როგორ არჩიეს სტანისლავსკის თეატრში სამ საუკეთესო რუს გოგონას ეკა გაბიტაშვილი და რის გამო არ ეუბნებიან მას უარს
მას შემდეგ, რაც ეკა გაბიტაშვილი გათხოვდა, ის მეუღლესთან ერთად მოსკოვში ცხოვრობს და ახალ, 2011 წელსაც იქ შეხვდა. ეკა, რა თქმა უნდა, არც რუსეთში რჩება უსაქმოდ და ისევ განაგრძობს საოპერო კარიერას, რაშიც მეუღლე განსაკუთრებულად უწყობს ხელს.
ეკა გაბიტაშვილი: ახალი წლის წინა პერიოდი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, თუმცა, სასიამოვნოდ დატვირთული – სამი მოსმენა მქონდა. მეორე მოსმენაზე მომცეს ორი არია, ორ კვირაში უნდა მომემზადებინა და ყოველდღე ჩემს კონცერტმაისტერთან დავრბოდი გაკვეთილებზე. თან, ერთი რუსული არია იყო და უფრო მეტს ვნერვიულობდი. საბედნიეროდ, მოვასწარი, ვისწავლე და, რაც მთავარია, ბოლომდე გავითავისე. მოსმენა სტანისლავსკის თეატრში მქონდა და საკმაოდ რთული იყო: ოთხი მომღერალი უნდა გავსულიყავით მოსმენაზე, რომელთაგან მხოლოდ მე გახლდით ქართველი, დანარჩენები რუსები იყვნენ. თან, ორი მეცო-სოპრანო ვიყავით. სამივე გოგონა ძალიან ლამაზი იყო, რამდენი წელია, ამ სფეროში ვტრიალებ და ერთად ამდენი ლამაზი და მაღალი გოგონა, არ მინახავს; თან, ძალიან მოვლილები. ამის გამოც ვნერვიულობდი. სამივეს მაგარი ხმა ჰქონდა და ძალიან შემეშინდა, არ მეგონა, ასეთი ლამაზი გოგონები თუ დამხვდებოდნენ. მერე ვიფიქრე, შეიძლება, კარგად ვერ მღერიან-მეთქი, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ძალიან კარგად მღეროდნენ. მესამე ნომერი ვიყავი, პირველად მეცო-სოპრანომ იმღერა და ვცდილობდი, არ მომესმინა, რადგან, როდესაც ვინმეს უსმენ, თუ ის კარგად იმღერებს, შეიძლება, ამან შენზე ცუდად იმოქმედოს და ვეღარ იმღერო. მაგრამ კულისებიდან სად გავიქცეოდი?! თან, შემაშინეს – ძალიან ცუდი აკუსტიკააო. მოკლედ, ძალიან ვნერვიულობდი – როგორ გავჟღერდები-მეთქი, მაგრამ ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა: რასაც ვმღეროდი, ყველაფერი კარგად მესმოდა, აკუსტიკაც კარგი იყო და, რაც მთავარია, საერთოდ აღარ მინერვიულია. არია რომ დავასრულე, მხოლოდ მე მითხრეს, შენ მოხვალ მომდევნო მოსმენაზეო. უკვე ორკესტრთან ერთად უნდა მისმინონ. სამივე გოგონას უარი უთხრეს. მოსმენას იმდენი ხალხი ესწრებოდა, თავი კონცერტზე მეგონა, დასის ხელმძღვანელი, დირექტორი, დირიჟორები, თეატრის სოლისტები – დაახლოებით ოცი კაცი მაინც იყო. თან, დარბაზში შუქი არ ჩააქრეს და ყველას სახეს ვხედავდი. საერთოდ, როდესაც მათ სახეს ხედავ, ეს ცოტა დისკომფორტს გიქმნის.
– შენი მოსმენისას როგორი ემოციები ჰქონდათ?
– სხვები რომ ამთავრებდნენ სიმღერას, ეუბნებოდნენ – გმადლობთო; მე რომ დავამთავრე, სახეზე ღიმილი ჰქონდათ და მითხრეს, თქვენ მომავალ მოსმენაზე მობრძანდებითო. ჯერ არ ვიცი, როდის იქნება მომდევნო მოსმენა, რადგან, ვისაც ეხება კონტრაქტის დადება, ის ამჟამად მოსკოვში არ არის. უკვე სამჯერ მომისმინეს: ჯერ ერთმა, მერე – სამმა, ახლა – ოცმა, ანუ, გარკვეული ეტაპების გავლა მიწევს. ერთი ის არის პრობლემა, რომ ქართული პასპორტი მაქვს და თეატრი რომ წავიდეს გასტროლზე, მე ვერ წავალ. ჯერჯერობით ამის გამო უარი არ უთქვამთ, ვნახოთ, რა იქნება.
– როგორც გავიგე, მოსკოვში კონცერტებიც გქონდა?
– მქონდა რამდენიმე კონცერტი, ერთი იყო საიუბილეო, მეორე – საქველმოქმედო, სადაც შემოსული თანხა ინვალიდ ბავშვებს გადაეცა. ასევე, მქონდა საახალწლო კონცერტი. კონცერტში ძირითადად დიდი თეატრის სოლისტები მონაწილეობდნენ. ამ თეატრში თითქმის ყველა მომღერალს ვიცნობ და ორგანიზატორებმა მეც ჩამრთეს. როდესაც დიდ თეატრში მაქვს გაკვეთილი და ვმღერი, ყოველთვის შემოაღებენ ხოლმე კარს – აინტერესებთ, ვინ მღერის. მერე უკვე მეკითხებიან, ვინ ვარ, საიდან. ჩემს ნომერს იწერენ – კონცერტი თუ იქნება, დაგირეკავთო. ზოგი მართლა რეკავს, ზოგი – არა. თუ კარგი კონცერტია, მაღალი დონის, რა თქმა უნდა, არ ვამბობ უარს, რომ სცენაზე დგომას არ გადავეჩვიო. საახალწლო კონცერტმაც ძალიან კარგად ჩაიარა. ქურქის ასაღებად რომ გავედი, მოვიდნენ ქალები და მითხრეს, ძალიან მოგვეწონე, დიდი მადლობა ასეთი საღამოსთვისო. ერთმა ქალმა ისიც მითხრა, დღეს ცოტა დაძაბული დღე მქონდა და, შენ რომ მოგისმინე, ვიტირეო. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიამოვნოა. მერე ყვავილებიც მომართვეს – ჩემი სიმაღლის ვარდები. ქურქს რომ ვიღებდი, მეგარდერობემ მითხრა, ვაიმე, რა ლამაზი თაიგულიაო. რადგან კაბა და დიდი პარკი მქონდა, გარეთ საშინელი ყინვა და თოვლი იყო, ავტომობილი კი ცოტა შორს გვყავდა დაყენებული, ხვიჩამ მითხრა, იქნებ თაიგული დაუტოვოო და მეც იმ ქალს, ვაჩუქე. ისე გაუხარდა... ერთხელ კონცერტზე ძალიან დიდი კალათით ორქიდეები მაჩუქეს – მოსკოვში უყვართ ასეთი რაღაცეები, მთავარია, მოეწონო.
– მეუღლე ძალიან გიწყობს ხელს?
– ხვიჩა ძალიან მიწყობს ხელს, გამიმართლა, რომ ასეთი მეუღლე შემხვდა. რაც მთავარია, მას ჩემი საქმე ყოველთვის აინტერესებს. რომ დამთავრდება ჩემი გამოსვლა, სულ მოდის და მეუბნება, კარგად იმღერეო. ძალიან ესიამოვნა, ჰოლში ჩასვლისას ხალხი რომ მოდიოდა და მეუბნებოდა, რა კარგი გოგო ხარ, რა კარგად იმღერე, მადლობა ასეთი საღამოსთვისო. ამაყია, როდესაც მის მეუღლეს ასეთ კომპლიმენტებს ეუბნებიან.
– შენ რაში უწყობ ხელს?
– ყველაფერში თან ვყვები ჩემს მეუღლეს: ვუვლი, სითბოს, ყურადღებას არ ვაკლებ; როცა სახლში მოდის, ყოველთვის ღიმილით ვხვდები, გამზადებული კერძით. არ არსებობს, კარი გავუღო და ვუთხრა: უი, მოხვედი? საჭმელი იქ არის, წადი, ჭამე-მეთქი; პირიქით, გვერდით მოვუჯდები ხოლმე და ვეკითხები, როგორ ჩაიარა დღემ. ერთად ძალიან კომფორტულად ვართ, არ ვიზღუდებით. თუ საჭმელი არ არის მზად, არც ამაზე მსაყვედურობს – გავალთ სადმე და ერთად შევჭამთ, თუმცა, ჩემი გაკეთებული კერძები უფრო მოსწონს – საკმაოდ გემრიელ საჭმელებს ვამზადებ. ამას წინათ ფენოვანი ხაჭაპური გამოვაცხე და, ძალიან კარგი გამოვიდა, ორივეს მოგვეწონა.
– უკვე ორი წელია, ერთად ხვდებით ახალ წელს.
– დიახ, სხვათა შორის, საახალწლო განწყობა ძალიან ადრე შემექმნა – დეკემბრის დასაწყისში დავდგი ნაძვის ხე. თან, მინიატურული ნაძვის ხე მაქვს და ძლივს ვუშოვე თავისი ზომის მოსართავები, დიდი სათამაშოები ჭაღზე დავკიდე, რადგან ნაძვის ხეზე დიდებია.
– თოვლის ბაბუას სულ მოაქვს შენთან საჩუქრები?
– რაც გავთხოვდი, სულ მოაქვს საჩუქრები, ზამთარ-ზაფხულ. ძალიან კარგი თოვლის ბაბუა მყავს, არ მაკლებს საჩუქრებს, თან, ჩემი გემოვნება იცის, აღარ სჭირდება კითხვა – რა მინდა. რომ ვიტყვი, ეს მომწონს-მეთქი, გაფიქრებასაც ვერ ვასწრებ, რომ უკვე ნაყიდი აქვს. ამიტომ, ის მომენტი, რომ რამეზე ვიოცნებო, არ მაქვს, მაშინვე მისრულებს ხოლმე.
– შენ როგორი „ფიფქია“ ხარ?
– საშინელი „ფიფქია“ ვარ. ის სამსახურში დადის და დრო აქვს, რომ რამე მიყიდოს, მე მარტო ძირითადად არ მიწევს წასვლა, თან არც ამის სურვილი მაქვს და არც მოთხოვნილება, ერთად უფრო მხიარულად ვართ. თან, თუ რამე უნდა, თვითონ ყიდულობს, მე არ ვეუბნები, არ იყიდო-მეთქი. მოკლედ, ერთმანეთს არ ვავიწროვებთ. როცა რამეს ვიყიდი, სულ მაინტერესებს მისი აზრი – უნდა მითხრას, მიხდება თუ არა. საერთოდ, მთელი ცხოვრება ასე ვარ: როდესაც რამეს ვყიდულობდი, ჩემი დაქალი ან დედა მომყვებოდა, იმიტომ, რომ, ვისაც ვენდობი, იმისი აზრიც მაინტერესებდა.
– რას ისურვებ ყველაზე მეტად 2011 წელს?
– მინდა, ჩემი ოჯახის წევრები, ვინც მე მიყვარს, კარგად იყვნენ, ჯანმრთელად. კიდევ მინდა, იყოს მშვიდობა, რადგან მშვიდობის ფასი არაფერია და, კიდევ მინდა, დავიწყო მუშაობა, თუ არა და, პატარაზე ვიფიქრებთ.