიან შესწავლას და როდის არის მისაღები ამ რეცეპტებით მომზადებული წამლების გამოყენება
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია უძველესი სამედიცინო ხელნაწერები, რომლებიც კიდევ ერთხელ მეტყველებს ჩვენი ქვეყნის უძველეს კულტურაზე. ამ ხელნაწერების სიძველემ ბევრი უცხოელი მეცნიერის აღფრთოვანება გამოიწვია. შეიძლება თუ არა ძველი ტრადიციული მედიცინის გამოყენება დღეს და რატომ არის ამჟამად არსებული სამედიცინო კატალოგის ელექტრონული ვერსია არასრული. ამის შესახებ გვესაუბრება პროფესორი რამაზ შენგელია.
– ბატონო რამაზ, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია უძველესი ქართული სამედიცინო ხელნაწერები. როგორ მოაღწიეს მათ ჩვენამდე?
– ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მოხვედრილ თითოეულ ხელნაწერს აქვს თავისი ისტორია. ინფორმაციამ ტრადიციული მედიცინის შესახებ მოაღწია უმნიშვნელოვანესი წყაროს – წერილობითი ძეგლების გზით. ეს ხელნაწერები გვევლინება თავისი ეპოქის მეცნიერულ მედიცინად, რომელმაც გაუძლო მრავალ საუკუნეს და მიჩნეულია ეგრეთ წოდებულ „დადასტურებულ მედიცინად“, რომელსაც ჰყავს თავისი ავტორები. 1964 წელს შეიქმნა კავკასიის სამეცნიერო საზოგადოება, რომელიც თავიდანვე ფართოდ გაიშალა და დაიწყეს ამ ძველი კლასიკური მედიცინის ხელნაწერების შეგროვება, შემდეგ კი – მათი კლასიფიკაცია. ხელნაწერების აკადემიური შესწავლა უკავშირდება ლადო კოტეტიშვილის სახელს. მან გამოსცა სამი წიგნი – „წიგნი სააქიმო“, რომლის ორიგინალიც მოპოვებულია ბასიანის ბრძოლაში, რომელიც ხოჯაყოფილმა თარგმნა ქართულად ჭყონდიდელის დავალებით. თხზულება ნათარგმნი ძეგლია და შესრულებულია მეცამეტე საუკუნის დასაწყისში. ის ერთი მთლიანი ნაშრომია და შედგენილი არის ორ ნაწილად: ერთი შეიცავს ფილოსოფიურ-საექიმო თერაპიას, მეორე კი – ნერვულ, შინაგან და გარეგან სნეულებებს. მეორეა „უსწორო კარაბადინი“. ისიც მეცამეტე საუკუნეშია დაწერილია და არის თავ-ბოლო ნაკლული. აქვს მინაწერები ქართულ და სომხურ ენებზე. კოტეტიშვილმა ტექსტზე მუშაობა დაიწყო 1935-1936 წლებში. მან გადაწერა დაშლილი ხელნაწერი და დალაგებაც სცადა, მაგრამ ტექსტი ძალიან ნაკლული აღმოჩნდა. ხანგრძლივი ძიების შემდეგ, ლენინგრადის ხელნაწერთა ინსტიტუტის ფონდში მიაკვლია ამ თხზულების მეორე სრულ ნუსხას, გადაწერილს მეჩვიდმეტე საუკუნეში. ასე გახდა შესაძლებელი თბილისური ნუსხის შევსება, რომელსაც თითქმის ორი მესამედი აკლდა; მესამე წიგნია „იადიგარ დაუდი“. მისი ავტორი არის მეფე დავითი, იგივე დაუდხანი, ლუარსაბის ვაჟი. იგი 1579 წელს სტამბულში გაემგზავრა, სადაც ნახა მრავალი საექიმო წიგნი და მათგან გამოარჩია ორი – „მუნთარაზ შაფი“ და „იადიგარ შარიფი“. მან ეს ორი წიგნი თარგმნა, დაუმატა თავისი მიგნებული სამკურნალო დაკვირვებები და წარმოიშვა წიგნი „იადიგარ დაუდი“. ყველაზე ძველი არის „უსწორო კარაბადინი“, რომელსაც 1997 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ჩემი ხელმძღვანელობით, 1000 წლის იუბილე გადავუხადეთ. ეს იყო საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც უცხოელებიც ესწრებოდნენ.
– ამ სამი ხელნაწერის გარდა, კიდევ არის სხვა ხელნაწერები?
– ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში 342 ხელნაწერი ინახება, რომელთა რიცხვიც იზრდება, რადგან რაიონში აღმოვაჩინეთ რამდენიმე ხელნაწერი. მათ შორის მნიშვნელოვანია ერთ-ერთი, რომელიც „იადიგარ დაუდის“ ახალი ვერსია აღმოჩნდა. გვაქვს კიდევ რამდენიმე ხელნაწერი, რომელთა პირდაპირი დანიშნულება არ არის სამედიცინო ხასიათის, მაგრამ მასში მრავლად არის ამ დარგთან დაკავშირებული პარაგრაფები, საიდანაც ვიგებთ, რომ იმ პერიოდში უკვე იყვნენ „აქიმები“. იქიდანვე გავიგეთ, რომ სააქიმო სისტემა მხოლოდ ეკლესიებში არსებობდა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია მხოლოდ ერეკლეს კარის ექიმების მოღვაწეობის შესახებ, ასევე, ანტიკური პერიოდის არმაზის გათხრების დროს ნაპოვნია ბეჭედი მკურნალის პროფილითა და კვერთხზე დახვეული გველით. ყველა ფიქრობს, ეს იყო კარის ექიმის ბეჭედი, რაც იმის მანიშნებელია, რომ იმ პერიოდშიც კი იყო სამედიცინო იერარქია – უფროს-უმცროსობა.
– ახლა თუ იყენებენ სამედიცინო პრაქტიკაში ამ უძველეს კარაბადინებს?
– საერთოდ, სამედიცინო ხელნაწერები ძალიან საინტერესო აგებულებისაა. ჩემი კოლეგები ხშირად მეკამათებოდნენ, რომ ეს კარაბადინები საიმედო არ იყო. ჩვენდა გასაოცრად, 30-იან წლებში გამოვიდა ამერიკული წიგნები, რომლებიც ჩამივარდა ხელში და დავადგინე, რომ ამ კარაბადინების დაჯერება უფრო გამართლებულია, ვიდრე ოცი წლის წინანდელი შეხედულებების. სამედიცინო ხელნაწერები იწყება ზოგადი ნაწილით, სადაც ხდება დაავადების შეფასება, ამ დაავადების წარმოშობის ისტორია, მერე მკურნალობა და წამლის მომზადების ტექნიკა. ეს რეცეპტები არის მრავალსაუკუნეგამოვლილი და მტკიცებულებებზე დამყარებული, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დღესვე ვეცეთ და გავაკეთოთ წამალი. ყოველი რეცეპტი, რომლებიც მოცემულია კარაბადინში, ძალიან სერიოზულ შესწავლას საჭიროებს. მათი დიდი ნაწილი აუცილებლად დაიკავებს ქართულ მედიცინაში თავის ადგილს. მაგრამ, როდესაც მძიმე შემთხვევაა და წყდება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, ამ რეცეპტებით ექსპერიმენტის ჩატარება დაუშვებელია, თუმცა, ქრონიკული დაავადებების დროს, ამ რეცეპტების გამოყენება დასაშვებია. თითქმის 21 წელი ხდება, რაც ვიბრძვი, რომ სახელმწიფოს მიერ მოხდეს რეგულირება ამ ტრადიციული მედიცინის კუთხით. აუცილებლად უნდა მიეცეთ ექიმებს ინფორმაცია, რა დროს რა გამოიყენონ და როგორი სახით. ამას სერიოზული კვლევები სჭირდება. მინდა, აუცილებლად აღვნიშნო, რომ, ამ მასალებზე დაყრდნობით, დაცული იქნა 15 დისერტაცია და გამოქვეყნდა მრავალი სამეცნიერო ნაშრომი.
– რა მდგომარეობაშია ამჟამად ხელნაწერები, ხომ არ საჭიროებენ რესტავრაციას?
– ხელნაწერების მდგომარეობა სხვადასხვანაირია: ზოგს თავფურცელი აკლია, ზოგს – შიდა ფურცელი, მაგრამ, მათი მდგომარეობა გამოკვლევებისთვის საგანგაშო ნამდვილად არ არის. გვაქვს შექმნილი ელექტრონული ვერსია.
– ბატონო რამაზ, ხომ არ არის შესაძლებელი, ამ ხელნაწერების რაოდენობა კიდევ გაიზარდოს?
– არ გამოვრიცხავ, რადგან ქართული ხელნაწერები მიმოფანტულია. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ვმუშაობდი თვე-ნახევარი ინგლისში, თურქეთის არქივში, სადაც რაღაცეებს მივაკვლიეთ. მატარადარანში არის ალჯურჯანის ქართული ხელნაწერი. ეს არის რაპირა ხვარაზმშაჰის – ალჯურჯანის თერთმეტტომეული. ველქამის ბიბლიოთეკაში იმ პერიოდის ირანში არაბულად იწერებოდა საერთოდ ყველანაირი წიგნი. როგორც ჩანს, ალჯურჯანი პატრიოტი იყო და დაწერა სპარსულად. სწორედ ეს ვარიანტი ვიღაც უცნობმა ქართველმა თარგმნა და გააკეთა ერთ ტომად. მე ეს ხელნაწერი ვნახე. ინგლისელებიც ძალიან დაინტერესდნენ. ქართული ვარიანტის მოპოვება ძნელია, რადგან იქ შესვლას სპეციალური ნებართვა სჭირდება. ასევე, უამრავი ხელნაწერია მსოფლიოს სხვადასხვა ბიბლიოთეკაში, რუსეთის არქივებში, ერთი სიტყვით, ძალიან დიდი და ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიერ ქართულ ენაზე შედგენილი აღწერილობითი კატალოგის ელექტრონული ვერსია არასრულია, ამიტომაც, ჩვენი კვლევა ჯერ არაა დასრულებული და, ვიმედოვნებ, რომ მომავალში ბევრი საინტერესო მასალა იქნება ჩვენ მიერ გამოვლენილი.