30 თებერვალი
– თუ მე მომმართავთ, მაშინ ჩემი სახელი და გვარი სწორად წარმოთქვით და ედუარდ შევარდნაძე დამიძახეთ, – უთხრა იოსებ კუკავას ჯაბამ.
„სოდელმა“ ჯერ რაჟდენ რაჟდენოვიჩს გადახედა, შემდეგ კი ჯაბას მიმართა:
– ჩემს საბუთებში თქვენ ჯაბა ონიანად ხართ მოხსენიებული და შევარდნაძე როგორ უნდა გიწოდოთ? კუკავა ახალი დანიშნული იყო ბაქოელი ბიზნესმენისთვის ფულის გამოძალვის საქმის გამომძიებლად და ბოლომდე არც კი ჰქონდა შესწავლილი, ჯაბას დაკითხვა კი ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად გადაწყვიტა.
– თქვენი სახელი მითხარით, ახალგაზრდავ, – შევარდნაძის ხმით მიმართა ჯაბამ კუკავას.
– გამომძიებელი იოსებ კუკავა, – გაიმეორა „სოდელმა“.
– ძვირფასო იოსებ, ჩემი ცხოვრების განმავლობაში როგორ აღარ მოვუხსენიებივარ ხალხსა თუ ჩემს ოპონენტებს, მაგრამ ამით მე არ შევცვლილვარ და არც ვინაობა გამომიცვლია. ხან „თეთრ მელას“ მეძახდნენ, ხან – იუდას, მაგრამ, ვგავარ ახლა მე ან ცხოველს და ან ქრისტეს მოწაფეს? ვიღაცას შეცდომაში შეუყვანიხარ, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, ჯაბა ონიანი ნამდვილად არ ვარ, – დინჯად უთხრა კუკავას ჯაბამ.
„სოდის“ გამომძიებელმა ჯერ საგიჟეთის დირექტორს შეხედა, შემდეგ კვლავ ჯაბას მიუბრუნდა და უთხრა:
– ასეთ შემთხვევაში „სოდში“ მოგიწევთ წამობრძანება.
– სად „სოდში“, ბატონო იოსებ? – ჰკითხა კუკავას ჯაბამ, რომელიც სერიოზულად შეაშფოთა აბეზარი გამომძიებლის სიტყვებმა, თუმცა ყოველნაირად ცდილობდა, რომ არ შეემჩნია.
– ჩვენთან, უწყებაში, ბატონო ჯაბა და იქ დაგკითხავთ, – განუმარტა კუკავამ.
ჯაბამ მხრები აიჩეჩა და რაჟდენ რაჟდენოვიჩს გადახედა, მან კი კუკავას უთხრა:
– ბატონო იოსებ, ეს ბატონი, – საგიჟეთის დირექტორმა და მთავარმა ექიმმა ჯაბაზე მიანიშნა, – ოფიციალურად ჩემს გამგებლობაშია და სამი თვის განმავლობაში არავის აქვს უფლება, რომ ის აქედან გაიყვანოს. მეტსაც გეტყვით, ეს დანაშაულია და შესაბამისად ისჯება. ასე რომ, მისი აქედან გაყვანა აბსოლუტურად გამოირიცხა და, თუ გნებავთ, აქვე გაესაუბრეთ.
– აქ საამისო პირობები არაა, – თქვა კუკავამ.
– მაშინ, მეტი ვერაფრით დაგეხმარებით და უნდა წაბრძანდეთ, – მკაცრად უთხრა გამომძიებელს რაჟდენ რაჟდენოვიჩმა, სავარძლიდან წამოდგა და კუკავას აგრძნობინა, რომ ლაპარაკი დამთავრებული იყო.
– სამწუხაროა, ბატონო პროფესორო, – ირონიულად ჩაეცინა კუკავას, – ბაქოელი ბიზნესმენის საქმეს სერიოზული სარჩელი ედება, რადგან ის კაცი აზერბაიჯანის სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირის უახლოესი ნათესავია და ჩივილს აპირებს. ეს კი, არც ჩვენ და არც თქვენ კარგს არაფერს გვიქადის.
– ფუჭად მემუქრებით, ბატონო იოსებ, ციხიდან მოსული ჩანაწერებიდან აშკარაა, რომ პაციენტს ჩვენი დახმარება სჭირდება და ეს თქვენც კარგად უნდა იცოდეთ. ამიტომ, ამ საქმეს ჩივილი კი არა, კვალიფიციური მკურნალობა ესაჭიროება. რომ იცოდეთ, მე სრული უფლება მქონდა, რომ აქ არ შემომეშვით და, თუკი აქ ხართ, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი კეთილი ნებაა. ამიტომ, შეგიძლიათ, მიბრძანდეთ აქედან. კანონის წინაშე მე მართალი ვარ და ვერავინ შემომედავება, – მიუგო კუკავას პროფესორმა, რომელიც, პრინციპში, არ იყო წინააღმდეგი, რომ ჯაბა „სოდში“ დაკითხვაზე წაეყვანათ, მაგრამ ონიანის წამების შეეშინდა, რადგან ამის გამო უკვე მას მოსთხოვდნენ პასუხს და კუკავა ამიტომ გაისტუმრა უარით.
– კარგი, პროფესორო, მაგრამ, გარწმუნებთ, დღეს საღამოს თუ არა, არაუგვიანეს ხვალინდელი დილისა, ეს ეგრეთ წოდებული პაციენტი „სოდში“ იქნება, თქვენ კი, შესაძლოა, უსიამოვნებებს ვერ ასცდეთ, – დაემუქრა კუკავა რაჟდენ რაჟდენოვიჩს.
– მე კანონი არ დამირღვევია და, აქედან გამომდინარე, ვერავინ მომთხოვს პასუხს, ხოლო, თუკი თქვენ ჩემი პაციენტის „სოდში“ გადასაყვანად კანონიერ გზას გამონახავთ, მაშინ, სხვა საქმეა. მანამდე კი ის აქ დარჩება.
– დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ გამოვნახავ, – მიახალა პატივმოყვარე კუკავამ პროფესორს, შემდეგ სწრაფი ნაბიჯით გაემართა კარისკენ და სანამ იქაურობას დატოვებდა, პროფესორისა და ჯაბას გასაგონად კბილებში გამოსცრა: – ჰმ, ედუარდ შევარდნაძე, არა?! მე თქვენ განახვებთ, როგორ უნდა სიმულაცია და პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით საგიჟეთში წოლა.
– „მალჩიშკა“! ჰმ, ამ ნაბიჭვარს არ უყურებ? – ჩაილაპარაკა პროფესორმა და თავის უზარმაზარ კაბინეტში აქეთ-იქით სირბილს მოჰყვა, თან იმეორებდა: – ნაბიჭვარი, ნაბიჭვარი... ერთი ხელში ჩამაგდებინა ეს ნაბიჭვარი, „სამხეცეში“ გავამწესებ და მერე ნახოს, როგორ უნდა ჩემთან ჯინიანობა.
ჯაბა უხმოდ ადევნებდა თვალყურს პროფესორის სასაცილო მოქმედებებს, თან ღმერთს შესთხოვდა, რომ კუკავას დილამდე გადაედო მისი „სოდში“ გადაყვანა. დილით კი ჯაბა უკვე გაქცეული იქნებოდა და ედევნათ კუდში.
პროფესორმა კიდევ ხუთიოდე წუთი ირბინა აქეთ-იქით, ბოლოს შეჩერდა და ჯაბას უთხრა:
– ცუდადაა საქმე, ჩემო ჯაბა, თუკი ამ ნაბიჭვარმა მოახერხა შენი აქედან წაყვანა, მაშინ ვეღარ გიშველი.
– კი მაგრამ, მე ხომ აქ გამოკვლევებზე ვარ და რა უფლებით უნდა დამაბრუნონ „სოდში“?
– ხომ გაიგე, როგორ იმუქრებოდა? თუკი ბაქოდან დარეკეს, მაშინ მე ჯანდაცვის მინისტრი დამირეკავს და შენს აქედან „სოდში“ გაგზავნას მიბრძანებს. ასეთ შემთხვევაში კი, იძულებული ვიქნები, რომ მას დავემორჩილო.
– ესე იგი, არაფერი მეშველება?
– არ უნდა გატყდე. რაც არ უნდა გაწამონ, ან რამეს შეგპირდნენ, არ გატყდე; ან, პირიქით, ყველაფერი უნდა აღიარო. თუმცა პირველი სჯობს, რადგან, ფული რომ გამოაჩინო, სავარაუდოდ, სამაგიეროს გადაგიხდიან მათი ასეთი წვალებისთვის.
– რა უნდა გამოვაჩინო, ბატონო პროფესორო, რაც არ მაქვს? იმ ბაქოელს აშკარად ვიღაცაში ვეშლები. გარწმუნებთ, რომ მე მართლაც არაფერში ვარ დამნაშავე.
– მით უმეტეს, ჩემო კარგო, უფრო მეტ პრესში გაგატარებენ და, შეიძლება, ისე მოხდეს, რომ მართლაც ჩვენი სამკურნალო გახდე. მე საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს ამ საქმეში და მილიცია-პოლიციის მიერ არაერთი გაგიჟებული ადამიანი მინახავს აქ მოყვანილი. მათ ხელში მტერი ჩავარდა!
„თქვენს ხელშიც“, – გაიფიქრა ჯაბამ, პროფესორს კი უთხრა:
– რა გაეწყობა, პროფესორო, თუკი ასეთი ბედი მიწერია, მაშინ ვერ გავექცევი. ახლა კი თუ არ გჭირდებით, გამიშვით, რომ წამების წინ ცოტათი მაინც დავისვენო და ძალები მოვიკრიბო.
– წადი, ჩემო კარგო, – უთხრა ჯაბას პროფესორმა, სანიტარი გამოიძახა და გაისტუმრა.
ჯაბა რომ პალატაში დაბრუნდა, „დროებითი მთავრობის“ წევრები ჯერ კიდევ „მონიტორინგზე“ იმყოფებოდნენ. ამიტომ ჯაბამ ყველაფერი დაწვრილებით უამბო მეუფე გაბრიელს და ბოლოს უთხრა:
– ესღა მაკლდა. აქედან გასვლამდე რამდენიმე საათი მაქვს დარჩენილი და, თუ იმ კუკავამ დღესვე მიიღო ჩემი „სოდში“ გადაყვანის ნებართვა, მაშინ ყველაფერი წყალში ჩამეყრება.
– არ ჩაგეყრება, – მშვიდად მიუგო ჯაბას მეუფემ.
– თუ აქედან გამიყვანეს, ვეღარ გავიქცევი, „სოდიდან“ გაქცევა კი ზღაპარია.
– ნუ გეშინია, დღეს კუკავა ამ ნებართვას ვერ მიიღებს, შენ კი აქედან დათქმულ დროს გახვალ. ასე რომ, სიმშვიდე შეინარჩუნე.
– ასე ფიქრობთ?
– ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია. შენ განდობილი ხარ, ეს კი ღმერთისგანაა დაშვებული, უფლის უშუალო მფარველობის ქვეშ იმყოფები და ის არ დაუშვებს „სოდში“ შენს გადაყვანას.
მეუფე გაბრიელისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჯაბას მაინც არ სჯეროდა, რომ რაც მას მეუფე გაბრიელმა უთხრა, სიმართლე იყო და ეს ყველაფერი პატიოსანი მეუფის ფანტაზიის ნაყოფი ეგონა. თუმცა, ცდილობდა, რომ ეს არ ეგრძნობინებინა მისთვის და არ ეპასუხებოდა. მან არც ამჯერად დაარღვია ზრდილობის ეტიკეტი და თქვა:
– გასაგებია.
მეუფეს ჩაეცინა და ჯაბას უთხრა:
– მე სულაც არ მიკვირს, შვილო, რომ ჩემი სიტყვების არ გჯერა და ყველაფერი ეს ჩემი ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფი გგონია. პეტრე რომ პეტრეა, იმან არ ირწმუნა ღმერთი და სამჯერ უარყო, თუმცა, შემდეგ ყველაფერი მოგვარდა. ასე იქნება ახლაც და თავადვე დარწმუნდები ამაში. მხოლოდ გახსოვდეს, რომ განძის ადგილსამყოფელთან მარტო მიდი, არავინ წაიყოლო და არც არავის უამბო ამის შესახებ, სანამ უფლის ნებას არ მიიღებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოუსწორებელ დანაშაულს ჩაიდენ.
– არა, მეუფეო, რას ბრძანებთ, ვის უნდა ვუთხრა. აქედან გამიყვანა და მერე მე ვიცი, – მიუგო მეუფე გაბრიელს დადარდიანებულმა ჯაბამ, რომელიც ყოველ წუთას „სოდში“ გადაყვანას ელოდა და ამ მოლოდინისგან გული ეწურებოდა.
– გახვალ, შვილო, ხომ გითხარი, რომ ღმერთი გმფარველობს და, მთავარია, უფალს არ უღალატო, – მიუგო ჯაბას მეუფემ.
პალატის კარი გაიღო და „ლუქსში“ „დროებითი მთავრობის“ წევრები შემოვიდნენ, რომლებიც „მონიტორინგიდან“ დაბრუნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯაბა მათ ხასიათზე არ იყო, თავი მოთოკა, საკუთარ გრძნობებს სძლია და მათ ჰკითხა:
– როგორ ჩაიარა მორიგმა სამუშაო დღემ, რამე სიახლე ხომ არაა?
– სიახლეების ერთობლიობა, ბატონო ედუარდ! – მიუგო ჯაბას სპირიდონ ჯაყელმა და, კარლო ხულიას მხარზე მოუთათუნა ხელი, – იური ალექსეევიჩმა ახალი სული შთაბერა ჩვენს მთავრობას და ჩვენი წარმატების შანსი გააათმაგა.
– მართლა? – თქვა ჯაბამ.
– დიახ, ბატონო ედუარდ, – მიუგო ჯაყელმა, – იური გაგარინის დანახვაზე უამრავმა ადამიანმა გამოთქვა ფრენის სურვილი და, გარწმუნებთ, სულ მალე ზეძლიერ საჰაერო ფლოტს ჩაგაბარებთ. არც ისე შორსაა ის დრო, როდესაც ძლევამოსილი ქართული არმია ყველას თავისას მიუზღავს.
– კარგი, ბატონებო, ახლა სადილობისა და დასვენების დროა და ჩვენი საქმეები ხვალ განვაახლოთ, – უთხრა ჯაბამ თანაპალატელებს და შემკრთალმა გაიხედა კარისკენ, რომელიც გაიღო და სანიტარმა ლუქსელებს სადილი შემოუტანა.
ჯაბა მთელი დღე საწოლზე იწვა და კარის ყოველ გაღებაზე ეგონა, რომ მის „სოდში“ წასაყვანად მოვიდნენ, მაგრამ, მეუფე გაბრიელის სიტყვები გამართლდა და ის არავის შეუწუხებია.
ვახშმობის შემდეგ, როდესაც ლუქსელებმა დამამშვიდებელ-დასაძინებელი აბები მიიღეს, პალატაში სიმშვიდემ დაისადგურა. სამმა საათმა ისე ნელა გაიარა, რომ ეს დრო ჯაბას საუკუნედ მოეჩვენა. ხოლო, შუქები რომ ჩააქრეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ შუაღამე იყო, ჯაბა წამოდგა და მეუფე გაბრიელი დაინახა, რომელმაც მას გაზის ბალონები და გასაღებები მიაწოდა და უთხრა:
– დროა, შვილო, წადი და ღმერთი გფარავდეს, მე კი შენთვის ვილოცებ!
ჯაბა მეუფე გაბრიელს გამოემშვიდობა, ფრთხილად გავიდა პალატიდან და პირველი წინაღობა წარმატებით გაიარა, არც მეორის გადალახვა გასჭირვებია, ბოლოს კი ძელი, გისოსებიანი დერეფანი გაიარა და მესამე, ბოლო გასასვლელს მიადგა, რომელიც ორი გასაღებით იყო ჩაკეტილი და ორი ზორბა დარაჯი ყარაულობდა. ჯაბა დარაჯებს მიეპარა, პირველს გაზი მოასხურა და იქვე დააძინა, მეორემ კი მას ჯერ ხელი აუკრა, შემდეგ შებოჭა და, ის იყო, იატაკზე უნდა დაეგდო, რომ თავად დავარდა და ჯაბას ხელი გაუშვა.
– ჩქარა წამოდექი და გავიქცეთ! – მოესმა ჯაბას. მან აიხედა და ხელში კარლო ხულია შერჩა, რომელმაც ხელი გაუწოდა და უთხრა, – ჩქარა, გასაღებები გააძრე და აქედან მოვხიოთ!
ჯაბამ ბოლო კარი გახსნა, ხულიასთან ერთად გარეთ გავიდა, ფსიქიატრიული კლინიკის ეზო ფეხაკრეფით გაიარა, ღობეზე გადაძვრა და, ცარიელ ქუჩაზე რომ აღმოჩნდა, ყოფილ მფრინავს ჰკითხა:
– რა იცოდი, რომ გავრბოდი?
– შენი და მეუფის ლაპარაკი მოვისმინე გუშინ.
– ესე იგი, გიჟი არ ხარ?
– როგორც ხედავ.
– რომ გამორბოდი, მეუფე გაბრიელს შენი შეჩერება არ უცდია?
– დამინახა, რომ გამოვრბოდი, მაგრამ სიტყვაც არ დაუძრავს.
გაქცეულები ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ორასიოდე მეტრით გაშორდნენ, ერთ-ერთ სკვერში შეჩერდნენ.
– აქ უნდა დავშორდეთ ერთმანეთს, შენ შენს გზაზე წადი, მე კი – ჩემსაზე, – უთხრა ჯაბამ ხულიას.
– გაქვს წასასვლელი? თუ არა, მაშინ, ჩემთან წამოდი, ზუგდიდში, იქიდან კი გალში გადავალთ, შემდეგ რუსეთში და ამათი დედაც! – შესთავაზა ხულიამ ჯაბას.
– არა, – თავი გააქნია ჯაბამ, – მე სხვა გეგმები მაქვს.
– მაშინ, მშვიდობით, – მიუგო ხულიამ ჯაბას, ხელი ჩამოართვა და ქუჩისკენ გაემართა, ჯაბა კი სკვერში დარჩა და უზარმაზარ ცაცხვს ამოეფარა, თან ხულიას უთვალთვალებდა.
ყოფილი მფრინავი ქუჩაში დადგა, რომ მანქანა გაეჩერებინა, მაგრამ მის წინ საპატრულო მანქანამ დაამუხრუჭა და პოლიციელმა მას საბუთები მოსთხოვა. ხულიამ ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს საბუთები უნდა ამოეღო, მაგრამ პოლიციელს ხელი ჰკრა და ადგილს მოსწყდა, მაგრამ სულ რაღაც ოციოდე მეტრი გაირბინა და მეორე პოლიციელის მიერ გასროლილმა ტყვიამ მას კეფა გაუხვრიტა და ადგილზევე მოკლა.
პოლიციელებს უკვე ჰქონდათ ინფორმაცია საგიჟეთიდან გაქცეულების შესახებ და ხულიას შემოწმება იმიტომ მოინდომეს. ხოლო, როცა ის გაიქცა, შეჩერება სცადეს და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოკვლა ნამდვილად არ უნდოდათ, მაინც შემოაკვდათ. ეს ყველაფერი თვალნათლივ იხილა ჯაბამ, რომელიც ნელ-ნელა მოშორდა ცაცხვს, სკვერის უკანა გასასვლელით გავიდა და ჩაბნელებული, ვიწრო ქუჩებით მოშორდა იქაურობას. დილის ოთხი საათი სრულდებოდა, როდესაც შორენას ბინას მიადგა და ფრთხილად, შეთანხმებულ რიტმში დაუკაკუნა.
შორენას ბინის კარი უხმაუროდ გაიღო, გოგონამ ჯაბა ჩაბნელებულ სახლში ფრთხილად შეიყვანა, საძინებელში ჟალუზები ჩამოუშვა და მხოლოდ ამის მერე აანთო კედლის ბრა.
– სად ხარ ამდენ ხანს, ჯაბა? რა არ ვიფიქრე... მოხდა რამე?
– გაგარინი მოკლეს.
– ვინ გაგარინი? – უცებ ვერ მიხვდა შორენა.
– ვინ და, გუშინ რომ მოიყვანეს ციხიდან, – უთხრა ჯაბამ გოგონას, შემდეგ ყველაფერი დაწვრილებით უამბო და დაამატა, – საცოდავი, იქვე, ადგილზე დაიღუპა.
შორენამ ჯაბას მსუბუქი ვახშამი მიუტანა, დაანაყრა და უთხრა:
– ზეგ მოსკოვში მივემგზავრები, ორი, მაქსიმუმ – სამი კვირით და შენ აქ მარტო მოგიწევს ყოფნა. ერთი თვის პროდუქტების მარაგი მზად მაქვს. მთავარია, არ მოიწყინო. რომ ჩამოვალ, შემდეგ გადავწყვიტოთ, მომავალში რა ვქნათ.
– რა უნდა ვქნათ და პირველ ყოვლისა, აქაურობას უნდა გავეცალოთ, თორემ, როდემდე უნდა ვიყო აქ გამოკეტილი. ჩემთან ერთად წამოხვალ?
– წამოვალ, მაგრამ, ჯერ დედა უნდა ვიპოვო, – მიუგო შორენამ და სუფრის ალაგებას შეუდგა. ჯაბა კი საწოლზე წამოწვა და მეუფე გაბრიელის მონათხრობზე დაიწყო ფიქრი და ასეთ ყოფაში ჩაეძინა.
***
ჯაბამ რომ თვალები გაახილა, შუადღე სრულდებოდა და ოთახში ისეთი სიჩუმე იდგა, ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა.
– როგორ გეძინა? – ჰკითხა ჯაბას შორენამ და საუზმის მოსამზადებლად წამოდგა, – ყავა გინდა თუ ჩაი?
– სიგარეტი არ გაქვს? – ჰკითხა ჯაბამ დიასახლისს და ყავა თავადვე დაისხა, – ძალიან მინდა მოწევა, რაც საგიჟეთში ვიწექი, სიგარეტი თვალით არ მინახავს.
– მართალია, არ ვეწევი, მაგრამ მაქვს, – შორენამ თაროდან „მარლბორო“ აიღო და სანთებელასთან ერთად ჯაბას მიაწოდა.
ჯაბამ სიგარეტი გააბოლა, თან ყავა დააყოლა, შემდეგ შორენა შეათვალიერა და უთხრა:
– რაღაც სხვანაირი მეჩვენები, მაგრამ, ვერ ვხვდები, როგორი.
– მოკრძალებული, – გაეღიმა მასპინძელს, – სახლში და ჩემთვის ძვირფას ხალხთან ისეთი შორენა ვარ, როგორიც სინამდვილეში, დანარჩენებთან კი ვთამაშობ.
– ანუ?
– ანუ, – კვლავ გაეცინა გოგონას, – აქ არც მოკლე კაბა მაცვია და არც გულამოღებული სამოსი.
– მართალი ხარ, – თავში შემოირტყა ხელი ჯაბამ, – გამომწვევი არ ხარ და ეს მეუცხოვა. ასე არ ჯობია?
– ასე ჯობია სანდო ხალხთან, სხვებთან კი – პირიქით; შეიძლება, პარადოქსად მოგეჩვენოს, მაგრამ, ჩემი გამომწვევი ჩაცმულობით ჩემს სისუსტეებს ვმალავ.
– რა სისუსტეებს?
– თუნდაც იმას, რომ ყველა ფიქრობს, თავზეხელაღებული ვარ და ნებისმიერ რამეზე წამსვლელი. სინამდვილეში კი ჭიანჭველასაც არ დავადგამ ფეხს. ქვეყანას, ალბათ, წაკლა ვგონივარ, მე კი ქალწული ვარ და ბიჭისთვის ცხოვრებაში ერთხელაც არ მიკოცნია.
– მართლა?
– ძნელი დასაჯერებელია, არა?
– პრინციპში, კი.
– შენ თუ გჯერა?
– მე – კი.
– მართლა?
– მართლა, – მიუგო შორენას ჯაბამ, თუმცა, სინამდვილეში არ სჯეროდა და ფიქრობდა, რომ შორენა მას ატყუებდა.
– სტყუი, ჯაბა, სახეზე გაწერია, რომ არ გჯერა ჩემი სიტყვების! უთხრა შორენამ და ყმაწვილს თვალი თვალში გაუყარა.
ჯაბას შერცხვა, წამოწითლდა და შორენას მიუგო:
– მართალი ხარ, მოგატყუე. მართლაც ძნელი დასაჯერებელია.
– და მაინც, ეს სიმართლეა და ცხოვრებაში ერთხელაც არ მიკოცნია ბიჭისთვის, თუმცა ყველა ამის მიღწევას ცდილობდა და რას არ ჩავდიოდი, რომ თავიდან ამეცილებინა ყოველივე.
– ისე, როგორ შეძელი გადარჩენა?
– ალბათ, ღვთის ნებით. თუმცა, ბევრი ხლაფორთი მიწევდა.
– ნუთუ არავინ გყვარებია?
– არა!
– არც მოგწონდა?
– არა!
– რატომ?
– იმიტომ, რომ ყველას სალოგინედ ვუნდოდი და კაცების მიმართ უნდობლობის სტერეოტიპი ჩამომიყალიბდა, – თქვა შორენამ და ღიმილით დაამატა, – თანაც, შენ გელოდი.
– ჩემზე არ ვრცელდება შენი სტერეოტიპი?
– არა. იცი, რატომ?
– რატომ?
– იმიტომ, რომ თავიდან გიჟი მეგონე, შემეცოდე, სხვა თვალით შეგხედე, ღმერთს შევევედრე, გონზე მოიყვანე-მეთქი და უფალმაც ნატვრა ამისრულა.
– მეც რომ მატყუარა და თვალთმაქცი აღმოვჩნდე?
– შენც რომ მატყუარა და თვალთმაქცი აღმოჩნდე, გამოდის, განწირული ვყოფილვარ, ასეთი ბედისწერა მქონია, ბედისწერას კი ვერ გაექცევი.
– გჯერა ბედისწერის?
– რა თქმა უნდა, – გაეცინა შორენას, – მოსახდენი აუცილებლად მოხდება. თუნდაც გაგარინის ისტორია გაიხსენე. საგიჟეთიდან მარტო შენ უნდა გამოქცეულიყავი და ის საცოდავიც რომ გამოგყვა, ხომ ნახე, რა დაემართა?
– ეს ხომ შემთხვევითობა იყო? იმის ადგილას თავისუფლად შეიძლებოდა, მე აღმოვჩენილიყავი.
– არავითარ შემთხვევაში! სიკვდილი მას ეწერა, შენ კი გადარჩი. მოკლედ, ჩემი აზრით ასეა, და, თუკი შენგან მოტყუება მიწერია, არ ამცდება – ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.
– არ მოგატყუებ, – უთხრა ჯაბამ შორენას, გოგონას ხელს დასწვდა, აკოცა და უთხრა, – მე შენ ერთი აშარი და უტვინო ადამიანი მეგონე, შენ კი სულ სხვანაირი ყოფილხარ და მაპატიე, რომ შენზე ასეთი წარმოდგენა მქონდა.
– მიპატიებია, – უთხრა შორენამ ჯაბას და ტელეფონს უპასუხა, – გისმენთ.
– მე ვარ, შორენა, – მოესმა გოგონას საგიჟეთის დირექტორის და მთავარი ექიმის ხმა, რომელიც უცხო ნომრიდან რეკავდა.
– გისმენთ, რაჟდენ რაჟდენოვიჩ. საიდან რეკავთ, მოხდა რამე?
– „სოდში“ ვარ, შორენ, და შენც უნდა მოხვიდე.
– „სოდში“ რა მინდა?
– რა და, უნდა დაგკითხონ.
– დამკითხონ? ხუმრობთ, ბატონო პროფესორო?
– არა, შორენ, სიმართლეს გეუბნები. წუხელ ჯაბა ონიანი გაიქცა და ერთი ამბავია ატეხილი.
– ვინ ჯაბა ონიანი, ედუარდ შევარდნაძე?
– ჰო, ის. როდის მოხვალ?
– მე ჯერ არც ავმდგარვარ, თან ეგ „სოდი“ სადაა, არც კი ვიცი. მაგრამ, აუცილებლად მოვალ, მითხარით, სად უნდა მოვიდე.
პროფესორმა შორენას „სოდის“ მისამართი უთხრა და ბოლოს დაამატა:
– შორენ, ძვირფასო, მალე მოდი, გელოდები!
– ერთ საათში მანდ ვიქნები, – მიუგო შორენამ პროფესორს, ტელეფონი გათიშა და ჯაბას მიუბრუნდა:
– ერთი ამბავია ატეხილი და „სოდში“ მიბარებენ. მოკლედ, მე ახლა ისევ წაკლად გადავიქცევი, რომ არ „დავიწვა“, შენ კი აქ მშვიდად დამელოდე და ახალ ამბებს მოგიტან.
შორენა ოთახიდან გავიდა, თხუთმეტი წუთის შემდეგ ძალიან გამომწვევად ჩაცმული უკან დაბრუნდა უკან და ჯაბას უთხრა:
– მოგწონვართ, ბატონო ედუარდ?
– ძალიან მომხიბვლელი ხართ, გოგონი, – მიუგო ჯაბამ შევარდნაძის ხმით, შემდეგ თავისი ხმით დაამატა, – ისე ნუ იზამ, რომ „სოდელები“ აიკიდო და „კუდზე“ დამასვა. ხომ იცი, ასეთს რომ დაგინახავენ, მოუნდები და აგეკიდებიან.
– ნუ გეშინია, ასეთები დამუღამებული მაქვს, ღიმილით მიუგო ჯაბას შორენამ, შემდეგ ფრთხილად გავიდა სახლიდან და „სოდში“ წავიდა, მხოლოდ საღამოს დაბრუნდა და ჯაბას უთხრა:
– ერთი ამბავია ატეხილი და გამწარებულები გეძებენ. რაჟდენა კინაღამ დაიტოვეს.
– იჭერდნენ?
– მინისტრმა უშველა, თორემ, გამომძიებელს მისი დატოვება უნდოდა და საშინლად ემუქრებოდა.
– კუკავას, ხომ?
– კი, კუკავას. ახალგაზრდა ბიჭია და, რომ დამინახა, შევატყვე, დავევასე.
– სწორედ მაგ კუკავას უნდოდა გუშინწინ ჩემი „სოდში“ წაყვანა დაკითხვაზე და პროფესორმა არ მისცა ნება.
– ვიცი, – გაეცინა შორენას, – სწორედ ამის გამო უნდოდა გამომძიებელს რაჟდენას დატოვება და ეგეც გაახსენა.
– მაინც, რაო, მაგ კუკავამ?
– რა და იმ ბაქოელი ბიზნესმენის მინისტრ ნათესავს დაურეკავს თბილისში და უთქვამს, თუ ამ საქმეს პატიოსნად არ გამოიძიებთ, მაშინ საქართველოსთან შეღავათიან ვაჭრობაზე უარს ვიტყვითო. ამიტომ იმ ბიზნესმენს 200 ათასი ევრო პოლიციამ გადაუხადა და შენზე იმიტომ არიან ასე გამწარებულები. რომ მოგძებნონ, ალბათ, ბდღვნად არ ეყოფი.
– ვიცი, – ჩაეცინა ჯაბას, – რომ მიპოვონ – კი, მაგრამ ეს არც ისე ადვილია. არადა, მოდი და, ნუ აახევ ასეთ ბრიყვს ფულს.
– ესე იგი, ის 200 ათასი ევრო მართლა შენ გამოსძალე?
– კი, მე გამოვძალე და ამას პირველად ვამბობ, – გაეცინა ჯაბას, – ჯამბულ ონიანი რომ ჯამბულ ონიანია, იმისთვისაც კი არ მითქვამს ეს.
– ბიძაშენისთვის?
– ჰო, მაგრამ შენ რა იცი ბიძაჩემი?
– ისიც იქ იყო და იქიდან ვიცი.
– ჯამბული „სოდში“ იყო?
– ჰო.
– მერე?
– რა მერე?
– ხომ არ დაიჭირეს?
– არა, გაუშვეს, – თქვა შორენამ და დაამატა: – ცოტა არ იყოს, მომშივდა, წავალ და ვახშამს მოვამზადებ.
– მიდი. მეც მშია და უშენოდ არ ვჭამე.
შორენა სამზარეულოსკენ გაემართა, მაგრამ უცებ კარზე ზარის ხმა გაისმა.
– აქ იყავი. ალბათ, ლიდა დეიდაა ჩემი მეზობელი. წნევას ვუზომავ ხოლმე. გავუზომავ და გავისტუმრებ, – უთხრა შორენამ.
ჯაბა საძინებელში დარჩა. გოგონა კი გავიდა და სულ მალე ოთახში სტუმართან ერთად დაბრუნდა. კარზე ყურმიდებულ ჯაბას ნაცნობი ხმა მოესმა:
– მაპატიე, გენაცვალე, რომ აქ ასე უცერემონიოდ შემოგეჭერი, მაგრამ, „სოდში“ ვერ დაგელაპარაკებოდი და სახლში მოსვლა ვარჩიე, – უთხრა ჯამბულ ონიანმა შორენას, მისივე ნებართვით, სიგარეტი გააბოლა და განაგრძო, – ეს ჩემი შტერი ძმისშვილი არიფივით „დაიწვა“ და ტყუილად დააჭერინა პოლიციას თავი. არ მინდა, იგივე განმეორდეს და აქ იმიტომ მოვედი.
– მერე, მე რა შუაში ვარ, ბატონო? – ჰკითხა შორენამ ჯამბულს, – უკაცრავად, თქვენი სახელი შემახსენეთ.
– ჯამბული, – თქვა ჯაბას ბიძამ.
– ბატონო ჯამბულ, მე რა შუაში ვარ?
– მაპატიე, შვილო, მაგრამ, ასე მგონია, იცი, სადაა ჩემი ძმიშვილი.
– რა ბრძანეთ?
– რა და, მგონია, რომ ჯაბას ადგილსამყოფელი იცით, – გაიმეორა ჯამბულმა.
– მე საიდან უნდა ვიცოდე, თქვენი ძმისშვილი სადაა? მე ის სულ ორჯერ ვნახე და ამბობდა, შევარდნაძე ვარო. არც კი მილაპარაკია მასთან. გუშინ კი სამსახურშიც არ ვყოფილვარ, შვებულებაში ვარ და ხვალ მოსკოვში მივემგზავრები. ასე რომ, მისამართი შეგეშალათ, ბატონო ჯამბულ, – ძალიან მშვიდად უთხრა შორენამ სტუმარს, გაუღიმა და დაამატა, – ყავას ხომ არ მიირთმევთ? მართალია, შეცდით, მაგრამ, მაინც სტუმარი ხართ და უპატივცემულოდ როგორ გაგიშვათ?
ჯამბულმა ყურადღებით შეათვალიერა მომხიბვლელი მასპინძელი, გაუღიმა, მეორე ღერი გააბოლა და უთხრა:
– სიამოვნებით, ჩემო მშვენიერო. რა დასანანია, რომ თუნდაც ოცი წლით უმცროსი არ ვარ, თორემ, გაგეარშიყებოდი. ახლა კი ასეთი რამ უზნეობაა ჩემი მხრიდან, რადგან ლამის შვილიშვილის ასაკის ხარ.
– მაინც, რამდენი წლის ბრძანდებით, ბატონო ჯამბულ?
– სამოცის, შვილო.
– სულ არ გეტყობათ, – შორენამ ჯამბულს გაუღიმა და ყავის მოსატანად წავიდა, შემდეგ გორგოლაჭებიანი მაგიდა შემოაგორა ოთახში და სტუმარს ჰკითხა, – როგორ ყავას მიირთმევთ?
– ხსნადს.
– მეც ხსნადი მიყვარს, – თქვა შორენამ, ჯერ სტუმარს დაუსხა, შემდეგ თვითონაც დაისხა და იქვე სავარძელში ჩაეშვა.
ჯამბული სავარძლიდან ადგა, შორენასთან მივიდა, ხელზე ეამბორა და უთხრა:
– არშიყობის რა მოგახსენო, მაგრამ, მართლაც მშვენიერი გოგონა ხარ. ისეთი არ უნდა იყო, როგორიც ერთი შეხედვით ჩანხარ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში