რატომ უნდოდათ თანასოფლელებს ვაჟას მოკვეთა და ვის უთხრა ვაჟა-ფშაველამ, შენ ჩემზე დიდი პოეტი ხარო
პოეტმა ეთერ თათარაიძემ ვაჟა-ფშაველას ქალიშვილი გულქან რაზიკაშვილი მისი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მოინახულა და მასთან საუბრები ჩაწერა. ჩვენი ინტერვიუც ვაჟასა და მისი ქალიშვილის ცხოვრების უცნობ დეტალებს შეეხება, რომელიც პირადად ჩემთვის, იმდენად საინტერესო იყო, რომ დროის შეგრძნება დავკარგე ქალბატონ ეთერთან ინტერვიუს მსვლელობისას.
ეთერ თათარაიძე: რაკი ვაჟას წელი მოდის და „იუნესკოც“ ემზადება მის აღსანიშნავად, ჩვენ როგორღა არ ვილაპარაკოთ მასზე. ძალიან სასიამოვნოა, რომ გვყავს ადამიანი, რომელზეც მსოფლიო ფიქრობს, აღიარებს. რა გითხრათ, მე გამუდმებულად მიწევს პარალელურად ყოფნა ამ ადამიანთან, რადგან სხვა რამეზე ვერ ვფიქრობ, სხვანაირად ვერ ვფიქრობ და ყველაზე დიდი მადლი, რაც გაიმეტა უფალმა ჩემთვის, არის ის, რომ გავაკეთე ვაჟას ქალიშვილთან, გულქან რაზიკაშვილთან ჩემი ჩანაწერები. ის მემკვიდრე იყო თავისი მამისა, შემგრძნები, სიტყვის მცნობი, დამგემოვნებელი... მხატვრულად ყველაფერი ამის გამომთქმელი. თუნდაც, რად ღირს ასეთი მეტაფორული თქმა... „მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი”. განა გულქანმა უფლის ფასი არ იცოდა?! როგორ შეიძლება, ვინმემ ღმერთს სახელი ჩამოჰყაროს, მაგრამ ეს ნამდვილი მეტაფორული გამოთქმაა, რომლის მსგავსსაც მხოლოდ ვაჟას გენისა თუ მოიფიქრებს.
– თქვენ გულქანს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხვდებოდით, დიდ დროს ატარებდით მასთან ერთად, საუბრებში... როგორ დაითანხმეთ ასეთ ხანგრძლივ ჩანაწერებზე იგი?
– გაცნობიდან ძალიან მალევე მითხრა: „ახლა, რამდენიმე ხნის წინ ვნახე მამაი სიზმარში“, – გულქანი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა თავის სიზმრებს, „ვითომ მე და ჩემი ამხანაგი პატარები ვართ. ტყეში საქონელს ვაძოვებთ. გავიხედე და პატარა თეთრი ეკლესია დგას. ჩემს ამხანაგს ვუთხარ, წამო, შევიხედოთო. იმან – მეშინიაო. მე გავიქეცი სანახავად და სარკმელთან რომ მივედი და ჩავიხედე, რას ვხედავ, – პატარა მაგიდა დგას, „მამაი“ ზის მასთან და გაცხარებული რაღაცას წერს. უცებ, წამოდგა მამაი, ამოიყოლა საწერ-კალამი და გოგო, როგორც იცოდა, გულქანს იშვიათად თუ დამიძახებდა, მითხრა: აიღე ეს საწერ-კალამი და რაც მოგაგონდეს, სულ ყველაფერი წერეო. მე ვუთხარ: მამა, მე ხომ მეძროხე ვარ და წერა-კითხვა კარგად არ ვიცი-მეთქი. ის კი გაბრაზდა: გამომართვი და როგორც გითხარ, რაც გაგახსენდეს სულ ყველაფერი წერეო! ეს ბოლო სიზმარ კი შენ აქ ამოსვლად მექნა, ეთერო”, – მითხრა გულქანმა.
ლამის ვიძინებდი, ვიღვიძებდი გულქან რაზიკაშვილთან ერთად. თმას ვუვარცხნიდი, მიჭმევია, დამიბანია... ეს იყო წარმოუდგენელი დღეები.
– ეს როდის?
– ომის წლებში. გულქანი იყო მარტო, მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივად კეთილი ადამიანი უვლიდა მას. მაგრამ, მთებში იმდენი საქმეა, ყველა ოჯახს თავისი გასაჭირი აქვს. გულქანი ამ პერიოდში საკმაოდ ასაკოვანი იყო. მისი მარტო დატოვება არ შეიძლებოდა.
– ოჯახი არ ჰქონდა გულქანს...
– გულქანს ჰქონდა ოჯახი. ის გათხოვდა ერთხელ თურმანაულზე ფშავშივე, სიყვარულით. მას ოჯახი დაენგრა თავისი სიჯიუტისა და სიკერპის გამო, რადგან მიხვდა, რომ მეუღლე ვიღაცასთან ღალატობდა, ეს არ ვაპატიეო. სულ მუდმივად ჰქონდა ის განცდა, რომ იყო ძალიან დიდი ცოდვილი, რომელმაც მეორე შვილზე მუცელი წაიხდინა. ამისთვის ძალით მძიმე ტვირთებს ვწევდიო.
– პირველი შვილი?
– პირველი შვილი ღვთის რჩეული იბადება. დიდხანს არ ვრჩებოდი ფეხმძიმედ, ერთ დღეს მესიზმრა, როგორ მოფრინავდა ზეციდან წმიდა გიორგი. ჩამოვიდა მიწაზე და მე და ეს უგემური, მეუღლეზე ამბობდა, ვუყურებდით. უცებ გაიძრო წმიდა გიორგიმ ბეჭედი და გამიკეთა. გამეღვიძა, სიზმარი მეუღლეს მოვუყევი. მან მითხრა: თუ ბიჭი გვეყოლება, ოდესმე, გიორგი დავარქვათო. მართლაც 9 თვეში დაიბადა გიორგი. „კოხტა მასკვლავი ეჯდა საწვერის ზემოთა”, რომელიც ანათებდაო ღამით, – ამბობდა გულქანი. ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში ეს ცალკე თემაა, ღვთის რჩეული როგორ იბადება, რა ნიშნით და ერთ-ერთი, იმ მრავალ ნიშანთაგან ის მანათობელი ვარსკვლავია, რომელზეც ამბობდა გულქანი. ეს ძალიან დიდი და ცალკე თემაა. ასეთი ადამიანები ძნელად იზრდებიან და გულქანსაც მალევე მოუკვდა გიორგი.
რაც შეეხება პირველ მეუღლეს, უყვარდა ეს უგემური გულქანს მართლაც, უზომოდ და სიბერეშიც, 83-87 წლისა, კიდევ მის გვერდით დამარხვაზე ოცნებობდა. მაგრამ, მე ვინ წამიყვანს იქო – ამასაც ამბობდა. მართლაც, ჩარგალში დაიმარხა გულქანი თავისი საგვარეულო ეკლესიისა და სასაფლაოს ტერიტორიაზე.
– რაც შეეხება მეორე ქორწინებას?
– გულქანის მეორედ გათხოვება ხდება ძალით. ქმარი ასაკით ძალიან დიდი იყო გულქანზე, ლამის მამამისის ტოლი, თუ მეტის არა. დედინაცვალმა გაათხოვა ძალით ამ კაცზე, ვინმე ხისფეხიშვილზე. გულქანი რამდენიმე წელს ცხოვრობდა მასთან, სანამ ის კაცი ცოცხალი იყო და, რა თქმა უნდა, შვილი არ ეყოლა. რაღაცა მჭირს, კრუხივით, წავალ-წამოვალ და ისევ მოვბრუნდები ჩარგალსა, რა მაქვს აქა დანატოვარიო, – ამბობდა გულქანი.
– რას იგონებდა გულქანი ვაჟაზე?
– მე არ მინდა, რომ პრეტენზიულად გამოჩნდეს ჩემი ნათქვამი, მაგრამ წიგნი გულქანის ნაამბობი „მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი” ძალიან გულწრფელი ბიოგრაფიაა ვაჟა-ფშაველასი. მთელი ეს წიგნი მე ხელით მაქვს ჩაწერილი. გულქანი მიეჩვია ჩემი წერის ტემპს. როგორც კი ვიგრძნობდი, რომ რაღაცას აფერადებდა, ახელოვნურებდა კატეგორიულად ვწყვეტდი წერას. ის ამას გრძნობდა და მეკითხებოდა: „რად არა სწერ, ეთერო“? მე ვეუბნებოდი: ქალაქელი ხომ არა ვარ, რომ რაღაცეები მომატყუო-მეთქი. „დიდი მაიმუნი ხარ შენა, ეთერო”, – მეტყოდა, თან იღიმებოდა და განაგრძობდა გულახდილ საუბარს.
როგორც მოწყურებული, ისე ვისმენდი ვაჟაზე სინამდვილეს. ყველაფრით ვგრძნობდი, რომ ვაჟა არის ტრაგიკული ადამიანი და უკიდეგანოდ, ჯერ გაუხსნელი და შეუსწავლელი. მე არ მერიდება და არც მრცხვენია ამის თქმა, შეუძლიათ მთელი ლიტერატორები დამეცნენ თავს. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი და კეთილი ამბავია შესწავლილი ვაჟას შესახებ და ძალიან დიდი მეცნიერების მიერ, მაგრამ ამ პოეტის ჯერ კიდევ უამრავი ხვეულია გასახსნელი. მოკლედ, ეს სამყარო თავიდანაა აღმოსაჩენი. არც კი ვიცი, იცოდა, ვაჟამ საკუთარი თავის ფასი?.. ალბათ, იცოდა...
ერთი ეპიზოდი მახსენდება ჩემი და გულქანის საუბრიდან.
– გვიამბეთ.
– „ჩასულა მამაი ქალაქშია. სცმია თავის დაბღლეძილი ჩოხა. გაუვლავ ჩემ ბიძასთან, სანდროსთან სტუმრადა, – ეს ხდება ვერაზე, – იქ პოეტებს უქეიფებავ. (რამდენად გულუბრყვილო და ბავშვურია გულქანის ცოდნა ქალაქზე...) მისალმებია მამაი. გამოუხედავ, უნახავ, ეს დაბღლეძილჩოხიანი კაცი, დიდად არავის არაფერი უთქვამ მამაისთვისა. შასულა სანდროსთანა, დაუბანავ დაწესრიგებულა, ბიძაის ახალი ჩოხა ჩაუცვამ და გამოსულა. საქმეზე მიდიოდა თურმე, რაღაც ჰქონია დასაბეჭდი“. რომ მიუახლოვდაო ამ მწერლებს, რომლებიც ქეიფობდნენ და წეღან ყურადღება არ მიაქციეს, ახლა მოუხედავთ, – ვაჟა, შემობრძანდიო. ძალით შეუყვანავ მამაი და მიუწვდავ ღვინიანი ჭიქა. ვაჟას სადღეგრძელო უთქვამს და ჩოხის მასრებზე დაუსხამს ღვინო. რა ჰქენიო, გაჰკვირვებიათ. წეღან აქეთ არ გავიარე, რომ ვერ შემამჩნიეთ, თქვენ ახლა ამ ჩოხას დაუძახეთ და ამ ძონძებს ეცით პატივი და ამან დალიოსო. გამოსულა და წამოსულა.
– კიდევ რას გაიხსენებთ გულქანის ნაამბობიდან?
– ძალიან ბევრ რამეს. თუნდაც იმას, როგორ მოვიდა, ვაჟა, როდესაც პირველი და უსაყვარლესი მეუღლე, გულქანის დედა – კეკე მოკვდა. თავდაპირველად, დედას შეუყვარდა მამაო. თურმე, მამა ეტყოდა ხოლმე, შენ, კეკე, იქაურს ჯაფას ვერ გადაიტანო. მე ჩარგალს ცხოვრება მომიწევს და შენ ამას ვერ გაუძლებო. კეკე კი: „კიო, კიო, კიო,” სულს არ ათქმევიებდა ისე ეუბნებოდა დასტურს. ჩანს, როგორ უგონოდ უყვარს კეკეს ვაჟა. მოვიდა დედაი აქ და იმ ჯაფამ მოუღო ბოლოსა ბოლოო, – ასკვნიდა გულქანი.
– ეს როგორ მოხდა?
– ვაჟა, ამ დროს ყვარელში ყოფილა დასთან. მოულოდნელად დაითოვა და ვერ წავიდა უკან. რაღა აკეთოს არ იცის. მთის კაცის ფსიქოლოგიით გადაწყვეტს, დისშვილი წაიყვანოს და ყვარლის მთებში ნადირობენ. ირემი მოუკლავს. ცუდი ნიშანია, ასეთ წმიდა ცხოველს რომ კლავ. არც მინდა დავიჯერო, რომ ვაჟამ ირემი მოკლა. ატყავებდა თურმე, როდესაც ყვარლიდან ამოდის მეორე მონადირე, რომელიც სახეზე ვერ სცნობს ფშაველას. მიესალმება, მოიკითხავს და ვაჟას დისშვილი ჰკითხავს, – სოფელში რა ამბავიაო. გუშინ ამბავი მოვიდა ჩარგლით, ლუკა რაზიკაშვილს ცოლი მოუკვდა და წვრილშვილი ლოგინში ჩამსხდარი უჟივისო, – უთქვამს სოფლიდან ამოსულს. დაუწყია ვაჟას დისშვილს ტირილი. ეს არის ლუკა რაზიკაშვილიო მიუთითებია მონადირისთვის. ის კაცი შეწუხებულა. ერთი სიტყვით, არ აძლევს ზამთარი ჩარგალში ჩასვლის საშუალებას, მაგრამ როგორც იქნება, ჩავიდა ვაჟა სახლში. რა თქმა უნდა, კეკე უკვე დაკრძალული დაუხვდა. მე გულქანს ვკითხე, გახსოვს დედის გარდაცვალება-მეთქი?
– რა გიპასუხათ?
– მახსოვს სიზმარსავით. მამა რომ აღარ გამოჩნდა, თოვა დაიწყო, დედას თივა ჰქონდა მთიდან ჩამოსათრევიო. მთაში ასე აკეთებენ: ზაფხულში აღარ ეზიდებიან მთიდან ხარ-მარხილით თივას. დაელოდებიან ზამთრის დადგომას, თოვლის მოყინვას და სრიალით უშვებენ თივას ბარში, მარტივად. კეკე, რომელიც მეხუთე შვილზე იყო ფეხმძიმედ მთაში ასულა თივისთვის. ის ძალიან სუსტი იყო თურმე და მუცელი წაუხდა, აუტყდა სისხლდენა და ასე მოკვდა. მამა რომ მოვიდა, უხმოდ შემოვიდა, ჩვენც გასუსულები შევცქეროდით. შემდეგ ფანდური გადმოიღო სიმღერა დაიწყოო. „იას უთხარით ტურფასა, მოვა და შეგჭამს ჭიაო”... ეს სიტყვები დედას მიუძღვნა და ამით უთხრა, ხომ გეუბნებოდი: „ნუ მოხვალ, მიწას ეფარე, მოსვლაში არა ყრიაო”. ეუბნებოდა: მე ხომ გაფრთხილებდი, ვერ გაუძლებ მთის ჯაფას და ტანჯვასო.
ასეთი ტრაგიკული იყო ვაჟა. კიდევ კარგი, იგი ვაჟის, ლევანის დახვრეტას არ მოესწრო. როგორ ამბობს ორჯონიკიძე: ვაჟა რომ ყოფილიყო ცოცხალი, იმასაც ვესროდი ტყვიასო. მკითხველს ეხსომება, რომ ლევანი ქაქუცა ჩოლოყაშვილის გიმნაზიელი იყო და თანაუგრძნობდა მას.
– როგორ იზრდებოდა ვაჟას ოჯახში მისი გულქანი?
– ათას ტანჯვაგამოვლილი ბევრ რამეს იხსენებდა. სიობლეზე გამახსენდა: ერთხელ, გულქანი ტყეში, ხბოებში რომ იყო, წამოვდა წვიმა და ამ სურათს ასე აღწერს: „ჩამდიოდა კაბის ბოლოზედა წკრიალასა წყალი. მერე გადაიკარა, ყველა ბავშვს მოუტანეს სახვევ-სამშრალი, მე არა, არავინა. მომშივდა, მზემ გამოაჭყიტა და გავთბი. გუდაში ხელისგულის ოდენი პურის ნატეხი მქონდა, ამოვიღე, იმის ჭამა დავიწყე. მერე ვიფიქრე: მე რომ დედა მყოლოდა ახლა ცოცხალი, განა მე არ მომიტანდნენ სახვევ-სამშრალსა. მერე სიმწრისგან ამოვთქვი: რად გამაჩინე უფალო, რატო არ მოველ წვიმადა, ამითვისებდნენ ღრუბელნი, თან მატარებდნენ შვილადა. ეს დავიმახსოვრე და შინ რომ მოვედი, მამას ვუთხარ, – იცი, რომ მე დღეს ლექსი დავწერე-მეთქი. რაო, მკითხა და რომ მოვუყევი: პირველად მახსოვს, რომ მაკოცა მამამა, გულში ჩამიკრა და მითხრა: გოგო, შენ ჩემზე დიდი პოეტი ყოფილხარო”. არ იცოდა გულქანმა, რომ შემდეგ ვაჟა ამას დაამუშავებდა და გენიალურ „რამ შემქმნა ადამიანად” დაწერდა. ამის შემდეგ დაურიგებია ვაჟას გულქანი, როცა რამე წამოგაგონდეს დაიწერე, მოდი მერე და მითხარო. ფურცელი ვაჟას არ ჰქონდა საკმარისი და გულქანს საიდანღა ექნებოდა. როდესაც რაღაც წამომაგონდებოდა ქვაზე ვკაწრავდიო – იხსენებდა. მერე დამიბზიკალადებოდნენ ხბოები, გამოვეკიდებოდი იმათ, მეცვლებოდა მხარი და ის ქვა სად მრჩებოდა, ვეღარ ვპოულობდიო.
– დედინაცვალი უყვარდა გულქანს?
– მაღაროსკარში ბიძასთან ვიყავით ბაჩანასთან და ბაჩანა და მამა წავიდნენ დედინაცვლის მოსაყვანადო. ბავშვები ბიცოლასთან დაეტოვებიათ. ამ ბიცოლაზე გიჟდებოდა გულქანი და ასე მოიხსენიებდა: „ის სულ და სამარეგანათლებული ადამიანი”. უცებ ბიცოლა შემოვიდა და მითხრა: გულქან, მამას დედა მოჰყავსო. ჯერ სიხარულისგან გავშეშდით. მერე ბიცოლამ მიგვითითა, წადით და შეეგებეთო. ჩვენ გავვარდით. “ი დედაკაცსა”, – ასე მოიხსენიებდა დედინაცვალ თამარს გულქანი, – ფართუკი ეცვაო. მუხლებზე შემოვეხვიე, მან კი უხეშად მომიგლიჯა და გვერდზე გამწიაო. ეს იმდენად მტკივნეული იყო გულქანისთვის, რომ სიბერეშიც ამას იხსენებდა.
ერთხელ ვუთხარი: მე ვიცი, რომ თამარი თქვენ პურს გიკეტავდათ-მეთქი?
– დაგიდასტურათ?
– მე მესმის რატომაც კეტავდა, მაგრამ გულქანის პასუხი მაინტერესებდა. მან კი მითხრა: ეთერ, მაშ, რა უნდა ექნა, ჩვენი ტანსაცმელიც კი ჭამდა, რით უნდა გამოვეკვებეთ, იმ სიღარიბეში, წესრიგი რომ არ ჰქონოდაო. ცამდე გაამართლა დედინაცვალი.
– კიდევ რას გაიხსენებთ?
– ერთხელ გულქანმა გამახედა ეზოში და მითხრა: „ე, მაგ კაკლების ქვეშ იყო მამაის მასაკვეთი კრება”. იკვეთდნენ ვაჟას სოფლელები. იმიტომ რომ „ყანაი გვქონდა და საქონელს ზუსტად ჩვენს ყანაზე ატარებდნენ. არადა, მართლაც, მარცვალ-მარცვალ გვიგროვებდა სარჩოს მამა, რომ გვეარსება. გამვლელების გამო კი ყანა ნადგურდებოდა. მამამ რამდენჯერმე სთხოვა რომ ცოტა შორიდან მოუარეთ, გზით იარეთ, ამ ბალღებს ჭამა ხომ უნდათო. ერთხელაც ვიღაცასთან მოუვიდა ამის გამო კამათი და მოუწყვეს მოსაკვეთი კრება. კაკლის ძირში ჩოჩქოლი იყო, მამა გამოჩნდა. სულ არ იცოდა რაში იყო საქმე, გახედა ხალხს და თქვა: რასა რატრატებენ და რასა ყრანტალებენო“... ამ ისტორიის დასასრულს გულქანმა მითხრა: „ემ სოფლელმა ხალხმა იკვეთა მამაი, მაგრამ ღმერთმა და ქვეყანამ არ მაიკვეთა”.
ბუნებრივია, ერთ ინტერვიუში არ ჩაეტევა ჩემი საუბრები გულქანთან. თუმცა, ნაწილობრივ ასეთია გულქანის ნაამბობი ვაჟა.