როგორ გაგრძელდა შვიდი წლის შემდეგ რუსკა მაყაშვილის საკურორტო რომანი და ვინ გახადა ის სვანი ძველი ბიჭი
ის მთელ საქართველოში ყველაზე ცნობილი ფიფქიაა. ყოველი ახალი წლის წინ „საქართველოს ბანკის” რეკლამით რუსკა მაყაშვილი სატელევიზიო სივრცეს საოცრად ალამაზებს და საახალწლო განწყობაზე გვაყენებს ყველას. წლის ბოლოს რუსკა და მისი შეყვარებული – დავით ყიფიანის უმცროსი შვილი, გიორგი ყიფიანი ფილმში გადაიღეს, რომელიც ეკრანებზე ვალენტინობა დღეს გამოვა.
რუსკა მაყაშვილი: მგონია, რომ ეს 2010 წელი ძალიან კარგი, პროდუქტიული იყო და რატომ? წარმოიდგინე, წლის დასაწყისშივე გამოვიდა ჩემი მონაწილეობით ფილმი, „ოცნების ქალაქი”, მქონდა რამდენიმე პრემიერა, სერიალიც სულ უფრო იქოქება და იქოქება. წლის ბოლოსაც გადამიღეს ერთ ფილმში, რომელიც უკვე 2011 წლის დასაწყისში, სავარაუდოდ, 14 თებერვალს გამოვა. ანუ, პროფესიული თვალსაზრისით რომ შევხედოთ, გადასარევი წელი იყო. მაგრამ, თან იყო ძალიან დატვირთული, გიჟური წელი. რომ მახსენდება, რამდენ ადგილას ყოფნას ვასწრებდი, რამდენს ვმუშაობდი, ცუდად ვხდები. დილით ადრე ვდგებოდი, მივდიოდი გადაღებაზე. შუალედში, წესით, შესვენება როცაა, რეპეტიციაზე მივდიოდი. იქიდან ისევ გადაღებაზე ვბრუნდებოდი და მერე ისევ – ღამის რეპეტიციაზე. საერთოდ, ცოცხალი როგორ ვიყავი, არ ვიცი, მაგრამ, ალბათ, ჩვენ ამით ვცოცხლობთ. როდესაც აკეთებ იმას, რაც გიყვარს, გიხარია და არასდროს იღლები. მუშაობის დროს, სულ დასვენებაზე ვოცნებობდი და ვწუწუნებდი, მაგრამ სამი დღე საკმარისია იმისთვის, რომ ძალები აღვიდგინო. თუმცა თუ ერთი დღეც გადაცდა ისე, რომ სამუშაო არ მექნა, უკვე პანიკა მეწყება. შეიძლება, გავგიჟდე, „გავრეკო“.
– ესე იგი, წუწუნი კარგად გაქვს დაცდილი.
– გადასარევად. აწი სულ ვიწუწუნებ. ისე, ყველანაირად კარგი წელი იყო. კარგადაც დავისვენე, კარგადაც ვიმუშავე, კმაყოფილი ვარ. მაისში, უკვე გადაღლის პიკი რომ მქონდა, რამდენიმე დღე რაღაცნაირად მოვიპარე და ბათუმში წავედით მე, ჩემი შეყვარებული და რამდენიმე მეგობარი. ძალიან მაგარი იყო, ბათუმი შემიყვარდა. ფანტასტიკური ამინდები, სიწყნარე, ცოტა ხალხი... ძალიან კარგი იყო.
– ახალ ფილმში შენი შეყვარებულიც თამაშობს, არა?
– კი. ირაკლი ჩხიკვაძე იღებს ფილმს „გული+”. ფილმი არის სიყვარულზე, ძალიან თბილი და კარგი საყურებელია. აქ არ არის ნარკოტიკი, ძველი ბიჭები, ავტომატები და ომი. გემოვნებიანი კომედიაა, მელოდრამის სტილში. თამაშობს ზაზა პაპუაშვილი, ჩემი უსაყვარლესი არტისტი და მიხარია, რომ მასთან ერთად ფილმში თამაშის საშუალება მომეცა. თამაშობს გიორგი ყიფიანი – ჩემი შეყვარებული და ვთამაშობთ უცნაურ შეყვარებულებს.
– შენ ის გოგო ხარ, რომელიც უნდა მოიშოროს თუ რომელიც უყვარს?
– არა, რომელიც უნდა მოიშოროს. მთავარ როლში სწორედ ის გოგოა. გიორგის გმირი ჩემს გმირს ვერ იტანს და მთელი ფილმი იმას ცდილობს, როგორმე თავიდან მოიშოროს.
– ვინ არის გოგო, რომელიც უყვარს?
– ირინკა ჩხენკელი, მოდელი, ულამაზესი გოგო, ვგიჟდები, ისე მომწონს. ირაკლის ფილმში ცოტა სხვა ტიპი ვარ – ცოტა გაუგებარი, ცოტა მიმწოლიც, ძველი ბიჭიც. თან, სვანია, ტრადიციული ოჯახიდან. მართალია, უცხოეთში აქვს განათლება მიღებული და ცოტა შეცვლილია, მაგრამ სისხლის ყივილი მაინც დარჩენილი აქვს, რაც ცოტა აშინებს ამ საწყალ ბიჭს.
– როგორია შეყვარებულთან თამაში? რთული არ იყო?
– არა პირიქით. თვითონ ძალიან ნერვიულობდა, პირველი როლია და თან, ეგრევე მთავარი. ამ ყველაფერს დიდი პასუხისმგებლობა სჭირდება, მაგრამ გიორგი ნიჭიერი ადამიანია და იოლად გაუმკლავდა ამ ყველაფერს. სულ ვხუმრობ, რომ ფილმის მერე ასე იტყვიან – ბიჭი ჯობია! (იცინის) და, ძალიან მიხარია ეს. სახასიათო როლი აქვს და იცი როგორი რთულია, სახასიათო როლის თამაში. საერთოდ, კარგად უმკლავდება და მიხარია.
– და როცა დაბერდებით, ამ ფილმს ძალიან ხშირად ნახავთ.
– კი. ასაკში შევალთ და „გული+” დარჩება ჩვენს საყვარელ ფილმად. საოჯახო ფილმი გვექნება. თვითონაც სულ ამბობს, რა მაგარი იქნება, ჩვენს შვილებთან, შვილიშვილებთან ერთად დავსხდებით და ვუყურებთო. ვნახოთ, ვნახოთ, რა იქნება. იმედია, ყველაფერი მართლა ასე იქნება.
– როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– გიორგი რვა წლის წინ გავიცანი, ზღვაზე. წარმოიდგინე, მე თექვსმეტი წლის ვიყავი და გიორგი თოთხმეტის. ძალიან პატარები. იქ დაიწყო საკურორტო რომანი თუ რაღაც ეგეთი რომ ჰქვია. თექვსმეტი წლის ასაკში, ცამეტი წლისას ვგავდი, ბავშვი ვიყავი. საერთოდ, ყოველთვის იმაზე პატარა ვიყავი და ვარ აზროვნებით, ვიდრე – ასაკით ვარ. ოცდაოთხი წლის ვარ, მაგრამ ახლაც შემიძლია წავიდე და პატარა ბავშვებთან ერთად ვითამაშო. თექვსმეტი წლისა ხომ, მით უმეტეს. გიორგი ჩემზე ბევრად დიდი იყო აზროვნებით და ახლაც ასეა. სუფთა ბავშვი ვიყავი, „მაკდონალდსში” დაბადების დღის გადახდა მინდოდა. მართლა, ბოლოს „მაკდონალდსში” დაბადების დღე გადავიხადე ცამეტი წლის რომ ვიყავი, შევჭამე დედაჩემი. წარმოიდგინე, სამი წლის ბავშვები იხდიან იქ დაბადების დღეს. დღეს, ცამეტი წლის გოგოები ქუსლებზე დადიან და დაბადების დღეზე „მისონში” აკეთებენ ფართის. მოკლედ, თვე-ნახევარი ვიყავით ერთად და მერე დავშორდით. რა სისულელე იყო პატარა ბავშვების სერიოზული ურთიერთობა. ერთმანეთს შვიდი წლის შემდეგ შევხვდით.
– იმის მერე არ შეგხვედრია?
– შვიდი წლის განმავლობაში, ამ პატარა თბილისში სულ სამჯერ მყავს ნანახი. აქედან ოთხი წელი, ერთხელაც არ მინახავს.
– ამ პერიოდში შეყვარებულები არ გყავდათ?
– გიორგის რომ დავშორდი, არავინ შემყვარებია, სხვა სამყაროში ვიყავი გადავარდნილი. ჩავაბარე თეატრალურში და მხოლოდ ეს მაინტერესებდა. სულ დამცინოდნენ ჩემი მეგობრები, ვინმეს თუ მოეწონები, ისე საშინლად იქცევი, აღარავის უნდა შენი დანახვაო. ბიჭები საერთოდ არ მაინტერესებდა, მაგრამ, სანამ გიორგის ისევ შევხვდებოდი, მყავდა შეყვარებული, საკმაოდ სერიოზული ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ბოლოს დავშორდით. სიყვარული მოდის, მიდის, ზოჯერ მოდის და აღარ მიდის. გრძნობა სულ სხვადასხვანაირია. არის ისეთი, რომელიც მთელი ცხოვრება გრჩება და რომელიც უბრალოდ გატაცებაა და სიყვარულში გეშლება. ნელ-ნელა ხვდები, თან ვერ ხვდები, ხან უმიზეზოდ ჩხუბობ, სულ გაღიზიანებული ხარ და მიდიხარ იმ დასკვნამდე, რომ ყველაფერი დამთავრდა. ჩვეულებრივად, ჩხუბის გარეშე დავშორდით და დღემდე დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანს. მაგრამ, სამაგიეროდ, მარადიულ სიყვარულს შევხვდი.
– და როგორ აღადგინეთ ურთიერთობა?
– ჩემს სპექტაკლზე მოვიდა, სრულიად შემთხვევით, მეგობრებთან ერთად. „ბიდერმანში” ქოროში, ცხრა გოგო ზუსტად ერთნაირად ჩაცმული, ერთნაირი გრიმებით დავრბივართ სცენაზე. გიორგიმ კი გაარჩია რომელი ვიყავი. გაგიჟდა, გადაირია ისე მოეწონა და აქედან ნელ-ნელა დაიწყო ჩვენი ურთიერთობა თავიდან. ძალიან გამიხარდა. არც მახსოვს, ისე მალე გაჩნდა ჩვენ შორის გრძნობა.
– ხასიათებით თუ უგებთ ერთმანეთს? გიორგი ცოტა მძიმე მგონია.
– არა, მარტივი ხასიათი არც ერთს არ გვაქვს. აქვს მას თავისუბური სიმძიმეები, ისევე როგორც მე. მიუხედავად იმისა, რომ არ მეტყობა, ურთიერთობაში მძიმე ხასიათი მაქვს – მეგობრებთან არა, რა თქმა უნდა. მაგრამ, გიორგის აქვს საოცარი იუმორის გრძნობა, ისეთი, რომ ვგიჟდები. მთავარი კი ადამიანში, სწორედ ეს მგონია. თან, ჭკვიანი ბიჭია, აზრზე მოსული. ისეთი ტიპია, როგორიც ყოველთვის მომწონდა. მომწონს მისი ჩაცმის სტილი, უსმენს ისეთ მუსიკას, რომელიც მეც მომწონს. დეტალებს ვამბობ, მაგრამ ეს დეტალები ქმნის საერთოდ ჯამში ადამიანს, მას, რომელიც მიყვარს. ხანდახან ჩვენც ვჩხუბობთ ხოლმე, ცოტა საინტერესო რომ გავხადოთ ჩვენი ურთიერთობა. მოსაბეზრებელია სულ ერთი და იგივე.
– ანუ, სპექტაკლებს დგამ ცხოვრებაშიც.
– იშვიათად, მაგრამ ასეც ხდება. ერთფეროვანი ცხოვრება ძალიან მოსაწყენია. იმდენად სასაცილო ბიჭია გიორგი, მასთან ვერ მოიწყენ, სულ რაღაც თავგადასავლებში ვეხვევით. ერთხელ უნდოდა, სიურპრიზი მოეწყო, დამირეკა და მითხრა, აივნიდან გამოიხედეო. უცებ ვხედავ, გიორგი რაღაც „დრანდულეტი” მანქანით, ამწეთი ამოდის ჩემსკენ. მოემართება, მოემართება და ეს ყველაზე რომანტიკული მომენტი რომ უნდა იყოს ჩვენთვის, დაახლოებით სამი მეტრის დაშორებით ჩემი აივნიდან, გაჩერდა. ვეღარ მოსწვდა ის ამწე თუ რა ჰქვია (იცინის). ვეღარ მომწვდა და ჩავიდა უკან. კარგად ხომ შემომხედე-მეთქი. მერე მომიყვა, რომ თურმე, თავიდან ფანჯრებით ცდილობდა ამოძრომას, ჩავარდა და მერე წავიდა ამწეს მოსაყვანად. სამი საათი ეხვეწებოდა თურმე მძღოლს გამომყევიო, შეყვარებულს სიურპრიზი უნდა გავუკეთოო. ბოლოს ვითომ ამოვიდა.
– ყველაზე მაგარი ახალი წელი როდის იყო?
– შარშან. გიორგისთან ერთად შევხვდი ამ ახალ წელს. ძალიან ბევრნი ვიყავით ასული ჩვენი მეგობრის აგარაკზე წყნეთში. კარგი იყო, გავერთეთ, დავთვერით კიდეც.
– კურდღლის წელში დაქორწინებას ხომ არ აპირებთ?
– ჯერ არა. გიორგი სასწავლებლად მიდის უცხოეთში და ამის გარკვევაშია. თუ წავა, ისიც ჩამოვა, მეც ჩავაკითხავ და ერთ წელს როგორმე გავძლებთ. ისე, მეც მინდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ არა იმ ქალაქში, სადაც გიორგი მიდის. აქ ვიცხოვრებ და ვიმუშავებ, თუმცა მატერიალური შესაძლებელობა თუ მექნება, ცოტა ხნით სიამოვნებით გავივლი რაღაც კურსებს. იქნებ, ზუსტად ამ დროს ჩამოიაროს რომელიმე ვარსკვლავმა და მითხრას, ვაიმე, აი, შენ გეძებდიო. ასეთი სასწაულების მჯერა. სულ ვამბობ, ჩემს მეგობრებთან – მე რომ ჰოლივუდში წავალ... ჰოლივუდში რომ წავალ... და ისინი დამცინიან. მეც ვიცინი ხოლმე, მაგრამ ვიცი, როდესაც რაღაცის გულით გჯერა, ის აუცილებლად გამოდის.
– თოვლის ბაბუისაც გჯერა?
– თოვლის ბაბუის ცამეტ წლამდე მჯეროდა. ბოლოს დამსვეს კლასელებმა და მითხრეს: რუსკა, ცოტა აზრზე მოდი, ხომ არ აფრენო. ეს ჩემი ოჯახის დამსახურებაა და ვეცდები, ჩემს შვილსაც, რაც შეიძლება, დიდხანს სჯეროდეს ამის. მოკლედ, თოვლის ბაბუ აუცილებლად მომიტანს ჰოლივუდს, აი ასე.