რატომ უნდა გიხაროდეთ ვლად არამოვის მეკვლეობა და როგორ ითევზავა მან ტაშტში ჩამჯდარმა
პაროდისტი, „იუმორინას” ყველაზე გამორჩეული მსახიობი ვლად არამოვი ძალიან სასიამოვნო, თბილი და ენაწყლიანი ადამიანია. მას ხშირად უწევს უცხოეთში ვიზიტი და, შესაბამისად, მგზავრობასთან დაკავშირებით უამრავი სასაცილო ამბავიც აქვს თავს გადახდენილი. ვლადს თოვლის ბაბუის ფორმაც მორგებული აქვს, სუფრულ გაუგებრობებშიც აღმოჩენილა და არც სცენაზე გასჭირვებია უხერხული სიტუაციიდან თავის დაძვრენა.
– ვლად, ხშირად თუ ხვდები სასაცილო მდგომარეობაში და როგორ იძვრენ ხოლმე თავს ამ სიტუაციიდან?
– ჩემს განვლილ ცხოვრებაში ბევრჯერ აღმოვჩენილვარ სასაცილო სიტუაციაში, უხერხულ ამბებშიც გავბმულვარ და, რომ არა იუმორის გრძნობა, თავს რითი დავიძვრენდი თავად არ ვიცი. ასე რომ, ერთი-ორი „სმეშნოი” სიტყვა და – ნებისმიერი სიტუაციიდან „დაძვრენილი“ ხარ.
– შენი მეგობრები ამბობენ, თურმე, შენ გვერდით მგზავრობა ერთ რამედ ღირს – ისე გაართობ და ისე ჩახვალთ დათქმულ ადგილას, დროს ვერც კი გაიგებო.
– თანამგზავრსაც გააჩნია (იცინის) – დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ გყავს გვერდით. მე და მამუკა ონაშვილს ხშირად გვიწევს უცხოეთში გამგზავრება. ერთხელ ლონდონში მივფრინავდით ნიუ-იორკიდან. ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ, თვითმფრინავში მე და მამუკას სხვადასხვა ადგილების ბილეთები მოგვცეს. მართალია, ინგლისურს არ ვსხლავ, მაგრამ, იმდენი კი ვიცი, გაქცეული ინგლისელი მოვაბრუნო ჩემი ორი ღერი ინგლისურით. მოკლედ, ვეცით მე და მამუკა სტიუარდესას და ვეუბნებით: კაცო, სხვადასხვა ადგილები გვაქვს, იქნებ, ერთ რიგში მაინც მოგვახვედრო, შენ აქ „ხაზეინი” ხარ და გამოგვიძებნე სალონში რამეო. ჯერ ვერ გაიგო, რას ვეუბნებოდით, მერე კი მიხვდა და გადაირია – დასხედით თქვენ-თქვენს ადგილებზე, მოინდომეთ ახლა სუპერ-სკამებიო (იცინის). იმდენი ველაპარაკეთ, ტვინი გავუბურღეთ და ბოლოს მაინც შევაცვლევინეთ ბილეთები. დავადეთ თავი მე და მამუკამ და არ აღმოვჩნდით ეკონომ-კლასში?! იქ სხვა სტიუარდესა დაგვხვდა, მოგვთხოვა ბილეთები და დაიწყო ინგლისურად: „ნოუ, ნოუ... ბიზნეს-კლასს... ლა ლა ლა, ბლა, ბლა, ბლა...“ (იცინის). მე და მამუკამ თვალები ვჭყიტეთ, ერთმანეთს გადავხედეთ და ერთად ჩავილაპარაკეთ: იმ სტიუარდესამ აქ გამოგვიშვა, ეს კიდევ ბიზნეს-კლასის სალონისკენ იშვერს ხელს, ვა, რა ხდება? თურმე, პირველ სტიუარდესას იმდენი ველაპარაკეთ, რაც ვიცოდით და რაც არ ვიცოდით, მივაყარეთ, რომ დაიბნა ადამიანი და ბიზნეს-კლასის სალონის ბილეთებში არ გადაცვალა ჩვენი აბდა-უბდა ბილეთები?! (იცინის). უფრო სასაცილო, იცით, რა იყო? არც იმ ბიზნეს-კლასში მოვხვდით გვერდიგვერდ სავარძლებზე. ბედი არ გინდა?!
– მერე რა, რომ სხვადასხვა ადგილას მოხვდით. ვერ მოითმენდით, მგზავრობის დროს ერთმანეთთან რომ არ გესაუბრათ?
– რას ამბობთ? მგზავრობის დროს იხსნება ლაპარაკის მუღამი (იცინის). ბიზნეს-კლასში ერთ რიგში კი ვისხედით, მაგრამ, ჩვენ შუა ვიღაც ამერიკელი მოხვდა. თან, მაგარი დინჯი და მშვიდი კაცი ჩანდა, ჩვენნაირი ჰაიჰუისტი კი არ იყო (იცინის). დავსხედით. მე და მამუკა ნერვებზე ვართ. გავიხედეთ, გადაშალა იმ კაცმა გაზეთი და დაიწყო კითხვა. ვიფიქრე – რა მოხდა, ვეტყვი, გამიცვალოს ადგილი, ამისი რა მიდის-მეთქი და მივუბრუნდი ჩემი დამტვრეული ინგლისურით: „მისტერ, ფრენდს... ადგილი გაგვიცვალე, შე კაი კაცო, მეგობრებს ერთად გვინდა ჯდომა, კაცი არა ხარ-მეთქი”? ერთი სიტყვით, ვუხსნი ხელ-ფეხის დახმარებით, ვიქაფები და, კარგად რომ „დამახარჯვინა” რაც კი ინგლისური ვიცოდი, და მაქნევინა ხელ-ფეხი, მერე მითხრა ცივად: „ნოუ!” – და, არ გააგრძელა გაზეთის კითხვა მშვიდად?! ამეშალა ნერვები, გავხედე მამუკას, ისიც ბდღვინავს. გავიფიქრეთ, შენ გიჩვენებთ სეირსო, ჩავუკარით ერთმანეთს თვალი და დავიწყეთ ხმამაღლა გადაძახილები: „მამუკ!“, „ჰო, რა იყო?“, „ერთი ის გამახსენე...“, „აბა რომელი, ოქრო?“, „აი, მე და შენ რომ ვიყავით...“ – მოკლედ, რაც ხმა ამოგვდის, ვღრიალებთ ორივე. ის ამერიკელი ჯერ შეხტა ყვირილზე, ხან ჩემკენ იხედება, ხან მამუკასკენ. ჩვენ კიდევ, ვიჭაჭებით (იცინის). ბოლოს, რომ გამოეჭედა ყურები მარცხნიდან და მარჯვნიდან, გადაირია, მაგრამ ვერაფერი გვითხრა, კი წამოხტა ფეხზე გადარეული: ვინა ხართ თქვენ, ვა! მთელი გზა თქვენს ღრიალს უნდა ვუსმინო აქა? გაგიცვლით ადგილს, გადავირიე კაციო. ასე ავაცანცქლეთ ადგილი იმ ამერიკელს და მთელი ხუთი საათი მოგუდული ვიცინოდით მე და მამუკა, არც ხმა აგვიწევია და არც ვინმე შეგვიწუხებია. თუ არ გამოგდის რამე, მაშინ ხერხი, ანუ „შტუკა“ არა სჯობია ღონეს? (იცინის). სხვათა შორის, თვითმფრინავით მგზავრობის დროის შემოკლებაც ვიცი.
– ეგ როგორ?
– როგორ და, უნდა „ჩაუფინო“ ცოტა ვისკი და ფრენის დროც იკლებს. რავი, მე ასე მგონია ხოლმე და... (იცინის). ჩაუფენ, დაიძინებ, გაიღვიძებ და – ადგილზე ხარ. მაგარია, არა?!
– რადგან დალევას შევეხეთ, ის მითხარი, შენი პირველი ბახუსი თუ გახსოვს და რა ხდებოდა მაშინ შენ ქვემოთ და შენ ზემოთ?
– მაგას რა დამავიწყებს! ყველაფერი თავდაყირა იდგა და მიკვირდა, ნეტავ რა ხდება-მეთქი (იცინის). 14 წლის ვიყავი და სკოლიდან ექსკურსიაზე წაგვიყვანეს. ახალი ღვინო გვქონდა წაღებული და, რომ დავიწყეთ სმა, ისე კარგად წავიდა, აი, რომ იტყვიან – „კამპოტ!” (იცინის). დავლიე და დავლიე, დავლიე და დავლიე და, უცებ, ვიგრძენი, თავბრუ მეხვევა, მაგრამ, ვერ მივხვდი, რა მჭირდა. ისეთ დღეში ვიყავი, რა ხდებოდა ზევით ან ქვევით, ეგ მახსოვდა?! ძლივს ავბობღდი ავტობუსში და ისე დამეძინა, სახლში მისული ძლივს მომიყვანეს გონზე. ისე, დიდი მსმელი არც ახლა ვარ. ვა, ხომ უნდა ვაკონტროლო სიტუაცია ზევით-ქვევით, მაშ როგორ!
– გაუგებრობაში ხშირად ხვდები ხოლმე?
– ერთხელ მე გაუგებრობაში მოვხვდი?! – მტრისას! (იცინის). რესტორანში ვმღეროდი, ქორწილში. ყველაფერი კარგად იყო და, უცებ, ვერ გეტყვით, რა მოხდა – ვიღაცამ ვიღაცას რაღაც უთხრა, ის გადაირია, გაიქაჩა, წამოიშალა სუფრა, გამოიქაჩა და დაიწყო, მაგრამ, რა დაიწყო: ვინ ვის რას ურტყამდა, ვინ ვის ექაჩებოდა, ვინ ვის აგლეჯდა თმას ვერ გაიგებდი. მე კიდევ, ვიდექი სცენაზე და ვმღეროდი. ვიფიქრე, აქ არ ღირს სხვის საქმეში ჩარევა, მე რაც გამომდის, იმას გავაკეთებ, ანუ, ვიმღერებ, ამათ კი თავისი არეული საქმე თვითონ მოაგვარონ-მეთქი. იქ ჩასვლა და მაგარი „დასინიაკება” ერთი იქნებოდა და ეგ მინდოდა ახლა მე?! თან, მეცინებოდა – ამერიკულ ფილმ-ვესტერნში ხომ არ ვარ-მეთქი. მაგრამ მე ვინღა მისმენდა, აქეთ-იქით იმას ათვალიერებდნენ, დიდი რა იყო, რომ ვინმესთვის თავში ჩაერტყათ. იქ ჩავიდოდი გასაშველებლად?! არა, ბატონო, მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი და ჩხუბს მუსიკალურ აკომპანემენტს ვუკეთებდი – ესეც ხომ საქმეა! ისინი ჩხუბით იჭაჭებოდნენ, მე კიდევ – სიმღერით (იცინის).
– შენზე გავიგე, „ტაშტით” ითევზავაო. ეს როგორღა მოახერხე?
– თევზაობა ძალიან მიყვარს. ერთხელ, ხუთი ბიჭი წავედით სათევზაოდ და ისეთ პატარა ტაშტივით ნავში ჩავსხედით და გავედით წყალში, ვიფიქრე, ოღონდ ახლა არ ჩამომეცვას შუა წყალში ეს ტაშტი თავზე და სულ არ მინდა თევზი-მეთქი. კი გადავრჩი, მაგრამ, რის თევზი, რა თევზი... რომ დაგვინახავდა თევზი ასეთ ტაშტში, ჩვენს გადაგდებულ ანკესს წამოეგებოდა, ჩვენი ცოდვით? (იცინის).
– ახალ წელს ბავშვობაში თოვლის ბაბუა საჩუქრებით არ განებივრებდა?
– ყველა ბავშვს ანებივრებს თოვლის ბაბუა და მე გამონაკლისი ხომ არ ვიქნებოდი (იცინის). ერთი ისტორია გამახსენდა, ახალ წელთან და თოვლის ბაბუასთან დაკავშირებით: მოკლედ, პირველკლასელებს საახალწლო ზეიმი ჰქონდათ და მე ვიყავი მათი თოვლის ბაბუა. თავიდან რომ დამინახეს ბავშვებმა, გაოცდნენ – ეს ნამეტანი კავკასიელი, შავ-შავი თოვლის ბაბუა, ნეტავ საიდან მოვიდაო (იცინის), მაგრამ, ცოტა ხანში შემეჩვივნენ და გამიშინაურდნენ. მერე ვხუმრობდი, მადლობა თქვან, საჩუქრები რომ დავურიგე და არ მივყიდე-მეთქი.
– საახალწლო საჩუქრის მიყიდვა პირველად გავიგე. ეგეთებიც ხდება?
– სომეხ თოვლის ბაბუაზე გეტყვით ანეკდოტს და მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ. მოკლედ, სომეხი თოვლის ბაბუა მივიდა ბავშვებთან და დაიყვირა: აბა, ბავშვებო, გილოცავთ ახალ წელს და საჩუქრები მოგიტანეთ იაფად, მაშ როგორო (იცინის). არა, მე ნამდვილად არ მიმიყიდია იაფად საჩუქრები. ისე, საჩუქარს რომ თავი დავანებოთ, მაგარი ფეხი მაქვს და, თუ მეკვლედ მივედი ვინმეს ოჯახში, ხომ ავაშენე და დავაყენე ფეხზე მთელი ერთი წელი, მეორე წელს კი პასუხს აღარ ვაგებ (იცინის).