ვინ გაუკეთა დაუვიწყარი საახალწლო საჩუქარი თიკა ფაცაციას და როდის არის ის უენერგიო
თიკა ფაცაციას სილამაზესა და შრომისმოყვარეობაზე უკვე მთელი საქართველო ლაპარაკობს. ის ორსულობის ბოლო თვეებში დასარტყამ ინსტრუმენტებთან და „ბილი ჯინის“ მღერისას თავს მშვენივრად გრძნობდა, ხოლო მშობიაობიდან ორ კვირაში, ისევ ეკრანზე მოგვევლინა, საოცარ ფორმაში. ეს ყველაფერი კი პროექტ „ბრავოს“ დახმარებით ვნახეთ. თუმცა, „ბრავო“ რა შუაშია, როდესაც თიკამ მოახერხა ფოტოსესიაზეც კი მოსულიყო ჩვენი საახალწლო ნომრისთვის.
თიკა ფაცაცია: მთლიანობაში, გასული 2010 წელი, შეიძლება ითქვას, წარმატებული იყო. პროექტი „ნიჭიერი“, რომელიც მიმყავდა და პრინციპში, ჩემი ძირითადი საქმიანობაც სწორედ ეს გამოდგა, ძალიან პოპულარული გახდა. ხალხს მოსწონდა. საკუთარ თავშიც ბევრი ახალი რაღაც აღმოვაჩინე. სულ მესმოდა, რომ მაყურებელსაც მოსწონდა კონცერტის წაყვანის ჩემი სტილი და ეს მახარებდა. ერთი სიტყვით, ამ მხრივ შემიძლია, ვთქვა, წარმატებული წელი იყო. გარდა ამისა, ვიყავი ტურნეში, საქართველოს დიდ ქალაქებში. საკმაოდ კარგი კონცერტები გამოვიდა, ლამაზი სანახაობით. ასე რომ, ამ წელზე ვერ ვიტყვი ცუდს ნამდვილად. თუმცა, მინდა, ეს ყველაფერი გაათმაგებული თუ არა, გასამმაგებული მაინც იყოს 2011 წელს. ძალიან ბევრი ენერგია მაქვს, ხვდები?! სულ მეუბნებიან, სახლში ხარ, ასე თუ ისე, ისვენებ და ენერგიაც დაგროვდაო. მაგრამ, რეალურად, მხოლოდ მაშინ ვისვენებ, როცა საქმეს ვაკეთებ, როცა მთლიანად ვარ საქმეში ჩართული. პასიური ცხოვრების დროს კი, უენერგიო, უსიცოცხლო და უხალისო ვხდები. ამიტომაც არის, რომ სულ შრომის დანაკლისი მაქვს, მეტი მინდა, ვაკეთო.
– მეორე შვილს აპირებდით, დაგეგმილი იყო თუ მოულოდნელი საჩუქარი აღმოჩნდა?
– არა, დაგეგმილი (იცინის). ბავშვებს შორის იმხელა სხვაობაა, ანდრო უკვე დიდია და ნამდვილად ვიყავით მზად მე და ჩემი მეუღლე, მეორე შვილი გვყოლოდა და გაგვეზარდა. გვქონოდა ამის ბედნიერება. შედეგმაც არ დააყოვნა და ღმერთმა გვაჩუქა ეს ადამიანი. ახლა გვყავს არაჩვეულებრივი ბიჭო.
– სქესი თავიდანვე გაიგეთ?
– კი. ისე მოხდა, რომ თავიდანვე ვიცოდით, ბიჭი რომ იქნებოდა. ძალიან დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია იმისთვის, გოგო იქნებოდა თუ ბიჭი. ერთნაირად გამახარებდა. გოგო უფრო ახალი გამოცდილება იქნებოდა ჩემთვის, რომელიც არ მქონია. იცი, რა? სხვები უფრო წუხდნენ იმაზე. ვაიმე, გოგო რატომ არ გაჩნდაო. არადა, ეს განცდა საერთოდ არ მქონია. თან, ჩემს შვილს ძალიან უნდოდა ძმა და მისთვის მოხდა, ალბათ, ეს სასწაული. ჰყავს ძმა, რომელზეც ოცნებობდა. სულ მთხოვდა და მეც ვეცადე შემესრულებინა... გამოვიდა კიდეც.
– და პატარა როდის გაჩნდა?
– 10 დეკემბერს. წინასაახალწლო პერიოდში. ახალ წელს სრულიად ახლებურად, ახალი იდეებითა და გეგმებით შევხვდით. პატარას დავარქვით იოანე. მთელი ცხრა თვე ვარჩევდი სახელს. ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი თავსატეხი. თუკი სადმე მოვხვდებოდი, ყველას ვეკითხებოდი – აბა, შენს ძმას რა ჰქვია? შენ კლასელებს რა ერქვათ? შენ რომელი სახელი მოგწონს? რატომღაც ძალიან დავიბენი. რატომ, არ ვიცი. რომელი ბიჭების არმია მყავს სახლში, სახელი რომ ვერ მომეფიქრებინა. თითქოს, მეშვიდე შვილისთვის ვარჩევდი სახელს. ეს ყველაფერი გაგრძელდა იცი, რამდენ ხანს? ოთხი თუ ხუთი დღის იყო, სახელი რომ დავარქვით. მანამდე, ჯერ ერთ სახელს ვეძახდი, ცოტა ხანს ვაკვირდებოდი, უხდებოდა თუ არა და მერე ვცვლიდი...
– ანუ, სამშობიაროში ხან ნიკა იყო, ხან ლაშა და ხან გიორგი?
– ზუსტად. ხან ერეკლე ვიყავით, ხან ნიკოლოზი ვიყავით... მოიცა, კიდევ გვქონდა რამდენიმე. არჩილიც ვიყავით, ლევანიც და რაღაცნაირად მივედით იოანემდე. ნიკოლოზობის თვეში რომ დაიბადა, ვიფიქრეთ, ნიკოლოზი ხომ არ დავარქვათ-მეთქი. მაგრამ მერე, იოანე იმდენად მოიხდინა, რომ აღარც დავფიქრებულვართ. საოცარად თბილი სახელია და ბავშვიც ისეთია, რაღაცნაირი თბილი, თეთრი, პატარა და საყვარელი.
– შემოკლებითი სახელი მოუფიქრეთ?
– ივიკო, ალბათ, ან ივა. ვნახოთ, ჯერჯერობით იოანეს ვეძახით. ნელ-ნელა უკვე შემოდის კონტაქტში და ცოტა მოსუქდა კიდეც.
– შენი უფროსი შვილი ისეთი „კრასავჩიკია“, ყველა ამაზე ლაპარაკობს...
– სხვათა შორის, ძმები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ასე რომ, იოანეც იმავე გზაზე მიდის. გამოვიდა, ერთი ხელწერა მაქვს (იცინის). უფროს შვილზე უკვე ძალიან ბევრ კომპლიმენტს ვიღებ. გოგოების თემაც უკვე მნიშვნელოვანია მის ცხოვრებაში და არჩევანიც გვაქვს.
– დაგეწყო უკვე – რა ოჯახის შვილია?
– იცი რა, არ ვუღრმავდები თორემ, რა თქმა უნდა. სულ ვეუბნები საკუთარ თავს, რომ ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ ერთ თვალს მაინც გადავავლებ ხოლმე ამ სიტუაციებს. აბა, როგორ, რა და რანაირად ხდება. სხვანაირად არ გამოდის (იცინის).
– ძალიან მალე ჩადექი ფორმაში. „ბრავოს“ შემდეგ ყველა ამაზე ლაპარაკობს.
– არ ვიცი, ასე ჩანდა, თორემ ასე საოცრადაც არ გამოვიყურებოდი. არა, გეთანხმები, რომ მოლოგინება თუ რას ეძახიან, ის არ მჭირს და ვერ წარმომიდგენია, როგორც შეიძლება, კვირაობით არ ადგე საწოლიდან და სახლიდან გამოსვლა არ გინდოდეს. ეს ჩემი აზრია, რა თქმა უნდა. მთელი ორსულობის პერიოდშიც საკმაოდ აქტიური ვიყავი, გარდა ბოლო თვისა. თუმცა, ამ დროსაც ვცდილობდი, სავარძელში ჩამჯდარი არ ვყოფილიყავი. რომ გითხრა, ვვარჯიშობდი-მეთქი, ან რაღაც განსაკუთრებულ დიეტას მივმართე, არა. თავისთავად, ბუნებრივად ჩაცხრა ეს ყველაფერი. მაგრამ, ფინიშამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა. სხვათა შორის, ძალიან აქტიურად ვცურავდი და ყველას ვურჩევ, რაც შეიძლება, მეტი იცურონ ორსულობის დროს. ეს ყველაფრისთვის ძალიან კარგია.
– ამბობენ, მშობიარობა ქალს აახალგაზრდავებს და აჯანმრთელებსო.
– ქალს, რა თქმა უნდა. ყველაფრის, ყველა უჯრედის რეგენერაცია, აღდგენა ხდება. არ ვიცი, რომ გითხრა, რადიკალურად შევიცვალე, პლასტიკური გავიკეთე და სარკეში საკუთარ თავს ვერ ვცნობ-მეთქი, ტყუილია. მაგრამ, შიგნიდან კი ვგრძნობ, რომ ახალი სუნთქვა გაიხსნა. ცხვირი „კურნოსა“ გამიხდა და წარბები ზემოთ ამეზიდა – ეს არ ყოფილა (იცინის). მიუხედავად იმისა, რომ ახლა ისეთი პერიოდია, ენერგია ნაკლებად უნდა მქონდეს, მაინც ძალიან დიდ ენერგიას ვგრძნობ.
– გეხმარება ვინმე თუ დამოუკიდებლად ზრდი პატარას?
– ოჯახის წევრები, ყველანი ვართ ჩართული. იმიტომ არა, რომ დახმარება გვჭირდება რომელიმეს, უბრალოდ, ეს ყველასთვის დიდი სიამოვნებაა. ოჯახის ყველა წევრს ვატყობ, ამას როგორი დიდი სიხარულითა და სიამოვნებით აკეთებენ. ამიტომაც, ეს დახმარება კი არაა, ერთმანეთს ვავსებთ. თან, რთულად აღსაზრდელი არ არის, ნორმალური ბავშვია. თუ რაღაც აწუხებს ჭიჭყინებს, როცა არაფერი აწუხებს სძინავს. ჯერ რეჟიმი ჩამოსაყალიბებელი აქვს. იცი რა, მაინც მგონია, ამ ყველაფერზე დედა, ორსულობის პერიოდი მოქმედებს. თუ დედა მშვიდია, ორსულობაც მშვიდი ჰქონდა, შესაბამისად, ბავშვიც წყნარია. თუ დედა სულ რაღაცაზე ნერვიულობდა და ღელავდა, ეს უკვე ბავშვზეც აისახება.
– ახალი წელი უჩვეულოდ გაატარე?
– ნამდვილად. წლებია, სახლში აღარ შევხვედრივარ ახალ წელს. შეხვედრა კი რა არის იცი? თორმეტი საათი რომ ხდებოდა და ერთ ათ წუთში უკვე თავისუფლების მოედანზე ან სადმე სხვაგან კონცერტზე გავრბოდი. თუმცა, სახლში შეხვედრას მაინც ვახერხებდი. თან, ეს კარგიც იყო, სასიამოვნო გადარბენაა და წლის აქტიური დასაწყისი. სახლში ყოფნასაც ვასწრებდი და მუშაობასაც. სიმართლე გითხრა, ცოტა გულიც კი მწყდება და იქ ყოფნის ნოსტალგიაც მაქვს. რა ვქნა?! ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია. როგორც წყალი და საკვები, ისე მჭირდება სცენა, მუშაობა... მაგრამ, ალბათ, არანაკლები მისიაა, რომ ამ ახალ წელს სახლში ვყოფილიყავი, ჩემს შვილებთან და ოჯახთან ერთად. სტუმრები მყავდა სახლში და მშვენივრად გავერთეთ. სხვათა შორის, წელს ძალიან მაგარი საახალწლო საჩუქარი მივიღე და ახლა ჩემს საჩუქარს ვუყურებ. ჩემმა შვილმა, ანდრომ გატეხა თავისი ყულაბა და მაჩუქა ულამაზესი თეთრი ნაძვის ხე. მაღალი, ლამაზი განათებით, მისი შერჩეული ულამაზესი სათამაშოებით. თვითონ აარჩია ყველაფერი და ოჯახის წევრებს გვაჩუქა. ისე გამიხარდა, ვერ წარმოიდგენ.
– საახალწლო სამზადისში თუ ხარ ხოლმე ჩართული?
– მეტ-ნაკლებად. გოზინაყს ვაკეთებ, მაგრამ ყოველ წელს რეცეპტში მაინც მიწევს ჩახედვა. ნიგოზს საჭირო სიდიდეზე ვჭრი, ვხალავ, მაგრამ, აი, თაფლი რომ შემოდის საქმეში, მანდ ცოტა ვიბნევი. მარტო არასდროს ვაკეთებ. უფრო დამხმარე ძალა ვარ, ვიდრე წამყვანი, – შეფ-მზარეული. მეორე მზარეული ვარ.