რომელ თვეში ხდება არიზემას გაყოფა და რა ტემპერატურაა საჭირო არაუკარიასთვის ზამთარში
– როგორც ვიცი, არიზემას ძალიან ლამაზი და უცნაური ფორმის ყვავილი აქვს, რას გვეტყვით მის შესახებ?
– არიზემა ტროპიკული ქვეყნის სამკაულია და მისი ყვავილი, მართლაც, უცნაური ფორმისაა. თუ ამ მცენარეს შორიდან შეხედავთ, თავაწეულ კობრას მოგაგონებთ. არიზემა სხვადასხვა ფერისაა. ის შეიძლება, იყოს მწვანე, თეთრი და ყვითელი შავ ზოლებში. ამ მცენარეს ახასიათებს ბუნებრივი ლაქების წყობა, რაც აშინებს არა მხოლოდ ადამიანს, არამედ ცხოველებსაც კი.
– რამდენ ხანს ცოცხლობს არიზემას ყვავილი და საერთოდ, პრეტენზიულია თუ არა ეს მცენარე?
– მისი ყვავილობის ხანგრძლივობა ორ თვემდეა. არიზემას კლდის მშვენებასაც კი უწოდებენ, რადგან, თქვენ წარმოიდგინეთ და ასეთ მკაცრ პირობებშიც იზრდება და ხარობს. იქ, სადაც არანაირი ბალახი არ არის, შეიძლება, წააწყდეთ არიზემას კლდეებს შორის და ყველაზე მაღალ ტემპერატურაზეც კი თავს კარგად გრძნობდეს.
– სად გვირჩევთ არიზემას გახარებას, ბინაში თუ ბაღში?
– მცენარე ამოდის ქვებს შორის, ასევე, მძიმე ნიადაგში. არიზემა შეგიძლიათ, გაახაროთ, როგორც ქოთანში, ასევე ღია გრუნტშიც – ეზოებსა და ბაღებში.
– როგორც ჩანს, არიზემაზე მაღალი ტემპერატურა არ მოქმედებს ზაფხულობით. რაც შეეხება ზამთარს, ამ დროს რა ტემპერატურა შევურჩიოთ?
– დიახ, მცენარეს ზაფხულის სიცხეები ნამდვილად არ აწუხებს, ხოლო როგორც კი ტემპერატურა დაბლა იწევს და აცივდება, ამ დროს მცენარეც დაიწყებს მიძინებას და მიწაში ჩასვლას. ამიტომ, გირჩევთ, ზამთარში ტემპერატურა აწიოთ 20-25 გრადუსამდე, რათა მან ზამთრის სეზონზეც ნორმალურად იყვავილოს.
– როგორი ნიადაგი შევურჩიოთ არიზემას?
– მის ნიადაგში აუცილებლად უნდა იყოს ქვიშა და ქვის ნამტვრევები. დანარჩენი, რაც ყველა მცენარეს ახასიათებს, ტორფი და მიწა.
– რით მრავლდება არიზემა?
– მცენარე მრავლდება, როგორც თესლით, ასევე ამონაყარითაც. მისი გამრავლება ხდება გაყოფითაც და უმჯობესია, გაყოფა მოხდეს აგვისტოში.
– ემტერება თუ არა არიზემას მავნებელი?
– ამ მცენარეს მავნებელი არ ჰყავს და ამიტომ, მისი შეწამვლა არ დაგჭირდებათ. მისი ყვავილის ქვეწარმავალსაც კი ეშინია და არ ეკარება. ამიტომ, ნუ შეუშინდებით მწერებსა და მავნებლებს. თუ მის მოშენებას გადაწყვეტთ, იოლად გაახარებთ და არც ზედმეტ სირთულეებს შეგიქმნით.
– რა სიხშირით მოვრწყათ ზამთარ-ზაფხულს არიზემა და როდის გვირჩევთ ბინაში მის შეტანას?
– ამ მცენარეზე ცუდად მოქმედებს სიბნელე. ამიტომ, წელიწადის ნებისმიერ სეზონზე, ეცადეთ, ნათელ ადგილას ამყოფოთ. ზაფხულობით გაიტანეთ გარეთ, ხოლო ზამთარში – უკვე ბინაში ამყოფეთ. რაც შეეხება მის მორწყვას, ახლა სასურველია, წყალი დაასხათ ყოველ სამ დღეში ერთხელ, ხოლო ზაფხულში – ყოველდღე.
– რაც შეეხება არაუკარიას?
– არაუკარია მარადმწვანე ხე ან ტანდაბალი მცენარეა. მისი სამშობლო ავსტრალია და სამხრეთ ამერიკაა. საერთოდ, ტროპიკული მცენარეა და ძალიან წააგავს ნაძვის ხეს. თუმცა, საერთო მათ არაფერი აქვთ.
– რა ზომის იზრდება მცენარე?
– მისი სიმაღლე 60 სანტიმეტრია ქოთნის პირობებში, ხოლო მის სამშობლოში – 4 მეტრ სიმაღლესაც კი აღწევს.
– პრეტენზიული მოსავლელია არაუკარია?
– ეს მცენარე პრეტენზიული სულაც არ არის, პირიქით, მშვენივრად იტანს ნებისმიერ პირობებს. მას არ უყვარს სიბნელე, მოსწონს გაფანტული მზის სხივები. ის შეიძლება, ნახოთ ორანჟერიებსა და ზამთრის ბაღებშიც.
– წყლის მოყვარული მცენარეა არაუკარია?
– მას არ უყვარს ბევრი წყალი. კარგი იქნება ზაფხულში, თუ ნახევრად მშრალს დაუტოვებთ ნიადაგს.
– რაც შეეხება ზამთარს, ამ დროს რამდენ დღეში ერთხელ უნდა მოვრწყათ მცენარე?
– ახლა, რა თქმა უნდა, უკვე უნდა შეამციროთ მორწყვის სიხშირე. კარგია ის მორწყათ მხოლოდ ორ კვირაში ერთხელ. ამ პერიოდში არაუკარია იძინებს და თუ ზედმეტად შეაწუხებთ მორწყვით, მასზე ცუდად იმოქმედებს.
– როგორ ნიადაგში გვირჩევთ მის ჩარგვას?
– სასურველია, თუ ნიადაგში დიდი რაოდენობით ნეშომპალას და ქვიშას შეიტანთ. მიწა გაზაფხულზე დამატებითი სასუქებით გამოკვებეთ. გირჩევთ, ამ დროს გამოიყენოთ ფოსფატი და კალიუმი.
– რა ტემპერატურაზე ხარობს მცენარე?
– არაუკარია კარგად უძლებს ზაფხულის მაღალ ტემპერატურას, ხოლო ზამთარში აუცილებლად 25 გრადუსი სჭირდება.
– როგორ რეაგირებს არაუკარია ყინვაზე და როგორ დავეხმაროთ ამ დროს მცენარეს?
– თუ არაუკარიას ყინვის სუსხი მოხვდა, გაუყვითლდება წიწვოვანი ფოთლები და დაიწყებს მთლიანად გაფუჭებას. ამიტომ, ყველანაირად ეცადეთ, ზამთარში ტემპერატურა მაქსიმალური იყოს.
– როგორ გავამრავლოთ არაუკარია?
– ეს მცენარე მრავლდება, როგორც თესლით, ასევე ამონაყარითაც. ამონაყარი გადარგეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც მცენარის სიმაღლე 5-8 სანტიმეტრის ფაზაში იქნება.
– როგორ რეაგირებს არაუკარია მავნებლებსა და გასხვლაზე?
– ამ მცენარეს მავნებლები საერთოდ არ ემტერება, ხოლო, რაც შეეხება გასხვლას, ის კარგად ეგუება ქვემოდან შეთხელებას, რაც ხელს უწყობს მის ზრდაში წასვლას.
– შესაძლებელია თუ არა არაუკარიას აყვავილება და სად გვირჩევთ ახლა მის დადგმას?
– საქართველოს პირობებში მცენარე ვერ ასწრებს აყვავილებას. ახლა ნელ-ნელა ტემპერატურა დაბალ დაიწევს, ამიტომ ბინაში შეუქმენით კომფორტული გარემო, მოუმატეთ გამათბობელს და დადგით კარგად განათებულ ადგილას. ზაფხულის დადგომისთანავე კი, გაიტანეთ ბაღებსა და აივნებზე, რათა უკეთ მოხდეს მზისგან ფოტოსინთეზი.