ვინ სჩუქნის მის თიკას ძვირად ღირებულ საჩუქრებს და ადვილია თუ არა მასთან ფლირტის გაბმა
მშვენიერი მომღერალი მის თიკა ძალიან აქტიურად ცხოვრობს და დასვენებისთვის იშვიათად იცლის. ის არაჩვეულებრივად მღერის და მსმენელს არაერთ საინტერესო სიურპრიზს უმზადებს. იგი, ასევე, იღებს კლიპს, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი ცნობილი არხის შეკვეთა იყო. წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე თავად ახალგაზრდა მომღერალს და მის მეუღლეს ბაკურს ვესაუბრეთ.
– როგორ ხარ, რა ხდება შენკენ! როგორც ვიცი, უამრავი სიახლით ხარ დატვირთული.
თიკა: არაჩვეულებრივად ვარ. ამ საახალწლოდ ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს. 17 დეკემბერს, ბარბარობას, დაბადების დღე მქონდა და მას შემდეგ კარგი განწყობა გამომყვა. რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, ამ ეტაპზე კლიპის გადაღების პროცესში ვართ და, იმედია, საახალწლოდ მზად იქნება. ძალიან ლამაზი და უცხო კლიპი იქნება.
– გავიგე, ერთ-ერთი ცნობილი რუსული არხისგან შემოთავაზებაც გაქვს.
– დიახ, სიმღერა გავგზავნეთ რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ არხზე – „მუსტივი”. მათ ძალიან მოეწონათ სიმღერა და გვთხოვეს, როდესაც კლიპს გადაიღებთ, აუცილებლად გამოგვიგზავნეთო. კლიპში ისეთი ელემენტებია გამოყენებული რაც ქართულს არ ჰგავს, ანუ, უცხოური სტილის კლიპია. მე ყველანაირად ვცდილობ, უკან არაფერზე დავიხიო. ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის, რაც ჩემს კარიერას სჭირდება.
– თამამ ექსპერიმენტებზე ხშირად მიდიხარ?
– რაც შეეხება კლიპს, ნამდვილად არაფერზე დავიხევ უკან. ისე, ცხოვრებაში ექსპერიმენტები ნაკლებად მიზიდავს. შინაგანად თამამი ვარ, მაგრამ, ზრდილობის ფარგლებში (იცინის). საერთოდ, თინეიჯერობიდან მოყოლებული, არასდროს ვყოფილვარ მორიდებული და მორცხვი. ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც მინდოდა. ძალიან სწრაფი ვარ და ჩემმა ქმარმა „ჰონდა სივიკი” შემარქვა. სულ წინ და უკან დავქრივარ (იცინის). არასდროს არ ვზივარ სახლში სკამზე, ძალიან აქტიურად ვცხოვრობ.
– ყველაზე დიდ სიამოვნებას რა განიჭებს?
– ბევრი რაღაცისგან ვიღებ სიამოვნებას, რადგან ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მსიამოვნებს. არასდროს ვემორჩილები წესებს. სიმღერაც მაქვს ასეთი – „მე არ ვემორჩილები წესებს”. ასევე დიდ სიამოვნებას მანიჭებს თამამი და სექსუალური ფოტოების გადაღება.
– საერთოდ, რამის კომპლექსი გაქვს?
– არანაირი კომპლექსი არ მაქვს, მაგალითად, კლიპის გადაღების დროს. იქ არის გადამღები ჯგუფი და, როგორც საჭიროდ ჩათვლიან, ისე მოვიქცევი, იმას ჩავიცვამ და ასე შემდეგ. გადაღების პროცესში ვარ სულ სხვა თიკა. რასაც ჰქვია „ქართული ჩარჩო”, ჩემთვის ეს არ არსებობს. მე ისეთი საქმე მაქვს არჩეული, მორცხვი თუ იქნები, ვერ „გაქაჩავ”.
– რა პროფესიის ხარ?
– დამთავრებული მაქვს სამედიცინო, კერძოდ გინეკოლოგიური, თუმცა თავს გინეკოლოგად ნამდვილად ვერ ვხედავ. ასევე, დავამთავრე ვოკალის საესტრადო უნივერსიტეტი. გარდა ამისა, ვარ სამოდელო სააგენტო „ნაომის” დიზაინერი.
– გამოდის, რომ ძალიან დატვირთული გრაფიკი გაქვს.
– ნამდვილად ძალიან დატვირთული ვარ. ახლა რაღაც სიახლის შეთავაზებას ვაპირებ მსმენელისთვის – ვაკეთებ კლუბურ არენბის. ამ ჟანრის წარმომადგენელი საქართველოში არ არის. ეს იქნება შოუსთვის და კლუბებისთვის. მე ვიქნები საქართველოში პირველი და ეს იქნება სიახლის შეთავაზება მსმენელისთვის. იმედია, გაამართლებს. არენბისა და რეპს არ ვუღალატებ, მაგრამ ეს იქნება განსხვავებული სტილი. ზოგიერთ ბებიას რეპი რომ არ მოსწონს, იქნებ ამით მოვაწონო თავი.
– კლუბები მოსწონთ ბებიებს?
– ჩემს ბებიას მოსწონს. (იცინის)
– კარიერის გაგრძელებას უცხოეთში ხომ არ გეგმავ?
– ალბათ არა. წინასწარ ვერ ვიტყვი მომავალში რა იქნება. არ მინდა, უცხოეთში „გავქაჩო” და ისე ჩამოვიდე აქ. მინდა, აქედან უკვე პოპულარული და დახვეწილი წავიდე.
– პოპულარობას ადვილად მიაღწიე?
– ნამდვილად არ იყო ადვილი პოპულარობის მიღწევა. თან, ჩვენთან ყველაფერი ძნელად ხდება – თუ ნაცნობი ან ნათესავი არ ხარ, რაც უნდა მაგრად გამოჩნდე, მაინც არავის სჭირდები. წარმოიდგინეთ, რუსეთიდან „მუსტივი” გვეუბნება, კლიპი მოგვაწოდეთო, აქ კი, ნებისმიერ ტელევიზიას თუ სერიოზული თანხა არ გადაუხადე, არავინ გაუშვებს სიმღერას. მე კი ვიბრძვი ჩემი წარმატებისთვის და ვნახოთ რა იქნება.
– მიზნის მისაღწევად რამეზე დაიხევ უკან?
– უკან არასდროს არაფერზე არ დავიხევ. რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ხალხმა დამინახოს და მოისმინოს ჩემი სიმღერა. თქვენი საშუალებით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რადიო „ფორტუნას“, კერძოდ რეზო კაკულიას გვერდში დგომისა და თანადგომისთვის.
– ყურადღების ცენტრში ყოფნა ალბათ სასიამოვნოა?
– რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი გრძნობაა, როცა გიყურებენ, გცნობენ. თავში არასდროს მივარდება პოპულარობა და ყოველთვის ძალიან შინაურულად ვარ ყველასთან. უკვირთ ხოლმე, შენ ის თიკა ხარო? ხშირად მიგზავნიან საჩუქრებს. დღეს ველოდები ისრაელიდან საჩუქარს ერთი ჩემი თაყვანისმცემლისგან. თაყვანისმცემლები „ფეისბუქიდან“ მეცნობიან, შემდეგ ვკონტაქტობთ ხოლმე და მიგზავნიან სუნამოებსა და ათას სხვა საჩუქარს. ბევრი ადამიანი უცხოეთიდან ჩემ გამო ჩამოდის და მპატიჟებენ და ხან – სად და ხან – სად.
– შენი მეუღლე არ ეჭვიანობს ამ ყველაფერზე?
– არა, არ ეჭვიანობს, პირიქით, „მბალელშიკობს” ხოლმე (იცინის).
საუბარში თიკას მეუღლე ბაკური ერთვება:
ბაკური: ყველაფერი ხდება ნორმის ფარგლებში, ცოტა ფლირტი, თავისთავად, მოჰყვება, თუმცა, რა თქმა უნდა, რაღაც დონეზე უნდა გაჩერდეს, პორნოგრაფიაში არ უნდა გადაიზარდოს (იცინის).
– ესე იგი, მეუღლე ხელს გიწყობს კარიერის აწყობაში.
თიკა: დიახ, ყველანაირად ხელს მიწყობს და მეხმარება. მის გარეშე ვერ ვიარსებებდი. ის პირველ ყოვლისა ჩემი მეგობარია, სულ ყველაზე ბოლოს – მეუღლე (იცინის).
– შენი გარეგნობით კმაყოფილი ხარ თუ? რამეს შეცვლიდი?
– ჯერჯერობოთ კმაყოფილი ვარ (იცინის). ხელოვნურად ჩავერევი, თუ საჭირო გახდა. მაგრამ, ამჟამად, მთლიანად ბუნებრივი ვარ (იცინის). ერთადერთი, ძალიან მიყვარს პირსინგები – ჭიპზეც მაქვს და ცხვირზეც.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
– წინასწარ არ ვიცი. შეიძლება, ისე განვითარდეს მოვლენები, რომ მე თვითონაც გამიკვირდეს. ჰოროსკოპოთ „მშვილდოსანი“ ვარ და, რასაც მიზნად ვისახავ, ვაღწევ ხოლმე. ერთი, რაც ზუსტად ვიცი, ის არის, რომ არაფერზე არასდროს დავიხევ უკან. მთლიანად მზად ვარ, ნებისმიერ რამეს გავაკეთებ რაც ჩემი კარიერისთვის დამჭირდება. მომღერალს არაფრის კომპლექსი არ უნდა ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერაფერს მიაღწევ.
– უკომპლექსო ხარ?
– ნამდვილად ასეა. აბა, მე თუ გადასაღებ მოედანზე შემრცხვა და, ვთქვათ, მოკლე კაბა არ ჩავიცვი, მაშინ მეტყვიან, კარგად იყავი, ბიძიაო (იცინის). როცა ამ პროფესიას ირჩევ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. თუ კომპლექსები გაწუხებს, მაშინ სახლში დაჯექი და ტელევიზორს უყურე (იცინის).
– მოკლედ, ძალიან მონდომებული ხარ და წარმატებებს გისურვებ!
– დიდი მადლობა. ნამდვილად ძალიან მონდომებული ვარ, თან, ჩემი მეუღლეც ჩემ გვერდითაა და წარმატებას ერთად მივაღწევთ. ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ, ასეთი ადამიანი რომ შემხვდა, ის ყველაფერში მიგებს და გვერდში მიდგას. არ არსებობს, რაიმე დამიშალოს ან ამიკრძალოს. ყველაფრის ნებას მაძლევს. ამიტომ, მადლობა ჩემს მეუღლეს! (იცინის).
ბაკური: მადლობა შენს თავს უნდა უთხრა, ასეთი კარგი რომ ხარ, სხვა შემთხვევაში არც დაგეხმარებოდი და დაგსვამდი „კუხნაში” (იცინის). მთავარი ისაა, რომ ძალიან ნიჭიერი ხარ.