მწვანე კუთხე
კითხვა: როგორ ნიადაგში ჩავრგოთ ნერინა და რამდენ ხანს ძლებს მისი ყვავილი?
პასუხი: მისი ნიადაგი უნდა იყოს ნაყოფიერი. ბოლქვის ერთი მეოთხედი უნდა დარჩეს ნიადაგს ზემოთ. თუ ცხელა, ხშირად სჭირდება წყლის დაპკურება. როდესაც მცენარე კვირტს გაიკეთებს ან ყვავის, ნერინას სჭირდება კომპლექსური ნაკელი. როცა ფოთლები დასცვივა, მორწყვა შეაჩერეთ, რომ ნიადაგი მშრალი იყოს. ეს მცენარე ყვავის სექტემბერ-ნოემბერში და მისი ყვავილობა გრძელდება, დაახლოებით 7- 17 დღემდე. მოჭრილი ყვავილი კი წყალში ცოცხლობს 12-16 დღე-ღამე.
კითხვა: რა სიხშირით მოვრწყათ ჰერბერა ჯემსონა და როგორ ადგილას გვირჩევთ მის დადგმას?
პასუხი: მთელი წლის განმავლობაში მცენარე უნდა მოირწყას ზომიერად, რადგან შეიძლება, ზედმეტმა სინესტემ სოკოვანი დაავადება გამოიწვიოს. სასურველია, გაზაფხულზე, კვირაში ერთხელ ყვავილის ნიადაგის ნაკელით განოყიერება. რაც შეეხება ადგილს, ამ მცენარეს უყვარს ნათელი, მზიანი, თბილი და კარგად განიავებული ოთახი. ზამთარში ნიადაგის ტემპერატურა უნდა ემთხვეოდეს ოთახის ტემპერატურას. ზაფხულში შეგიძლიათ გარე პირობებში ამყოფოთ.
კითხვა: მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა კინკანის ოთახის პირობებში გაზრდა და საჭმელად ვარგისია თუ არა მისი ნაყოფი?
პასუხი: კინკანი არის ცნობილი მარადმწვანე ბუჩქი. თქვენ ძალიან იოლად შეგიძლიათ, გაახაროთ ის ოთახის პირობებში. ქოთანში ჩარგულმა კინკანმა შეიძლება, ორ მეტრამდე სიმაღლესაც კი მიაღწიოს. მისი ნაყოფი პატარაა და ფორთოხლის ფერია. ის საჭმელად ვარგისია და უფრო მეტსაც გეტყვით, მისგან არაჩვეულებრივი მურაბა მზადდება. ისევე, როგორც ყველა ციტრუსს, მასაც უყვარს ნათელი, მზიანი ოთახი. ზაფხულში გაიტანეთ გარეთ, ზამთარსა და წელიწადის სხვა სეზონზე კი ამყოფეთ ბინაში და მშვენივრად გაიხარებს.