და ზღაპარიც ამიხდება...
ბავშვობაში ყველას გვიყვარდა ზღაპრები... და მერე გვჯეროდა, რომ სამყარო სწორედ ამ ზღაპრების მიხედვით არის მოწყობილი... კარგია თუ ცუდი, როცა საკუთარი ცხოვრების ზღაპრულ თარგზე გამოჭრას ვცდილობთ?!
პრინცესა – ჭირვეული არსება, რომელსაც საკუთარი გარეგნობის გარდა, არაფერი აღელვებს. იცვლის ტანსაცმელს და ეს არის მისი საქმიანობის არსი. მამაკაცები მისთვის საგმირო საქმეებს სჩადიან, მისთვის თავსაც სწირავენ... მას კი ეს სულაც არ აღელვებს, ასეთ პრინცესებს მამაკაცი არც აინტერესებთ, როგორც სრულფასოვანი პარტნიორი. ის განებივრებულია და არაფრით დათმობს ლიდერის პოზიციებს. თუ მამაკაციც გაანებივრებს, რატომაც არა – თხზავს ზღაპრულ სიტუაციებს და ერთობა.
„პრინცესებო“, გაითვალისწინეთ – უფლისწულების ნაკადი აუცილებლად შეწყდება. რომელიმე ზღაპარში წაგიკითხავთ, რომ პრინცესას 50 წლის ასაკშიც უმღერდნენ სერენადებს? ამიტომ, უკეთესზე უკეთესის ლოდინს იქამდე მოეშვით, სანამ ასაკი კარს მოგიკაკუნებთ.
ფიფქია – ამ გოგონას ოჯახმა არ გაუმართლა. სამაგიეროდ, შვიდი ჯუჯის უანგარო მეგობრობამ და სიყვარულმა სიცოცხლე დაუბრუნა. არიან გოგონები, რომლებიც საკმაოდ ადრეულ ასაკში ხვდებიან, რა უნდათ მამაკაცისგან. ისინი სითბოსა და ყურადღებას ბავშვობაში მოკლებული იყვნენ, ამიტომ სულ ისეთ ადამიანზე ოცნებობენ, რომელიც მათ სიყვარულს უხვად დააფრქვევს თავზე. მიჰყვებიან მხოლოდ იმას, ვინც ასეთ სიყვარულს შესთავაზებს. თუმცა, მოქმედებენ პრინციპით: ვუყვარვარ და მაინც მაპატიებს.
ფიფქიები, დიახ, თავიდან გაპატიებენ, მაგრამ საზღვარი ყველაფერს აქვს და როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს სიყვარული, რაღაც ეტაპზე, მას თავმოყვარეობა დაჩრდილავს. თანაც, ზოგჯერ უნდა გასცე კიდეც, რომ მიიღო.
კონკია – შრომისმოყვარე და სიკეთით სავსე, მაგრამ აბსოლუტურად უინიციატივო პირად ცხოვრებაში. მისი გასაკეთებელი საქმე, ფერია-ნათლიამ გააკეთა. სხვათა შორის, მეჯლისზე წასვლაზეც ძლივს დაითანხმა. გაუმართლა, რომ ფეხსაცმელი გასძვრა. პრინცმაც არ დაიზარა და უკან გამოედევნა. კონკია მას არც იცნობდა, ანუ, გმირზე შეყვარებულ ქალებს შეუძლიათ, ცოლად პირველივე შემხვედრს გაჰყვნენ.
კონკიები, თქვენ გყავთ ნათლია – კეთილი ფერია, რომელსაც ჯადოსნური ჯოხიც აქვს? თუ არა, მაშინ ინიციატივა დროულად აიღეთ საკუთარ ხელში.
გერდა (ზღაპრიდან „ყინულის დედოფალი“) – ისე უყვარდა თავისი ძმა, ზოგიერთი ვერსიით, მეზობელი და მეგობარი, რომ მის მოსაძებნად არაფერს შეუშინდა. ჩრდილოეთის უკიდურეს წერტილში მივიდა და გამოიხსნა. „მე შენთვის ყველაფერს შევძლებ“ – ასეთია, გერდას დევიზი. რომელსაც საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში იყენებს. იყო ვიღაცისთვის საჭირო, გადალახო მისთვის სიძნელეები, ეს ძალიან კარგია, მაგრამ რა გარანტია გაქვთ, რომ ამ თავგანწირვით მის გულში ყინულის გალღობას შეძლებთ? ისევ რომ გამოეკიდოს პირველივე გამვლელს, ვინც მას ლამაზ კოშკებს დაჰპირდება?
ნუ მიხვალთ უკიდურესობამდე, თქვენი თავგანწირვით. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ვინც ჩვენთვის ყველაზე ბევრს აკეთებს, სწორედ იმას ვუყვარვართ ყველაზე მეტად. ამაგი თუ არა აქვს ადამიანს შენზე, იმას არც რამედ უღირხარ... წავა და, მთელი წლით დაიკარგება...
ქალთევზა – გამთენიისას კი ისევ ქალთევზად იქცა... საკმაოდ ტრაგიკული ბედის პერსონაჟია. რამ შეგაყვარათ?! „ქალთევზას“ თაყვანისმცემლები სევდიანი, მელანქოლიით სავსე ქალები არიან, რომლებიც თავისივე გრძნობაში „იკარგებიან“. „მე ის მუდამ მემახსოვრება... კუბოს ფიცრამდე“... – რატომ? რით დაიმსახურა ასეთი უკიდეგანო თავგანწირვა?!
ქალთევზებო: ნუ გაიფუჭებთ ცხოვრებას. არავინ ღირს იმად, რომ მსხვერპლად შეეწირო. ყველაფერი წინ გაქვთ – წყალქვეშ თუ ხმელეთზე, ამას მნიშვნელობა არა აქვს. ბედნიერი აუცილებლად იქნებით!