რომელი დაჯგუფების უფროსი გახდა აჩიკო გულედანის შვილი და რას ჰპირდება ის სვანებს
აჩიკო გულედანის და ნინი ბუკიას უფროსი შვილი, 5 წლის მარიამი, ძალიან თბილი და საყვარელი ბავშვია. ჯერ პატარაა, მაგრამ „მსოფლიოში ყველაზე მაგარი ბებიკოს“ წყალობით, უკვე სამსახურშიც დადის. მართალია, ხელფასს არ უხდიან, მაგრამ ფული სულაც არ სჭირდება – იქამდე, სანამ მოჭადრაკე და „მოკარტე“ გამოვა, ყველა სურვილს ისედაც უსრულებენ. პატარა მარიამს ორიგინალური ოცნებებიც აქვს. მართალია, სვანეთში ერთხელაც არაა ნამყოფი, მაგრამ სვანებზე ზრუნვა უკვე დაიწყო – სწყინს სვანებს პლაჟი რომ არ აქვთ და მდინარე ნილოსის სვანეთში გადმოტანას აპირებს.
– მე ვარ მარიამ გულედანი, დედაჩემის და მამაჩემის შვილი. ჯერ პატარა ვარ და საბავშვო ბაღში დავდივარ, ბაღის დირექტორი ბებიკუნაა, ამიტომ მიყვარს ბაღში სიარული. იქ მყავს კარგი მეგობარი ელენიკო ჩხეიძე. იქ ჩემი მამიდაშვილებიც დადიან და ჩვენი დაჯგუფება გვაქვს. ჩვენი ყველას ეშინია.
– რას აკეთებს თქვენი დაჯგუფება?
– ხატავს, ლექსებს იზეპირებს. მე თითქოს უფროსი ვარ, ისინი კი მემორჩილებიან. როცა „გასწრებობას“ ვთამაშობთ, არ მისწრებენ. ასეთი წესი გვაქვს.
– ის ბავშვებიც გულედანები არიან?
– არა, გულედანი მარტო მე ვარ. ეს რაღაცნაირი გვარია, თუ სვანი არ ხარ, გულედანი ვერ იქნები. დედაჩემს შურს, რომ თვითონაც გულედანი არაა, ოღონდ როცა გავაბრაზებ, სვანი ხარო, მეძახის. ეგ სვანები მაღალ მთაში და ტყეში ცხოვრობენ, არც ზღვა აქვთ, არც პლაჟი და არც ბასეინები. როცა დიდი გავიზრდები, იმხელა ზღვას გავუკეთებ მაგათ, რომ ლილომდე ჩამოვიდეს. თურქეთში რომ ვიყავით მე, ალექსანდრე, დედა, მამა, მამიდა და მამიდაშვილები, ჩვენს სასტუმროში ისეთი ლამაზი ბასეინები იყო, ესეთი არსად მინახავს. თურქეთი თვითმფრინავი მეგონა, მერე გავიგე, რომ ქალაქი იყო.
– თურქეთში სხვა სვანებიც ხომ არ იყვნენ?
– არა, თურქები იყვნენ, მაგრამ ხანდახან გავდნენ სვანებს და სვანებივით რაღაცნაირად ლაპარაკობდნენ. სვანებს, როგორც ამერიკელებს, ხომ თავისნაირი ენა აქვთ, მაგ ენას სკოლაში არ ასწავლიან, თუ სახლში ვინმემ იცის, იმან უნდა გასწავლოს.
– ბაღში ვის დაჰყავხარ?
– მამიკოს, დილით რომ გავიღვიძებ, მომივლის, ტანსაცმელს ჩამაცმევს, ფაფას მაჭმევს და მერე მანქანაში ჩამაგდებს ხოლმე. როცა მამიკოს არ სცალია, სხვებს მივყავარ ბაღში. მე მინდა, რომ ჩემი მძღოლი ვიშოვო. ხელფასს გადავუხდი და ბაღამდე სადაც მინდა იქ გადაუხვევს, ან „მაკდონალდსში,“ ან კიდევ სხვაგანაც.
– მამიკოს „მაკდონალდსში“ დაჰყავხარ?
– კი, მაგრამ არ სცალია. სამსახურში დადის, რომ სიმღერები მოიგონოს. საღამოს ჩემთან და ალექსანდრესთან ერთად თამაშობს, ახალ-ახალ თამაშებს ვიგონებთ ხოლმე. ხან მეფობანას, ხან – რას, ხან – რას. გვაქვს თამაში „ზი ზა ზა ზუ“, კიდევ „მეფობანა“. ხან მე დედოფალი ვარ, აჩიკო კი ჩემი ტყვეა. მე დედოფლის ტანსაცმელიც მაქვს.
– დედიკო არ გეთამაშება?
– არა, დედიკო სულ მეუბნება, რომ დაღლილია. სამსახურში მეც დავდივარ, ჩემი სამსახური ბაღია, მეც ვიღლები იქ. ეხლა სამსახურიდან რომ მოვედი, დაღლილი ვიყავი. ქოთანზე ვიჯექი და დედა რთულ რამეებს მეკითხებოდა. გავბრაზდი და ვუთხარი: დედა, მეც შენსავით მთელი დღე სამსახურში ვარ, მეც ვიღლები, აბა, რა ვიცი, რას მეკითხები-მეთქი. მაგას ჰგონია, რომ მარტო თვითონ იღლება. თან ისეთი მკაცრია, კვერცხი რომ გამიტყდეს, იმაზეც კი მიბრაზდება. მამა დედასავით კი არაა, საერთოდ არაფერზე მეჩხუბება. დედა ბანკში მუშაობს და ბევრი, ძალიან ბევრი ფული აქვს ჩაბარებული. იმ ფულიდან, ცოტაც რომ ვინმემ მოიპაროს, დედას სამსახურიდან გამოაგდებენ.
– ვისი ფული აქვს ჩაბარებული დედას?
– პრეზიდენტების.
– მიშა სააკაშვილის?
– არა, მიშა სააკაშვილის არა, ის სულ რომ დაფრინავს, თვითმფრინავში აქვს თავისი ფული. მიშა სააკაშვილი საქართველოს და ოპოზიციის პრეზიდენტია.
– მოგწონს პრეზიდენტი?
– მომწონს ტანსაცმლით, კოსტუმი აცვია ხოლმე, შალის საროჩკა და ბასანოჩკები აცვია. პრეზიდენტობა კარგი არაა, სულ ეჩხუბებიან ფულისთვის. დედას აქვს ჩაბარებული ამერიკელი ზანგი პრეზიდენტის ფული. დილაობით ჩადის ხოლმე მიწისქვეშეთში, რომ ნახოს, ღამით ფული ხომ არავინ მოიპარა. იმ ამერიკელმა ფული თავის ქვეყანაში არ შეინახა, იმიტომ რომ, იქ სულ ოკეანეებია და მიწას ვერ გათხრიდნენ, რომ მიწისქვეშეთი გაეკეთებინათ.
– დედას ცეცხლისმფრქვეველი ვამპირების არ ეშინია?
– ისინი როგორც გათენდება იძინებენ და დედას ვეღარ შეჭამენ, მარტო ღამით ღვიძავთ, დილაობით შეიძლება მიწისქვეშეთში ადამიანების ჩასვლა.
– შენ რომ ფული გექნება, ისიც მიწისქვეშეთში უნდა შეინახო?
– არა, მე ჩემი ფული ბებიკოს უნდა ჩავაბარო, ის ყველაზე კარგად მოუვლის და ჩემს ქარხანას გახსნის, სადაც სათამაშოებს დაამზადებენ, რომ ყველა მაღაზიაში ჩემი სათამაშო გაიყიდოს. ქარხანასთან ერთ ვამპირს მეც დავაბავ, რომ ღამით არ გაქურდონ, მაგრამ ჩემი ბებიკო ისეთი მაგარია, იმას მაინც ვერაფერს უზამენ. ბებიკო ყველას ყველა სურვილს გვისრულებს, ჩემი დაბადების დღეზე მთელი ეზო ბურთებით მორთო, ბევრი საჩუქრებიც მაჩუქა. იცი, როგორი მაგარი სახლი ამიშენა? პატარა სასახლესავით არის.
– მდიდარი გოგო ყოფილხარ.
– მე არ ვარ მდიდარი, მდიდარი ბებიკოა. ჩემნაირი ბებიკო მსოფლიოში არავის არ ჰყავს. მე მაშინ მექნება ბევრი ფული, როცა გავიზრდები. პატარებს ფული არ სჭირდებათ, იმიტომაც არ მაძლევენ ეხლა ხელფასს ბაღში.
– როცა გაიზრდები, ვინ გინდა რომ გამოხვიდე?
– მე უნდა გამოვიდე მხატვარი, მოკარტე და მოჭადრაკე. მხატვარი იმიტომ უნდა ვიყო, რომ სულ გაზაფხულები დავხატო. ყვავილები, მზე, ხეები. მოკარტე უკვე ვარ, ძიძამ მასწავლა კარტის თამაში და ვეთამაშები ხოლმე, როცა დიდი ვიქნები უფრო მაგარი მოკარტე გამოვალ. დედას და მამას ვეთამაშები და ფულებს „გამოვკოტრავ“ ხოლმე. მეკარტეები სამსახურში არ დადიან, მთელი დღე კარტს თამაშობენ და მერე საღამოს იძინებენ ხოლმე. როცა დიდი ვიქნები, ასამდე კარტი მაინც მექნება და ლაზარეზე მაგარი მეკარტე ვიქნები.
– მამიკომაც იცის კარტის თამაში?
– იცის, მაგრამ ნერვები არ აქვს, რომ ითამაშოს. მაგას ურჩევნია, რომ სტუდიაში წავიდეს, სიმღერები მოიგონოს და ვახოსთან ერთად იმღეროს. ხან კი მეგობრებთან ერთად იცეკვოს. მე მომღერლობა საერთოდ არ მომწონს, იმიტომ უნდა ვიმღერო, რომ ტაში დამიკრან? არ მინდა, ტაში, არა.
– შენი ოცნება რა არის?
– მდინარე ნილოსში მინდა, რომ ჩავიდე. ნილოსი არის ეგვიპტის მდინარე, ხიდებით ისე უნდა დავაგრძელო, რომ სვანეთამდე ჩამოვიდეს.
– ეგ საშიში მდინარეა, ბევრი ნიანგია წყალში და შეჭამენ სვანებს.
– არა, არ შეჭამენ, სვანებს ბევრი თოფები აქვთ და ყველა ნიანგს მოკლავენ. ან ის ნიანგები, სანამ აქამდე ჩამოვლენ, თვითონ დაიხოცებიან.
თამუნა სამადაშვილი