ვეტერინარის რჩევები
კითხვა: რა ასაკში ითხოვს ლეკვი ყველაზე დიდ ყურადღებას? ჩემი ლეკვი ჯერ მხოლოდ ერთი თვის არის და ამიტომ მაინტერესებს.
პასუხი: ლეკვს ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ 4-დან 6-თვემდე, რადგან ამ პერიოდში იწყებს კბილების ცვლას. მედიცინის თვალსაზრისით კი კბილების ცვლა ერთ-ერთი რთული მოვლენაა ორგანიზმისთვის. ამ პერიოდში ლეკვს ყველაზე ბევრი ვიტამინის დანამატის სახით მიცემა სჭირდება, რადგან ორგანიზმი იფიტება და იმუნიტეტი უქვეითდება. ამ დროს თუ ძაღლს ყურადღება არ მივაქციეთ, შეიძლება, ძალიან ბევრი დაავადება დაემართოს. ვიტამინების დანამატით კი პროცესის გადატანას საგრძნობლად გავუადვილებთ.
კითხვა: მაინტერესებს, რა სახით ხდება ძაღლებში კოჟრის მკურნალობა?
პასუხი: კოჟრის მკურნალობა ძირითადად კოსმეტიკური მოვლის საშუალებებით ხდება, მაგალითად, შამპუნებით, ანტისეპტიკური საშუალებებითა და მალამოებით. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორების მოშორებას, ანუ კანზე ნაწოლების მოხსნას. შემდგომში ძაღლს აუცილებლად უნდა დაუგოთ რბილი ქვეშაგები. აღნიშნული სახის კოჟრების ქირურგიული მეთოდით მოცილება არაა რეკომენდებული, რადგან ამ დროს ხშირია შემთხვევები, როცა ჭრილობა ცუდად ხორცდება და ასევე არსებობს, მისი თავიდან განვითარების დიდი ალბათობა.
კითხვა: რა ღირსებით გამოირჩევა ჩაუ-ჩაუ?
პასუხი: როგორც ამტკიცებდნენ, ჩაუ-ჩაუ ლაიკასთან ნაჯვარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ლურჯი ენა ამ სქემაში არ ჯდება. ამიტომ, დამტკიცდა, რომ ჩაუ-ჩაუ დამოუკიდებელი ჯიშის ძაღლია. ჩაუ-ჩაუ სიმაღლით არც ისე დიდია – საშუალოდ, 43-51 სანტიმეტრი. ის ჰარმონიულად განიერი, ჩადგმული ძაღლია კისერზე ხშირი ფაფრით. აქვს შედარებით მოკლე ცხვირი. ჩაუ-ჩაუს სპეციფიკური ნიშანია, რომ უკანა ფეხების კიდურების კუთხეები გასწორებული უნდა იყოს და არა მკვეთრად გამოხატული. შესაბამისად, ტეხილი მოძრაობით მიაბიჯებს, რაც შოუ-რინგზე ფასდება ხოლმე.