კავალერი – საჩუქარი
საჩუქარი, ყვავილები, თვალის მომჭრელი სიურპრიზები და ბოლოს, სიყვარულში გამოტყდომა... ეს კავალერი კი არა, ნამდვილი საჩუქარია, მაგრამ რაღაც არ მოგწონთ და ფიქრობთ: ხომ არ არის ის ნაძვის ხის სათამაშოსავით – გარედან ბრჭყვიალა, შიგნიდან – მყიფე...
შეგიძლიათ ადგეთ და უბრალოდ, შეამოწმოთ მისი გრძნობა.
პირველი ვარიანტი: მიიპატიჟეთ დედათქვენთან. მთავარია, ამ ვიზიტის დროს მან თავი კომფორტულად არ იგრძნოს. დააკვირდით მის საქციელს. თუ არ გაიქცევა და ყველანაირად შეეცდება მისი გულის მოგებას, ყვარებიხართ.
მეორე ვარიანტი: გამოუტყდით, რომ პარალელურ რეჟიმში სხვასაც ხვდებით. ცოტათი სახიფათო ექსპერიმენტია, მაგრამ შოკური თერაპიისთვის ამართლებს. შეგიძლიათ, მის მკერდზე მიყრდნობილმა იტიროთ კიდეც. დააკვირდით, როგორ მოიქცევა. თუ გეტყვით, რომ მზად არის არჩევნის გაკეთებაში დაგეხმაროთ, მაშინ ჰყვარებიხართ.
მესამე ვარიანტი: მაქსიმალურად გამოაჩინეთ თქვენი უარყოფითი ხასიათი. იჭირვეულეთ, ჩაიდინეთ ქარაფშუტული საქციელი. მოიქეცით ისე, რომ საკუთარი თავი თავადვე ვეღარ აიტანოთ. მოტეხილი ფრჩხილის გამო საშინელი ისტერიკა მოაწყვეთ. თუ ის ამ ყველაფერს მშვიდად გაუძლებს, ეჭვი ნუღარ შეგეპარებათ, მის სიყვარულში.
მეოთხე ვარიანტი: ირონიულად ჩამოთვალეთ მისი ყველა ნაკლი. ფიზიკურიც და ინტელექტუალურიც. უთხარით, რომ ვარჯიში ნამდვილად არ აწყენს და, რომ ზოგჯერ ძალიან სასაცილო და უსუსურია. ერთი სიტყვით, დაამცირეთ. თუ ამ ყველაფრის მერეც არსად წავა, ხელი მაგრად მოჰკიდეთ და აღარსად გაუშვათ. მეორეს ასეთს ვეღარსად იპოვით.