იდეის ფასი
თვითმფრინავმა პატარა აეროპორტს წრე დაარტყა და დაჯდა. მაიკ სევიჯი ლიმუზინიდან გადმოხტა და ორ წამში ტრაპთან გაჩნდა. ჯო კეინმა ტრაპი ჩამოირბინა, მაიკს ცივად მიესალმა და პირდაპირ ლიმუზინის წინა სავარძელზე მოკალათდა. მანქანა დაიძრა და მალე ინგლისური სოფლის გზაზე გავიდა. მაიკი ხვდებოდა, რომ კეინი დაღლილი იქნებოდა – ხუმრობა ხომ არაა მთელი ოკეანის გადმოფრენა! თან, ფრენა განსაკუთრებულად, საიდუმლოდ ხორციელდებოდა. მსოფლიო კრიმინალური ორგანიზაციის შექნის იდეას მაიკ სევიჯი დიდხანს ელოლიავებოდა – ეს მისი ცხოვრების ოცნება იყო. ჯო კეინს სავარძლის საზურგეზე თავი გადაეგდო და ეძინა. მას სახე დაუნდობლად ჭკვიანური ჰქონდა. ეს სიტყვები ყველაზე უკეთ ახასიათებდა ჯო კეინს და ნათელს ხდიდა, რატომ მიაჩნდათ ის ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე დიდ განგსტერად. სევიჯმა ჯო ინგლისში ჩამოიყვანა, რადგან მის გარეშე ყველა განზრახვა წარუმატებლობისთვის იყო განწირული. ლონდონში დამნაშავეთა სამყაროს „ზვიგენებს“ მსოფლიოს ყველა კუთხიდან უნდა მოეყარათ თავი. რა თქმა უნდა, მსოფლიო კრიმინალურ ორგანიზაციას ეს დაუნდობელი ამერიკელი უხელმძღვანელებდა, საკუთარ თავს სევიჯმა მხოლოდ მთავარი მრჩევლის როლი არგუნა.
– ფრთხილად! იყვირა სევიჯმა, როდესაც წვიმაში და ნისლში გამომკრთალი შემხვედრი ავტომობილის შუქები დაინახა. მძღოლმა საჭე მკვეთრად მოატრიალა მარცხნივ. მუხრუჭების ხრჭიალი ლითონის შეჯახების ხმაში ჩაიკარგა. მაიკი წინ გადავარდა და თავი ინსტრუმენტების თაროს დაარტყა. ნისლი, რომელიც აქამდე ნაცრისფერი იყო, უცებ გაშავდა... როდესაც მაიკ სევიჯს გრძნობა დაუბრუნდა, მის თავთან მდგარი საკუთარი მძღოლის სახე დაინახა. უპირველესად კეინი მოიკითხა. მისი სახე ერთ დიდ, თეთრ ლაქას ჰგავდა, რომლის ქვედა ნაწილში პირისთვის განკუთვნილი ნახვრეტი მოჩანდა. ბინტებში კიდევ სამი ხვრელი იყო ცხვირისთვის და თვალებისთვის.
– ჯერ ლაპარაკი არ შეუძლია, – აუხსნა სევიჯს ექიმმა ოგესტმა.
– იოგები დაზიანებული აქვს, თუმცა ხმა დაუბრუნდება. რამდენიმე კვირის საქმეა.
ედმუნდ ოგესტს სევიჯი დიდ ფულს უხდიდა, მაგრამ იგი ამად ღირდა. სევიჯმა ოგესტი დაარწმუნა, პრაქტიკისთვის თავი დაენებებინა, მთლიანად მასზე ემუშავა და სამედიცინო ტექნიკის ბოლო მიღწევებით აღჭურვილი კლინიკაც მოუწყო.
– მას თავის ძლიერი ტრავმა ჰქონდა, – უთხრა ექიმმა სევიჯს, – რის შედეგადაც სრული ამნეზია დაემართა. თუმცა, მაინც იღბლიანი ყოფილა, რომ გადარჩა. მეხსიერება კი, ნელ-ნელა დაუბრუნდება.
– დაგეგმილი დიდი შეხვედრის გადადება მომიწევს, – ამოიოხრა სევიჯმა.
რიტა ფოულიმ, ჯო კეინის მეგობარმა ქალმა, რომელმაც სატრფოს ძებნაში ოკეანე გადმოლახა, როგორც კი ის დაბინტული დაინახა, სასოწარკვეთით შეჰკივლა, ხოლო, როდესაც გაიგო, რომ მის მამაკაცს ამნეზია სჭირდა, ბღავილი მორთო.
– რადგან ჩამოხვედით, – თქვა ექიმმა. – შეგიძლიათ, დაგვეხმაროთ. ფიზიკური კუთხით გამოჯანმრთელების პროცესი ბრწყინვალედ მიდის, რამდენიმე თვეში სრულიად ჯანმრთელი იქნება, მაგრამ, ამნეზია როდის გაუვლის, ამის თქმა ძნელია. მას დასჭირდება ადამიანი, რომელიც ყველაფერს თავიდან ასწავლის.
ქალი სიხარულით დათანხმდა. გავიდა კვირა, შემდეგ – მეორე, მალე რიტა ფოულიმ დროის შეგრძნება დაკარგა, ერთი წუთითაც არ შორდებოდა კეინს. თავიდან პროცესი ძალიან ნელა მიდიოდა. რიტა მას, როგორც პატარა ბავშვს, უყვებოდა და უყვებოდა ყველაფერს მისი წარსულიდან: თუ როგორ მიაღწია წარმატებას და დანაშაულებრივი სამყაროს მეფე გახდა. უამბობდა მისი ჩვევების, საყვარელი ფილმების, ანეკდოტების შესახებ...
რამდენიმე დღეში ჯო კეინმა სიარული დაიწყო. ძალა ყოველდღე უბრუნდებოდა. ექიმი ოგესტი მიიჩნევდა, რომ გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიდიოდა და ადრე, თუ გვიან, მეხსიერებაც დაუბრუნდებოდა. რიტას წყალობით ის მალე ისევ ძველი ჯო კეინი იქნებოდა.
ბინტების მოხსნის დროც დადგა. რიტა ძალიან ღელავდა – ჯოს ხომ რამდენიმე მძიმე, პლასტიკური ოპერაცია გაუკეთეს! როდესაც რიტამ სახე დაინახა, გული წაუვიდა – მან დაინახა სრულიად უცნობი მამაკაცი, რომელიც უღიმოდა. ექიმმა ოგესტმა აუხსნა, რომ ჯოს სახე ისე ჰქონდა დაზიანებული, სრულიად ახალი სახის აწყობა მომიხდაო.
რიტა ფოული ჯოს ახალ სახეს თანდათან მიეჩვია, თუმცა მათ შორის რაღაც დაძაბულობა მაინც იგრძნობოდა. ზოგჯერ ქალს ეჩვენებოდა, რომ მისი საყვარელი კაცი შინაგანადაც შეიცვალა. რიტა ხვდებოდა, რომ მას ყველაფერს არ ეუბნებოდნენ. ერთ დღეს, როდესაც დაღამდა, რიტამ ჯოს თავისი ეჭვები გაანდო. აღმოჩნდა, ჯოც ეჭვობდა, რომ სევიჯი და ოგესტი რაღაცას მალავდნენ.
– გახსოვს რიო? უთხრა რიტამ. მაშინ ორივენი ძალიან დავთვერით. იქ უამრავი მეზღვაური იყო, რომლებიც ერთმანეთს სვირინგებს უკეთებდნენ. შენც გაიკეთე. მარჯვენა ხელზე ჩემი სახელი ამოისვირინგე. მაჩვენე მარჯვენა ხელი. ქალმა მარჯვენა ხელზე პერანგის სახელო სწრაფად აუწია და გაკვირვებისგან პირი დააღო. სვირინგი არ იყო.
– შენ ჯო არ ხარ! – შეშინებულმა წამოიძახა რიტა ფოულიმ.
ამ დროს კარი გაიღო და ოთახში ექიმი ოგესტი და მაიკ სევიჯი შემოვიდნენ. – იგი ჯო კეინია,
– გაიცინა ედმუნდ ოგესტმა, – უფრო სწორად, რაც მისგან დარჩა. სამწუხაროდ, თავის ქალა ისე იყო დაზიანებული, რომ მე უძლური აღმოვჩნდი. გამოსავალი ერთი იყო და, რა თქმა უნდა, ძალიან სარისკოც. მილიონიდან ერთი შანსი არსებობდა, მაგრამ, არ შემეძლო, ის ხელიდან გამეშვა. ის მოკვდებოდა, ამიტომ, ტვინი გადავარჩინე. ახლა ის იმ მანქანის მძღოლის, ბარი კოლინზის სხეულშია.
– წარმოუდგენელია, – თავი გადააქნია ჯო კეინმა.
– გეთანხმები, მაგრამ ეს ასეა, – მხრები აიჩეჩა მაიკ სევიჯმა.
– მოწმე ვარ. ჩვენ შემხვედრი მანქანის მძღოლიც აქ მოვიყვანეთ. გულმა უმტყუნა. გარე დაზიანებები საერთოდ არ ჰქონდა... ეს ყველაფერი საიდუმლოდ უნდა დარჩეს.. სიმართლე არავინ უნდა იცოდეს. კეინის სხეული ბარი კოლინზის სხეულად გავასაღეთ და დავმარხეთ. ვერც ვერავინ მიხვდა, სახე ისე იყო დაზიანებული.
– გასაკვირი არაა, რომ არაფერი მახსოვს, – ნელა დააქნია თავი ამერიკელმა. გაუგებარია, ცოცხალი როგორ დავრჩი, მაგრამ ახლა ყველაფერი მორჩა – მე ისევ თამაშში ვარ.
– დიდხანს ველოდი ამ სიტყვებს, – გაიღიმა სევიჯმა. – ბოლოს და ბოლოს, თქვენ ისე ალაპარაკდით, როგორც ძველი ჯო კეინი. როგორც ჩანს, ჩვენ ისევ თამაშში ვართ.
რიტა ფოულის მცდელობას უშედეგოდ არ ჩაუვლია. მიუხედავად სხვისი სხეულისა, ჯო ისევ ძველი კეინი იყო: ისეთივე ჭკვიანი, ცბიერი და დაუნდობელი, როგორც საშინელ ავარიამდე.
ერთ დღესაც, კეინის ოთახში ასულ რიტას ჯო იქ არ დახვდა. ოთახს დააკვირდა და ახლაღა აღმოაჩინა, რომ მას ფანჯარა არ ჰქონდა, მხოლოდ სავენტილაციო ხვრელი იყო. იქვე, ხვრელის გვერდით, პატარა მიკროფონიც შენიშნა. მავთულებს გაჰყვა და მიხვდა, რომ მიკროფონი სარდაფში, იარაღის საწყობში, მაგნიტოფონზე იყო შეერთებული. რიტამ მაგნიტოფონი ჩართო და ექიმი ოგესტის ხმა გაისმა. ხმა იმეორებდა და იმეორებდა: „შენ ჯო კეინი ხარ… შენ ჯო კეინი ხარ…“
– იპოვე, არა?
– მოესმა უცებ და რიტა შეშინებული მოტრიალდა. ოთახში ჯო კეინი შემოვიდა.
– იცოდი მაგნიტოფონის შესახებ? – ჰკითხა ქალმა.
ჯომ თავი დააქნია. მაგიდასთან მივიდა და მაგნიტოფონი გამორთო:
– ექიმმა ოგესტმა ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ მიამბო. ეს ჰიპნოთერაპიაა. მას მიაჩნია, რომ ეს მეხსიერების დაბრუნებას უწყობს ხელს. იგი მას ღამით რთავდა, როდესაც მეძინა.
– ჰო, გამიგია ამ მეთოდის შესახებ, – თავი დააქნია ქალმა და მოულოდნელად მისთვის ყველაფერი ნათელი გახდა:
– მაგნიტოფონი ოგესტს მარტო მეხსიერების აღსადგენად არ დასჭირდა. ეს ჰიპნოზია. სიმართლე ისაა, რომ შენ... შენ ნამდვილი ბარი კოლინზი ხარ.
– შენ ჭკვიანი გოგო ხარ, – უთხრა კეინმა, მცირე პაუზის შემდეგ, – მე ამ დასკვნამდე რამდენიმე დღის წინ მივედი – იმ ღამეს, როდესაც შენ სვირინგის შესახებ გაიხსენე. რა თქმა უნდა, არანაირი ტვინის გადანერგვა არ მომხდარა, ეს შეუძლებელია. ჯო კეინი ავარიის დროს დაიღუპა, მე კი მხოლოდ ამნეზია დამემართა. რა თქმა უნდა, სევიჯსა და ოგესტს არ შეეძლოთ ასეთი შანსის ხელიდან გაშვება. კეინის გარეშე არაფერი გამოვიდოდა, ამიტომ გადაწყვიტეს ჩემთვის იმის ჩანერგვა, რომ მე ჯო კეინი ვარ. შენმა ჩამოსვლამ ამათ სულზე მოუსწრო. ამათ არ იცოდნენ, რომ ჩემი მეხსიერება დროთა განმავლობაში აღდგა. დღეს გამახსენდა, რომ მე ბარი კოლინზი ვარ.
– და, რას აპირებ? – ჰკითხა რიტამ.
– არაფერს, – ჩაიცინა ბარიმ, – ყველაფერი ასევე დარჩება. მომეწონა ჯო კეინობა. გაუძლო მილიონების შოვნის ცდუნებას – საკმაოდ ძნელია. თქვენ ტვინი კარგად გამომირეცხეთ. ახლა მე კრიმინალური გენიოსის ტვინი მაქვს.
– სწორედაც, – დაეთანხმა სევიჯი. ის და ოგესტი კარში იდგენენ, – ასე უკეთესიცაა. სპექტაკლი, ბოლოს და ბოლოს, დამთავრდა და უკვე იცი, როგორ უნდა ითამაშო შენი როლი.
– მართალია, მაგრამ მთავარი დაგავიწყდათ. თქვენ მასწავლეთ, რომ ჯო კეინი არანაირ მოწმეს არ ტოვებდა...
კოლინზი თაროზე შემოდებულ ერთ-ერთ ავტომატს დასწვდა...
მერე საიარაღოს კარი მჭიდროდ ჩაკეტა და სასტუმრო ოთახში ავიდა. მაგიდაზე ქაღალდი იდო, რომელზეც იმ ადამიანის გვარი და ტელეფონის ნომერი ეწერა, ვინც შეხვედრის ორგანიზებაზე აგებდა პასუხს. მან ნომერი აკრიფა და თქვა:
– გამარჯობა! ჯო კეინი ვარ!..
თარგმნა
ნინო წულუკიძემ